როგორ გავუმკლავდეთ მიკროაგრესიებს

სტატიის ავტორი: ნინი ვანიშვილი

ლგბტქი+ თემის წევრები მიკროაგრესიის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მათი ცისგენდერი/ჰეტეროსექსუალი თანატოლები.

2023 წლის სოციალური ფსიქიატრიის საერთაშორისო ჟურნალის კვლევის მიხედვით, ლგბტქი+ ადამიანების მიმართ მიკროაგრესიების რისკი გაზრდილია. ტრანსგენდერები კი ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან.

კვლევამ აჩვენა, რომ მიკროაგრესია ასოცირდება დეპრესიის, შფოთვის, თვითმკვლელობის მცდელობების, ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების ზრდის რისკთან, მაგრამ არა სუიციდური აზრებისა და კანაფის ბოროტად გამოყენებასთან. (International Journal of Social Psychiatry, 2023)

რა არის მიკროაგრესია?

მიკროაგრესია ყოველდღიური დისკრიმინაციის სახეობაა, რომელიც, როგორც წესი, დელიკატური ან ზოგიერთ შემთხვევაში კარგი განზრახვითაა ნათქვამი. მიკროაგრესიას ყველაზე ხშირად განიცდიან ფერადკანიანი, ლგბტქი+ ადამიანები, ქალები, რელიგიური უმცირესობები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები და სხვა მარგინალიზებული ჯგუფები.

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის 2023 წლის ნაშრომში მიკროაგრესიის სამი განმარტებაა მოცემული:

მიკროშეტევა

განისაზღვრება, როგორც სიტყვიერი ან არავერბალური, მაგრამ აშკარა ქმედების გამოყენება, რაც გამოიხატება სახელების დაძახებით, დაცინვით ან დისკრიმინაციული ქმედებით სავარაუდო მსხვერპლის მიმართ. ასეთი ენა შეიძლება განიმარტოს, როგორც მტრული და დამამცირებელი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ადამიანები, რომლებიც თავად იყენებენ ასეთ ენას, საკუთარ  ქმედებას ამართლებენ, როგორც ხუმრობას, რომელსაც არ ახასიათებს რაიმე სახის მიკერძოება (American Psychological Association, 2023).

მიკროშეურაცხყოფა

ხშირად არაცნობიერია და აღწერილია, როგორც სიტყვიერი ან არავერბალური კომუნიკაცია, რომელიც გამოხატავს უხეშობას და აკნინებს პიროვნების იდენტობას. მაგალითად, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ესაუბრებიან ზედმეტი მზრუნველობით  ან როცა ქალს ეუბნებიან, რომ მას რაღაც არ შეუძლია. ამ დროს მათ არაპირდაპირ ეუბნებიან, რომ ისინი არ არიან დომინანტურ ჯგუფში. მიუხედავად იმისა, რომ მოძალადემ ცალსახად არ თქვა დამამცირებელი სიტყვები, მსხვერპლი მაინც განიცდის დამცირებას. აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეულ მოძალადეს შეიძლება არ ჰქონოდა შეურაცხყოფის განზრახვა, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ მსხვერპლზე უარყოფითი გავლენა აქვს (American Psychological Association, 2023).

მიკროინვალიდაცია

ასევე, ხშირად, გაუცნობიერებელია და მოიცავს ფრაზებს, რომლებიც გამორიცხავს, ​​უარყოფს ჩაგრული ჯგუფების რეალობას. მაგალითად, თეთრკანიანი ამერიკელი პროფესორი, რომელიც ფერადკანიან სტუდენტს ეუბნება, რომ ის ძალიან ხშირად საუბრობს რასიზმზე. ასეთი შეტყობინებები, ერთი შეხედვით, უვნებელია, მაგრამ ირიბად არღვევს რასობრივ ან გენდერულ უფლებებს და ამას ქვიარები რეგულარულად აწყდებიან (American Psychological Association, 2023).

რა ხდება საქართველოში?

საქართველოში რამდენიმე ქვიარ ადამიანი გამოვკითხეთ და ვესაუბრეთ მიკროაგრესიების თემაზე. ვკითხეთ, რამდენად ხშირად ხდებიან მიკროაგრესიის მსხვერპლნი და როგორ მოქმედებს ეს მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

ჩვენი რესპონდენტების უსაფრთხოებისთვის გამოვიყენებთ გამოგონილ სახელებს, მაგრამ ისტორიები ნამდვილია.

პირველი ისტორია

ჩვენი პირველი რესპონდენტია ჩარლი, სტუდენტი. მისი თქმით, ყველაზე მეტ მიკროაგრესიას  მაშინ აწყდება, როცა უწევს, აუხსნას ხალხს, რომ არაბინარულია. ეს კი თითქმის ყოველდღე ხდება, რადგან ბევრ ადამიანთან აქვს ურთიერთობა. ჩარლი ამბობს, რომ ჰეტეროსექსუალი ახალგაზრდების მხრიდან სტერეოტიპულ დამოკიდებულებას გრძნობს:

„ახსნის მიუხედავად მოდის აგრესია. მეუბნებიან, რომ არაბინარულ ადამიანს არ ვგავარ და არ იყენებენ შესაბამის ნაცვალსახელს. გამიზნულად მესაუბრებიან ცინიზმით.“

ჩარლი ამბობს, რომ საზოგადოება მის მიმართ აგრესიას ამჟღავნებს გარეგნობის გამო და ჰქონია შემთხვევა, როცა მამაკაცების მხრიდან წამოსულა შემდეგი ფრაზები: „გოგოა თუ ბიჭი?“ ყოფილა ბილწსიტყვაობა და იარაღზე საუბარი, მუქარა.

ჩარლის თქმით, ადამიანების უმრავლესობა მის მიმართ ყოველდღე იყენებს მიკროაგრესიას და აღნიშნავს, რომ რადგან მტკიცე ხასიათით არ გამოირჩევა და თან მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ძალიან უჭირს გაუმკლავდეს ამ ყველაფერს.

თუმცა, გვეუბნება იმასაც, რომ ჰყავს ძალიან კარგი სამეგობრო წრე და შეყვარებული, რომელთანაც თავს ბედნიერად გრძნობს.

„იმედი მაქვს და ზუსტად ვიცი, რომ ჩვენი დაუღალავი ბრძოლა შედეგს მოიტანს და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება“.

მეორე ისტორია

მეორე რესპონდენტია კიტი, რომელიც გვიყვება რამდენიმე წლის წინ სამსახურში მომხდარი ამბის შესახებ.

ერთხელ კიტის თანამშრომლები ლაპარაკობდნენ იმაზე, თუ როგორ არ უნდა იყოს ნორმალიზებული ქვიარობა. ამბობდნენ, რომ კი მათაც ჰყავდათ ქვიარი მეგობრები და პრობლემა არ ჰქონდათ, მაგრამ ვერ იგებდნენ, „გარეთ რატომ გამოდიოდნენ“. კიტი გვეუბნება, რომ ამ დიალოგის მოსმენამდე ფიქრობდა, რომ უსაფრთხო ადგილას იყო და შეყვარებულის ხსენებისაც არ ეშინოდა.

„ეგ საუბარი რომ გავიგე, მივხვდი, არ შემეძლო ჩემი შეყვარებულის სახელის თქმა ან მასზე ღიად ლაპარაკი და ცოტა წამეტირა“.

მესამე ისტორია

მესამე ისტორიის გმირი ფელიქსია. მისთვის ყველაზე მტკივნეულია, როცა სექსუალური ორიენტაციის გაგების შემდეგ მოიხსენიებენ სიტყვით – „ისეთი“.

„შენც ისეთი ხარ?“

„კი, მე ისეთი ვარ და ბედნიერი, მაგრამ შენ როგორი ხარ? – მინდა ხოლმე, ასე ვკითხო, მაგრამ აგრესიას ვერიდები“.

ფელიქსის თქმით, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, როცა ყოველდღე მიკროაგრესიის მსხვერპლი ხდები. მისთვის განსაკუთრებით რთული იყო მოზარდობის ასაკში ამ ყველაფრის გაძლება, მაგრამ, როცა გაიზარდა, მიხვდა, რომ ყველა ადამიანი ბოლომდე ვერასოდეს გაუგებდა. ახლა ამბობს, რომ ყურადღებას აღარ აქცევს და გულთან ისე ახლოს აღარ მიაქვს. მისი თქმით, ადამიანი რომ იზრდება, ისედაც ხვდება, რომ ბევრ რამეს ყურადღება არ უნდა მიაქციოს. ახალგაზრდა ქვიარებს კი ურჩევს, რომ ყველაფერი გულთან ახლოს არ მიიტანონ.

„დაიმახსოვრეთ, არსებობენ ადამიანები, ვისაც უყვარხართ, ესმით თქვენი და თქვენი უფლებებისთვის იბრძვიან“.

რა გავლენა აქვს მიკროაგრესიას ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე?

მიკროაგრესიას შეუძლია მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ქვიარების ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ეს, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ფრაზები, რომლებიც ხშირად უვნებელია, დროთა განმავლობაში გროვდება და  ღრმა ფსიქოლოგიურ დისტრესს იწვევს.

ლგბტქი+ გამოცდილების შესახებ კვლევების სისტემატურმა მიმოხილვამ მიკროაგრესიასთან დაკავშირებით დაადგინა, რომ ის მჭიდრო კავშირშია ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებთან, მათ შორის – დეპრესიასთან და შფოთვასთან. კვლევის შედეგებში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ქვიარ ინდივიდებს, რომლებიც ექვემდებარებიან ხშირ მიკროაგრესიას, აქვთ უფრო მაღალი ალბათობა, ჩაერთონ თვითდესტრუქციულ ქცევებში, როგორიცაა ნივთიერების ბოროტად გამოყენება და თვითმკვლელობის მცდელობები. მიკროაგრესიასთან დაკავშირებული დეპრესიის შანსების თანაფარდობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ასახავს ამ გამოცდილების მუდმივ ფსიქოლოგიურ ზარალს.

ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პირდაპირი ზემოქმედების გარდა, მიკროაგრესია ასევე იწვევს გაუცხოების გრძნობას და დაბალ თვითშეფასებას. ქვიარ ინდივიდებისთვის, ამ ქრონიკულმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს იდენტობასთან დაკავშირებული ტრავმა, რაც ართულებს მათ ცხოვრებას, რადგან ისედაც უწევდათ ყოველდღიურად იმ საზოგადოებაში ნავიგაცია, რომელშიც ფესვგადგმულია ჰეტეროსექსუალობა და ტრანსფობია. დისკრიმინაციის ამ დახვეწილი ფორმების გამოსწორება აუცილებელია ისეთი გარემოს შესაქმნელად, სადაც ქვიარ ინდივიდებს შეეძლებათ, ფსიქიკურად და ემოციურად განვითარდნენ.

მიკროაგრესია არ არის მხოლოდ უმნიშვნელო გაღიზიანება – ის ძლიერი სტრესორია, რომელიც ანადგურებს ფსიქიკურ ჯანმრთელობას.

როგორ გავუმკლავდეთ მიკროაგრესიებს?

კევინ ნადალი 2014 წლის ნაშრომში, „მიკროაგრესიებთან გამკლავების გზამკვლევი“ (Nadal, 2014) ასახელებს გამკლავების სამ ეტაპს. ესენია:

  1. მართლა მოხდა თუ არა მიკროაგრესია?
  2. ვუპასუხო თუ არა ამ მიკროაგრესიას?
  3. როგორ ვუპასუხო ამ მიკროაგრესიას?

მართლა მოხდა თუ არა მიკროაგრესია?

ზოგჯერ მიკროაგრესია შეიძლება იყოს აშკარა და ადამიანს შეუძლია მისი ამოცნობა ძალისხმევის გარეშე. მაგალითად, როდესაც ფერადკანიანი კაცი შეამჩნევს, რომ თეთრკანიანი ქალი ლიფტში შესვლისას ჩანთას ხელს უჭერს და ცდილობს თავი დაიცვას, მას შეუძლია დაუყოვნებლივ ამოიცნოს მიკროაგრესია. სავარაუდოდ, ეს მის ცხოვრებაში ბევრჯერ მომხდარა და დარწმუნებულია, რომ კრიმინალად აღიქვამენ.  ანალოგიურად, როდესაც ადამიანი ამბობს: „ეს ძალიან გეია“! ლგბტქი+ თემის წევრი ხვდება, რომ ადამიანი აშკარად იყენებს ჰომოფობიურ ენას.

ზოგჯერ შეიძლება ზუსტად ვერ მივხვდეთ, ჰქონდა თუ არა ადგილი მიკროაგრესიას.  მაგალითად, თუ ქალს ქუჩაში გავლისას ვიღაცის სტვენა ესმის, შეიძლება იფიქროს: „ეს მართლა მოხდა თუ მომესმა?“ ანალოგიურად, თუ თანამშრომელი აკეთებს ერთი შეხედვით ტრანსფობიურ კომენტარს ტრანსგენდერი ქალი კოლეგის წინაშე, მან შეიძლება იკითხოს, სწორად გაიგო თუ არა ეს განცხადება. როდესაც ირგვლივ არის მესამე პირი, რომელსაც შეუძლია შეამოწმოს და დაადასტუროს მიკროაგრესია, ეს აადვილებს მის ამოცნობას. როცა გვერდით არავინაა, შეიძლება დახმარებისთვის საყვარელ ადამიანებს მიმართოთ. მაგალითად, თანამედროვე ტექნოლოგიებით მარტივადაა შესაძლებელი დარეკვა და შეტყობინების გაგზავნა მიკროაგრესიის შესახებ. გარდა ამისა, თუ არ ხართ დარწმუნებული, მიკროაგრესია მოხდა თუ არა, შეგიძლიათ სოციალურ ქსელებში ამის შესახებ პოსტი დაწეროთ და იკითხოთ. ადამიანები აუცილებლად დაგეხმარებიან.

უნდა ვუპასუხო ამ მიკროაგრესიას?

თუ ინდივიდი დარწმუნებულია, რომ მიკროაგრესია რეალურად მოხდა, უნდა იფიქროს პასუხის პოტენციურ რისკებზე ან შედეგებზე.

ზოგიერთი შეკითხვა, რომელიც ამ დროს საკუთარ თავს უნდა დაუსვათ, არის:

  • თუ ვუპასუხებ, შეექმნება თუ არა ჩემს ფიზიკურ უსაფრთხოებას საფრთხე?
  • თუ ვუპასუხებ, ჩაერთვება თუ არა ადამიანს თავდაცვის ინსტინქტი და გამოიწვევს თუ არა ეს კამათს?
  • თუ ვუპასუხებ, როგორ იმოქმედებს ეს ჩემს ურთიერთობაზე ამ ადამიანთან (მაგ. თანამშრომელთან, ოჯახის წევრთან და ა.შ.)
  • თუ არ ვუპასუხებ, ვინანებ თუ არა მომავალში, რომ არაფერი ვთქვი?
  • თუ არ ვპასუხობ, ნიშნავს, რომ ვეთანხმები ამ ქცევას/განცხადებას?

 

როგორ ვუპასუხო ამ მიკროაგრესიას?

თუ ინდივიდი პასუხის გაცემას გადაწყვეტს,  უნდა იფიქროს, როგორი უნდა იყოს რეაგირება. უპირველესად, შეუძლია პასიურ-აგრესიული გზით მიუდგეს. მაგალითად, შეიძლება იხუმროს ან სარკასტული შენიშვნა მისცეს მიკროაგრესიის ავტორს, რათა აგრძნობინოს, რომ გაბრაზებული ან გაღიზიანებულია.

ასევე, მსხვერპლს შეუძლია პროაქტიული რეაგირება მოახდინოს. ეს შეიძლება იყოს ეფექტური, როდესაც მსხვერპლს უბრალოდ არ აქვს ენერგია მოძალადის დისკუსიაში ჩასართავად. ზოგჯერ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად განიცდიან მიკროაგრესიას, შეიძლება ისეთი გაღიზიანებულნი იყვნენ, რომ უბრალოდ ყვირილით უპასუხონ. ზოგიერთ ადამიანის აქტიური პასუხი შეიძლება დაგროვილი ბრაზისა და იმედგაცრუებისგან დაცლაში დაეხმაროს.

საბოლოოდ, ინდივიდმა უნდა იმოქმედოს თავდაჯერებულად. შეიძლება დამნაშავეს უბრალოდ, მშვიდად მიმარო და აუხსნა, თუ როგორ იგრძენი თავი. ეს ასევე გულისხმობს მოძალადეების განათლებას, იმის აღწერას, თუ რა არის მიკროაგრესია და რატომაა შეურაცხმყოფელი.

ხშირად მოძალადეს თავდაცვის ინსტინქტი ერთვება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი მიკროაგრესიები (განსაკუთრებით მიკროინვალიდაცია). შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს გამოვიყენოთ „მე“ განცხადებები (მაგ., „მე ვიგრძენი შეურაცხყოფა, როცა ეს თქვით“), ნაცვლად თავდასხმითი განცხადებების (მაგ. „შენ რასისტი ხარ!“). ასევე, შეიძლება, მნიშვნელოვანი იყოს ქცევის აღნიშვნა და არა დამნაშავის. ეს ნიშნავს, რომ იმის ნაცვლად, რომ მოძალადეს „რასისტი“ უწოდო, შეიძლება უმჯობესი იყოს იმის თქმა, რომ მისი ქცევა იყო რასისტული და შეურაცხმყოფელი. ადამიანებს არ მოსწონთ, როცა რასისტს, სექსისტს ან ჰომოფობს უწოდებენ. თუ გსურთ ადამიანთან ეფექტური დიალოგი გქონდეთ თავდაცვითი პოზიციის გარეშე, უმჯობესია, თავი აარიდოთ მსგავსი ენის გამოყენებას.

აფირმაციები

სამეფო ფარმაცევტული საზოგადოება თავის ნაშრომში (Royal Pharamceutical Society, 2024) გვთავაზობს რამდენიმე აფირმაციას, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ მიკროაგრესიებს:

  • კარგად უნდა იცნობდეთ, როგორ აღიქვამთ მიკერძოებას, როგორია თქვენი აღქმები და სტერეოტიპები – დაუპირისპირდით თქვენს ღირებულებებს და ჰეტეროსექსუალურ ვარაუდებს;
  • დაფიქრდით თქვენს შეხედულებებზე ტრადიციული გენდერული იდენტობის შესახებ;
  • გააცნობიერეთ, რომ განსხვავებული ხმების ქონა სასარგებლოა. გახსოვდეთ, რომ რაც უფრო ბევრი ადამიანია, მით უფრო ადვილი ხდება პრობლემის გადაჭრის გზის მოფიქრება. ეს ხდება იმიტომ, რომ არსებობს პრობლემის გადაჭრის განსხვავებული მიდგომები. აზროვნების მრავალფეროვნება საბოლოო შედეგს აუმჯობესებს;
  • თუ კომფორტულად გრძნობთ თავს, შეგიძლიათ დაურეკოთ იმ ადამიანს, რომელიც არასწორ ნაცვალსახელებს იყენებს ვინმესთან დაკავშირებით. შეგიძლიათ აუხსნათ მას, რატომ არის მნიშვნელოვანი სწორი ნაცვალსახელების გამოყენება;
  • თუ ვინმე გეტყვით, რომ შეწუხებულია თქვენი ნათქვამით, მაგრამ, ფიქრობთ, რომ ეს არ იყო მიკროაგრესია, არ დაიწყოთ რაიმეს მტკიცება. შეეცადეთ, გაუგოთ სხვებს და დაფიქრდეთ, როგორ შეიძლება ქცევა შეცვალოთ.
  • მისგენდერის შესამცირებლად ჰკითხეთ ადამიანებს, თუ რომელ ნაცვალსახელს იყენებენ. ეს ის არაა, რაც უნდა ივარაუდოთ. შეგიძლიათ ჯერ თქვენი ნაცვალსახელი გაუზიაროთ და შემდეგ ისიც ავტომატურად გეტყვით თავისას;
  • თუ თქვენ რაიმე შეხვედრის წამყვანი ხართ, აუცილებლად, დარწმუნდით, რომ ყველას მიეცით საუბრის შესაძლებლობა;
  • არ გამოაცხადოთ ვინმეს სექსუალური ორიენტაცია ან გენდერული იდენტობა – მიეცით საშუალება, ეს ხალხს თავად გაუზიარონ;
  • არსებობს ტაქტიანი გზები სხვისი გენდერული იდენტობის გასარკვევად, მაგალითად, შეკითხვა: „შეიძლება გკითხო, რომელი ნაცვალსახელები გსურს გამოვიყენო შენთან მიმართებაში?
  • გახსოვდეთ, რომ ენა მუდმივად ცვალებადია. სიტყვებს შეიძლება განსხვავებული მნიშვნელობა ჰქონდეს განსხვავებული ადამიანებისთვის. თუ არ ხართ დარწმუნებული, უმჯობესია იკითხოთ;
  • ნუ გააკეთებთ ვარაუდებს ადამიანების ინტერესებზე მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიხედვით. ჰკითხეთ, რა აინტერესებთ.

დასკვნა

მიკროაგრესიის უარყოფითი გავლენა ლგბტქი+ ადამიანების ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ის ყოველდღიურად მეორდება.

იმედი გვაქვს სტატიაში მოყვანილი მაგალითები და რჩევები, რომლებიც ეფუძნება პროფესიონალების მიერ ჩატარებულ კვლევებს, დაგეხმარებათ მიკროაგრესიებთან ეფექტურად გამკლავებაში.

გამოყენებული ლიტერატურა

American Psychological Association. (2023). AN INTRODUCTION TO MICROAGGRESSIONS Understanding Definitions and Impact. American Psychological Association.

Chi, K. (2023). The Mental Health Correlates of Microaggressions Towards The Mental Health Correlates of Microaggressions Towards Transgender and Gender Diverse People of Color: Moderating Transgender and Gender Diverse People of Color: Moderating Effects of Identity Aff. Utah State University.

Health Matters. (2021). How Microaggressions Affect the LGBTQ+ Community. Health Matters.

International Journal of Social Psychiatry. (2023). Microaggression toward LGBTIQ people and implications for mental health. QxMD.

International Journal of Social Psychiatry. (2023). Microaggression toward LGBTIQ people and implications for mental health. SAGE Publications.

Nadal, K. L. (2014). A Guide to Responding to Microaggressions. CUNY FORUM.

Royal Pharamceutical Society. (2024). LGBTQIA+ related Microaggressions. Royal Pharamceutical Society.

 

 

 

წინა

რუსული კანონის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციების განრიგი საქართველოს მასშტაბით

შემდეგი

რუსული ტერორისტული რეჟიმი ადამიანების წინააღმდეგ

ბოლო სიახლეები

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,

გვაპატიე კესარია რომ ვერ დაგიცავით

FacebookTweetLinkedInEmail 17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ