დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) აქვეყნებს ანგარიშს, სადაც ულტრამემარჯვენე ჯგუფებზე დაკვირვების 8-თვიან შედეგებს აჯამებს. ანგარიშში მიმოხილულია სოციალურ ქსელებში ულტრამემარჯვენე ჯგუფების აქტივობა, შეკრება-მანიფესტაციები, პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ საქმიანობა და ფინანსური მონიტორინგი.
DRI-ის პუბლიკაციის მიხედვით, სოციალური მედიის ულტრამემარჯვენე დისკურსი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ჰომოფობიური რიტორიკა, რომელიც 17 მაისის მოახლოების პარალელურად გააქტიურდა და კულმინაციას 2023 წლის 8 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებული ფესტივალის ჩაშლით, მიაღწია. დაკვირვებამ გამოააშკარავა ხელისუფლების ლოიალური პოლიტიკა ულტრამემარჯვენე ძალადობრივი ჯგუფების მიმართ.
პუბლიკაციაში ცალკეა გამოყოფილი პროკრემლისტური რიტორიკა, რომელიც გააქტიურდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განახლების ფონზე. ულტრამემარჯვენე ჯგუფები ეკონომიკური სარგებლის მოტივით ცდილობდნენ რუსეთთან მჭიდრო კომუნიკაციის მნიშვნელობის ხაზგასმას.
ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკა განსაკუთრებით გააქტიურდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმ განცხადების შემდეგ, რომელიც შესაძლო დესტაბილიზაციასა და სამოქალაქო არეულობის დაგეგმვაში USAID-ის როლზე მიუთითებდა. ოქტომბერში ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ განახლებულმა სამხედრო კონფლიქტმა ღიად პრორუსული ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტიამერიკულ რიტორიკას ახალი იმპულსი შესძინა. საგულისხმოა,რომ კოლექტიური დასავლეთის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენა, ერთგვარ ტენდენციად ჩამოყალიბდა და ხელისუფლების მხრიდან ანტიდასავლური რიტორიკის პარალელურად წარიმართა.