ბოლო პერიოდში მეოცე საუკუნის ქალების ამბებმა გამიტაცა, მათ მივიწყებულ ისტორიებში უზარმაზარი ტკივილი და ბრძოლა დავინახე. ასე, სრულიად შემთხვევით, მივაკვლიე კატო მიქელაძეს, ბაბილინა ხოსიტაშვილს, საფო მგელაძეს, ელენე ახვლედიანსა და სხვა ქალებს, რომლებმაც ჩემი ყველა ინტერესის სფერო გადაფარეს და სრულიად მომიცვეს თავიანთი ისტორიებით. ამ ქალების ამბები მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომია ინტერნეტში. კატო მიქელაძის პუბლიკაციების, ლექსებისა და წერილების ნაწილი თამთა მელაშვილის წიგნში – ,,კატო მიქელაძე: ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიები’’ – არის თავმოყრილი. ბაბილინა ხოსიტაშვილის ჩანაწერები და ლექსებიც ხელმისაწვდომია კრებულში – ,,ცხოვრება ორ წყალს შუა’’. საფო მგელაძის სამი რომანი, სულ ახლახანს, ათწლეულების შემდეგ, თავიდან დაიბეჭდა. ნინო თარიშვილის, მარიჯანის, მარიამ გარიყულის და სხვა ქალების ლექსები, მოთხრობები თუ პუბლიკაციები კი ისევ სათითაოდ და სანთლით საძებარია ინტერნეტსივრცეში.
პარალელურად, ქართული ქვიარ ისტორიით დავინტერესდი. სრულიად მოსალოდნელად, რესურსები ამ საკითხზე ბევრად უფრო მწირია და ინტერნეტში თითქმის არ მოიპოვება. ქვიარ ისტორიის არარსებობის მიზეზებზე თამთა მელაშვილი ამ სტატიაში უფრო ფართოდ და საინტერესოდ საუბრობს. იქნებ, მართლაც, ტოტალიტარული, პატრიარქალური და ჰეტერონორმატიული წარსულის საერთო სურათში ქვიარობის უფრო ფართო გაგებით აღქმა ქვიარ ისტორიის შექმნის ერთადერთი საშუალებაა? ერთი ვიცი, ზემოთხსენებულ ქალებთან რაღაც ძალიან ქვიარული ამოვიკითხე, რასაც კონკრეტულ სახელს დღემდე ვერ ვარქმევ. იქნებ, სახელის დარქმევა არც არის საჭირო? შეიძლება, ახლა ჩვენს საზოგადოებას მხოლოდ შესაბამისი სივრცე და ისტორიის ახლებული პერსპექტივიდან დანახვის უნარი სჭირდება ქვიარ ისტორიის შექმნისთვის და იქნებ, შეკითხვების დასმა თუ ,,ვაიბების’’ (თუნდაც) არასწორად გაგება, პირიქით, ამ პროცესისთვის ხელშემწყობიც აღმოჩნდეს.
ამ ფიქრებით, ზაფხულის ბოლოს, აგვისტოში, ელენე ახვლედიანის ბიოგრაფიითა და მხატვრობით განსაკუთრებულად დავინტერესდი. ინტერნეტი გადავქექე და რაც ონლაინ ვიპოვე, ყველაფერი წავიკითხე, პარალელურად, ელენეს ნახატებს ვათვალიერებდი. სექტემბერში ერთგვარი გამოწვევა წამოვიწყე – ყოველდღე ელენე ახვლედიანის ერთ ნამუშევარს და ქალი მწერლების შემოქმედებიდან ერთ ლექსს ვარჩევდი და ვაერთებდი. რამდენიმე მათგანი, თანდართულ ლექსთან ერთად, მინდა გაგიზიაროთ:
ეს ხაზები ამ ქალებს ერთმანეთთან აკავშირებს, რაც მოულოდნელად ძლიერი და ერთიორად საინტერესო აღმოჩნდა. წარსულთან კავშირი თითოეული ჩვენგანისთვის უმნიშვნელოვანესია, ამ კავშირის ქალური ან ქვიარ კონტექსტის პოვნა, სამწუხაროდ, რთული. წარსულის განახლებისა და გადააზრების პროცესი კი დიდი ხანია დაიწყო და ნაწილობრივ ინდივიდუალურ ძალისხმევას, თავის მხრივ კი, დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს.
რესურსები:
თამთა მელაშვილი, ,,კატო მიქელაძე: ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიები’’, 2013. ნინო თარიშვილი, ,,მზეში”, 1926.
ქართველ მწერალ ქალთა სამხატვრო-სალიტერატურო ალმანახი, 1926.
ფოტო მთავარზე – ,,50 ქალი საქართველოდან” ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, ილუსტრატორი – სალი ნიკოლაიშვილი
ავტორი: ანონიმური