ლაზარე გრიგორიადისის დედა შვილის ციხიდან დახსნის გზად პრეზიდენტის შეწყალებას მიიჩნევს და ამბობს, რომ “ამხელა სისტემა ებრძვის 21 წლის ახალგაზრდა ბიჭს.” პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, არ შეიწყალოს მათზე ძალადობაში ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისი.
“დაზარალებული პოლიციელები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის მიერ მათზე თავდამსხმელი პირის შეწყალება საზოგადოებაში გააჩენს განცდას, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველებზე თავდასხმა დაუსჯელი დარჩება”, – წერია შსს-ს განცხადებაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ “შესაძლოა შეწყალება ეხებოდეს ლაზარე გრიგორიადისის მიერ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს, თუმცა ისინი თვლიან, რომ ეს არ იქნება რიგითი შეწყალება მსგავსი დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, არამედ იქნება გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ სახელმწიფო პოლიტიკა პოლიციელზე თავდასხმის, ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ფაქტების მიმართ არის ლოიალური”.
საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეუძლია ნებისმიერი პატიმარი შეიწყალოს იმის მიუხედავად, თუ რა ბრალდებითაა იგი გასამართლებული.