გემბლინგს, იგივე აზარტულ თამაშებს დიდი ხნის ისტორია აქვს და მისი არსებობის შესახებ ინფორმაციას ჩვენ წელთაღრიცხვამდე წყაროებშიც ვხვდებით. აზარტული თამაშების სახეობები ბოლო ათწლეულებში მნიშვნელოვნად გაიზარდა და ასევე გაიზარდა თამაშით გამოწვეული ზიანიც. კომერციული თამაშები ხშირ შემთხვევაში ხელმისაწვდომია ინტერნეტის მეშვეობით, რაც აადვილებს თამაშს და ზრდის მის ხელმისაწვდომობას.
აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული აშლილობა შესულია ამერიკის ფსიქიატრთა ასოცოაციის ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკურ და სტატისტიკურ სახელმრღვანელოში (DSM-5) და განისაზღვრება, როგორც მუდმივი და განმეორებადი სახის პრობლემური თამაშის ქცევა, რომელიც თამაშში ჩართული პირისთვის იწვევს კლინიკურად მნიშვნელოვან გაუარესებას ან დისტრესს.
დიაგნოსტირებისთვს საჭიროა პირს აღენიშნებოდეს ჩამოთვლილ სიმპტომთაგან სულ მცირე 4 სიმპტომი, ბოლო 12 თვის განმავლობაში:
- სასურველი ემოციური აღგზნების მისაღწევად საჭიროებს თამაშს ფულის მზარდი რაოდენობით.
- განიცდის მოუსვენრობასა და გაღიზიანებას, როდესაც ცდილობს თამაშის შეწყვეტას ან შემცირებას.
- ჰქონია თამაშის გაკონტროლების, შემცირების ან შეწყვეტის მრავალჯერადი წარუმატებელი მცდელობა.
- მისი გონება ხშირად არის მოცული თამაშთან დაკავშირებული ფიქრებით (მაგალითად, მუდმივად ფიქრობს თამაშის წარსულ გამოცდილებაზე, გეგმას შემდეგ აქტივობას, ფიქრობს სათამაშოდ საჭირო ფულის შოვნის გზებზე).
- ხშირად თამაშობს მაშინ, როდესაც განიცდის დისტრესს (მაგალითად, უმწეობას, ბრალეულობას, შფოთვას ან უხალისობას).
- თამაშში თანხის წაგების შემდეგ ხშირად უბრუნდება თამაშს, რომ უკან ამოიღოს წაგებული.
- ამბობს ტყუილს, რომ დამალოს თამაშში ჩართულობის ხარისხი/ზომა.
- თამაშის მიზეზით საფრთხის ქვეშ დაუდგა ან დაკარგა მნიშვნელოვანი ურთიერთობები, სამსახური, საგამანათლებლო ან კარიერული შესაძლებლობები.
- სხვა ადამიანების იმედი აქვს, რომ დააღწიოს თავი თამაშით გამოწვეულ გამოუვალ ფინანსურ მდგომარეობას.
გამოყოფენ აზარტული თამაშების შემდეგ კლასიფიკაციას:
- კომერციული აზარტული თამაშები – სადაც შედის კაზინო, ლატარიის თამაშები. სათამაშო აპარატები, საცხენოსნო დოღი და სხვა.
- რეკრეაციული აზარტული თამაში – წარმოადგენს თამაშს დასვენებისა და გართობის მიზნით, რომელიც შეიცავს დაბალ რისკებს.
- გეიმინგი – მოიცავს კომპიოტერულ/ვიდეო თამაშებს.
- პირადი სახის აზარტული თამაშები – გულისხმობს ფსონების დადებას სპორტულ შეჯიბრებებზე, ბანქოს თამაშზე და ა.შ.
აზარტული თამაშის ქცევა და სიხშირე შესაძლოა გაძლიერდეს სტრესის ან დეპრესიის დროს. ასევე, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შედეგად.
გემბლინგის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორები, რისკ ფაქტორებს შორის არის:
- პიროვნული მახასიათებლები – მაგალითად, იმპულსურობა, ჰიპერაქტიურობა.
- ასაკი – მოზარდები, რომლებიც ახალგაზრდა ასაკში ერთვებიან აზარტულ თამაშებში, დამოკიდებულების განვითარების მაღალი რიკის ქვეშ არიან.
- ინტერპერსონალური ურთიერთობები – ოჯახის წევრების ქცევა გავლენას ახდენს ადამიანის ქცევასა და განვითარებაზე. ასევე მნიშვნელოვანია მზრუნველობისა და სოციალური მხარდაჭერის დონე ოჯახის მხრიდან.
- თანატოლები – მეგობრები ასევე დიდ გავლენას ახდენენ მოზარდის ქცევასა და განვითარებაზე. ხშირად მოზარდებში გემბლინგი ხდება მისაღებ ქცევად, რომელიც ამავედროს, მომხიბვლელიც არის.
- მარკეტინგი – აზარტული თამაშების პოპულარიზაციისთვის რეკლამირების სხვადასხვა არხები გამოიყენება. გემბლინგის მიწოდება ხდება როგორც გამდიდრების, იოლი ფულის შოვნისა და გართობის საშუალება.
კვლევების შედეგები
აზარტულ თამაშებში ჩართულობა ზიანის მომტანია როგორც ჩართული პირისთვის, ასევე მისი ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის. გემბლინგი იწვევს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებას, ცხოვრებით კმაყოფილების დაბალ ხარისხს. მაღალია გაკოტრების, განქორწინებისა და სუიციდის მაჩვენებელი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ადამიანებს შორის.
საქართველოში, კვლევის თანახმად, რომელიც ჩატარებულია ორგანიზაცია “ალტერნატივა ჯორჯიას” მიერ 2015 წელს, ზოგადი მოსახლეობის 9.4%-ს უთამაშია აზარტული თამაშები გასულ თვეს, ბოლო წელს 16%-ს, ხოლო ცხოვრების მანძილზე აზარტულ თამაშში ერთხელ მაინც ჩართულა მოსახლეობის 31.3%. 50 წლის და ზემოთ რესპონდენტები მეტად ტამაშობდნენ ლატარიას და ლოტოს, ხოლო 18-29 წლის ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები მეტად ონლაინ თამაშებს.
აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული აშლილობის სამკურნალოდ ძირთადად გამოიყენება ფსიქო-სოციალური სახეობის მკურნალობა. რომელიც მოიცავს ფსიქოთერაპიას, მათ შორის კოგნიტურ ბიჰევიორულ თერაპიას და მოტივაციურ ინტერვიუირებას. ასევე, აქტიურად გამოიყენება 12 ნაბიჯის პროგრამა.
გამოყენებული მასალა:
ქუთელია ლ. (2020). აზარტული თამაშები, რას გვეუბნება ადქიციის მეცნიერება.