ორგანიზაცია საფარის ინფორმაციით, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 6 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა კაცს, რომელმაც ქალის გაუპატიურება სცადა.
მათი ცნობით, საქმის მასალების მიხედვით, დაზარალებულმა ქალმა და მსჯავრდებულმა კაცმა ერთმანეთი სოციალურ ქსელში გაიცნეს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმოწერა ჰქონდათ. ქალის თქმით, კაცი მას ატყუებდა, რომ განქორწინებული იყო. 2022 წლის 3 ივლისს, ისინი ერთმანეთს შეხვდნენ. კაცმა მას საკუთარ მანქანაში საუბარი შესთავაზა. საუბრის დროს კაცმა მისი ნების საწინააღმდეგოდ მანქანის კარი ჩაკეტა და ძალით წაიყვანა ერთ-ერთი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მისი გაუპატიურება სცადა. საქმის მასალებშია შეტყობინებები, რომლებიც შემთხვევიდან რამდენიმე დღეში კაცმა ქალს გაუგზავნა და მომხდარის გახმაურების შემთხვევაში ფიზიკური ძალადობით დაემუქრა.
სასამართლომ კაცი დამნაშავედ ცნო გაუპატიურების მცდელობაში (მე-19; 137-ე მუხლი), მუქარასა (151-ე მუხლის I ნაწილი) და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთაში (143-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტი).
დაზარალებული ქალის ინტერესებს საფარის იურისტი ნელი ქარელი იცავს.