‘სულ რამდენიმე დღის წინ, პრაიდის კვირეულში დაგეგმილი სოლიდარობის მარშზე დასწრებას არ ვაპირებდი, რადგან მივიჩნევ, რომ ამ ეტაპზე, განსაკუთრებით, 2013 წლის 17 მაისის გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენს საზოგადოებასთან სალაპარაკოდ უკეთესი გზების მოფიქრებაა საჭირო, ვიდრე ეს საჯარო აქციებია. თუმცა, ბოლო დღეებში მეფიქრება იმაზე, რომ რადგან თემის წევრების ნაწილი თვლის, რომ საჯარო გამოსვლაა საჭირო, მეც მათ გვერდით უნდა დავდგე, სოლიდარობისთვის. განსაკუთრებით მაშინ, როცა პრაიდის მონაწილეებს ულტრამემარჯვენე ჯგუფები ძალადობით ემუქრებიან და უკვე ესვრიან კიდეც კვერცხებს და ქვებს.
ზოგადად, გლობალურად პრაიდ მარშების მიმართ მაქვს ჩემი კრიტიკა, თუმცა ვთვლი, რომ ჩვენი კონტექსტის გათვალისწინებით, შესაძლოა, თბილისში პრაიდის მარშის მშვიდობიანი ჩატარება იყოს თავისთავად დიდი მიღწევა და წინ გადადგმული ნაბიჯი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ქვიარებისთვის, რომლებიც გულისფანცქალით ელოდებიან 5 ივლისს, რომ ნახონ, მიიღებს თუ არა მათ თავიანთი ქვეყანა. 2013 წელს 17 წლის ვიყავი და დაუსწრებლად მივიღე ტრავმა. როგორმე, აქტივისტების შემდეგი თაობა უნდა გამოვიდეს ამ მარშიდან ტრავმის გარეშე – ესაა ჩემი მთავარი სურვილი.
პრაიდი, ანუ სიამაყე, ჩემთვის პასუხია იმაზე, რომ ბევრ ქვიარ ადამიანს პატარობიდანვე გვიწევს ჩვენი განსხვავებულობის მალვა და ამ პროცესში ნელ-ნელა საკუთარი თავი გვზიზღდება. წლობით მეგონა, რომ მუდამ მალვაში მომიწევდა ცხოვრება, რომ არავინ მიმიღებდა, რომ არავინ შემიყვარებდა ისეთს, როგორიც ვარ. ახლა კი, რაც საკუთარი თავი მივიღე და მეტიც, რაც ბევრმა გარშემომყოფმა ადამიანმა მიმიღო, უფრო კომფორტულად ვცხოვრობ საკუთარ სხეულში, უფრო კომფორტულად ვარ ჩემი თავი – როგორც ინდივიდი, ისე კოლექტივის წევრი.
ჩვენ, ქვიარ ადამიანებს, მუდამ გვაიძულებენ, დავთმოთ საკუთარი იდენტობა ”საერთო პრობლემებზე” მუშაობის სახელით. არადა, არაფრით არ მოვიდა ამ ქვეყანაში ჩვენი დრო. ბოლო დღეების მოვლენების ფონზე, ყველა ადამიანი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თანასწორობა და თავისუფლება, სოლიდარული უნდა იყოს თბილისი პრაიდის მიმართ, თუნდაც კრიტიკულად იყოს პრაიდის მარშის, როგორც სტრატეგიისადმი, განწყობილი. სოლიდარობის მარში უნდა ჩატარდეს და თან მშვიდობიანად! ეს უმნიშვნელოვანესია.
დანარჩენი პრობლემები კი, რომელთა წინაშეც ვდგავართ ქვიარ ადამიანები და თან ორმაგად – სიღარიბე, ეკონომიკური უთანასწორობა, მძიმე სამუშაო პირობები, განადგურებული გარემო, კაპიტალის პარპაში და ინვესტორის სიხარბე – წელიწადის დარჩენილი 364 დღე შეგვიძლია ჩვენი საქმიანობის ფოკუსად ვაქციოთ.”