ქვიარობა რუსეთში — დანია ნაზაროვას ისტორია

“რუსეთი 27 თებერვალს, უკრაინასთან სრულმასშტაბიანი ომის დაწყების გამო დავტოვე. მანამდეც ვგეგმავდი ემიგრაციას, მაგრამ სასწრაფოდ მომიწია წამოსვლა. საქართველოში აქამდე არ ვყოფილვარ, 29 მარტს პირველად ჩამოვედი”, — გვიყვება 34 წლის დანია ნაზაროვა, რომელიც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს. ის პროფესიით ხარისხის უზრუნველყოფის ინჟინერია. 

ცხოვრება საქართველოში

მისი თქმით, საქართველოში განსაკუთრებული პრობლემა ჯერ არ შეხვედრია, თუ არ ჩავთვლით, მაგალითად, სოციალურ იზოლაციასა და ახალ საცხოვრებელ პირობებთან შეგუებას, რაც ემიგრანტობის ნაწილია.

დანია ამბობს, რომ ომის დაწყებიდან მალევე, მის მსგავსად, რუსეთი უამრავმა ქვიარ ადამიანმა დატოვა და საცხოვრებლად სხვა ქვეყნებს შეაფარა თავი. საქართველოში უცხო ადამიანებთან რეგულარული კომუნიკაციისთვის საკმარისი დრო და რესურსი ჯერ კიდევ არ აქვს, შესაბამისად, აქ ბევრ ქვიარს არ იცნობს. 

“აქაურ ქვიარ საზოგადოებას თითქმის არ ვიცნობ, მაგრამ მოვახერხე რამდენიმე ადამიანთან ურთიერთობა და ძალიან სასიამოვნო გამოცდილება იყო. ასევე, გამოწერილი მაქვს ადგილობრივი ქვიარ ორგანიზაციები და ვცდილობ, სიახლეებს თვალი ვადევნო. სამწუხაროდ, ზაფხულში, თბილისი პრაიდის ღონისძიებებზე მოხვედრა ვერ მოვახერხე”.

სამომავლო გეგმები არ აქვს. აქ თავს თავისუფლად გრძნობს და ამისთვის მადლობელია. ისიც კარგად ესმის, რომ საქართველოს მოქალაქეები რუსებისგან და რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო საფრთხეს გრძნობენ. 

“საქართველო ულამაზესი ქვეყანაა მათ შორის, რაც აქამდე მინახავს. მიმაჩნია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდეს საქართველოს”, — ამბობს ის.

ოჯახი და ქამინგაუთი

რაც შეეხება საკუთარ თავთან ქამინგაუთს, დანია გვიყვება, რომ არასდროს ჰქონია რაიმე სახის გარდამტეხი მომენტი. 

“ჩემთვის ყოველთვის ნორმალური იყო, რომ ადამიანებს მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიუხედავად, შეუძლიათ ერთმანეთი უყვარდეთ” — აღნიშნავს ის. 

დანიასთვის ძალიან სამწუხარო და ზოგჯერ რთულია იმ ადამიანების ისტორიების მოსმენა, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ავად იყვნენ, ან რომ უნდა შეცვლილიყვნენ და “ჩვეულებრივები” გამხდარიყვნენ. მის შემთხვევაში ეს ასე არ ყოფილა.

ოჯახმა მისი ორიენტაციის შესახებ იცის. ურთიერთობებს არასდროს მალავდა და როგორც კი გოგოსთან მეტ-ნაკლებად სერიოზული ურთიერთობა დაიწყო, ყველას გაუმხილა. როგორც თავად ამბობს, მისი ოჯახი არასდროს ყოფილა აგრესიულად ჰომოფობიური.

“მათგან არასდროს მსმენია, რომ გეები “უნდა დაწვან”, ან ციხეში ჩასვან, მაგრამ სურდათ, “ნორმალური” ოჯახი მქონოდა“ — ამბობს ის. 

ძირითადად, კომუნიკაცია დედასთან აქვს. ის დანიასა და მისი შეყვარებულის ურთიერთობას დიდი ხნის განმავლობაში აღიქვამდა, როგორც ფაზას, რომელიც დასრულდება. ის ფიქრობდა, რომ ისინი უბრალოდ “მეგობრები” იყვნენ, მაგრამ დანია მოცემულობას არასდროს ეგუებოდა და ყოველთვის აღნიშნავდა, რომ წყვილი იყვნენ.

“ის დიდი ხნის განმავლობაში მეუბნებოდა, რომ მე და ჩემს შეყვარებულს ყალბი ოჯახი გვაქვს, დროა დავფიქრდეთ, “ნამდვილი” ოჯახები შევქმნათ, დავქორწინდეთ და ბავშვი გავაჩინოთ. უკვე წლები გავიდა და ამ თემასთან დაკავშირებით დაძაბულობას თითქმის აღარ ვგრძნობ. რაც შეეხებათ მამაჩემს და ჩემს ძმას, მათ ამ საკითხზე საკუთარი აზრი არასდროს გამოუთქვამთ”, — ამბობს დანია ქვიართან საუბრისას. 

ქვიარობა რუსეთში

“ჩემთვის უაღრესად რთული იყო რუსულ რეალობაში ცხოვრება. ყოველთვის გრძნობ ზეწოლას და იცი, რომ ეს გაუარესდება”, — გვიყვება დანია რუსეთში ცხოვრების შესახებ. 

ის წუხილით აღნიშნავს, რომ იმ ყველაფერმა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში აქტივისტებმა გააკეთეს, პუტინის ფაშისტური რეჟიმი ვერ შეაჩერა და ყოველწლიურად უფრო და უფრო სასტიკ კანონებს იღებენ.

“ქვიარ ადამიანები ყოველთვის დიდი ზეწოლის ქვეშ არიან, იჩაგრებიან, ამიტომ ძალიან რთულია რაღაცების შენარჩუნება და ბრძოლის გაგრძელება. წლების წინ შფოთვით-დეპრესიული აშლილობის დიაგნოზი დამისვეს. ასეთ მდგომარეობაში კიდევ ბევრი ქვიარია, რომელსაც ვიცნობ”.

დანია არ არის დარწმუნებული, რომ საკუთარ თავს აქტივისტი შეიძლება უწოდოს, მაგრამ ყოველთვის ღიად ცხოვრობს და პერიოდულად, მონაწილეობს პროექტებში, რომლებიც ქვიარ ადამიანების ხილვადობის გაზრდას ისახავს მიზნად. 

დანია ამბობს, რომ რუსეთში არსებული კანონები აქტივიზმს სახიფათოს ხდის. 

“პროპაგანდასთან დაკავშირებული კანონი რეპრესიულია და მას ხელისუფლება ზეწოლის დამატებით მეთოდად იყენებს”.

დანია გვიყვება, რომ 2022 წლის ზაფხულში რუსეთში ბევრი ცნობილი ადამიანი საჯაროდ დაქამინგაუთდა. მათ შორის, ჩოგბურთელი დარია კასატკინა, რომელიც ახლა ესპანეთში იმყოფება. მისი პიარ-აგენტი, სოფია ტარტაკოვა კი, რომელიც ერთ-ერთი ტელევიზიის წამყვანი იყო, ჩოგბურთელის ღია მხარდაჭერის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს.

გარდა ამისა, დანია ამბობს, რომ ორიენტაციის შესახებ ისაუბრა ნადეჟდა კარპოვამაც და ის გახდა პირველი რუსი ფეხბურთელი, რომელიც დაქამინგაუთდა.

დანია გვიყვება, რომ გარდა ჰომოფობიისა, რუსეთში გავრცელებულია ტრანსფობია, მიზოგინია, სექსიზმი, მათ შორის, არაჰეტეროსექსუალ ადამიანებშიც, რაც დამატებით გავლენას ახდენს ქვიარებზე. კითხვაზე, როგორი დამოკიდებულება აქვს რუს ხალხს ლგბტქი ადამიანების მიმართ, ის სტატისტიკას იშველიებს და ამბობს, რომ ყოველწლიურად ჩატარებული დისკრიმინაციის კვლევის მიხედვით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე ადამიანის უფლებების დარღვევის დონე 2014 წლის 16.6%-დან 2020 წლისთვის 78.4%-მდე გაიზარდა.

“როგორც წესი, დისკრიმინაცია თავს სამუშაო სივრცეში იჩენს. 2020 წელს გამოკითხულთა 15%-მა განაცხადა, რომ გამხდარა შეურაცხყოფის, დამცირების, თანამშრომლების მხრიდან გარეგნობის რეგულირების, შევიწროების, მუქარის, ლგბტქი პირთა დასაქმებაზე უარის თქმის, სამსახურიდან უკანონო გათავისუფლების, იძულებითი გადადგომის ან სხვა ინციდენტების მსხვერპლი, რომლებიც სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შემთხვევით ან განზრახ გამჟღავნებით არის გამოწვეული”. 

დანიას თქმით, მთელს მსოფლიოში ქალები და ქვიარები კაცებზე ნაკლებ ფულს შოულობენ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ისიც გრძნობდა, რომ დისკრიმინირებული იყო. 

“ზოგიერთ სამუშაო ადგილზე ქალები კვლავ იძულებულნი არიან მაკიაჟი გაიკეთონ და ქვედაბოლოები ატარონ. ამ ყველაფერს დისტანციურად მუშაობისას აღარ ვაწყდები” — ამბობს ის. 

ქუჩაში უსაფრთხოდ გადაადგილებასთან დაკავშირებით ზუსტი პასუხის გაცემა უჭირს, თუმცა ამბობს, რომ რუსეთში თავს უსაფრთხოდ ცოტა ადამიანი გრძნობს და განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ტრანსგენდერი ადამიანები. იხსენებს, რომ თავადაც არაერთხელ შეხვედრია ჰომოფობიურ დამოკიდებულებას.

“2017 წლის აპრილში, რუსული ლგბტი ქსელისა და დამოუკიდებელი მედიის, “ნოვაია გაზეტას” პუბლიკაციების სერიის წყალობით ცნობილი გახდა, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელისუფლება და სამართალდამცავები ავიწროებდნენ, უკანონოდ აპატიმრებდნენ და აწამებდნენ ლგბტ ადამიანებს, ზოგიერთი კი მოკლეს მათი სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის გამო. 

2021 წლის მარტში, სანკტ-პეტერბურგის პოლიცია ერთ-ერთ ღონისძიებაზე მივიდა, სადაც 12-დან 18 წლამდე მინიმუმ 10 მოზარდი დააკავეს. ბავშვებისგან და მათი მშობლებისგან ითხოვდნენ განმარტებებს ლგბტქი ღონისძიებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით”.

დანია ამბობს, რომ ცნობილია იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობისა და ქვიარ ადამიანებზე ხანგრძლივი ოჯახური ძალადობის შემთხვევებიც.

“ლგბტქი ადამიანები სექსუალური ძალადობისა და შანტაჟის მსხვერპლნი არიან მათი მამრობითი სქესის ნათესავებისა და ოჯახის წევრების მხრიდან“. 

ის ბოლო დროინდელ დაკავებებსა და დაჯარიმებებზეც გვიყვება, რომელიც რუსეთში ლგბტქი სიმბოლიკის გამოყენებას უკავშირდება. მაგალითად: 

აქტივისტი ამბობს, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს 2022 წლის ზაფხულში “ოჯახური ფასეულობების უარყოფისა” და “არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდის” შესახებ კიდევ რამდენიმე კანონპროექტი წარედგინა. დოკუმენტის ავტორები ამტკიცებენ, რომ ოჯახის, როგორც სოციალური ღირებულების უარყოფა, ე.წ. უშვილო ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და “არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პოპულარიზაცია” არანაკლებ საშიშია რუსული საზოგადოების განვითარებისთვის, როგორც “არატრადიციული ურთიერთობის პროპაგანდა არასრულწლოვანთა შორის”, რაც უკვე კანონით აკრძალულია.

დანია გვიყვება, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში ლგბტქი აქტივისტები უსაფრთხოების მიზნით ხურავენ ოფისებს, ტოვებენ ქვეყანას, მაგრამ საქმიანობას არ წყვეტენ.

დამოკიდებულება რუსული ოკუპაციისადმი

დანიას თქმით, ძირითადად აქტივისტებთან და მემარცხენეებთან ურთიერთობს და ამ წრეში ყველას ცალსახა აზრი აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა დააბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები, ასევე, მოუსმინოს ციმბირისა და სხვა რეგიონების მკვიდრ მოსახლეობას და საჭიროების შემთხვევაში, მისცეს მათ რუსეთისგან გამოყოფის შესახებ კანონიერი რეფერენდუმის უფლება.

“რუსეთში ბევრად მეტი ხალხი არ უჭერს მხარს ხელისუფლების ქმედებებს, ვიდრე ამას ტელევიზიები აჩვენებენ”.

დანია ნაზაროვა აღნიშნავს, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან ანტისაომარი პოზიციისთვის რუსეთში ბევრი ადამიანია დაპატიმრებული, მათ წინააღმდეგ აღძრულია საქმეები და ზოგი სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული. 

“ხალხი არასდროს წყვეტს პროტესტს, მაგრამ პუტინის დიქტატურა ჯერჯერობით უფრო ძლიერია”.

 


ყველაფრის ფონზე, აქტივისტი მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი და აღნიშნავს, რომ პროგრესის შეჩერება შეუძლებელია. დანიას თქმით, ახალგაზრდებს შორის კიდევ ბევრი ღია და გაბედული ქვიარია. ის სწორედ მათში ხედავს მომავალს.

წინა

ფედრა ცეცხლის ალში — ნინო ხარატიშვილის პიესის პრემიერა სამეფო უბნის თეატრში

შემდეგი

2022 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიაში ან მედიცინაში ბისექსუალ სვანტე პააბოს გადაეცა

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი