აშშ-მა გაეროს ინფორმაცია მიაწოდა, რომლის თანახმადაც, ოფიციალური მოსკოვი იმ უკრაინელების სიებს ადგენს, რომლებიც „სამხედრო ოკუპაციის შემდეგ უნდა მოკლან ან ბანაკში გაგზავნონ“. აშშ-ის მტკიცებით, გაეროსთვის გაგზავნილ წერილში მოცემული ინფორმაცია სანდო წყაროსგან აქვთ მოპოვებული.
წერილში ნათქვამია, რომ რუსეთი ოკუპაციის სცენარის განვითარების შემდეგ ადამიანთა წამებას, გატაცებას, დასჯას აპირებს.
ახალი გაფრთხილება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ბაიდენის ადმინისტრაცია კვირების განმავლობაში აჟღერებდა მოსაზრებას, რომ პუტინის განზრახვა უკრაინის დაპყრობაა. კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა წერილში ნახსენები ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ „ეს აბსოლუტური ტყუილია, გამონაგონი. მსგავსი სიები არ არსებობს, სიყალბეა“.
წერილის ავტორი ბათშება კროკერია, აშშ-ის ელჩი გაეროში და ჟენევაში მდებარე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. კროკერი წერს: „მინდა, თქვენი ყურადღება მივმართო შემაშფოთებელი ინფორმაციისკენ, რომელიც შეერთებულმა შტატებმა ახლახან აღმოაჩინა და მომავალი შეჭრის შემდეგ დაგეგმილ ადამიანის უფლებათა დარღვევებს ეხება. ეს ქმედებები, რისთვისაც რუსეთს ადრეც მიუმართავს, მათ შორის, მკვლელობა, ადამიანთა გატაცება, უსაფუძვლო დაკავებები, წამება იმ ადამიანების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, რომლებიც რუსეთის ქმედებებს წინააღმდეგობას გაუწევენ“.
კროკერის თქმით, რუსული ჯარის სამიზნე იქნებიან რუსი და ბელორუსი დისიდენტებიც, რომლებიც თავს უკრაინას აფარებენ, ჟურნალისტები, ანტისაოკუპაციო აქტივისტები, მოწყვლადი ჯგუფები, როგორიც რელიგიური, ეთნიკური უმცირესობები და ლგბტქი ადამიანები არიან“.
„უფრო კონკრეტულად, ჩვენ გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომ რუსული ძალები ქმნიან უკრაინელების სიებს, რომლებიც ოკუპაციის შემდეგ უნდა დახოცონ ან ბანაკებში გაგზავნონ“, – ვკითხულობთ წერილში, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას აქვს ინფორმაცია, რომ რუსული მხარე „მომაკვდინებელი ზომების“ მიღებას აპირებს, რათა პროტესტი ჩაახშოს.
გუშინ, პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა და რუსულ შეიარაღებულ ძალებს აღნიშნულ ტერიტორიებზე მშვიდობის უზრუნველყოფა დაავალა. მიუხედავად ამისა, პუტინი უკრაინაში შეჭრის გეგმებს დღემდე უარყოფს და აშშ-ს და დასავლურ ძალებს დეზინფორმაციის გავრცელებასა და რეგიონის დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებს.
წყარო: The Washington Post