ფოტო: Gemma Taylor

გოჩა გაბოძე — უნდა იბრძოდე სხვებისთვისაც, ეს ბევრად აძლიერებს თემს

მე ვარ გოჩა გაბოძე, 32 წლის, ქვიარ აქტივისტი. ამჟამად პოლიტიკურ პარტია დროაში ვმუშაობ და ვარ სოციალური პოლიტიკის მდივანი.

მაინტერესებს ადამიანები, განსაკუთრებით განსხვავებული ადამიანები.

ბავშვობა

ბავშვობა 90-იანი წლების თბილისში, იტალიური ეზოს ტიპის ბინაში გავატარე, სტანდარტულ უშუქობასა და უგაზობაში. თუმცა ის პერიოდი და მაშინდელი ურთიერთთანადგომა მაინც კარგად მახსენდება – სერიალები, მუსიკა, ძიების პროცესი… ბედნიერი ბავშვობა მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური სიდუხჭირე თან ახლდა.

ქვიარობა ადამიანის დაბადებითი მდგომარეობაა, უბრალოდ, სხვადასხვა ადამიანი, სხვადასხვა დროს არქმევს ამას თავის სახელს. ბავშვობაში ვთვლიდი, რომ არ იყო საჭირო ამის ხაზგასმა და აფიშირება, მიმაჩნდა, რომ ეს ისედაც ნათელი იყო.

ჩემს შემთხვევაში გამოხატულება იყო, მაგალითად, ხმის ტემბრი, რომელიც ნაკლებად მასკულინური მქონდა. ეს ის ასაკია, როცა ადამიანები განსხვავებულობას განსაკუთრებული სიმძაფრით აღიქვამენ ხოლმე, თუმცა ეს არ მაკომპლექსებდა. მყავდა ძალიან ახლო მეგობარი კლასელები და ისინი ყოველთვის მხარს მიჭერდნენ, ერთმანეთს ვეხუმრებოდით ხოლმე, მაგრამ ამას არ ჰქონდა ბულინგის სახე. მეც ძალიან მიყვარდა საკუთარ თავზე სიცილი და ვფიქრობ, რომ კარგი თვისებაა, როცა საკუთარ თავზე ხუმრობა შეგიძლია. შეიძლება, ეს ერთგვარი ტაქტიკაც იყო. ახლა აღარ ვიყენებ ამას, არ მჭირდება, მაგრამ მაშინ, როცა ვხედავდი, რომ ადამიანები ჩემ გარშემო მხიარული გარემოს შექმნას ცდილობდნენ, მეც ვიწყებდი საკუთარ თავზე მხიარულებას და ეს ყოველთვის ამართლებდა.

ამავდროულად, ჩემი ინტერესები ყოველთვის იყო დაკავშირებული ხელოვნებასთან: ვხატავდი, მუსიკა მიყვარდა, ფილმებს ვუყურებდი, ჟურნალებს ვკითხულობდი, შემგროვებელი ვიყავი… ელტონ ჯონი, მადონა და მისი ქვიარ-მეგობრული შემოქმედება იყო ჩემთვის დიდი მოვლენა, ასევე, ინსპირაციის წყარო იყო ფრედი მერკური, ქვინი. ხელოვნება იყო ის მედიუმი, საიდანაც იმ კითხვებზე, რომლებიც თინეიჯერობის ასაკში მქონდა, პასუხებს ვიღებდი. იმ პერიოდში ლათინოამერიკულ სერიალებში თუ შეხვდებოდი ქვიარ პერსონაჟებს, ახლა ნეტფლიქსი არსებობს, სადაც, ჩემი აზრით, ცოტა გადაჭარბებულად, მაგრამ მეტ-ნაკლებად სწორი ფორმით ხდება ქვიარების რეპრეზენტაცია და ეს რაღაც ჩუმად სანახავი აღარ არის.

თინეიჯერობის დროს, როდესაც მარტო რჩები და კითხვებზე პასუხს ეძებ, მაინც ფიქრობ, რატომ არ ხარ შენც სხვებივით. ამასთან დაკავშირებული დეპრესიები ალბათ ყველას აქვს, მაგრამ მე მხარდამჭერი ადამიანები მყავდა გვერდით – სამეგობრო, მასწავლებლები. ხშირია ისტორიები, როდესაც პირიქით ხდება, თუმცა მე კარგი გამოცდილება მაქვს. სკოლაში იყვნენ მასწავლებლები, რომლებიც ცდილობდნენ, მიუხედავად განსხვავებულობისა, ერთმანეთთან ურთიერთობა და პატივისცემა გვესწავლა, ეს დღემდე მოგვყვება. შეიძლება, ოჯახი არ აძლევდეს ადამიანს იმდენს, რამდენსაც სკოლა და სამეგობრო, ამიტომ, ვთვლი, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საჯარო სკოლებს, მასწავლებლობა კი არის ის პროფესია, რომელიც მოქალაქეებს უნდა ზრდიდეს და ქმნიდეს საზოგადოებას, რომელიც სწორ ღირებულებებს ეფუძნება.

ვარდისფერი სათვალე

ქამინგაუთი 20-21 წლის ასაკში იყო. როდესაც ადამიანები სვამენ კითხვებს, ან თამაში უნდა დაიწყო, ან პასუხი გასცე. ჩემს შემთხვევაში, პასუხი გავეცი. არასდროს მიყვარდა, როდესაც ზურგს უკან საუბრის თემა ჩნდებოდა. ამ ასაკში უკვე ბლოგი მქონდა, სადაც ისეთ თემებზე ვწერდი, რომლებიც დღემდე მაინტერესებს – ადამიანებზე, რომლებიც ამა თუ იმ ნიშნით განსხვავდებიან, ეს ყოველთვის იყო ჩემთვის ინტერესის საგანი. ჩემს ბავშვობისდროინდელ ნახატებსაც რომ ვუყურებ, იქაც არ არის ტიპური ქალი და კაცი, აბსტრაქციებს ვაკეთებდი, სადაც სქესს თითქმის არასდროს ვანიჭებდი. ადამიანებს სქესი არ ჰქონდათ და მომწონდა ეს ნეიტრალურობა.

იმ პერიოდში სხვა ქვიარებიც გავიცანი. ფეისბუქი, ღია თუ ანონიმური ბლოგები არსებობდა, სადაც ქვიარები წერდნენ საკუთარ ამბებს და ეს ჩემთვის მათთან დამეგობრების საშუალება იყო. იყო სივრცეები, სადაც ვიკრიბებოდით, ამას ფსიქოლოგიური გაძლიერების ეფექტიც ჰქონდა და პარალელურად, ახალი ურთიერთობები ყალიბდებოდა – ახალი ადამიანებს იცნობ და ის შფოთვები, რომლებიც გაქვს, ქრება. ერთმანეთს ვაძლიერებდით, თუნდაც უთქმელად. ასეთი შეხვედრებიდან ბევრად უფრო სხვა განწყობით გამოვდიოდით, ვიდრე სოციუმში ვიყავით ხოლმე. ვიყავით უფრო მხიარულები და ლაღები, თითქოს ადამიანები ნიღბებს გარეთ ტოვებდნენ და ის ჩარჩოები, რასაც საზოგადოება სთავაზობდა, დროებით ეხსნებოდათ.

ძირითადად თინეიჯერები ვიყავით, ვინც რაღაც ტიპის კონტენტს ვქმნიდით, ესეც თვალსაწიერის გაფართოების საშუალება იყო და იმ პერიოდში თითქოს ვარდისფერი სათვალეც მოვირგე. მაშინდელი მთავრობაც არატოლერანტული იყო, თუმცა იყვნენ ქვიარ-მეგობრული ადამიანებიც, რომლებიც საჯარო განცხადებებითაც ასე პოზიციონირებდნენ,  ამიტომ მქონდა ილუზიები, რომ, კი, საზოგადოების რაღაც ნაწილში არის პრობლემები, მაგრამ მოგვარებადია. მეგონა, რომ ის, რაც ადამიანებში თუნდაც 2013 წლის 17 მაისს ვნახე, წარმოუდგენელი რამ იყო.

17 მაისი

რეალობას პირველად 2012 წლის 17 მაისს შევეჯახე, როდესაც რადიო თავისუფლებაში სტაჟირებას გავდიოდი და 17 მაისის მსვლელობას ვაშუქებდი. რომელიღაც ეკლესიის მრევლმა დაინახა მსვლელობა და კონტრდემონსტრაცია ნახევარ საათში დაორგანიზდა. ვხედავდი, როგორ ქრებოდნენ ქვიარ აქტივისტები – პოლიციამ, რომელსაც კონტრდემონსტრანტები უნდა გაენეიტრალებინა, ქვიარ აქტივისტების გარიდება სცადა. თუმცა მეორე დღეს მაინც მოხერხდა რაღაც ტიპის აქციის გამართვა.

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

შემდეგ უკვე 2013 წლის 17 მაისი იყო, რომელიც დღემდე ტრავმად მომყვება. მაშინ, ფაქტობრივად, წამებმა გადაარჩინა ჩვენი სიცოცხლე. იქ როგორც აქტივისტი, ისე ვიყავი. ალბათ უფრო ორგანიზებული უნდა ვყოფილიყავით, მაგრამ ის რისკები არ გვქონდა ბოლომდე გაცნობიერებული, რაც იქითა მხარეს იყო.

ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე გამოცდილება – ვხედავდი გავეშებულ ბრბოს, რომელიც ჩვენკენ მოდიოდა და იქ ყველაფერზე წამსვლელი ხალხი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ხელში ჯვრები ეჭირათ.

მაშინ სახელმწიფომ და ეკლესიამ ძალის დემონსტრირება გადაწყვიტეს. ქვიარები ამ შემთხვევაში უბრალო გამტარები და საბაბი ვიყავით ამ ორი ხელისუფლების ურთიერთჯახის. ასეთი საბაბი ხდება ხოლმე სხვადასხვა ჯგუფი, 90-იან წლებში ეს ჯგუფი ეთნიკური უმცირესობები იყვნენ და საზოგადოების ზიზღი მათკენ იყო მიმართული. მაშინ ათასობით საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა დატოვა ქვეყანა და უმძიმესი ისტორია გაიარა. შემდგომში ეს პროპაგანდა ქვიარებზე გადავიდა და ახალი დემონი შეიქმნა. დიქტატორულ რეჟიმებს სჭირდებათ მტრის ხატი, რომელიც ხშირად ცვალებადია და მასების სამართავი ინსტრუმენტია. არც ჩვენი მთავრობები არიან ამისგან შორს და ასეთი ტიპის პოლიტიკას ირჩევენ. სახელმწიფომ იქ არ დაიცვა უსაფრთხოება და ეს იყო გამიზნული, შეთანხმებული ქცევა.

ფოტო: ლიბერალი

5 ივლისსაც ასე მოხდა და ეს ყველაფერი უშიშროების სამსახურის მიერ იმართება. როცა მსგავს აქტივისტურ ღონისძიებებში ვართ ჩართული, ყოველთვის ვგრძნობთ სუს-ის სუნთქვას თუნდაც ჩვენც ტელეფონებში, თუნდაც ამყოლ მანქანებზე და ამ პროცესებს მართავს უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მოძალადე ჯგუფების უკან დგას. ეს მოძალადე ჯგუფები ხან სკინჰედები, ხან ქართული მარშები და ხან ალტ-ინფო არიან. ჩვეულებრივი პროექტები, რომლებსაც სახელმწიფო მასების სამართავად და იარლიყების ასასხლეტად ქმნის და პროპაგანდისთვის იყენებს.

არა მხოლოდ ქვიარ აქტივიზმი

ქართული ქვიარ აქტივიზმი 2011 წლიდან ჩემ თვალწინ ვითარდებოდა. მანამდეც არსებობდა შეხვედრის სივრცეები, მაგრამ საჯარო 2011 წლიდან გახდა, როდესაც მტკვარზე ყვავილები გავუშვით. მას მერე ყველა აქტივობაში რაღაც ფორმით ვიღებდი მონაწილეობას.

2011 წლის 17 მაისი

ქვიარ აქტივიზმი ძალიან მძიმეა იმ კუთხით, რომ ყოველთვის საპირწონე არის სახელმწიფო, რომელიც გებრძვის.

ნაცვლად იმისა, რომ თემის კონსოლიდირებასა და მის გაძლიერებაზე იყო ორიენტირებული, გიწევს ბევრ ისეთ საკითხზე რეაგირება, რომელზე რეაგირებაც არ მოგიწევდა, სახელმწიფო რომ მხარდამჭერი იყოს. შესაბამისად, ახლაც თითქმის იმავე თემებზე ვსაუბრობთ, რაზეც პირველად, როდესაც ქვიარ ორგანიზაციაში მოვხვდი. უფრო სწორად, იმაზეც ვეღარ ვსაუბრობთ, რაზეც ადრე ვსაუბრობდით – ქორწინების თანასწორობაზე, შვილად აყვანის უფლებაზე, სხვა ქვეყნების გამოცდილებებზე ამ კუთხით. დღეს ეს თემები ქვიარ ორგანიზაციებისთვის ტაბუირებულია. არსებული რეალობიდან გამომდინარე, დღეს ქვიარებს მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან უწევთ გამკლავება და ეს ყველაფერი მეორე რიგის ამოცანებია. როცა საბაზისო საჭიროებები არ გაქვს დაკმაყოფილებული, თანასწორ უფლებებზე ვეღარ ოცნებობ.

ძალიან ხშირია ინტერნალიზებული ჰომოფობია. ვფიქრობ, ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ გაძლიერებაში და ამ ინტერნალიზებული ჰომოფობიის დაძლევის საუკეთესო გზაც საკუთარი გამოცდილების გაზიარებაა. ყველა ისტორია განსხვავებულია, შეიძლება ერთი ადამიანის გავლილი გზა მეორისთვის არ იყოს მაგალითი – რეგიონებში, ეთნიკურ უმცირესობებში, შშმ პირებში, სხვადასხვა ოჯახში სხვადასხვა გამოცდილებებია, თუმცა ამის გაზიარებას რაღაც ეფექტი აქვს.

ფოტო: Guram Muradov

საზოგადოების სტიგმა არ არის მხოლოდ ქვიარ ადამიანების მიმართ. როდესაც დავინახე, რომ სხვა ჯგუფებსაც მსგავსი ბარიერები ჰქონდათ, დავიწყე როგორც ჩემი, ასევე სხვა ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლა, სოლიდარობა. წლების განმავლობაში სამუშაო და აქტივისტური ფორმით ვმუშაობდი შშმ პირთა საკითხებზე, რაზეც საკმაო ცოდნა დამიგროვდა. ვთვლი, რომ სოლიდარობა არის ის გზა, რაც საზოგადოებას, თემს ბევრად უფრო ძლიერს გვხდის. 17 მაისსაც მინახავს შშმ პირები დემონსტრაციებზე და სხვადასხვა ჯგუფის ეს ურთიერთსოლიდარობა, ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება, მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია.

შეიძლება გამოცდილება განსხვავებული იყოს, მაგრამ პრობლემა ყოველთვის საერთოა. ჩემთვის ესეც აქტივიზმის ფორმაა, როდესაც არ თვლი, რომ მხოლოდ საკუთარი თავის უფლებებისთვის უნდა იბრძოდე – უნდა იბრძოდე სხვებისთვისაც, ეს ბევრად აძლიერებს თემს და პიროვნულ ზრდაშიც გეხმარება.

დროა

ადამიანი არ არის შექმნილი იმისთვის, რომ სახელმწიფოს ემსახუროს, სახელმწიფო არის შექმნილი იმისთვის, რომ ადამიანს ემსახუროს და ის ყველა ადამიანზე თანაბრად უნდა იყოს ორიენტირებული. არ უნდა არსებობდნენ პრივილეგირებული და ნაკლებად პრივილეგირებული ჯგუფები. როდესაც საქმე ადამიანის უფლებებს, სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს ეხება, სახელმწიფო უნდა იყოს ადამიანების მიზნებისა და ოცნებების აღსრულების ინსტრუმენტი.

ადამიანები განსხვავებულები ვართ და სწორედ ამ განსხვავებულობით ვაძლიერებთ ერთმანეთს, ჩვენი სიმდიდრე მრავალფეროვნებაშია.

ვთვლი, რომ ქართული კულტურაც ტოლერანტულია, თუნდაც ვეფხისტყაოსანში, თუნდაც ქართულ თქმულებებში ბევრი ისეთი იდეის ნახვა შეგვიძლია, რაც ევროპისთვის რენესანსის შემდგომ გახდა ღირებული. ჩვენი ღირებულებათა სისტემით არაფრით ვართ განსხვავებული განვითარებული საზოგადოებისგან. ის სტერეოტიპები, რომლებსაც დღეს ეროვნულ ღირებულებებად ასაღებენ, თავსმოხვეულია.

ფოტო: ვახო ქარელი

ქვიარობა არ არის განყენებული ცნება და ჩვენ საზოგადოების ყველა აქტივობაში უნდა ვიყოთ ჩართული, მათ შორის, პოლიტიკაში. ვთვლი, რომ დღეს ქვიარ პოლიტიკა მნიშვნელოვანი და ქვიარ პოლიტიკის დროა. ჩემთვის პოლიტიკური გაერთიანება დროა იყო ღირებულებათა სისტემის ერთობლიობა, რომელშიც საკუთარი თავი, შესაძლებლობები და ცვლილებების გზა დავინახე, რადგან ჩვენთვის მთავარი ადამიანია. დღეს, როგორც ამ პარტიის სოციალური პოლიტიკის მდივანი, ვმუშაობ სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებების შესწავლაზე, რასაც შემდგომ ავსახავთ როგორც პარტიულ დოკუმენტებში, ასევე იმ საარჩევნო პროგრამებში, რომლითაც ამომრჩევლის წინაშე წარდგომას ვაპირებთ.

გვსურს, რომ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა გვქონდეს: ვეცნობით სხვადასხვა ორგანიზაციის კვლევებს, სახალხო დამცველის ანგარიშებს, ვაკეთებთ გამოკითხვას და სიღრმისეულ ინტერვიუებს, რომ შემდგომ ჩვენი გადაჭრის გზები შევთავაზოთ ამომრჩეველს, რომელთა შორისაც ქვიარ და შშმ პირთა თემი გვეგულება. საარჩევნო პროგრამები ადამიანზე უნდა იყოს ორიენტირებული და ამომრჩევლებმა წინასწარ, კონკრეტულად უნდა იცოდნენ, როგორ გააუმჯობესებ მათ ცხოვრებას, ეს აღარ უნდა იყოს მხოლოდ სლოგანებზე დაყვანილი. ეს სლოგანებიც ძალიან ხშირად მხოლოდ პოეზიაა ნაკლები შინაარსით. ჩვენთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ადამიანი და ამ ადამიანებისთვის ახალი იდეების, რწმენის შეთავაზება.

პირველი ნაბიჯები აუცილებლად უნდა იყოს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლა. ქვიარ ადამიანებს აქვთ განათლების მიღების ბარიერები, დასაქმების პრობლემები, მით უფრო, როდესაც ქამინგაუთი აქვთ გაკეთებული, ამ დროს ბევრი დამსაქმებელი იკავებს თავს მათი დასაქმებისგან. ასევე, შშმ პირს შეიძლება უმაღლესი განათლება ჰქონდეს, მაგრამ კომპანიამ მხოლოდ იმიტომ უთხრას უარი დასაქმებაზე, რომ მას ადაპტირებული საპირფარეშო არ აქვს. ადამიანებმა შეიძლება მრავალწლიანი შრომის რეალიზება ვერ შეძლონ, რადგან სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობს, რომ სივრცეები იყოს ყველასთვის და არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანებისთვის. თუნდაც ჯანდაცვის პოლიტიკა, სადაც ქვიარები მრავალ დისკრიმინაციას აწყდებიან. ნებისმიერი სერვისის მისაღებად კონკრეტულ ადგილებში უნდა მიხვიდე და მუდმივად ქვიარ-მეგობრულ ექიმს ეძებ, რაც წარმოუდგენელია. ადამიანები ქვეყნიდან გადიან, ბევრი ჩემი მეგობარი მიდის ემიგრაციაში და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ემიგრაციის ამხელა ნაკადი ქვეყნისთვის დიდი პრობლემაა.

საქართველო უნდა იყოს მიზიდულობის ცენტრი რეგიონში. ის უნდა იყოს თავისუფალი ქვეყანა, სადაც ყველა ადამიანი შეძლებს თავისი შესაძლებლობის რეალიზებას. სხვაგვარად ამ ქვეყანაში ცხოვრება შეუძლებელია.

ყოველი დღე არის ახალი შესაძლებლობა

ქვიარებს ვეტყოდი, დრო არ დახარჯონ იმაზე ფიქრში, რომ რაღაც არ გამოუვათ და მათი იდენტობა ბარიერი იქნება. კი, ყველას გვიწევს რთული ეტაპის გავლა, მაგრამ ეს უფრო ძლიერს გხდის. საკუთარ თავზე უარის თქმა უფრო მძიმე პრობლემების წინაშე აყენებს ადამიანს, ვიდრე, თუნდაც პატარა ნაბიჯებით, საკუთარი თავის სიყვარულის სწავლა.

ფოტო: Emanuele Amighetti

არ არის აუცილებელი, რომ ერთ დღეს ყველამ ხმამაღლა თქვას თავისი სექსუალური იდენტობის შესახებ, მაგრამ ყველას უნდა ჰქონდეს კომფორტის სივრცეები. ადამიანებმა არასდროს უნდა თქვან უარი საკუთარ მიზნებსა და ოცნებებზე, ყოველი დღე კი არის შესაძლებლობა, ერთი ნაბიჯი გადადგა ამ ოცნების ასრულებისკენ.

წინა

სლოვაკეთში შეიარაღებულმა პირმა გეი ბართან ორი ადამიანი მოკლა

შემდეგი

რა არის SAFE YOU და როგორ შეგიძლიათ მისი გამოყენება

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ