33 წელი გავიდა 1991 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან. იმ დღიდან, რომელიც ქართველ ხალხს თავისუფლებისათვის ბრძოლაში დიდი მსხვერპლის ფასად დაუჯდა და საქართველოს დამოუკიდებლობა მოუტანა. დღეს 9 აპრილია და მსოფლიო ისევ ომის სისასტიკემ შეძრა. ახლა, საქართველოს მეგობარი ქვეყანა, უკრაინა თავისუფლების შესანარჩუნებლად იბრძვის, მტერი კი იგივეა.
ქართველი ერის ისტორიაში მრავალი სისხლიანი თარიღია შემორჩენილი. შორეულ საუკუნეებს რომ არ გადავწვდეთ, იმ ტრაგედიების გასახსენებლად, რომლებიც რუსეთს უკავშირდება, გასული XX საუკუნეც კი იკმარებს.
გავიხსენოთ 1921 წელი – სისხლიანი რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ანექსია; 1924 წელი – ქვეყნის თავისუფლებისათვის მებრძოლი ქართველების აჯანყების ჩახშობა და პატრიოტთა მასობრივი დახვრეტები; 1937 წელი – ერის გამორჩეული ადამიანების მასობრივი რეპრესიები; მეორე მსოფლიო ომი, რომელშიც საქართველოს მოსახლეობის 24% მონაწილეობდა და ნახევარზე მეტი უკან აღარც დაბრუნებულა; 1989 წლის 9 აპრილი, როცა თბილისში, რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, უიარაღო, უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ სასტიკი ქმედებები განხორციელდა. ამ ისტორიულ დღეს, ქართველი ერი ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანდა, საქართველომ მოითხოვა თავისუფლება და მშვიდობიანი დემონსტრაციით გამოხატა პროტესტი საბჭოთა კავშირის უსამართლო რეჟიმის წინააღმდეგ. ქართველი ხალხის პროტესტი უპასუხოდ არ დატოვა საბჭოთა არმიამ და 9 აპრილის ღამეს მოქალაქეებს სასტიკად გაუსწორდა.
ეს წლები იყო ქართველი ხალხის მიზანმიმართული გენოციდი, რომელსაც უცხო და დაუნდობელი ძალა – რუსეთი ახორციელებდა.
ძლიერი მტრის, ტკივილის, სისხლის მდინარეების მიუხედავად, ქართველებს არასდროს განელებიათ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ლტოლვა. ხალხში ყოველთვის ფხიზლობდა ეროვნული ცნობიერება, რომელიც XX საუკუნის 70-იანი წლებიდან განსაკუთრებით გამძაფრდა. სწორედ ამ დროიდან საზოგადოება მკვეთრად გააქტიურდა. 1988-89 წლებში, მრავალრიცხოვან დემონსტრაციებზე ეროვნული დამოუკიდებლობის, თვითმყოფადობის, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხები ჟღერდებოდა. ითხოვდნენ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დაცვას, ეკოლოგიურად გაუმართლებელი მშენებლობების შეწყვეტას, გამოდიოდნენ რესპუბლიკის სუვერენიტეტის შელახვის, საბჭოთა ჯარებში ქართველი ჯარისკაცების დისკრიმინაციისა და მათ მიმართ გამოვლენილი ძალადობის წინააღმდეგ.
ქართველები ქუჩაში არსებული რეჟიმის გასაპროტესტებლად გამოვიდნენ. დღის წესრიგში მთავარი მაინც ეროვნული პრობლემა იყო: გარანტირებულია თუ არა ქართველი ხალხის სამომავლო არსებობა და განვითარება, ხომ არ ვდგავართ გაქრობის საფრთხის წინაშე, რატომ არ სარგებლობს სახელმწიფო ენა თავისი კანონიერი, კონსტიტუციური უფლებით მაქსიმალურად და რატომ გვეცლება ხელიდან ნელ-ნელა ქართული მიწა-წყალი.
1988 წლის ნოემბრისა და 1989 წლის თებერვლის მანიფესტაციებზე ეს საკითხები განსაკუთრებით მკაფიო გახდა. ხელისუფლებამ აქციების წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაიწყო. მან ჯერ კიდევ 1988 წლის ნოემბერში მიმართა მოსკოვს თბილისში კომენდანტის საათის შემოღების შესახებ. მდგომარეობა 1989 წლის 18 მარტს გამწვავდა აფხაზეთის სოფელ ლიხნში გამართული პროვოკაციული თავყრილობის შემდეგ, რომელზეც საქართველოს შემადგენლობიდან აფხაზეთის გასვლის შესახებ არაკონსტიტუციური დადგენილება მიიღეს.
4 აპრილს, სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტური აქცია გაიმართა, რომელშიც 2000-მდე სტუდენტი იღებდა მონაწილეობას. ზვიად გამსახურდიამ სიტყვა წარმოთქვა და აქციის მონაწილეებს მოუწოდა, „აფხაზეთის საკითხთან“ დაკავშირებით მასობრივი გამოსვლებისათვის ხელი შეეწყოთ. იმავე დღის 7 საათზე უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში მიიღეს რეზოლუცია საქართველოს მთავრობისადმი ეროვნული დაუმორჩილებლობის, საქართველოს დროებითი მთავრობის შექმნისა და ავტონომიების გაუქმების შესახებ.
აქცია 5 აპრილს გაგრძელდა. აფხაზეთის საკითხმა მეორე ადგილი დაიკავა და წამოაყენეს მოთხოვნა 1921 წელს რუსეთის ძალადობის შედეგად საქართველოს დაკარგული დამოუკიდებლობის აღდგენისა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან მისი გამოსვლის შესახებ. ამ მოთხოვნის მხარდასაჭერად ადამიანებმა შიმშილობა დაიწყეს.
6 აპრილს აქციის მონაწილეთა რიცხვმა იმატა, ხოლო 7 აპრილს ამერიკისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს მიმართეს, რათა XX საუკუნის დასაწყისში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის აქტი ეცნოთ.
8 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის დაშლას აპირებდა, ამიტომ ხალხმა აქციის ირგვლივ მდებარე ქუჩები ავტობუსებითა და სატვირთო მანქანებით ჩახერგა. ამ დღეს შიმშილობა ხუთასმა ქალმა გამოაცხადა. ამავე დროს, აქციის ორგანიზატორთა ინიციატივით, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთიანი კომიტეტი შეიქმნა.
აქციის მონაწილეებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, გამოსვლები 14 აპრილს დაესრულებინათ. რა თქმა უნდა, ამის შესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამაც იცოდა, მაგრამ საჭირო იყო ხალხის დაშინება ერთიანობისა და ეროვნული სულისკვეთების ჩასახშობად. ჯერ კიდევ 7 აპრილს, შიმშილობის მეოთხე დღეს, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, დღის საათებში ოთხი ტანკი გამოჩნდა, რომლებიც ხალხის დასაშინებლად დიდი სიჩქარით მოძრაობდნენ. მეორე დღეს ტანკებმა მანევრი ისევ გაიმეორეს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ წინ რამდენიმე ახალგაზრდა გაწვა, მოძრაობა აღარ გაუგრძელებიათ.
9 აპრილს, დილის 4 საათზე დაიწყო მშვიდობიანი, უიარაღო ადამიანების დარბევა. ხელისუფლებას ამისთვის მთელი არმია მობილიზებული ჰყავდა. აქციის მონაწილეები ჯალათებს თავაწეულები შეხვდნენ. ხალხს ტანკების, ხელკეტების, ქიმიური ნივთიერებების, მომწამვლელი გაზის საშუალებით არბევდნენ. არ ინდობდნენ არც დიდს, არც პატარას, არც მოხუცებულს. ჯარისკაცები გაქცეულ ადამიანებს მისდევდნენ, შენობებში უცვივდებოდნენ იქ თავშეფარებულ მოქალაქეებს, ურტყამდნენ და ჩეხავდნენ წაქცეულებს, ქალებსა და არასრულწლოვნებს.
საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევის შედეგად, დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. დაღუპულთა შორის, ერთ-ერთი 16 წლის მოზარდი იყო. სამშობლოს თავისუფლების დიად იდეას შეეწირნენ: ნატო გიორგაძე, თამუნა დოლიძე, აზა ადამია, ნათია ბაშალეიშვილი, ეკა ბეჟანიშვილი, თინა ენუქიძე, ნინო თოიძე, ზაირა კიკვიძე, მანანა ლოლაძე, თამარ მამულაშვილი-სვანიძე, მანანა მელქაძე, მამუკა ნოზაძე, ნანა სამარგულიანი, გია ქარსელაძე, შალვა ქვასროლიაშვილი, ელისო ჭიპაშვილი, თამრიკო ჭოველიძე, მარინა ჭყონია-სამარგულიანი, ნოდარ ჯანგირაშვილი, მზია ჯინჭარაძე, ვენერა მეტრეველი.
9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. გარდაცვლილებიც და ცოცხალი გმირებიც ისტორიაში შევიდნენ იმით, რომ ჩვენ მომავალი და თავისუფლება გვაჩუქეს, რაც არასდროს უნდა დავივიწყოთ. 33 წლის წინ ქართველმა ხალხმა ერთიანობით შეძლო მტერზე გამარჯვება. მალე დადგება დრო, როდესაც გაერთიანებული უკრაინაც აუცილებლად გაიმარჯვებს და, ჩვენ მსგავსად, მადლობას გადაუხდის გმირებს თავგანწირვისა და თავისუფლებისათვის.