თათია ჯიშკარიანი – არ მინდა, ერთადერთი გზა ყველასთვის გაქცევა იყოს

მე ვარ თათია ჯიშკარიანი, 30 წლის. დავიბადე „ბნელ“ დროში, 1991 წელს, ქუთაისში. ბავშვობა 90-იანებისთვის დამახასიათებელი მქონდა –  უშუქობა, უწყლობა და ნავთის გამათბობელი წითელი „კერასინკა“. ჩემი ოჯახის ემიგრანტობის ისტორიაც 90-იანებიდან იწყება. 1996 წელს ბებო წავიდა  საბერძნეთში, ორი წლის შემდეგ – დედა და მამა.

ზოგადად, ძალიან წყნარი ბავშვი ვიყავი. უფრო სევდიანი, მორცხვი, შეუმჩნეველი, წესიერი და ძალიან ეკლესიური. ეკლესიურობას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ თავად ეკლესიამ დამაკარგვინა ეკლესიურობა.

ჩვეულებრივი მოსწავლე ვიყავი, არაფრით გამორჩეული, ჩემთვის წყნარად მივყვებოდი დინებას. სკოლა რომ დავამთავრე,  თბილისში გადმოვედი. მინდოდა, ქუთაისს გავშორებოდი, რაღაც შეცვლილიყო ჩემს ცხოვრებაში და კავკასიის უნივერსიტეტში, ბიზნეს სკოლაში ჩავაბარე. სინამდვილეში, პროფესია დიდად ჩემი არჩევანი არ ყოფილა, ერთგვარი ტრენდი იყო და აქაც დინებას მივყევი. რაც ვიცოდი და აბიტურიენტობის დროს რასაც დიდ დროს ვუთმობდი, ის საგნები ჩავაბარე და 50%-იანი დაფინანსებაც მივიღე.

უნივერსიტეტშიც, ასევე, დიდად არაფრით გამორჩეული სტუდენტი ვიყავი. პირველი წლები ისე მიჭირდა ახალ გარემოსთან, სწავლების ახალ მეთოდთან, ახალ ადამიანებთან შეგუება, რომ ხშირად ვტიროდი. შემდეგ მეგობრებიც გამოჩდნენ. ისეთი მეგობრები, დღემდე რომ ვმეგობრობ და ჩემს ცხოვრებაში მთავარი ადამიანები არიან. ამასობაში, ტირილს რომ მოვრჩი და ყველაფერს შევეგუე, 2013 წელიც დადგა და ეს იყო ჩემში ყველაზე დიდი გარდატეხის, შინაგანი რყევების, მსოფლმხედველობის ცვლილების, რეალობასთან პირისპირ შეჯახების წელი. 2013 წლის 17 მაისს ჩატარდა ჩემთვის ყველაზე მთავარი აქცია, რომელსაც ტელევიზორიდან ვადევნებდი თვალს. ამ დღის შემდეგ, შემიძლია ვთქვა, რომ მე ვარ გამოფხიზლებული ადამიანი, თათია, რომელსაც გაუჩნდა შინაგანი პროტესტი, ისეთი დამანგრეველი, ვერავინ რომ ვერ წარმოიდგენს. ეს იყო ისეთი ნგრევა, რომელსაც ახლის და უკეთესის შენება მოჰყვება.

რამდენად სასაცილოც არ უნდა იყოს, 2013 წლის 17 მაისის მოვლენების ერთ-ერთი მთავარი მოქმედი გმირი, ტაბურეტიანი მამაო ჩემი მოძღვარი იყო. იმ დღის შემდეგ შევწყვიტე ეკლესიაში სიარული და ლოცვა. წმენა, ჩემი ერთადერთი საყრდენი იმ პერიოდში, ვხედავდი, ნელ-ნელა როგორ მეცლებოდა. ეს დღე ერთ-ერთი უსაშინლესი იყო ჩემს მეხსიერებაში. ამ დღის შემდეგ დავიწყე ლგბტ თემის მხარდაჭერა, ამ თემის კვლევა, ამას უბრალოდ ჩემთვის ვაკეთებდი. ამ დღის შემდეგ შემიყვარდა ყველა განსხვავებული ადამიანი, გავწევრიანდი სხვადასხვა ქვიარ ჯგუფში და ვხედავდი, როგორი ჩვეულებრივი, რეალური, კარგი, თბილი, მოსიყვარულე ადამიანები იყვნენ და არიან ეს ყველასგან განდევნილი, ქვანასროლი, შეურაცხყოფილი, ნაცემი და მოკლული ადამიანები. ყველგან ვაფიქსირებდი აზრს ლგბტ თემზე, ყველას ვუხსნიდი, ოჯახის წევრებს ხშირად ვეკამათებოდი. ვხედავდი, რომ აგრესია ყოველ ჯერზე იმატებდა და დღემდე იმატებს. რაც უფრო მეტად და კარგად ვერკვეოდი ადამიანის უფლებებში, მით უფრო ვხედავდი, როგორ იზრდებოდა აგრესია საზოგადოებაში. ამან ყველაფერმა ჩამომაყალიბა ფემინისტად და ლგბტ ადამიანების უფლებების დამცველად, აქტივისტად, მაგრამ ეს არ იყო ოფიციალური სამსახური ან რამე ეგეთი, ეს იყო ჩემი, ერთი პირის ადამიანად, Human Being-ად ჩამოყალიბების გზა.

შემდეგ იყო ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“. მახსოვს, ბილეთი ვიყიდე დასასწრებად და აქციების ფონზე წასვლის ისე შემეშინდა, გაჩუქება გადავწყვიტე. ვნერვიულობდი, თუ ვინმე იჩუქებდა და წავიდოდა, რამეს დაუშავებდნენ, ამიტომ გულზე მომეშვა, როცა არავინ იჩუქა.

ამ დროს თბილისი პრაიდის გუნდის წევრმა მომწერა, ჩვენც გვაქვს ბილეთები და ჩვენთან ერთად წამოდი, ერთად შევიდეთო. ამ დღეს პირველად მქონდა ახლო ურთიერთობა ლგბტ თემის წევრებთან, ტრანსგენდერ ქალებთან, მათთან ერთად ჯუნგლების ბარიერები და პოლიციის უდიდესი და უგრძესი კორიდორი გავიარე. ურთიერთობის პირველივე წუთიდან კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამდენად კარგი, მხიარული, ძლიერი ადამიანები არიან და ამ დღეს კიდევ ერთხელ გავიაზრე, რა უსამართლოა და რა რთულია მათი და ჩვენი საქართველოში ცხოვრება, უფრო სწორად, ყოფა და არსებობა.

დღესდღეობით ქვეყანაში ჰომოფობიური განწყობა პიკს აღწევს  და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა ლგბტ ადამიანებისთვის, დაუცველობის შეგრძნება აქვს ყველას, არ აქვს მნიშვნელობა, ღიაა ის თავისი იდენტობით თუ არა. დაუცველობის შეგრძნება აქვს ყველა ადამიანს, რომელსაც ფერადი თმა ან პირსინგი აქვს, ცისარტყელას მაისური აცვია, რომელსაც ფერადი პინი აქვს ჩანთაზე, რომელსაც ტატუ აქვს, თავისი თავის გამოხატვა უნდა, ადამიანს, რომელსაც უბრალოდ თავისუფლება სურს. განუკითხაობაა საზოგადოებაში და რაც მთავარია, სახელმწიფოს არც სურვილი და არც შესაძლებლობა აქვს, დაიცვას ლგბტ ადამიანები. ამიტომაც გამოვიქეცი საქართველოდან, ამიტომ გარბის ძალიან ბევრი ახალგაზრდა საქართველოდან. ამ ყველაფრის შედეგი შეიძლება დღეს ვერ დავინახოთ, მაგრამ წლების შემდეგ ძალიან აშკარა გახდება, რა ცუდი რეალობა დაუდგება ჩვენს ქვეყანას. მომავალში საქართველოს აღარ ეყოლება ძალიან ბევრი ახალგაზრდა, საღად მოაზროვნე, ფერადი და ნათელი გონების ადამიანი. ადამიანები, ახალგაზრდები, ქართველები, რომლებიც თავის სფეროში წარმატებას მიაღწევენ, თავისი საქმიანობით რაღაც კვალს დატოვებენ სამყაროში და ეს იქნებიან და ვიქნებით ქვეყნიდან გაქცეულის სტატუსის მქონე ადამიანები.

ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ამ ყველაფრის გამო წავედი საქართველოდან, დაუცველობის შეგრძნების გამო. ვხედავდი, რომ განვითარებას ვწყვეტდი, თავისუფლება დაკარგული მქონდა, სამართლიანობას ვერსად ვხედავდი და 2021 წლის 5 ივლისს, ჩემთვის ყველაზე შემზარავი მოვლენების ფონზე მივიღე საბოლოო გადაწყვეტილება –

როგორი გზაც არ უნდა ყოფილიყო, ყველაფერი უნდა გამეკეთებინა და წავსულიყავი ამ ქვეყნიდან. 13 ივლისს უკვე თვითმფრინავში ვიჯექი და ალბათ, სამუდამოდ ვემშვიდობებოდი საქართველოს. არ მინდა, ყველასთვის ერთადერთი გზა გაქცევა იყოს, ეს ჩემი გზა და ჩემი არჩევანია, რადგან ომი, ბრძოლა და განუწყვეტელი ჩხუბი არ შემიძლია, მე მჭირდება სიმშვიდე.

დიდად არ მინდა, ამ გაქცევით მაგალითი ვიყო ადამიანებისთვის, მაგრამ თუ გინდა და თუ დარწმუნებული ხარ, რომ ესაა ერთადერთი გზა შენთვის, გაიქეცი. მთლად 30 წელი არა, მაგრამ დაახლოებით 12 წელი დამჭირდა იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს იყო გადარჩენის ერთადერთი გზა ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის.

ამერიკაში ჩამოვედი ერთი პატარა ზურგჩანთით, რომელშიც მქონდა ერთადერთი წიგნი, ჟან პოლ სარტრის „კედელი“, FRIENDS-ის პრინტიანი ერთადერთი ჰუდი და ერთადერთი ცისარტყელას პინი. ეს ნივთები ყოველთვის შემახსენებენ, რის გამო და რა მიზნით წამოვედი საქართველოდან.

ურთულესი გზა გავიარე, მექსიკის საზღვრიდან გადავიპარე და 21 დღე დაკავებული ვიყავი. სადაც პირველად თავისუფლება ვიგრძენი, ეს იყო ამერიკის საზღვარი, მესაზღვრე მოვიდა და მითხრა “You did it, you are in USA now!” – შენ ეს შეძელი, შენ უკვე ამერიკაში ხარ!

თავისუფალი ადამიანი უკვე Newark-ის აეროპორტში ვიყავი, ეს იყო პირველი „ფეხის შედგმა თავისუფლებაში“, სადაც ცისარტყელას დროშები ამაყად ეკიდა. შემდეგ იყო ჩემთვის ყველაზე მეტად  დასამახსოვრებელი მომენტი, მანჰეტენზე სეირნობისას შემხვდა ეკლესია, სადაც კართან, ამერიკის დროშასთან ერთად ასევე ამაყად ეკიდა ლგბტ დროშა. აქ ერთადერთი განსხვავება ხალხშია, მოქალაქეებში, რომელთაც გააზრებული აქვთ თავიანთი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომელთაც ძალიან კარგად იციან თავიანთი და სხვების საზღვრების არსებობის შესახებ, არც არავის მისცემენ საზღვრის დარღვევის საშუალებას და არც თავად დაურღვევენ სხვებს.

ლგბტ თემის მიმართ ცუდად განწყობილ ადამიანებს ვეტყოდი – იყავით ჰუმანურები, პასუხისმგებლიანები და სამართლიანები. არ დაკარგოთ ადამიანობა და ეცადეთ, არ გახდეთ ისეთი არსება, როგორიც დინოზავრი იყო. დინოზავრის ყველა სახეობა გადაშენდა, თქვენც ასე არ დაგემართოთ.

წინა

შვედი ფეხბურთელის ქვიარ სიყვარულის ისტორია

შემდეგი

ქვიარები გაცნობის საიტებზე მიღებულ გამოცდილებას აფასებენ

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,