თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა. საკონკურსო პროგრამის გამარჯვებული მხატვრული ფილმი სოსო ბლიაძის ოთარის სიკვდილი გახდა, საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად კი ორი ნამუშევარი დასახელდა – თათია სხირტლაძის დიდება დედოფალს და სალომე ჯაშის მოთვინიერება.
უცხოური ფილმების სექციაში კი არაერთი სახელოვანი თუ დამწყები რეჟისორის ფილმი უჩვენეს, რომელთა შორის ქვიარ გამოცდილებებზე გადაღებული არაერთი ფილმი იყო. ამ სტატიაში თბილისის კინოფესტივალში მონაწილე იმ 4 ფილმის შესახებ წაიკითხავთ, რომელიც ქვიარ ურთიერთობებს ასახავს.
Great Freedom
175-ე პარაგრაფმა, რომლის საფუძველზეც ნაცისტურ გერმანიაში ჰომოსექსუალ კაცებს საკონცენტრაციო ბანაკებში აგზავნიდნენ, 10 ათასზე მეტი ადამიანის კეთილდღეობა შეიწირა. ამ პარაგრაფის მიხედვით, ბრალდებულთა კასტრაცია და მათი სიცოცხლის მოსპობა გავრცელებული პრაქტიკა იყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულებასთან ერთად არ შეწყვეტილა. აღნიშნული მუხლი საბოლოოდ 1994 წელს გაუქმდა, მაგრამ მასში მრავალი ცვლილება შევიდა. დასავლეთ გერმანიაში კი, 1969 წლამდე, აღნიშნული მუხლით გასამართლებულ კაცებს ციხეში აგზავნიდნენ, რაც მათ ხელახლა აღზრდას ემსახურებოდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან, 1969 წლამდე, 100 ათასი ადამიანი წარსდგა სასამართლოს წინაშე ამ პარაგრაფში მითითებული დარღვევების ბრალდებით, 50 ათასამდე ადამიანი კი პატიმრად იქცა. Great Freedom იმ მანკიერი პრაქტიკის მსხვერპლებისთვის პატივის მიგებაა, რომლებიც დასავლეთ გერმანიაში მცხოვრები ჰომოსექსუალი კაცები იყვნენ. ფილმი ჰანსის ისტორიას გვიყვება, რომელიც ჰომოსექსუალობის გამო სამი ათწლეულის განმავლობაში პატიმრობაში არაერთხელ მოხვდა და სასტიკი, დამამცირებელი მოპყრობისა და გარიყვის მსხვერპლი იყო. ფილმის სახელი მთავარ სათქმელს ყველაზე უკეთ ხსნის – ტოტალურ სისასტიკეში ნაპოვნი სიყვარულის ამბავი ნაცისტური პერიოდის ნარჩენებში სიყვარულის გამარჯვებაზე გვიყვება, რაც სისასტიკეზე ამაღლების, თავისუფლების იმ გარემოში მოპოვების ნიშანია, სადაც ამას ყველაზე ნაკლებად ელი.
Benedetta
9 წლის ასაკში კათოლიკურ მონასტერში მიბარებული ბენედეტას ისტორია, რომელიც სხვების ბრმა რწმენით მანიპულაციაში დახელოვნების თუ იმ იდეის დაჯერების გზას გაივლის, რომ უფლის რჩეულია, შესანიშნავი სანახაობაა. 83 წლის სახელოვანმა რეჟისორმა, პოლ ვერჰოვენმა, ძალაუფლების სურვილის კვლევა, ეკლესიის მანკიერებებისა და პატრიარქალურ სამყაროში ქალის სექსუალური თვითშემეცნების ამბის ჩვენება დაისახა მიზნად. ფილმის ყურებისას იცინებთ, უხერხულობის განცდა არ მოგასვენებთ, ტრაგიკული ამბების მომსწრე გახდებით და არაერთ კითხვას დასვამთ, რომელზე პირდაპირი პასუხებიც არ არსებობს. შარლოტ რემპლინგი ტაძრის წინამძღოლის როლში გვევლინება, რომელიც ღმერთის მსახურებას ვაჭრობის საგნად იყენებს, ძალაუფლების განმტკიცებას ცდილობს და ბენედეტას ცოცხალ წმინდანად შერაცხვის იდეას პირადი სარგებლისთვის იყენებს, სანამ არ მიხვდება, რომ ეს მის ძალაუფლებას აცლის საყრდენს. შავი ჭირის მძვინვარების პერიოდში მიმდინარე მოვლენები, რომლის ფონზეც კათოლიკური ეკლესია ყველა გასაჭირისგან განდგომილ ინსტიტუტად გვევლინება, რომლის მაღალი იერარქიის პირები ცხოვრებით ტკბებიან და ამის საპირწონედ სჯიან ყველას, ვინც მსგავსი „პრივილეგიით“ სარგებლობას მოინდომებს, დღევანდელ პანდემიურ რეალობაზე კომენტარსაც გვთავაზობს. ბენედეტა, რომელიც ქრისტეს საცოლეა, სექსუალური აღმოჩენების გზას მას შემდეგ შეუდგება, რაც ტაძარში სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, ბართოლომეა დასახლდება. ბენედეტა, რომელიც იესოს ეროტიკულ გამოცხადებებსა და ბართოლომეას მიმართ ვნებებს შორის მერყეობს, საკუთარი სურვილების დასათრგუნად და სხვებისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ უფლის რჩეულია, სისასტიკის გამოვლინებებს არ ერიდება, რაც მის სურვილებს კიდევ უფრო ამძაფრებს და ნელ-ნელა უკეთ აცნობიერებს იმ შესაძლებლობებს, რაც ძალაუფლების მოპოვებას თან სდევს. ვერჰოვენი კეთილისა და ბოროტის ცნებას ანგრევს და პერსონაჟების მოულოდნელი გარდაქმნებით გვიჩვენებს, რომ ყველა წარმოდგენა, რომელიც გვაქვს, არამყარია. ფილმის მიმდინარეობისას, იმასაც მიხვდებით, რომ არ არსებობს აბსოლუტური სიმართლე, ყველა ქმედება კომპლექსური და ამოუხსნელია, რომელიც საკუთარ თავში ერთმანეთის საპირისპირო, დამანგრეველ განზრახვას შეიცავს. ალბათ, ქართულ კინოგაქირავებაში ბენედეტას ვერ ვიხილავთ, მაგრამ იმედია, ფილმი ონლაინ სივრცეში მაინც მალე გახდება ხელმისაწვდომი და შეგეძლებათ, თქვენი თვალით იხილოთ ძალაუფლების, შურის, ვნების, ღალატისა და ბრმა რწმენის დამანგრეველი ძალის ამბავი.
The Girl and The Spider
გოგო და ობობა ამ სიის ყველაზე სიზმარეული ფილმია, რომელიც მაყურებელს სათქმელს პირდაპირ არ ეუბნება და მხოლოდ მინიშნებებზე არის აგებული, ამიტომ იმ ადამიანებისთვის განსაკუთრებული სიამოვნება იქნება, რომელთაც თავსატეხის ამოხსნა უყვართ. ცვლილებებსა და დანაკარგებზე გადაღებული ფილმი მნახველში დისკომფორტისა და სიცარიელის შეგრძნებას დატოვებს, რაც დანაკარგს ყოველთვის ახლავს. „ლიზა ახალ ბინაში გადადის, მარა კი უკან რჩება. როცა ყუთების გადაზიდვა და ავეჯის გადაადგილება იწყება, უფსკრული იხსნება და ემოციური ატრაქციონი მოძრაობას იწყებს. ტრაგიკომიკური ფილმი. პოეტური ბალადა ცვლილებებსა და წარმავალ კავშირებზე“ – ვკითხულობთ ფილმის აღწერაში, რაც ამ შესანიშავ კინოგამოცდილებაზე მხოლოდ მცირედ წარმოდგენას გვაძლევს. ფილმი გვიყვება იმაზე, რამდენად სასტიკი შეიძლება იყოს სიჩუმე და როგორი არამყარი, გნებავთ, შეუძლებელია სხვა ადამიანებთან დაკავშირება, როგორი შეუმჩნეველი დეტალებით ვლინდება ის დიდი ემოციური ნაკადი, რომელსაც ყველაფრის დანგრევა შეუძლია. ფილმის ყურებისას მრავალ წვრილმანს შეაგროვებთ, რაც ფაზლის აწყობას ჰგავს, თუმცა სიუჟეტის ერთ-ერთ გარდამტეხ მომენტში ეს წვრილმანები ხელიდან გამოგეცლებათ და შესაძლოა, იმას მიხვდეთ, რომ ადამიანური ურთიერთობები დაშლილი დეტალებია, რომელიც მთელი არც არასდროს ყოფილა და ვერც გაერთიანდება.
The Hill Where Lionesses Roar
გორაკი, სადაც ძუ ლომები ღრიალებენ 20 წლის რეჟისორის ფილმია სამ მეგობარზე, რომლებიც უძრავ, უიმედო, დროში გაყინულ კოსოვოში ცხოვრობენ და ერთადერთი საფიქრალი აქვთ – როგორღაც გააღწიონ იმ ქალაქიდან, რომელიც ნელ-ნელა ანადგურებთ.
სასტიკ გარემოში მცხოვრები სამი გოგო, რომელთაც ერთმანეთთან მეგობრობის მეტი არაფერი აქვთ, უკეთეს ცხოვრებაზე ოცნებობენ, დღეებს მოლოდინში ატარებენ, თუმცა არც ცვლილებების ძალა აქვთ, თანაც, ქვეყანა კორუფციის, კრიმინალის, პატრიარქალური სისასტიკის ქაოსშია ჩაკარგული, რაც თავის დაღწევას კიდევ უფრო აძნელებს, ამიტომ სამი ახალგაზრდა მეგობრისთვის ერთადერი შვება ძუ ლომების ხროვის ჩამოყალიბებაა, რომელიც ბრაზის და იმედგაცრუებისგან დაცლის შესაძლებლობას აძლევთ. ფილმში იმედის ნაპერწკალსაც კი ვერ შენიშნავთ და მეგობრებიც კრიმინალის გზას ადგებიან. ერთადერთი ნათელი წერტილი კი ძალადობრივ გარემოში გაზრდილ გოგოებს შორის არსებული სინაზის გამოვლინებებია, რაც მცირე ხნით მაინც ამარცხებს ტოტალურ ძალმომრეობას.
ავტორი: გიორგი ბასხაჯაური