ყველაფერი, რისიც გეშინიათ, უკვე ისედაც ხდება

საკუთარ თავს თუ დავახასიათებ, ვიტყვი, რომ ცნობისმოყვარე ადამიანი ვარ. ყოველთვის აკადემიურ სივრცეში წარმომედგინა თავი – ბავშვობიდან მინდოდა, სიღმისეულად, ექსპერტულად მცოდნოდა კონკრეტული დარგი, მეტი ცოდნა მიმეღო და სხვებისთვისაც გადამეცა. ჩემი გატაცებებიც, ძირითადად, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს უკავშირდება: მაინტერესებს სოკოები, მიკოლოგია, ვაშენებ სხვადასხვა სახეობას, ვაკვირდები მიკროსკოპით… მიყვარს ტყეებში ხეტიალი, მცენარეების შეგროვება, ჩახატვა.

ამ სასიამოვნო გამოცდილებების მიღმა, მე ასევე ქვიარ ქალი ვარ, უფრო ზუსტად, პანსექსუალი არაბინარული პიროვნება, რაც ნიშნავს, რომ მიზიდავენ ადამიანები და არა მათი გენდერი, თავად კი, ბოლომდე ვერცერთ გენდერთან ვერ ვიდენტიფიცირდები. ბავშვობიდან გაუცხოება მქონდა იმ გენდერულ კონსტრუქტებთან, რასაც გარემო მაწვდიდა. ბაღის პერიოდში გადაწყვიტე, რომ ბიჭი ვიყავი, ბიჭის სახელი დავირქვი და ყველას ვთხოვდი, ამ სახელით მოემართათ, არ ვიცვამდი კაბებს, არ ვთამაშობდი გოგოებთან. ამის გამო ბაღში ხშირად მსჯიდნენ და საკუჭნაოში მკეტავდნენ, სახლში ამის შესახებ არ ვყვებოდი, მეგონა, ისევ მე დამადანაშაულებდნენ და უარესად მეჩხუბებოდნენ.

თუმცა ისიცაა, რომ გენდერისგან გაუცხოების გარდა, ბიჭობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ არ მინდოდა, გოგო ვყოფილიყავი – გოგოობა არცთუ ისე მომხიბვლავი პერსპექტივა იყო. ძვირადღირებულ ბაღში დავდიოდი და 90-იანებში ყველა ბავშვისთვის სანატრელი სათამაშოები გვქონდა. სათამაშო სივრცე გოგოებისა და ბიჭების სივრცედ იყო გაყოფილი, გოგოებს რეალური ზომის სამზარეულო, პლასტმასის ბოსტნეული, თოჯინები, მათი საწოლი და გამოსათვლელი მაგიდა ჰქონდათ. ბიჭებს კი კუბიკები, კონსტრუქტორები, ასაწყობი თვითმფრინავები თავისი სქემებით – ეს ყველაზე მეტად მიყვარდა.

ჰოდა, გადაწყვიტე, რომ თუ გოგოობა პლასტმასის ბოსტნეულის დაჭრა და ბავშვისთვის საფენების გამოცვლა იყო, სულაც არ ვიქნებოდი გოგო და უფრო საინტერესო რამეს გავაკეთებდი. აქედან ჩამოყალიბდა ჩემი მიზოგინური შეხედულებებიც, რომ გოგოებს უაზრო ინტერესები ჰქონდათ და მე მათ არ ვგავდი. აღმზრდელი ერთმანეთის სათამაშოებით თამაშს გვიკრძალავდა და იმის გამო, რომ კაბებს არ ვიცვამდი, განსაკუთრებით ზეიმებზე, ხშირად მამცირებდა და მსჯიდა. ბავშვებიც ეჭვის თვალით მიყურებდნენ.

თუმცა ჩემს არაბინარულ პიროვნებას ბოლომდე ამ გამოცდილებებს არ ვუკავშირებ. რაც ამ გამოცდილებასთან კავშირშია, ჩემი ქალის გენდერთან მიკუთვნებულობის განცდაა – თუ ვამბობ, რომ მე ქალი ვარ, ეს ბავშვობიდან სოციალიზაციის პერიოდში დღემდე განცდილ ჩაგვრას მოიაზრებს. ჩემი რეპროდუქციული სისტემის ქრონიკულ დაავადებას, პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომს, რომლისთვისაც წესიერი მკურნალობა აღმოჩენისთანავე ვერ მივიღე, რადგან როდესაც ქალის ჯანმრთელობაზე საუბრობენ, საუბრობენ ქალის შვილოსნობის ფუნქციაზე.

ამას მოზარდობის პერიოდში ჰეტერონორმატიული ურთიერთობების წნეხი დაემატა. დაახლოებით 13 წლის ვიყავი, როდესაც მივხვდი, რომ ქალები მომწონდა. ჩემი ოჯახი სერიალს უყურებდა, სადაც ერთ-ერთი ქვე-ფაბულა ლესბოსელების ურთიერთობა იყო. ეს ურთიერთობა იმხელა აგრესიას იმსახურებდა მამაჩემის მხრიდან, ყოველი ძილის წინ ვტიროდი, მეშინოდა, რომ თუ „ასეთი“ ვიქნებოდი, ჩემი ცხოვრება დამთავრდებოდა. საბოლოოდ, საკმაოდ დიდი გზა გავიარე, რომ საკუთარი თავი მიმეღო და შემეყვარებინა, როგორც ქალის სხეულის მქონე არაჰეტეროსექსუალ ადამიანს.

რა თქმა უნდა, ჰომოფობია საქართველოში მწვავე პრობლემაა, მაგრამ გეი კაცები თუ მაშინ იჩაგრებიან, როდესაც თავისივე სქესის მიმართ აქვთ სექსუალური ლტოლვა, ქალებისთვის კაცებთან სექსიც კი მიუღებელია. პირველად, როგორც ქალი, სწორედ ამ მიზეზით გავხდი ჩაგვრის მსხვერპლი – ჩემმა ძმამ ჩემი ელ.ფოსტა „გატეხა“ და ფოტოები ნახა ჩემს იმდროინდელ შეყვარებულ კაცთან. შედეგად, ჯერ მაშანტაჟებდა, რომ მამაჩემს აჩვენებდა, ხოლო როცა ლეპტოპის გამორთმევა ვცადე, მუშტი დამარტყა სახეში და თვალი ჩამილურჯა. პოლიცია გამოვიძახე, ძალიან ცუდად ვიყავი, ისტერიკულად ვტიროდი. პოლიციელმა მიყვირა, ნუ ხარ ისტერიკაში და ,,ქალურად” ნუ მანიპულირებ, როგორ შეიძლება, ძმას უჩივლო, ის ხომ შენზე ზრუნავსო. დედაჩემმა ეს ამბავი არ შეიმჩნია, მამაჩემმა – იმსახურებდიო და დალურჯებულ თვალზე დამცინოდა. იმ პერიოდში პირველ კურსზე ვიყავი და ვერც სამსახური ვიშოვე, სახლიდან რომ წამოვსულიყავი, ვერც ვერავის მივმართე. ჩემი იმდროინდელი შეყვარებულიც არასერიოზულად მოეკიდა ცემის ამბავს, რას ინახავდი ფოტოებსო, აქეთ დამადანაშაულა.

რაღაც პერიოდი გავიდა, თითქოს ძმასთან ურთიერთობა დალაგდა, თუმცა რამდენიმე წლის მერე თითქმის იგივე განმეორდა, ამჯერად, ჩემს მეგობარ გოგოსთან დაკავშირებით, რომელიც ძალიან მომწონდა. ჩემმა ძმამ იეჭვა, რომ ბოლომდე მეგობრული ურთიერთობა არ გვქონდა. ფსიქოლოგიური ძალადობით, გინებით, მუქარით, შანტაჟით დაიწყო, მერე ეზოში გამოგვკეტა და სახლში არ გვიშვებდა. კვლავ პოლიციას მივმართე, განყოფილებაში წაგვიყვანეს. გამომძიებელმა ისარგებლა ჩემი მდგომარეობით და მითხრა, რომ ოქმში ჩამეწერა, თითქოს ჩემმა ძმამ სხვებიც ჩაკეტა, ამით სასჯელი დაუმძიმდება, მაგრამ რატომ უნდა გაუშვა ძმა ციხეში, მოდი, შემაკავებელ ორდერს გამოვწერ და მაგით დავამთავროთო. მეც დავთანხმდი. მერე ჩემი ძმისთვის უთქვამს, თუ რამე, იქით მოედავები, რომ ცრუ ჩვენება მისცა და შენს დას გავუშვებთ ციხეშიო.

ყველაზე მტკივნეული ამ ამბავში დედაჩემის რეაქცია იყო – ჩემს ძმას სახლში მოსვლა შემაკავებელი ორდერით აკრძალული ჰქონდა, როდესაც პოლიცია ამის შესამოწმებლად მოვიდა, დედაჩემმა ტირილი დაიწყო, ეს (მე) წავიდეს სახლიდან, ჩემი ბიჭის სახლიც ხომაა, რამე შარს არ გადაეყაროს, წესიერად ლუდი ვერ დაულევია მეგობრებთანო. მეც ავდექი და წავედი. მერე, როდესაც დედაჩემს კიბო დაემართა, მისი მოვლის ვალდებულება ისევ მე, როგორც ქალს, დამეკისრა. სახლში მომიწია დაბრუნება. ჩემმა ძმამ ისევ იგივე გაიმეორა, ჩემი მეგობარი იყო ამოსული და ამოიჩემა, რომ სექსი გვქონდა და იარაღით ემუქრებოდა. პოლიციაში აღარ დამირეკავს.

საზოგადოება და სახელმწიფო ერთი ორგანიზმია. საზოგადოებას სძულს ყველა, ვინც არ არის სისგენდერი ჰეტეროსექსუალი კაცი. დიახ, სძულს, სძულს საკუთარი ქალიშვილები. შესაბამისად, პოლიციელები, გამომძიებლები, რომლებიც ასეთ საქმეებზე მუშაობენ, ხშირად მოძალადის მიმართ უფრო მეტად განიცდიან ემპათიას. არც მისი ზემდგომია უფრო ჰუმანური. არ ვიცი, ვის რა უნდა მოვთხოვო. ჩემთვის ერთადერთი გამოსავალი ისევ აქტივიზმი და რადიკალური პროტესტით სახელმწიფოს იძულებაა, რომ ადამიანებად ჩაგვთვალოს და კანონი ყველა შემთხვევაში აღსრულდეს.

ხშირად, ძალადობის მსხვერპლებს გვაჯერებენ, რომ ეს დავიმსახურეთ, უნდა მოვითმინოთ მეგობრების, ოჯახის წევრების, მათი კეთილდღეობის გამო. გვაკისრებენ მზრუნველის ფუნქციას, როდესაც თავად ჩვენზე არავინ ზრუნავს, როდესაც გვაუპატიურებენ, გვარცხვენენ და შიშით ხმას ვერ ვიღებთ.

გვეშინია, რომ მოგვხვდება ტალახი, რომ ვიღაცას აღარ ვეყვარებით, რომ აღარ ვიქნებით სასურველები. მინდა, გითხრათ, რომ ყველაფერი, რისიც გეშინიათ, უკვე ისედაც ხდება. ვინც გაჩუმებთ, თქვენი დუმილით თავის კომფორტს ინარჩუნებს, ის ისედაც არ გიღებთ, მისთვის ისედაც სულერთია, როგორ იქნებით. დასაკარგი არაფერია. პრიორიტეტი კი თქვენი ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობაა, რისთვისაც ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ.

ილუსტრაცია: Linda Liu

წინა

HBO „ბონი და კლაიდის“ ქვიარ ვერსიას გადაიღებს

შემდეგი

როგორ უნდა შევძლოთ თავშეყრის ადგილებთან ხელახლა ადაპტირება

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი