13 წლიანი მეურვეობის შემდეგ ლეგენდარული ამერიკელი პოპვარსკვლავი, ბრიტნი სპირსი, საბოლოოდ თავისუფალია!
გადაწყვეტილება ლოს ანჯელესის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ბრენდა ლენიმ, პარასკევს მიიღო. მისი გადაწყვეტილებით, მეურვეობა უნდა დასრულდეს ბრიტნი სპირსის მენტალური ჯანმრთელობის გადამოწმების გარეშე.
მეურვეობა, რომელიც 13 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, 2008 წელს დაიწყო, ბრიტნი იმ დროს 26 წლის იყო და მასზე მეურვეობა მისმა მამამ, ჯეიმი სპირსმა აიღო. მეურვეობა ითვალისწინებდა, როგორც ბრიტნის პირად ცხოვრებაზე, ასევე, მის ფინანსებზე სრულ კონტროლს.
მეურვეობის ქვეშ პოპვარსკვლავმა ოთხი ალბომი ჩაწერა, ორი საკონცერტო ტურნე გამართა და ამერიკული X-ფაქტორის ჟიურის წევრი იყო, თუმცა ამის მიუხედავად, პოპვარსკლავის ფინანსებზე, პერსონალურ ცხოვრებასა და კარიერაზე პასუხისმგებელი მთლიანად მომღერლის მამა, ჯეიმი სპირსი იყო, რომელიც ბოროტად იყენებდა დაკისრებულ ვალდებულებას.
ბრიტნის სპირსის მდგომარეობის გარშემო ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ფანებმა 2019 წელს ამერიკაში წამოიწყეს კამპანია #FreeBritney, კამპანიას მალევე მოჰყვა დოკუმენტური ფილმი – Framing Britney Spears. შოკისმომგვრელმა ფილმმა ნათლად აჩვენა, რომ ბრიტნი სპირსის მდგომარეობა იყო საგანგაშო და სჭირდებოდა გათავისუფლება მამისგან.
39 წლის მომღერალმა 2021 წლის ივნისში სასამართლო მოსმენაზე დაადასტურა, რომ ის აღარ საჭიროებდა მეურვეს და რომ მამამისი არაკეთილსინდისიერად იყენებდა თავის მოვალეობებს.