დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება, რომლის შედეგებიც უმნიშვნელოვანესი იქნება ქვეყნისთვის. ამ დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ქვეყანაში უამრავი დამკვირვებელია ჩამოსული.
რამდენიმე დღის წინ, საპარლამენტო არჩევნები გერმანიაშიც ჩატარდა და პირველად ქვეყნის ისტორიაში, ბუნდესტაგის წევრებად ორი ტრანსგენდერი ქალი აირჩიეს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენს ქვეყანაშიც ვნახავთ ღიად ლგბტქ+ თემის წევრებს საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში წამყვან პოზიციებზე.
მაისში, 15-მა პოლიტიკურმა პარტიამ ლგბტ უფლებების შესახებ საერთო შეთანხმებას მოაწერა ხელი. სამწუხაროდ, ხელმომწერ პარტიებს შორის არ იყო მმართველი პარტია. არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენ LGBTQ+ თემის წევრებს ვკითხეთ, ვინ არის მათი რჩეული პოლიტიკური პარტია თუ მერობის კანდიდატი. მიუხედავად იმისა, რომ მათ არ დაუსახელებიათ, თუ რომელ პოლიტიკურ ჯგუფს უჭერენ მხარს, ერთი რამ ცხადია – არც ერთი მათგანი არაა სახელისუფლებო გუნდის მომხრე. თემის წევრები მხარს უჭერენ ცვლილებებს და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მათი უფლებები უკეთ იყოს დაცული.
,,ქვიარმა” თემის წევრებს ჰკითხა:
- რომელი პარტიის კანდიდატს აძლევთ ხმას ამ არჩევნებზე და რატომ?
- რა არის ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელიც ლგბტქი თემს აქვს?
- როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები? რა სტრატეგიებითა და რომელი აქტორების ჩართულობით?
მიკო: ,,მე მხარს ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების პარტიებს ვუჭერ, იმ პარტიებს, რომლებიც სოციალურ საკითხებს არ ეხებიან, ხმას არ მივცემ. ასევე, ვითვალისწინებ იმას, აქვს თუ არა პარტიას პარლამენტში მოხვედრის შანსი და ხმას იმას ვაძლევ, ვისაც ამის შანსი მეტ-ნაკლებად აქვს.
მგონია, რომ ყველაზე მწვავე პრობლემა, რომელიც თემის წევრებს აქვთ, უსახლკარობა და უმუშევრობაა, ოღონდ უმუშევრობა უნარების ნაკლებობითაა გამოწვეული და მათთვის მეტი სასწავლო პროგრამა უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ეს პროგრამები უნდა იყოს ძალიან დაბალი ფასის, ან სრულიად უფასო და ფინანსდებოდეს სახელმწიფოს მხრიდან. ეს პრობლემა მრავალმხრივია, 1-2 წელიწადში ვერ მოგვარდება და ის ყველა დაჩაგრულ სოციალურ ფენას ეხება, განათლების სისტემა და მოქალაქეების ცნობიერება უნდა შეიცვალოს. ჩვენ გვაქვს დამახინჯებული მენტალიტეტი, რომელიც უკვე იდენტობად იქცა. ამის მოგვარებაზე სახელმწიფომ უნდა იფიქროს, მათ უნდა ჰქონდეთ გაწერილი ხანგრძლივვადიანი პროგრამა, რომლებიც არ იქნება პარტიული და იქნება ორიენტირებული სახელმწიფოს განვითარებაზე.”
ფოტო – გურამ მურადოვი
აია ბერაია: ,,ღიად არ ვამბობ, რომელ პარტიას ვუჭერ მხარს, თუმცა ვაპირებ, ხმა ოპოზიციურ კანდიდატებს მივცე.
რაც შეეხება პრობლემებსა და ლგბტქ თემს – ჩემი აზრით, ყველაზე მწვავე პრობლემა სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევებია, რაც სპეციფიკურ ჩაგვრასთან და დისკრიმინაციასთან არის დაკავშირებული. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია შეკრების თავისუფლების რეალიზაცია.
ამ პრობლემებზე ლგბტ ორგანიზაციის წარმომადგენლები მუშაობენ და სასურველია, პოლიტიკოსებსაც ჰქონდეთ არადისკრიმინაციული დამოკიდებულება. მათი მიზანი უნდა იყოს ის, რომ სახელმწიფომ მოახერხოს ამ პრობლემების მოგვარება.”
კრისტი: ,,ხმას ოპოზიციას ვაძლევ, აუცილებლად უნდა შეიცვალოს მთავრობა და მმართველობა.
რაც შეეხება პრობლემას, მგონია, რომ, ზოგადად, სიღარიბე არის ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა. ლგბტ თემის პრობლემა დისკრიმინაციაცაა. .
რასაც ვაკვირდები, 25 წლამდე თემის წევრებს ოჯახებთან აქვთ პრობლემები, ამ ადამიანებისთვის უნდა არსებობდეს როგორც ფინანსური დახმარება და საცხოვრებლით უზრუნველყოფა, რადგან, ხშირად, უსახლკაროდ რჩებიან და არც სამუშაო ადგილებია, რომ დასაქმდნენ.
ასევე, არ უნდა იყვნენ გამოყოფილი საზოგადოებისგან.”
ალექსი ბაღდასაროვი: ,,ახლა პარტიულად აქტიური ვარ, ლეიბორისტულ პარტიაში ვარ, მიხეილ ქუმსიშვილის ვუჭერ მხარს და პროპორციულში – ბადიროვს. მანამდეც ვყოფილვარ სხვა პარტიებში, მაგ: ევროპულ საქართველოში, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჩავერთე მათ კამპანიაში. ამ პარტიაში პირველიდე დღიდანვე ყველამ იცოდა ჩემი ორიენტაციის შესახებ, იმის მიუხედავად, რომ პარტიის ლიდერი, რომელიც უფრო კონსერვატორია (გულისხმობს შალვა ნათელაშვილს), არავის არასდროს ჰქონია ჩემს ორიენტაციაზე პრობლემა. მე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ვარ, ვარ ეთნიკურად სომეხი და ზოგ არჩევნებზე ვარ ახალქალაქში, ამჟამად, ახალქალაქში სიის პირველი ნომერი ვარ ლეიბორისტული პარტიიდან.
ეს ჩემი პირადი არჩევანი იყო იმიტომ, რომ მე იქაურ მოსახლეობას კარგად ვიცნობ და პარტიის მხრიდანაც დიდი მხარდამჭერა იყო – ჩემზე ზეწოლის საშიშროება იქნებოდა და კონკურეციაც დიდია ამ ქალაქში. ჩემზე ჰქონდათ ჰომოფობიური ზეწოლა ორი წლის წინ, თუმცა აღარ გაგრძელდა, მაგრამ ვიცი, რომ სხვებს აქვთ. ჩემთვის ეს სენსიტიური საკითხია.
სტრატეგია, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ლგბტქ თემის პრობლემები, ჩამოყალიბებული მაქვს. პირველ რიგში, ქვიარ თემს უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ ჩაატარონ მშვიდობიანი მსვლელობა. ეს არის პირველი რამ, რაც ჯერ უნდა მოგვარდეს.”