თუ მკითხავთ, როგორ დავახასიათებდი საკუთარ თავს, ვიტყვი, რომ ვარ ძლიერი ადამიანი, მაგრამ უზომოდ დაღლილი. უკვე რამდენიმე წელია, საკუთარ თავს ასე აღვიქვამ. ყოველთვის პოზიტიური ვიყავი, ახლა კი ხშირად ვამბობ – ”დავიღალე, დავიღალე…” ვიცი, რომ რაღაც უნდა შევცვალო, ვთვლი, რომ არასწორია ასე ყოფნა.
ბავშვობა და პატარა ქალაქის ცხოვრება
უშუქობის, უგაზობის, უწყლობისა და უფულობის პერიოდში ვარ გაზრდილი, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ბედნიერი ბავშვობა მქონდა. მამის გარეშე გავიზარდე და დედასაც იშვიათად ვხედავდი, რადგან საზღვარგარეთ მუშაობდა, ამიტომ ძალიან პატარა ასაკში გავხდი დამოუკიდებელი. ეს დამოუკიდებლობა გამოიხატებოდა იმაში, რომ მქონდა ყველაფერი ჩემი – თუნდაც, ფული, რადგან მუშაობაც ადრე დავიწყე, არ ვიყავი შებოჭილი, არ მქონდა შეზღუდვები და აკრძალვები, ძალიან ბევრი მეგობარი მყავდა, გოგოც, ბიჭიც…
მიუხედავად იმისა, რომ მოკლე თმა და ბიჭური სტილი მქონდა და პოსტსაბჭოთა პერიოდი იყო, ეს თვალში ცუდად არავის ხვდებოდა. ალბათ, იმიტომაც, რომ პატარა ქალაქში, მარნეულში გავიზარდე – იქ ყველა ერთმანეთს იცნობს და უფრო მეტი სიახლოვეა, განსხვავებით თბილისისგან, სადაც ყველას თავისი პრობლემა აქვს და სოციუმში ხარ ჩაკარგული, მათ არ აინტერესებთ, შენ რა გჭირს. იქ კი, ქუჩაში რომ გადიხარ, ყველას ”გამარჯობას” ეუბნები, თბილისში ეს განსხვავება ძალიან ვიგრძენი. ახლა უკვე მივეჩვიე, მაგრამ ის დრო მენატრება.
მთელი ბავშვობა სპორტით, აღმოსავლური ორთაბრძოლებით ვიყავი გატაცებული და როგორც კი მარნეულში პირველი სკოლა გაიხსნა, ჯგუფშიც პირველი ჩავეწერე. 11 წელი დავდიოდი და ამ ხნის მანძილზე მხოლოდ ერთი გოგო ვიყავი ამდენ ბიჭში. კაცებთან ერთად ვვარჯიშობდი და ვიყავი თანაბარუფლებიანი, მეც დღესაც არ ვარ შებოჭილი და ნაწილობრივ, ამასაც ვუკავშირებ, რადგან იქ არ იყო განსხვავებები – ისევე მცემდნენ და მირტყამდნენ, როგორც ერთმანეთს და არავინ ამბობდა, გოგოა და არ დავარტყათო. ეს ჩემზე ძალიან პოზიტიურად აისახებოდა მაშინაც და აისახება ახლაც – იქ არ მიგრძვნია, რომ რადგან ქალი ვარ, ამის გამო ვინმეზე ნაკლები ვიყავი.
მყავდა როლური მოდელი და ეს იყო ჩემი ქართული ენის მასწავლებელი. ამ ქალს ძალიან რთული ცხოვრება გამოვლილი, ახალგაზრდა შვილი გარდაეცვალა, მაგრამ ყოველთვის, როცა სკოლაში მოდიოდა, მიხაროდა, რომ ჩემი მიმოზა უნდა მენახა, ასე ვეძახდი. მე ეთნიკურ უმცირესობას მივეკუთვნები – ნახევრად სომეხი ვარ და ნახევრად – აზერბაიჯანელი, რუსულ კლასში ვსწავლობდი, მაგრამ ქართული ენა ჩემი საყვარელი საგანი იყო. ბავშვებთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა და მისი კი არ ეშინოდათ, პატივს სცემდნენ, მისი გაკვეთილიდან გაქცეული არავინ მინახავს. პედაგოგობა მისთვის მხოლოდ პროფესია არ იყო, ეს ქალი ჩემთვის მისაბაძი იყო, როგორც ადამიანი და მან მასწავლა, რომ წინ უნდა იყურო და სულ წინ იარო.
პირველი სიყვარული
14 წლის ვიყავი, როდესაც ჩემზე უფროსი ქალი შემიყვარდა. მაშინ არ მესმოდა, რა სიყვარულით მიყვარდა, არანაირი ფიზიკური კონტაქტი მასთან არ მქონდა, მაგრამ დავინახავდი თუ არა, ვდნებოდი. ვერ ვხვდებოდი, რატომ მქონდა ასეთი მიჯაჭვულობა. ეს ადამიანი სხვა ქვეყნიდან იყო ჩამოსული, ვიცოდი, რომ უკან უნდა წასულიყო და ამაზე ფიქრიც კი დეპრესიაში მაგდებდა. როცა წავიდა, მართლა ძალიან ცუდად ვიყავი, თუმცა, მაგ ასაკში ვერ ვიფიქრებდი, რომ ლესბოსელი ვიყავი, რადგან არც ვიცოდი, რომ ქალის მიმართ ლტოლვა რამეს ნიშნავს. ისეთ კულტურულ გარემოში და ისეთ სოციუმში ვიზრდებოდი, სადაც ინფორმაციაც არ მქონდა ამაზე, სიტყვა ”ლესბოსელიც” კი არ ვიცოდი, რას ნიშნავდა. ამის შესახებ ინფორმაცია და განათლება წლების შემდეგ მივიღე, როცა უკვე გათხოვილი ვიყავი და ოჯახი მქონდა.
ტრავმული ქორწინება
18 წლის ვიყავი, როცა გავთხოვდი. ეს, გარკვეულწილად, ჩემი აღზრდის გამოც მოხდა, სულ მესმოდა, რომ ოჯახი, შვილი უნდა გყავდეს, სოციუმში შენი ადგილი უნდა დაიკავო და ა.შ. ამას ემატებოდა ისიც, რომ თვითონაც გაურკვეველობაში ვიყავი და ვიფიქრე, მოდი, გავთხოვდები და დავლაგდები-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ქალთან არანაირი ფიზიკური ურთიერთობა არ მქონია და ყველაფერი მენტალურ დონეზე ხდებოდა, გავთხოვდი თუ არა, მივხვდი, რომ კაცთან ურთიერთობა ჩემი საქმე არ იყო. ჯერ ერთი, ჩემი ქმარი ძალიან ეჭვიანი იყო და ამით შემბოჭა, ოთხ კედელში ვიჯექი, ჩამკეტა სახლში და დედამთილის გარეშე გარეთ არ გავდიოდი. თუმცა ვმუშაობდი და იქ კი მიშვებდა, რადგან ეს ფულის კეთების წყარო იყო და იქ შემეძლო წასვლა. ბავშვი სკოლაში რომ წავიდა, ეს ერთგვარი შვება იყო ჩემთვის – სკოლაში მაინც წავიდოდი ისე, რომ დედამთილი არ გამომყვებოდა.
ქორწინებიდან ოთხი წლის შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ქალი, რომელთანაც ინტერნეტით მქონდა კონტაქტი, თუმცა ერთმანეთი არ გვინახავს, რადგან სხვა ქალაქში ცხოვრობდა. როდესაც ეს ყველაფერი უკვე გაუსაძლისი გახდა, ამის დამალვა აღარ შემეძლო და გააზრებული მქონდა, რომ ვარ ლესბოსელი, მომწონს ქალები და კაცთან ყოფნა არ მინდა, ჩემს ქმარს ვუთხარი. ყველანაირ რეაქციას ველოდებოდი, იმასაც, რომ ნაჯახით ამკუწავდა, მაგრამ მუხლებში ჩამივარდა, ალბათ, ჩემი ბრალია და თავი ვერ შეგაყვარეო, მაგრამ როცა ვუთხარი, რომ არც ის მინდოდა, არც სხვა კაცი და მეტიც, საერთოდ არ მომწონდა კაცები, მაშინ უკვე აგრესია წამოვიდა. ვუთხარი ისიც, რომ ყველაზე ლოგიკური იქნებოდა, თუ დავშორდებოდით, რადგან ამ ურთიერთობაში ყველა უნდა დატანჯულიყო – მეც, თვითონაც და ბავშვიც. თუმცა კატეგორიულად გამომიცხადა, რომ ოჯახს არ დაანგრევდა. მკურნალობაც კი შემომთავაზა, მაგრამ მაგ დროს მე უკვე სრული ინფორმაცია მქონდა ამ ყველაფერზე.
ჯამში, 11 წელი ვიცხოვრეთ ერთად, მაგრამ ბოლო ოთხი წელი საერთოდ ჯოჯოხეთი იყო – მან ყველაფერი იცოდა ჩემზე ფიზიკურად, სექსუალურად, ფსიქოლოგიურად… ამ ყველაფერმა ჩემზე ძალიან დიდი და ნეგატიური კვალი დატოვა, ის 11 წელი ჩემი ცხოვრებიდან სრულიად ამოვარდნილია – მე არ მიცხოვრია, ცხოვრება გადიოდა და მე გვერდიდან ვუყურებდი.
თავის დაღწევა
ამ ქორწინებიდან თავი რომ დამეღწია, ბოლო წვეთი აღმოჩნდა ის, რომ არაფრის გამო კინაღამ მომკლა. ნაცემსა და ნათრევს, ფეხით შემდგა და შამფურით კინაღამ ყელი გამომჭრა, ბინდი ჰქონდა თვალებზე გადაკრული და რომ მკლავდა, მაგასაც ვერ ხვდებოდა. მისი მეგობარი რომ არა, რომელმაც გადამარჩინა, დღეს დასახიჩრებული ან სულ აღარ ვიქნებოდი. იმ პერიოდიში თემის ერთ-ერთმა წევრმა დამაკავშირა ნინო ბოლქვაძესთან, რომელიც დამეხმარა და საქმეში ფსიქოლოგი და იურისტი ჩართეს. ეს ჩემთვის ძალიან დიდი შველა იყო. ძალიან ბევრი იმუშავეს იმისთვის, რომ ასეთ პირობებში აღარ მეცხოვრა, მომეკიდებინა ხელი ჩემი შვილისთვის და წამოვსულიყავი. ასეც მოვიქეცი – პირველად ბათუმში წავედი, რადგან ვიცოდი, რომ იქ ვერ მომაგნებდა.
თავიდან ბავშვი სახლში დავტოვე, რომ წამომეყვანა, შეეძლო, ბავშვის გატაცებისთვის ეჩივლა. ერთ კვირაში დოკუმენტები გავამზადეთ და პოლიციაში საჩივარი შევიტანე, რადგან ვიცოდი, რომ დევნა იქნებოდა მისი მხრიდან. როგორც კი თბილიში ჩამოვედი, მივწერეთ, რომ ბავშვი მოეყვანა და ჩემი ტანსაცმელები მოეტანა – 15 წუთში უკვე დედაჩემთან იყო, ბოლო ღილიც კი მოიტანა, იმ დონემდე შეეშინდა, როცა პოლიციაში შევიტანე საჩივარი. არადა, პოლიციას თითქმის არც უმუშავია, უბრალოდ, დაურეკა და გააფრთხილა, რომ არ მომკარებოდა. ესაა მოძალადის ფსიქლოგიაა, ასეთი ადამიანი, პირველ რიგში, მშიშარაა. ჩემი შვილი მაშინ 7 წლის იყო და მალევე დავიბრუნე, ამიტომ ბავშვზე ზემოქმედება ვერ მოასწრო, თუმცა ამის მერე ყველა დაიარა, კაციშვილი არ დატოვა, ვისთანაც ეს ამბავი არ მიიტანა, მარნეულშიც და თბილისშიც, ჩემს ნათესავებთან კი მივიდა.
დღეს ამ კაცთან ურთიერთობა მაქვს, რადგან შვილი გვყავს. პირველ რიგში, ბავშვზე ვფიქრობ და არასდროს მითქვამს მისთვის, რომ მამასთან არ წასულიყო, პირიქით. თუმცა, რაც დავშორდი, მისგან მატერიალური დახმარება აღარ მიმიღია, 2-3 წელია, რაც ბავშვზე ფსიქოლოგიური ზეწოლა შეწყვიტა, მიხვდა, რომ არ გამოსდიოდა. ვუთხარი, რომ ესეც ერთგვარი ძალადობა იყო მისი მხრიდან და ნუ მაიძულებ, რომ შესაბამისი ზომები მივიღო-მეთქი. როცა სამართლებრივი კუთხით ემუქრები, ეს აშინებთ – არა ყვირილი, არა სკანდალი, ასეთი საუბარი უფრო ჭრის.
შვილი
როდესაც ჩემს შვილთან ერთად მარტო დავრჩი, პირველი, რასაც მივხვდი, იყო ის, რომ მე არ მინდა, ჩემმა შვილმა რამე დამიმალოს და ჩემთან ბოლომდე გახსნილი არ იყოს. როცა ქმარს დავშორდი, დედაჩემმა არაფერი იცოდა და ეს მისთვის შოკი იყო, არ ვეუბნებოდი, რადგან არ მინდოდა, ენერვიულა. მაგრამ როცა მარტო დავრჩი, მივხვდი, რომ არ მინდოდა, ჩემს შვილს ოდესმე რამე დაემალა ჩემთვის, რა საშინელიც არ უნდა ყოფილიყო ეს ამბავი. დღემდე ასე მოვდივართ და ჩვენი ურთიერთობა მთლიანად ნდობაზეა აგებული. ის, რომ მე შემიძლია, არ დავუმალო მას ჩემი პარტნიორი, ის, რომ ჩემი შეცდომების აღიარება შემიძლია მასთან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია – შენი შეცდომების აღიარებით, მას მაგალითს აძლევ, რომ მასაც შეუძლია შენთან იმავეს გაკეთება. მე არ მეშინია, რომ ჩემი ორიენტაციის გამო არ მიმიღებს. უბრალოდ, სულ იმაზე ვფიქრობდი, იყო თუ არა იმ ასაკში, რომ მეთქვა და სწორად გაეგო ეს ამბავი. თუმცა ვიცი, რომ მან ეს ისედაც იცის.
საზოგადოება ქალს ჩაგრავს
ძალიან სექსისტურ საზოგადოებაში ვცხოვრობთ – აქ ყველაფერი კაცისაა. ესეც განათლებასა და აღზრდას უკავშირდება. როცა შენ გოგოში ბავშვობიდან ჩასახავ იმ აზრს, რომ უსუსურია, ხელოვნურად უჩენ ამ განცდას. ოჯახში, სადაც ორი ბავშვი იზრდება, ბიჭს ყველაფრის უფლებას აძლევ, გოგოს – არა და ეუბნები, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ გოგოა, უკვე აქ იწყება მისი ჩაგვრა. ასეთი ქალი მერე კაცშიც აღვიძებს განცდას, რომ მას შეუძლია, ყველაფერი გააკეთოს და იკადროს.
ამ ხნის განმავლობაში იმდენ პროფესიას დავეუფლე – ვიყავი ტაქსისტი, გლოვერი, მთელი ჩემი ცხოვრება მანქანასთანაა დაკავშირებული, სულ საჭესთან ვარ, დიდი გამოცდილება მაქვს, მაგრამ სულ ვგრძნობდი დამოკიდებულებას – ჩაგონებული აქვთ, რომ ეს ნიშა კაცს ეკუთვნის და იქ ქალს არაფერი ესაქმება. ტაქსაობა რომ დავიწყე და ქალს დამინახავდნენ საჭესთან, არ მომყვებოდნენ. ასეთ რამეს თითქმის ყოველდღე ვაწყდებოდი – მიხურავდნენ კარს და არ სხდებოდნენ. სულ კაცები იქცეოდნენ ასე, ქალებს პირიქით, უხაროდათ.
ჩვენ თანაბარუფლებიანი მხოლოდ მაშინ ვართ, როცა რაღაცას ვიხდით ან საქმე პასუხისმგებლობებს ეხება.
ქვიარი ქალის ცხოვრება
ღიად ქვიარ ქალი შეიძლება შეიზღუდოს სამსახურში – თუნდაც, გქონდეს კვალიფიკაცია, სათანადო განათლება, მრავალწლიანი გამოცდილება, მაგრამ შენ ისე არ გამოიყურები, იმ პოზიციაზე რომ აგიყვანონ. ერთი წელია, თმა შევიჭერი, უბრალოდ, მომბეზრდა გრძელი თმა და არა იმიტომ, რომ ლესბოსელ ქალს დავმსგავსებოდი, მაშინ წავაწყდი ამ პრობლემას – შენ თუ არ ჯდები სტანდარტული ქალის ტიპაჟში, არ ხარ ტანწერწეტა, არ გაქვს გრძელი თმა, შენთვის უფრო რთულია სამსახურის პოვნა. სამწუხაროა, რომ ეს ფაქტორი გამოცდილებაზე წინ ეს დგას, გინდა, განვითარდე, მაგრამ ამის საშუალებას არ გაძლევენ. ხშირად, ვაკანსიებშივეა ისეთი კრიტირიუმები, რომ უკვე დისკრიმინირებულად გრძნობ თავს.
ჩვენ არ შეგვიძლია, შევქმნათ ოჯახი და ვიყოთ კანონიერ ურთიერთობაში, რომელშიც სამართლებრვი კუთხით ვიქნებით დაცული. დიდი სიამოვნებით შევქმნიდი ქვიარ ოჯახს, სადაც ჩემს შვილს ეყოლებოდა ორი მშობელი, რომლებიც მასზე იზრუნებდნენ, საერთო შვილიც გვეყოლებოდა, კანონზე დაფუძნებული საერთო ქონება გვექნებოდა და შემდეგ ეს არ იქნებოდა სადაო. ოჯახი ყველას უნდა, მინდა, ჩემი შვილი იზრდებოდეს იმ აზრით, რომ ჰყავს ოჯახი.
როგორ დავამარცხოთ ფობიები – განათლება
დღეს ადამიანებს უფრო მიუწვდებათ ხელი ინფორმაციაზე. 15 წლის ასაკში, მან იცის, ვინ არის ლესბოსელი და პირველი აზრი, რაც მას თავში მოსდის, არ არის ის, ფსიქოლოგთან უნდა გაიქცეს და არ ფიქრობს, რომ რაღაც არანორმალურთან აქვს საქმე.
როცა ქმარს გავშორდი, ”იდენტობაში” მივედი და ამდენი ლესბოსელი და გეი დავინახე ირგვლივ, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც ლესბოსელი ვიყავი, ჰომოფობიური მომენტები მქონდა. მე ვიყავი მარნეულიდან, სადაც ეს თემა არც კი განიხილებოდა. მერე, დროთა განმავლობაში, რაც უფრო მეტი ინფორმაცია მივიღე, ფრთებიც უფრო გავშალე, ვეღარ ვხვდებოდი, რატომ უნდა დამემალა ჩემი ორიენტაცია, ყოველ ნაბიჯში არ უნდა ვიყვირო ამაზე, მაგრამ დასამალიც არაფერია, სულ სხვა ადამიანი ვარ იმასთან შედარებით, ვინც ვიყავი. მე რომ ამ მხრივ განათლება მქონოდა, ვფიქრობ, არც გავთხოვდებოდი, მიუხედავად კულტურული ზეწოლისა.
როდესაც შენ იღებ ამ საკითხზე სწორ ინფორმაციას, შენ, პირველ რიგში, საკუთარ თავთან აღარ გაქვს ამის პრობლემა. მანამდე არც დედ-მამას ეტყვი ამ ამბავს, რადგან თვითონ არ გაქვს გააზრებული, რომ ნორმალური და ჩვეულებრივი ადამიანი ხარ, თუმცა პირველ ეტაპზე ეს შიშიც ნორმალურია. რამდენადაა ეს შიში კავშირში კულტურასთან? სამწუხაროდ, პირდაპირ კავშირშია. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ძალიან დიდი პრობლემაა ჰომოფობია. ხალხს არ აქვს იმის სურვილი, რომ მომავალში თამამად შეაბიჯონ, რადგან არ იციან, იქ რა ხდება, სიახლის ეშინიათ, რადგან ეს მათ გონებაში ყველაფერს შეცვლის.
ვფიქრობ, თუ ადამიანი ბავშვობიდანვე იქნება ჩახედული არ სფეროში, არასდროს ექნება ჰომოფობიის პრობლემა. ბავშვებს უნდა მივაწოდოთ ეს ინფორმაცია გარკვეულ ასაკში და ეს ინფორმაცია უნდა იყოს მიწოდებული სწორად. გვჭირდება სქესობრივი განათლება, რაც ასევე არ გვაქვს, სამწუხაროდ. ჩვენ თუ ახალ ამ განათლებას მივცემთ, გავა წლები და საქართველოშიც აღარ იქნება მსგავსი პრობლემები.
ქვიარ ადამიანებს აუცილებლად უნდა მიეცეთ გასაქანი, ეს ადამიანები უნდა ინიშნებოდნენ მაღალ თანამდებობეზე, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე და არ უნდა იბლოკებოდნენ. მე მგონია, რომ ჩვენ, ქვიარები, ხშირად იმიტომ მივდივართ მხატვრობაში, მუსიკაში და ა.შ. რადგან ეს ჩვენი თვითგამოხატვის შედარებით მარტივი გზაა, რადგან სხვა სფეროებში ნაკელბად გვიშვებენ. ყოველდღიურობაში უნდა ხედავდეს ხალხი ამ ადამიანებს და მომავალი თაობა სიძულვილით არ უნდა იზრდებოდეს.
რას ვურჩევ ქვიარებს
ჩვენ, ქვიარებს, ხშირად გვჭირდება დახმარება, იქნება ეს იურიდიული, ფსიქოლოგიური თუ ფინანსური. განსაკუთრებით, ეს რეგიონებში მცხოვრებ ქვიარებს ეხება – როცა შენ ცხოვრობ პატარა ქალაქში, ფიზიკურად არ გაქვს ხელმისაწვდომობა ამ ყველაფერზე და ხშირად, არც იცი, რომ შეგიძლია, დახმარება მიიღო. ამის შესახებ უნდა იცოდნენ. ახლა რომ სადმე სოფელში ჩამაგდო, პრობლემა აღარ მექნება, რადგან უკვე აღიარებული და მიღებული მყავს საკუთარი თავი, საკუთარ თავთან ჰარმონიაში ვარ და აღარ აქვს მნიშვნელობა, სად ვიცხოვრებ.
მე ძალიან მალე გავხდი დამოუკიდებელი და გადარჩენაში ესეც ძალიან დამეხმარა. თემის ბევრი წევრი ოჯახზეა დამოკიდებული და ეშინია ამის დაკარგვის, როცა შენ დამოკიდებული ხარ რაღაცაზე და ვიღაცაზე – უკვე ხარ დაჩაგრული. ფინანსურ დამოუკიდებლობაზე აუცილებლად უნდა იზრუნონ. რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, მე დღეს ვარ თავისუფალი, რადგან პრობლემა თუ შემექმნა, შემიძლია, ვიყვირო და მაინც ჩემი გავიტანო, მე არ მეშინია, რომ ჩემი უფროსი ქვიარობის გამო სამსახურიდან გამაგდებს. რამ გამაძლიერა? განათლებამ და ინფორმაციამ ამ თემაზე.
დანაკარგი
მიუხედავად ყველაფრისა, წარსულმა ფსიქოლოგიური ტრავმები დამიტოვა და დღემდე ვებრძვი პოსტტრავმულ სტრესს. მქონდა დეპრესიაც, დამჭირდა მედიკამენტოზური მკურნალობაც. საბოლოოდ, ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, კვალი დატოვა და ეს იმ 11 წელს უკაშირდება.
დავკარგე მეგობრები და უახლოესი ადამიანები. ბავშვობის მეგობარმა ვერ მიმიღო და გარდა იმისა, რომ თვითონ ჩამომშორდა, ეცადა, ჩვენი საერთო მეგობარიც ჩამოეშორებინა, თუმცა არ გამოუვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მეგობარს დღემდე არ ესმის, როგორ შეიძლება ქალს ქალი მოსწონდეს, მითხრა – ,,მიუხედავად იმისა, რომ მე შეიძლება არ ვეთანხმებოდე ამ ყველაფერს, შენ ჩემი მეგობარი ხარ და მთელი ცხოვრება ასე იქნება.” ეს თანადგომა მე ძალიან კარგად მახსოვს. დავკარგე დეიდაშვილი გოგო, რომელიც დაზე უფრო ახლობელი იყო ჩემთვის. დეიდაშვილმა ბიჭმა მიმიღო, მან – არა. ამანაც ძალიან ნეგატიური კვალი დატოვა ჩემში.
აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ როცა თანადგომა მართლა მჭირდებოდა, ჩემ გვერდით, სულ უცხო ადამიანები აღმოჩნდნენ. ჩემი ფსიქოლოგი, ნინო.. ადამიანები ”იდენტობის” ოფისიდან. და, ჩემი პარტნიორი, რომელთან ერთადაც ახლა ვარ – ის უმნიშვნელოვანესი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში.
ვიბრძვი იმიტომ, რომ შემიძლია
იმდენად მიყვარს სიცოცხლე, იმდენად მინდა, ვისწავლო, ვიცოდე, დავინახო, ეს ძალიან დიდ ძალას მაძლევს. ეს და ჩემი შვილი – ის, რომ მისთვის უკეთესი ცხოვრება. რატომ ვიბრძვი? იმიტომ, რომ შემიძლია. ეს ბავშვობიდანვე მახასიათებდა – ორთაბრძოლებზეც რომ დავდიოდი, ყველა ილეთს ვაკეთებდი, იმასაც, რასაც ბიჭები და როცა მეკითხებოდნენ, რატომ ვაკეთებდი ამას, ვპასუხობდი – ,,იმიტომ, რომ შემიძლია.”
სულ ძალიან ცნობისმოყვარე და ინტერესიანი ვიყავი, მქონდა უამრავი ჰობი – ფოტოგრაფია, მოზაიკა, ქარგვა… დღემდე ვეძებ ახალ გამოცდილებებს, არ აქვს მნიშვნელობა, მჭირდება თუ არა. სულ რაღაცის სწავლას ვცდილობ, ასე ვისწავლე შვიდი ენა. სულ ისეთ სამუშაოს ვირჩევ, რომელიც ხალხთან ურთიერთობას უკავშირდება, რადგან ძალიან სოციალური ადამიანი ვარ. ახლა სასტუმროში ვმუშაობ, ეს საქმე მომწონს, ყოველდღე ახალ სახეებს ვხედავ სხვადასხვა ქვეყანიდან, სხვადასხვა კულტურის ხალხს ვეცნობი.
ორი-სამი პროფესიაა, რომელსაც მინდა დავეუფლო და მაგ კუთხით ვიმუშაო. ერთ-ერთია ფოტოგრაფია, ამჟამად უბრალოდ მოყვარული ვარ. ფოტოაპარატს რომ ვიღებ ხელში, ყველაფერი მავიწყდება – სამი საათი ბუჩქებში ჯდომა შემიძლია იმის ლოდინში, რომ ლამაზი კადრი დავიჭირო.
გიდობაც მინდა, ახალ ხალხსაც ეცნობი და შენს სამშობლოსაც აცნობ. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ლგბტ თემის წევრებს, ყველას უნდა ჰქონდეს ასეთი სოციალური სამსახური, რაც უფრო მეტი ვიქნებით ასეთ სფეროებში, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სხვებს ვაჩვენებთ საკუთარ თავს. ხალხი დაინახავს, რომ ჩვენ არ ვართ გარყვნილები და ავადმყოფები, რაღაც განყენებული ადამიანები და არანაირ აგიტაციას არ ვეწევით. ჩვენც შეგვიძლია, ვაკეთოთ საქმე და ვაკეთოთ კარგად. ესეც, ალბათ, ერთ-ერთი ხერხია ხილვადობის.
ინტერვიუ მომზადებულია საქართველოში ქალთა ფონდის (WFG) მხარდაჭერით
ავტორი: ნინო ურუშაძე
ფოტოები: ვახო ქარელი