სიყვარულით დაწყებული თვითგამორკვევის პერიოდი
11 წლის ვიყავი, როცა თანატოლი გოგონებისგან განსხვავებით, გოგო შემიყვარდა, მახსოვს, ქუჩაში შემთხვევით შემხვდა, შორს იდგა და მომინდა, მივსულიყავი და ჩავხუტებოდი, ძალიან უჩვეულო იყო ეს გრძნობა და ძალიან შემეშინდა, ვერ ვარქმევდი სახელს, ვერავის ვეუბნებოდი, არ ვიცოდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. ვცდილობდი, შევბრძოლებოდი ამ განცდას, მაგრამ უშედეგოდ – სიყვარული ყოველდღე იზრდებოდა, ყოველდღე ველოდებოდი, როდის მოვიდოდა სკოლაში, ძალიან ვიყავი შეყვარებული…
გადიოდა დრო, პატარა ვიყავი, დიდხანს ვერ შევინახავდი ამ საიდუმლოს, ბოლოს გადავწყვიტე, მეზობლისთვის მეთქვა. მეზობელს ძალიან შეეშინდა, ,,ლეზბიანკა” ხომ არ ხარო, მკითხა და ოთახიდან გავიდა, ვერაფერს მივხვდი, არ ვიცოდი, ამ გრძნობებისთვის და ემოციებისთვის რა სახელი დამერქვა.
მერე იყო სერიალი ტელევიზორში, მთელი ოჯახი ვუყურებდით, 90-იანი წლები იყო – სერიალში ერთ-ერთი პერსონაჟი გადაწყვეტს, აღარ დამალოს თავისი სექსუალური ორიენტაცია და ოჯახთან თქვას, რომ გეია, მაშინ პირველად შევკარი ყველა ინფორმაცია და გამოცდილება, რაც აქამდე მქონდა, წამებში გავიაზრე, რაც ხდებოდა ამდენი ხანი ჩემს თავს და ძალიან შევშინდი, ტელევიზორის ყურებისას, მეგონა, სახეზე მეწერა, რომ მეც გეი ვიყავი და ჩემი ოჯახის წევრები გაიგებდნენ.
მენტალური ჯანმრთელობა, ინტერნეტი და ტექნოლოგიური განვითარება
ბავშვობას მოზარდობის წლები მოჰყვა და ჩემი მენტალური მდგომარეობა გაუარესდა, არ მასვენებდა დეპრესია, უძილობა, დავდიოდი ფსიქიატრთან, ვიმყოფებოდი მედიკამენტურ მკურნალობაზე და მალევე ბიპოლარული აშლილობა დამიდგინდა, ჩემთვის არ შეიძლებოდა ზედმეტი ნერვიულობა ან ზედმეტი სიხარული. გამუდმებით მტანჯავდა ფიქრები, რომ ექიმები და ფსიქიატრები მედიკამენტური ჩარევით ცდილობდნენ ჩემი ორიენტაციის შეცვლას და „მკურნალობას“, ბოლოს ჩემი შიშები ექიმს გავუზიარე და დამამშვიდა, გამიმართლა, რომ კარგი ექიმი შემხვდა, მითხრა, რომ ჰომოსექსუალობა არ არის დაავადება და მედიკამენტებით არ იკურნება.
მერე უცებ და ერთბაშად აფეთქდა ტექნოლოგიები, გაჩნდა მობილურები, კომპიუტერები, ინტერნეტი, ადამიანებმა ერთმანეთთან დაკავშირების უფრო მარტივი გზები ვიპოვეთ. ერთ-ერთი ონლაინ ჩატის საშუალებით, გავიცანი ადამიანები, რომლებსაც იგივე პრობლემები და კითხვები ჰქონდათ, რაც მე და ასე ერთად დავიწყეთ პასუხების ძიება საკუთარი იდენტობის გარშემო.
გავიგეთ, რომ საქართველოში არსებობდა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მუშაობდნენ ქალთა და ლგბტქ საკითხებზე და გადავწყვიტეთ, მათთვის მიგვემართა. ასე აღმოვჩნდით WISG-ში ეკა აღდგომელაშვილთან, რომელმაც იმ წლებში ჩვენს თავში არსებულ სიბნელეს სინათლე დაახვედრა – ვიწოვდით ყველანაირ ინფორმაციას, ვესწრებოდით ტრენინგებს, კინოჩვენებებს, ვხვდებოდით თემის წევრებს, ვკითხულობდით ინფორმაციებს… ბოლოს და ბოლოს გავიგეთ, ვინც ვიყავით, მივიღეთ პასუხები პროფესიონალებისგან, ვიპოვეთ ერთმანეთი და აღმოვაჩინეთ, რომ არ ვართ ციდან ჩამოფრენილები, რომ არც ისე ცოტანი ვართ.
ამ ყველაფრისთვის 20-25 წელი დამჭირდა.
ნამდვილად ლესბოსელი ვარ? ტრანსგენდერი მამაკაცი ხომ არ ვარ?
მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმარისზე მეტი ინფორმაცია და გამოცდილება მქონდა და სიცარიელეებიც თითქოს ამოივსო, კითხვები მაინც არ მასვენებდა და თვითგამორკვევის პერიოდი მაინც გრძელდებოდა. ნელ-ნელა ქვეყანაში ტრანს თემიც გაჩნდა, გოგონები და ბიჭები, რომლებიც ტრანსფორმაციის ეტაპებს გადიოდნენ. მათთან ურთიერთობისას, მივხვდი, რატომ მაწუხებდა ლესბოსელი ქალის იდენტობა ამდენი ხნის განმავლობაში, რომ ლესბოსელი ქალი არ ვიყავი და სინამდვილეში მამაკაცი ვიყავი, ამ დროს 25 წლის ვიყავი.
მერე გადავწყვიტე, უფრო ღრმად შემესწავლა ეს საკითხი და გამეგო, რა პროცედურების გავლა დამჭირდებოდა იმისთვის, რომ მამაკაცი გავმხდარიყავი და ძალიან შევშინდი, ხელი ჩავიქნიე, გადავწყვიტე, რომ ამას ვერ შევძლებოდი, ჩემს ძალებს აღემატებოდა და მზად არ ვიყავი, არც ფინანსურად და არც მორალურად – ამ პროცედურების გავლამ შორეულ პერსპექტივაში გადაინაცვლა.
ტრანზიციის ისტორია
მართალია, ოპერაციებისა და ჰორმონების მიღება შეიძლება უფრო ადრე დამეწყო, მაგრამ მორალურად მზად არ ვიყავი და წლები დამჭირდება იმისთვის, რომ მეგობართან ერთად, მივსულიყავი უფასო კონსულტაციაზე და დამეწყო ტრანზიციის პროცესი.
მახსოვს ის დღე, პირველი ნაბიჯი რომ გადავდგი და მეგობართან ერთად კლინიკაში მივედი. ექიმმა გვითხრა, რომ პლასტიკურ ოპერაციას სანამ გავიკეთებდი, საჭირო იყო გამოკვლევა, რომელიც 500-600 ლარი ღირდა, ოპერაცია კი – 5000-6000 ლარი. ძალიან გულდაწყვეტილები ვიყავით, არ ვიცოდით, რა უნდა გვექნა, ამდენ ფულს, ალბათ, დიდხანს ვერ მოვაგროვებდით, მორჩა ჩვენი ოცნება, ხელი უკვე ჩაქნეული გვქონდა და კიდევ წლებით გადადებას ვაპირებდით, რომ არა მეგობრების მხარდაჭერა…
გადავწყვიტეთ, თემის წევრებისთვის გვეთხოვა დახმარება და მალევე, სულ რამდენიმე თვეში მოგროვდა თანხა, რომლითაც შევძელით, ჩაგვეტარებინა სრული გამოკვლევები, რათა ტესტესტერონების მიღება დაგვეწყო. ეს ამბავი ერთი წლის წინ იყო, მას შემდეგ ყველაფერი უფრო გართულდა, ჩავიკეტეთ, პანდემია დაიწყო და ყველაფერმა სახე იცვალა.
რჩევები ტრანსგენდერ ადამიანებს, რომლებიც ახლა გადიან ამ ეტაპებს
ვეცდები, ეტაპობრივად ავხსნა, რისი გავლა უწევს ტრანსგენდერ მამაკაცს იმისთვის, რომ ტრანზიციის პროცესი წარმატებული იყოს:
ტრანსგენდერ მამაკაცს, პირველ რიგში, სჭირდება სექსოლოგის დასკვნა, რომ იგი ნამდვილად მამაკაცია, ეს პროცედურა ინდივიდუალურია, ზოგ ადამიანს რამდენიმე თვე სჭირდება ეს დასკვნა რომ მიიღოს, ზოგს – უფრო ნაკლები. უფრო ეფექტურია, თუ ჯერ სოცმუშაკს დაუკავშირდებით, რომელიც დაგეხმარებათ და გადაგამისამართებთ სექსოლოგთან.
მოწმობის მიღების შემდეგ, იწყება გამოკვლევა ენდოკრინოლოგთან, დაუშვებელია ჰორმონების თერაპიის დაწყება ექიმის კონსულტაციის გარეშე, ბევრი ასე აკეთებს და სავალალო შედეგებით ასრულებს. ჰორმონების თერაპიის დაწყებამდე, გიკეთდება ორგანიზმის სრული გამოკვლევა, ექიმმა უნდა იცოდეს, რა ხდება შენს სხეულში, რათა დაგინიშნოს ჰორმონები – ამ გამოკვლევებით თავიდან აიცილებთ ყველა უკუჩვენებას, რომელიც ჰორმონების მიღებას ახლავს.
ჰორმონების ფასი 15-დან 30 ლარამდე მერყეობს. საქართველოში რამდენიმე აფთიაქია, სადაც მამაკაცის ჰორმონების შეძენას შეძლებთ. მიღების ინტენსივობაც განსხვავებულია, გააჩნია ადამიანის ორგანიზმს, თავიდან უფრო ინტენსიურად იღებ – კვირაში ერთხელ, ორ კვირაში ერთხელ. სამ თვეში, 3 კვირაში ერთხელ მიღებაზე გადავედი, ახლა უკვე თვეში ერთხელ ვიღებ ჰორმონს და ყველაფერი კარგადაა. ნელ-ნელა ვატყობ, როგორ იცვლება ჩემი სხეული.
ჰორმონების თერაპიას მოჰყვება სასურველი პლასტიკური ოპერაციები, ეს პროცესიც ინდივიდუალურია, გააჩნია, ვის რა უნდა. ყველაზე გავრცელებული მკერდის მოშორების ოპერაციაა, რომელიც საქართველოში უკვე წარმატებით ტარდება, ამ ოპერაციის ფასი დაახლოებით 5000-6000 ლარს შეადგენს. არის კიდევ ფალოს-პლასტიკა, მაგრამ ეს ოპერაცია საქართველოში არ კეთდება, ამ ოპერაციის დროს, შენი სხეულიდან, ძირითადად, ხელიდან ან ფეხიდან იღებენ რაღაც ნაწილს და გიკეთდება პენისი, განვითარებულ ქვეყნებში ბევრი ტრანსგენდერი ადამიანი ამ ოპერაციაზე უარს ამბობს, სხვადასხვა კვლევის თანახმად, დაახლოებით 30% იკეთებს ფალოსოპლასტიკას, რადგან ოპერაციას ახლავს სირთულეები და რეაბილიტაციას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება.
ოჯახი, ნათესავები და მხარდაჭერა, რომელსაც მათგან ვიღებ
ჩემი ოჯახის წევრები ბავშვობიდანვე მხარს მიჭერენ. მახსოვს, პატარა ვიყავი და გრძელი ნაწნავი მქონდა, ზაფხული იყო და ძალიან ცხელოდა, მამაჩემი მოვიდა დიდი მაკრატლით და ნაწნავი მომაჭრა, მითხრა, რომ ცხელა და არ გინდა ამხელა თმაო, იმ დღის მერე გრძელი თმა აღარ მიტარებია, ყოველთვის მოკლეს ვატარებ.
ხელს მიწყობდნენ მაშინ, როცა ჩემი ფსიქიკური მდგომარეობა არამდგრადი იყო, მეხმარებოდნენ, მატარებდნენ ფსიქიატრთან და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი. მართალია, ქამინგაუთის გაკეთებისთვის ბევრი წელი და დიდხნიანი შემზადება დამჭირდა, მაგრამ გარეთ არავის გავუგდივარ, პირიქით, ნელა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მიიღებს ის ზღვა ინფორმაცია, რისი მიღებაც ასე უჭირთ ქართველ მშობლებს და ზოგადად, ადამიანებს.
სწორედ ამიტომ, ყოველთვის ვცდილობ, ვიფიქრო ოჯახზე და სხვებსაც მოვუწოდო, ნუ მოიქცევიან ეგოისტურად, ნუ იფიქრებენ მხოლოდ საკუთარ თავზე და იმ ადამიანებზეც იფიქრონ, რომლებისთვისაც ჩვენი ქამინგაუთი არც თუ ისე მარტივი მისაღები და აღსაქმელია. ჩვენ უნდა ვეცადოთ, დავეხმაროთ მათ ინფორმაციის სწორად გადამუშავებასა და ეტაპობრივად მიწოდებაში.
სამომავლო გეგმები
ძალიან გრძელი გზის გავლა დამჭირდა იმისთვის, რომ სასურველ შედეგამდე მივსულიყავი. ეს გზა დღემდე გრძელდება და ამ გზის განმავლობაში უამრავი დამცირებისა და სირთულის გადალახვა მიწევდა, სულ მიმტკიცებდნენ, რომ ტრანსფორმაციის პროცესი ცუდად აისახებოდა ჩემს ჯანმრთელობაზე, მეუბნებოდნენ, რომ მოვკვდებოდი, დავიზიანებდი ჯანმრთელობას, მაგრამ მაინც გადავდგი ეს ნაბიჯი, სხვანაირად შეუძლებელი იყო და დღეს იმაზე ჯანმრთელი ვარ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ. ყოველთვის ვიკეთებ გეგმიურ შემოწმებებს, დავდივარ ექიმთან რეგულარულად და უფრო შევიყვარე საკუთარი თავი.
ბრალს მდებდნენ იმაში, რომ ცოდვილი ვარ, რომ ღმერთის საწინააღმდეგოდ წავედი, არ ვარ ათეისტი, რელიგიური ადამიანი ვარ და ვიზიარებ იმ ღირებულებებს, რაც საქართველოს მართმადიდებლურ რელიგიას გააჩნია, მიყვარს ღმერთი, ვგრძნობ მის სიყვარულსაც და ვიცი, რომ ღმერთს დედამიწაზე ტანჯვისთვის არ მოვუვლენივართ, ღმერთს არ უნდა, რომ ვიტანჯებოდეთ და ვითრგუნებოდეთ. უკეთესია, ვიცხოვროთ ბედნიერი ცხოვრებით, მივყვეთ ჩვენს ოცნებებს და კარგად გავიაზროთ, რომ ერთხელ გავჩნდით და საკუთარ სურვილებზე უარის თქმა არ ღირს.
მომავალზე როცა ვფიქრობ, გამოსავლად ყოველთვის უცხოეთში წასვლა მესახება – ჩვენს ქვეყანაში მომავალს ვერ ვხედავ, სახელმწიფო არ გვცნობს ადამიანებად, არ უნდათ იმის აღიარება, რომ ჩვენც გვაქვს უფლებები. ყველაზე მეტად კი მინდა, ჩვენი საზოგადოება განვითარდეს, გაიზარდოს და ისწავლოს მიმღებლობა, განსხვავებულის დაფასება, ერთმანეთის პატივისცემა და ხელშეწყობა, არა მარტო იმიტომ, რომ ეს ჩვენ მდგომარეობაზე დადებითად აისახება, იმიტომაც, რომ სწორედ ასე განვითარდება სახელმწიფო, სწორედ ასე წავალთ წინ – ერთმანეთის სიყვარულითა და მიმღებლობით.
სტატია მოამზადა ზურა აბაშიძემ