დადუ – მე ვარ ქვიარი

მე ვარ დადუ, ყველაზე არასტანდარტული ადამიანი საქართველოს პარამეტრებით – ვარ ქვიარი, მივეკუთვნები ეთნიკურ უმცირესობას და არ ვცხოვრობ ტრადიციული ქართული ჩვევებით. მოკლედ, არ ვჯდები არცერთ სტანდარტში, რაც აქაა მიღებული.

საბჭოთა ბავშვობა, როლური მოდელები და ნახტომი დიდ ცხოვრებაში

მე საბჭოთა კავშირის შვილი ვარ და სადღაც 10-11 წლამდე იმ გარემოში ვიზრდებოდი. ჩემთვის, როგორც მაშინდელი ბავშვისთვის, ძალიან ძნელი იყო იმის განსაზღვრა, მაშინდელ რეჟიმი კარგი იყო თუ ცუდი. ჩვენ გვეძლეოდა ის, რაც გვეძლეოდა და ამით კმაყოფილები ვიყავით.

ჩემი ბავშვობა მთლიანად ტკბილი მოგონებაა, რის გამოც ძალიან მადლიერი ვარ ჩემი მშობლების. რაც ბავშვს სჭირდება, არაფერი მაკლდა: სათამაშო, დასვენება, თეატრი, კულტურული ღონისძიებები… განათლება არ იყო მხოლოდ სკოლა-სახლი, სკოლა-სახლი – ზოგად განათლებასაც მაძლევდნენ. ის, რომ მე კლასიკურ მუსიკაზე ვგიჟდები, ოპერა და ბალეტი მიყვარს, ესეც ჩემი ბავშვობისა და მშობლების დამსახურებაა.

გარკვეულწილად, ყველაფერი ახდენდა ჩემზე გავლენას. თუმცა, განსაკუთრებულად მახსენდება ჩემი პირველი წიგნი – “ჰელადოსის გმირები”, რომელიც ძველბერძნულ ღმერთებზე იყო, ძალიან ჩამითრია და მაშინ შემიყვარდა ეს თემა. ასევე, სასწაულად მიყვარს ნოდარ დუმბაძე და ყველა მისი ნაწარმოები განსაკუთრებული ემოციაა ჩემთვის. რაც შეეხება კლასიკურ მუსიკას, ერთი ასეთი შემთხვევა იყო, რომელსაც დედაჩემი იხსენებდა ხოლმე – დაახლოებით სამი თუ ოთხი წლის ვიყავი, ჩემები ფილმს უყურებდნენ და გაჟღერდა საუნდტრეკი, რომლის გაგონებაზეც ისტერიკული ტირილი დავიწყე. დედაჩემმა მკითხა, რა გატირებსო და მუსიკა მომწონს-მეთქი. ეს იყო ”Adagio” და დღემდე ძალიან მიყვარს ეს მელოდია. ამ მომენტმა ჩამითრია მუსიკაში, მე არ ვუსმენ მუსიკას, როგორც ბგერას, მე ვუსმენ მუსიკას გულით და ვგრძნობ ყველა ნოტს. უფრო მეტიც, ზოგადად, ხმები რომ მესმის, შეგრძნება მაქვს, რომ ამ ხმებს ჩემში ვატარებ.

როლური მოდელი ჩემთვის ნათლიაჩემი იყო, ძალიან დიდი გავლენა იქონია ამ ქალმა – ძალიან მომწონდა ვიზუალურად და პრინციპში, სიგარეტის მოწევაც იმიტომ დავიწყე, რომ მას ვბაძავდი. ძალიან ბავშვური იყო ეს ყველაფერი… მაგრამ მერე და მერე იყო ერთი ადამიანი ჩემი მშობლების სამეგობრო წრიდან, რომელმაც ძალიან ცოტა დრო გაატარა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს რაღაც ე.წ. რადარი მქონდა ჩართული ალბათ, რომლითაც რაღაცას გრძნობ და ზუსტად ვიცოდი, რომ ისიც ქვიარი იყო, უბრალოდ, იმ დროს ამაზე ხმამაღლა არ საუბრობდნენ. ვფიქრობ ხოლმე, რამხელა ბრძოლების გადატანა უწევდა იმ საზოგადოებაში, სადაც ამის გაფიქრებაც კი დანაშაული იყო და საციხოდ გაიხდიდი საქმეს. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ეს ადამიანი იყო ძალიან ნათელი, ძალიან პოზიტიური, ძალიან ძლიერი და განსაკუთრებულად მიყვარდა მასთან შეხვედრა, რომ ვხედავდი, ყველაფერი მიხაროდა და სულ ვიცოდი, რომ დაჯდებოდა და აუცილებლად რამე საინტერესო ამბავს მომიყვებოდა.

მგონია, რომ ხშირ შემთხვევაში, ჩვენს “მეს” ზუსტად ასეთი ადამიანებისგან ამოღებული ნაწილები აყალიბებენ, გარდა იმ ჩვენი რაღაც ღერძისა, რაც გაგვაჩნია.

ბავშვობა დასრულდა იქ, როცა 9 აპრილი მოხდა. ეს ჩემთვის დღემდე ძალიან მტკივნეული თემაა და მანდ მივხვდი, რომ ყველაფერი ისეთი ნათელი, ლაღი და ფერადი არ იყო, როგორიც მეგონა. მაშინ, როცა ყველაფერი გადატრიალდა, ჩვენს ოჯახსაც ძალიან გაუჭირდა, ძალიან დავითრგუნეთ. ჩვენი თაობა დათრგუნული თაობაა, რომელსაც, ფაქტობრივად, ახალგაზრდული წლები – ბავშვობის შემდგომ მომწიფებამდე, არ ჰქონია. ეს შუალედი დავკარგეთ, უცებ გადავხტით დიდ ცხოვრებაში და ეს ძალიან მტკივნეული იყო ყველასთვის.

Born this way

დაახლოებით რვა წლის ვიყავი, როცა გავიაზრე, რომ რაღაც ”სხვანაირად” ხდებოდა. რომ ვთქვა, ძალიან ”დავიგრუზე” ამით და საკუთარი თავის ჭამა დავიწყე-მეთქი – არა. ვაგრძელებდი ცხოვრებას და პირველად მაშინ მივხვდი, რომ ეს არ იყო საზოგადოებისთვის ნორმალური, როცა 12 წლის, ერთ გოგოზე ”დავიქრაშე” – ჩვეულებრივი გაფანატება მჭირდა. საკურორტო ზონაში ვისვენებდით ერთად და ძალიან ვმეგობრობდით, მე კი გულში რაღაცები მქონდა, მაგრამ მართლა უსუფთავესი მეგობრობა იყო და მას ამას არასდროს ვეტყოდი. მივხვდი, რომ რაღაც ისე არ არის, როცა მისი მშობლები ჩამოვიდნენ და სასწრაფო წესით წაიყვანეს. ან თვითონ მიხვდნენ რაღაცას, ან მიახვედრეს – ვიზუალურად სტანდარტული ბავშვი არ ვიყავი, მოხულიგნო ტიპი ვიყავი და ეტყობა ვიღაცამ ჩააწვეთა, ბავშვი მოეშორებინათ ჩემგან.

დედა ისე გარდაიცვალა, მშობლებთან ქამინგაუთი არ მქონია, თუმცა ცოცხალი რომ ყოფილიყო, აუცილებლად ვეტყოდი. ალბათ, რაღაცას თვითონაც ხვდებოდა. უკვე ჩემს პარტნიორთან ერთად ვცხოვრობდი, მახსოვს, დეიდამ მითხრა, თუ შეიძლება, მეც თქვენთან ვიცხოვროო. მაშინ ინსულტი ჰქონდა და განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებდა. იმ მომენტში გადავწყვიტეთ, რომ სასწრაფოდ გადავსულიყავით მასთან საცხოვრებლად, დავაწყვეთ ჩვენი გეგმები, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ მოესწრო, რადგან სადღაც ორ კვირაში გარდაიცვალა.

ახლა კი მეცინება ამაზე რომ ვლაპარაკობ, მაგრამ ოფიციალურ ქორწინებაშიც ვიყავი კაცთან. ეს არ იყო იძულება, ეს იყო აბსოლუტურად მიზანმიმართული და კარგად მოფიქრებული ნაბიჯი, ალბათ, უფრო მოსინჯვის მომენტი. მაშინ 23 წლის ვიყავი. ეს ადამიანი მიყვარდა და პატივს ვცემდი, თუმცა მერე მივხვდი, რომ არა, არ შემიძლია და თავს ზემოთ ძალა არაა. მაშინ ჩამოვყალიბდი და უკვე ვიცოდი, რომ ეს ჩემი არაა.

ჩვენ ვიბადებით ასეთებად, ჩვენ ვცხოვრობთ ასეთებად, ჩვენ არ ვხდებით ასეთები.

შვილი

შვილმა იცის ჩემი ორიენტაციის შესახებ. რაღაც პერიოდამდე არ ვსაუბრობდი ამაზე, ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა მზად არ ყოფილიყო. როცა წამოიზარდა, სადღაც 11-12 წლის რომ იყო და ისეთ ასაკში გადავიდა, როცა, ბუნებრივია, რაღაცას თვითონაც მიხვდებოდა, დავსვი, დაველაპარაკე და ავუხსენი, რომ ცხოვრებაში ასეც ხდება, ქალებს ქალები უყვარდებათ, კაცებს – კაცები და ეს არაა ცუდი ან ამორალური, ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. ფაქტობრივად, ქვიარ თემში გაიზარდა და იმდენად მიჩვეული იყო თუნდაც ჩემს სამეგობრო წრეს, ეს მისთვის შოკი არ იყო. ალბათ, რაღაც პერიოდი მაინც დასჭირდა იმისთვის, რომ გადაეხარშა ყველაფერი, რაც სავსებით ბუნებრივია, თუმცა მიუღებლობა არცერთი წამით არ ჰქონია. ახლა 17 წლისაა, ყველაფერი იცის ჩემ შესახებ, იცნობს ჩემს პარტნიორს და ასევე, ურთიერთობა აქვს მამასთანაც.

ალბათ, ქვიარ დედებს და მათ შორის, მეც, გვაქვს ეს შიში – შიში მიუღებლობის და სადღაც დანაშაულის შეგრძნებაც, რამე პრობლემა არ შეექმნათ შვილებს ჩვენ გამო. შვილი ემოციურად ყველაზე ახლობელი ადამიანია მთელს მსოფლიოსა და მთელს გალაქტიკაში, რამდენი პარტნიორი, როგორი საყვარელი ადამიანიც არ უნდა გყავდეს გვერდით, ყოველთვის შვილია ის, ვისაც ცალკე გამოყოფ და განსაკუთრებულ პედესტალზე გყავს, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასეა და ყოველთვის ვფიქრობდი – ერთ მშვენიერ დღეს რომ მომიბრუნდეს და მითხრას, მორჩა, აღარ მინდა, მერე რა ვქნა?! ახლა თუ მაქვს ეს შიში? ოდნავ, ფაქტობრივად, აღარ. გაქარწყლდა, რადგან სულ მეუბნება – ”დედა, შენ ხარ საუკეთესო დედა მსოფლიოში, ყველაზე საამაყო.’

არ ვიცი, რა გავაკეთე ამისთანა, მაგრამ ასეა. მე კიდე ვფიქრობ, რომ ყველაზე საამაყო შვილი მყავს მსოფლიოში.

განსხვავებები

უამრავი ასპექტია ისეთი, რაც ჩვენთვის, ქვიარებისთვის, განსხვავებულია.

დავიწყოთ იმით, რომ საზოგადოებაში ჩვენი გამოჩენა ყოველთვის იწვევს რაღაც რეაქციას, მაშინ როცა ჰეტერო ქალი შემოდის “სასტავში” და არაფერი. შემოვა ვინმე ჩემნაირი, თუნდაც, ტრანსი და ყველა მიაშტერდება. ხომ თითქოს მცირედია, მაგრამ უკვე არის და შემაწუხებელია. მეორე – ყოველთვის გვიწევს რაღაცების დამალვა. გარდა იმისა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ტყუილში, ჩვენ ხალხსაც ტყუილში ვაცხოვრებთ – იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ასე გვინდა, ასე გამოდის. მესამე – ორმაგად უფრო რისკია ჩვენი დასჯისა და დაჩაგვრის. გარდა იმისა, რომ ქალი ხარ, პლუს, ქვიარ ქალი ხარ. საზოგადოება გეუბნება – ”რას ჰქვია, შენ კაცი არ გინდა? ეს არაა ნორმალური, რომ შენ ქალები გინდოდეს.”

და ბოლო, ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე რთული პრობლემა – დასაქმება. ეს არის ცალკე აღებული ომი. ბოლოს რაც მახსოვს, კონსულტანტად ვმუშაობდი საკმაოდ პრესტიჟულ მაღაზიაში, სადაც მოდის ჩემი უფროსი, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა და მეუბნება, ძალიან მაგარი სეილი ხარ, ძალიან კმაყოფილია ხალხი, თუმცა ერთი პრობლემა გვაქვს – გეხვეწები, რომ მოხვალ, მაკიაჟი გაიკეთეო. მაკიაჟი არ მესვა და ვყიდდი ძალიან კარგად და მაკიაჟი რომ წავისვა, მაგით რა შეიცვლება-მეთქი. ეს რაღაც ქალურობის მომენტი სჭირდებოდა, რადგან ფიქრობდა, რომ ასე უფრო კარგად გავყიდდი. რა თქმა უნდა, წამოვედი.

პირადად მე საცხოვრებელზე არ შემქმნია პრობლემა, მაგრამ ძალიან ხშირად მესმის, რომ თემის წევრებს პრობლემა ამასთან დაკავშირებითაც აქვთ – არ აქირავებენ ბინას მათზე. შეიძლება ცუდად გამომდის, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ისიცაა, რომ როცა ესმით, შვილი მყავს, რაღაცნაირად აწყნარებთ ეს ამბავი – რომ მე ოდესღაც, სადღაც, კაცთან მქონდა ურთიერთობა.

თანასწორობა და თავისუფლება

სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს თანასწორობა და მე ყველაზე მეტად მაშინ მეცინება, როდესაც კაცები გამოდიან და ამბობენ, რომ ისინიც იჩაგრებიან. საზოგადოებაში, სადაც ქალების 90% მსხვერპლია და უბრალოდ დაჩაგრულები კი არა, ჩაგრულები არიან, გამოდის ვიღაც ორმეტრიანი ულაყი და მეუბნება, რომ იცი, რა, ჩემი უფლებაც ირღვევა… ჯერ მეცინებოდა, ახლა აღარ მეცინება. პრობლემა არის ისიც, რომ ასე გაზარდეს, ვინ გაზარდა? ისევ იმ მსხვერპლმა ქალმა , რომლისთვისაც ეს არის მოდელი.

ძალიან სტანდარტული და შაბლონური პასუხი მაქვს იმაზე, რა არის თავისუფლება, თავისუფლება სიყვარულია. აქ მოიაზრება ყველაფერი – ის, რომ შენ შეგიძლია გიყვარდეს ადამიანი, ვინც გიყვარს, ის, რომ შენ შეგიძლია გიყვარდეს საქმე, რომელიც გინდა, რომ გიყვარდეს – როცა გაქვს ამ ყველაფრის ფუფუნება. სამწუხაროდ, ჩვენ ამის თავისუფლება არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ეს ჩვენს შვილებს გადავცეთ.

აგრესია, როგორც თავდაცვა

ცხოვრების მანძილზე სულ მიწევდა ვიღაცების დაცვა და ასეც იქნება ბოლომდე, მაგრამ მარტო დაცვა არაა მთავარი, მთავარი არის, რომ იმ შენმა სიტყვამ საჭირო მესიჯი მოიტანოს და საბოლოო ჯამში, შედეგი გამოიღოს.

ამაზე ერთი შემთხვევა მახსენდება – თანამშრომელი მყავდა, ძალიან კარგი ადამიანი, თუმცა ნორმაში ჰქონდა გამჯდარი, რომ ქალებს ზოგჯერ უნდა დაარტყა და ა.შ. ახალგაზრდა გოგო იყო და იმდენი ვეჩიჩინე, იმდენი ველაპარაკე, რომ ერთ მშვენიერ დღეს მოვიდა და მომიყვა ისტორიას, ქუჩაში როგორ შეესწრო შემთხვევას, სადაც ბიჭი გოგოს ეჩხუბებოდა და ხელიც მოუქნია. ეს მივიდა, გოგო სიტუაციას გამოარიდა და პატრულს გამოუძახა. მაშინ მივხვდი, რამხელა გავლენა იქონია ჩემმა სიტყვებმა მასზე – მსგავს სიტუაციაში ადრე საერთოდ არ ჩაერეოდა, აქ ჩაერია და ქმედითი ნაბიჯებიც გადადგა.

ადამიანებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სულ მიწევს, გამუდმებით. ჩვენ შინაგანად უკვე ისე ვართ დაძაბული, იმდენად ვართ მიჩვეული ამ წინააღმდეგობის გაწევას, რომ როდესაც ქუჩაში უცნობი ადამიანი მოდის, ქვეცნობიერი შიში გაქვს, რომ რაღაცას გეტყვის. ერთ ისტორიას გავიხსენებ – ჩემი შვილი დაახლოებით 12 წლის იყო, მაღაზიიდან სახლში მოვდიოდით, ორი პარკი მეჭირა, მოვდივართ და რაღაცებს ვლაპარაკობთ. ვიღაც ტიპი მოგვიახლოვდა, მივხვდი, რომ ნასვამი იყო, მოვიდა და გაჩერდა, გავიწიე, რომ გამევლო, მარა ვხედავ, რომ ეს ფიგურაც ჩემთან ერთად იწევა, არ მატარებს და ზემოდან დამჩერებია. რაშია საქმე-მეთქი, მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა, ეს ჩანთები ბავშვს მივეცი და ვუთხარი, წასულიყო. ბავშვი გაოგნებული თვალებით მიყურებდა და კიდევ ერთხელ ვუყვირე, წადი-მეთქი. ეს ჩანთები აიღო, წაღებაც უჭირდა, ნაბიჯს აუჩქარა და დავინახე, რომ ცოტა მოშორებით გაჩერდა, გაჩერდა და განწირული თვალებით მიყურებს. მოვტრიალდი ამ ტიპისკენ, რა გნებავთ მეთქი. ვინ ხარ შენ საერთოდ, რა გინდა აქ, ვინ ჩემი ფეხები ხარო და უშვერი სიტყვებით დამიწყო გინება. ინსტიქტურად, ასეთ სიტუაციებში ყოველთვის აგრესია მიჩნდება აგრესიის საპასუხოდ და მეც დავუწყე ბღავილი, ეს არ იყო მხოლოდ ყვირილი. ახლავე პატრულს გამოიძახებ-მეთქი, ავიღე ტელეფონი, მაგრამ ხელები იმდენად მიკანკალებდა, ძლივს ავკრიფე ის სამი ციფრი. ეს რომ დაინახა, ძალიან კარგად ვიცი, სად ცხოვრობ, მოვალ და ნახე რა გიქნა, გაგანადგურებ შენც და იმ შენს ნაბიჭვარსაცო. ეს თქვა და გაიქცა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ დღისით, მზისით ხდებოდა ეს ამბავი, ხალხი დადიოდა, მაგრამ კაციშვილი არ ჩაერია და არც დაინტერესებულა, რა ხდებოდა. რაღაც დრო დამჭირდა, რომ დავმშვიდებულიყავი და კანკალს გადაევლო, ჩემს შვილს მივუახლოვდი და პარკები გამოვართვი, შემომხედა და მკითხა, დე, შეგეშინდაო, შემეშინდა არა ის, წამო, წამო-მეთქი. არადა შემეშინდა რომელია, შინაგანად ისევ ვცახცახებდი.

აგრესია არის ის, რაც თვითგადარჩენაში მეხმარება. რამდენჯერაც მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდი, ვეცადე, წყნარად მელაპარაკა და დარწმუნების უნარიც ნამდვილად მაქვს, მაგრამ ადამიანი, რომელიც შენთან აგრესიით მოდის, ის უკვე აგრესიულადაა განწყობილი და, მინიმუმ, ნახევარი საათი მაინც გჭირდება, რომ დაამშვიდო. შენ კი ამდენი დრო არ გაქვს, მომენტალურად უნდა მოიმოქმედო რაღაც, რომ თავი დაიცვა. მისსავე იარაღს უპირისპირებ და ეს იმდენად შოკისმომგვრელია, უკან იხევენ. ხვდებიან, რომ შენგან მსხვერპლი არ გამოვა. მეტი ვერაფერი მოვიფიქრე, შეიძლება სხვას სხვა მეთოდი აქვს.

ემოციური, ფინანსური და სოციალური ზიანი

ყველაზე დიდი ზიანი, რაც მომადგა ამ ხნის განმავლობაში, ეს იყო ფსიქოლოგიური ზიანი. ფსიქოლოგიური ზიანი იმიტომ, რომ შენ არ გრძნობ თავს საზოგადოების სრულფასოვან წევრად. ყველანაირი ფსიქიკური ზიანი მოაქვს შიშს – იგივე დეპრესია, სასოწარკვეთა, უიმედობა, თუნდაც, ეს საშინელი არასრულფასოვნების კომპლექსი. მე თუ ჩემი ინტელექტუალური რესურსით მოვდივარ შენთან და ვცდილობ, შენთვის ვიმუშაო და შენ მხოლო იმიტომ მეუბნები უარს, რომ კუბოკრული პერანგი მაცვია, ქვეცნობიერად მაინც იწყებ იმაზე ფიქრს, რომ რაღაც გჭირს, სერიოზული კომპლექსი გიჩნდება და იძულებული ხდები, ამ სოციუმს მოერგო. მე არ მოვერგე და ბევრი პრობლემა ზუსტად ამიტომ შემექმნა.

ასევე გადგება ფინანსური ზიანი, რადგან არ გაქვს იმის ფუფუნება, რომ გარკვეულ ადგილებში იმუშაო, ან იმუშაო საერთოდ. ყოველთვის ვცდილობდი, ისეთ ადგილებში მენახა სამსახური – ნაცნობებში, მეგობრებში – რომ არ ყოფილიყო მიუღებლობის მომენტი. ვხვდებოდი, რომ შეიძლებოდა ჩემს ვიზუალს ვიღაცაზე ცუდად ემოქმედა.

2013 წლის 17 მაისი რომ მოხდა, ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობდი, სადაც სულ კაცები იყვნენ. გამომდინარე იქიდან, რომ მუშაობა და შემოსავალი მჭირდება, ვერ დავდივარ ამ აქციებზე და იმ დღესაც სამსახურში ყოფნამ მომიწია. ჩემი ნახევარი სამეგობრო მაშინ აქციაზე იყო, ძალიან დათრგუნული ვიყავი, ვიჯექი და ვხვდებოდი, რომ ვერ ვმუშაობდი და მთელი გონება, გული და სული იქ მქონდა. ამ დროს ჩვენი მენეჯერი კაცი ადგა და ამბობს – ”რა მაგრად ურტყამენ იმ პედერასტებს, რა მაგარია… ” არ მახსოვს, რა ვუყვირე, რა ვეჩხუბე ამ ტიპს, ისე ვღრიალებდი. დირექტორს ვუთხარი, მეც წავალ სამსახურიდან, მარა ეს აქედან გაუშვი, ჩვეულებრივი მოძალადე და მკვლელი მუშაობს შენთან-მეთქი. ეს ტიპი კი გაუშვა, მაგრამ მერე ჩემთან მიმართებაშიც აგრესია გაუჩნდა, მივხვდი, რომ ვერ გავჩერდებოდი ასეთ სიტუაციაში და წამოვედი.

რაც შეეხება სოციალურ ზიანს, აბსოლუტურად გაწყვეტილი მაქვს ნათესავებთან ურთიერთობა. რუსეთში მყავდა ნათესავები, რომლებთანაც გავიზარდე, და მე რომ რაღაცები მაქვს ამ ცხოვრებაში, მათ შორის, განათლება, მათი დამსახურებაცაა. ჩემთვის ერთადერთი ნათესავები დედაჩემის და დეიდაჩემის გარდა, ესენი იყვნენ და მხოლოდ ისინი დამრჩნენ, როცა ჯერ დედა და მერე დეიდა გარდაიცვალა. ერთხელაც დავრეკე მათთან მოსკოვში, მაშინ ბებიაჩემი საავადმყოფოში იწვა და ვრეკავდი, რომ გამერკვია, გამოვიდა თუ არა, ბაბუაჩემმა აიღო ტელეფონი და უცებ მესმის ფრაზა – ”აღარ შეწუხდე, აქ აღარ დარეკო.” ჩემი ორიენტაციის შესახებ გაუგიათ და გადაწყვიტეს, მათ ცხოვრებაში აღარ მეარსება.

ერთადერთი სისხლით ნათესავი, ვინც დღეს მყავს, ჩემი შვილია.

სამართლებრივი ფაქტორები

ერთი ისტორია მახსენდება: ორი ქალი სადღაც 50 წლის მანძილზე თანაცხოვრობს, როცა ერთ-ერთი გარდაიცვლება, მისი შვილი მოვა და პარტნიორ ქალს ეუბნება, რომ ამ სახლიდან უნდა წავიდეს, რადგან ის დედამისს და, შესაბამისად, ახლა მას ეკუთვნის. საუბარია სახლზე, რომელსაც ეს ქალები ერთად აშენებდნენ. აი, სად არის სამართალებრივი მხარე აქ – მე, ისევე, როგორც ჩემს პარტნიორს, არ გვაქვს უფლება, ერთმანეთის ქონებაზე გვქონდეს პრეტენზია. ჩემს შვილს ძალიან მარტივად შეუძლია, მივიდეს მასთან და იმ სახლიდან გააბრძანოს, სადაც ჩვენი შრომა და ნახევარი ცხოვრება ჩავდეთ. რატომ არ უნდა ჰქონდეს ჩემს პარტნიორს სამართლებრივი უფლება ჩემს ქონებაზე? როცა ეს ყველას აქვს, ყველას მის გარდა – შვილს, დას, ძმას…

თუნდაც, ჯანდაცვის ამბავი. ოპერაცია გავიკეთე და მჭირდებოდა, რომ ჩემი პარტნიორი ჩემ გვერდით ყოფილიყო, ძალიან ცუდად ვიყავი. ამ დროს კი ის მიყვება, რომ შემოსვლა უნდოდა და როცა თქვა, რომ მეგობარი იყო, არ შემოუშვეს, ნათესავი უნდა იყოო. ამას რომ მოვყევი, ვიღაცამ მითხრა, ეთქვა, რომ და იყოო – რატომ უნდა ეთქვა, რატომ უნდა ვიცხოვრო ტყუილში? ეს საზოგადოება იმდენად ტყუილშია ჩაფლული, რომ ჩვენც ყველაფერში იმავეს გვთხოვს, ჩვენ უნდა მოვიფიქროთ ტყუილი და მერე გავასაღოთ. ბოდიში, მაგრამ ერთ დღესაც რეალობას რომ დავეჯახებით, მერე სად წავიდეთ ამდენ ტყუილში ნაცხოვრები ხალხი?

ასევეა ჯანმრთელობის დაზღვევის შემთხვევაშიც – ჩვენი სადაზღვევო პაკეტი მოიცავს იმას, რომ ამ პაკეტით ოჯახის წევრებსაც შეუძლიათ სარგებლობა, მაგრამ არა ჩემს პარტნიორს, რომელსაც, რეალურად, შეიძლება ძალიანაც სჭირდებოდეს ეს. ამიტომ ვითხოვ ამ ურთიერთობების დაკანონებას და ეს არაა მხოლოდ ის ხუშტური, რომ პრაიდით გამოვიდე და დროშები ვაფრიალო. ჩემთვის ოჯახი ჩემი შვილი და ჩემი პარტნიორი არიან. რატომ არ უნდა ისარგებლოს ჩემმა ოჯახის წევრმაც იმ პრივილეგიებით, რომლითაც სხვები სარგებლობენ? მით უმეტეს, დღევანდელ დღეს, როცა სამედიცინო მომსახურება ასეთი ძვირია.

თუმცა, სამწუხაროდ, სანამ ამას პირისპირ არ დავეჯახებით, რატომღაც სულ გვავიწყდება ეს მომენტები და არ გვახსოვს.

პოლიტიკური მოთხოვნები

როგორ დავძლიოთ ფობიები, რა გავაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ – ამაზე ქვიარ ადამიანები, მგონი, სულ ვფიქრობთ.

ჩვენ უნდა ვეცადოთ და მივაღწიოთ იმას, რომ ის საკითხები, რომელიც დღევანდელ დღეს გვაწუხებს, მაქსიმალურად იყოს აყვანილი კანონმდებლობის დონეზე. კარგია ქუჩაში გამოსვლა, კარგია აქციები, მაგრამ მგონია, რომ ჩვენ არასწორ პუბლიკას მივმართავთ. ადამიანები გარეთ, ქუჩაში, არ არიან კანონმდებლები, იმასთან უნდა მივიტანოთ ჩვენი ხმა, ვისაც ეს კონკრეტულად ეხება და ვისაც ამ კანონების დაწერა, ამაზე მუშაობა და მისი ამოქმედების უზრუნველყოფა შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ქვიარ თემი გაიზარდა, ვერ გავაკეთებთ ამას მანამ, სანამ ჩვენ არ გვექნება მხარდაჭერა სამთავრობო და საკანონმდებლო ფრთიდან.

რეალურად უნდა ამუშავდეს კანონი დისკრიმინაციის შესახებ და 100-ლარიანი ჯარიმით არ გაუშვან ადამიანი, რომელიც მოსაკლავად მომსდევს, მკაცრად უნდა დაისაჯოს და კანონი უბრალო ფარატინა ფურცლად არ უნდა დარჩეს. ჩვენ ვართ ადამიანები, ვარსებობთ ამ საზოგადოებაში, გვაქვს ხმის უფლება და როცა შენ ხმას მთხოვ, მოდიხარ პარლამენტში და მერე დედას მტირობ…

ამას ემატება განათლება. განათლება ყველაზე მნიშვნელოვანია, თორებ ისე ებმება თაობები ერთმანეთს, რომ ეს უცოდინრობა და არასწორი ინფორმაცია ლამის გენეტიკურ დონეზე გადადის. შესაბამისად, აუცილებლად უნდა მოვითხოვოთ, რომ განათლების სისტემაშიც კონკრეტული ცვლილებები მოხდეს, იმისთვის, რომ შემდეგ თაობებს, რომლებიც მოდიან, უკვე სწორი ინფორმაცია ჰქონდეთ.

”რაც არ გკლავს, განადგურებს”

იცი, ყველაზე ცუდი რაა? როდესაც შენს ორიენტაციაზე კეთდება აქცენტი – არ უნდა გვიწევდეს ამაზე ამდენი ლაპარაკი, ეს ჩემი და იმ ადამიანის პირადი საქმეა, ვისთან ერთადაც ვარ და არა საზოგადოების. ჰეტეროებს ხომ არავინ ეკითხება ამას. მიხარია, როცა ამაზე არ აკეთებენ აქცენტს და მხოლოდ ჩემს ადამიანობაზე საუბრობენ.

არის მომენტები, როდესაც ფიქრობ, რომ აღარ გინდა, დაიღალე, და მოდი, მე ჩემთვის ვიქნები… ვერ იქნები შენთვის, საქმეც ეს არის იმიტომ, რომ შენზე არიან დამოკიდებული საზოგადოების ის წევრები, რომლებიც გეძვირფასება. მხარდაჭერაც მქონია და მეგობრებიც დამიკარგავს, ბაღიდან ერთად რომ მოვდიოდით, ისეთი მეგობარი დავკარგე ქამინგაუთის შემდეგ 18 წლის ასაკში. მეწყინა, რა თქმა უნდა. მაგრამ მიხარია, იმ ადამიანების არსებობა, რომლებსაც არ აინტერესებთ შენი ქვიარობა და მთავარი ხარ შენ. ასევე, ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი პანდემიის პერიოდში, როცა სამსახური დავკარგე და ძალიან ბევრი ადამიანი დამიდგა გვერდით.

მინდა თუ არ მინდა, ყველა ის აგრესია, რომელიც ჩემკენ ან ჩემი პარტნიორებისკენ იყო მიმართული, გარკვეულწილად, ბრძოლის ძალას მაძლევდა. ძალიან არ მიყვარს გამოთქმა – რაც არ გკლავს, გაძლიერებს, ასე არ არის. რაც არ გკლავს, განადგურებს. რეალურად, საკუთარ თავს თვითონ აძლიერებ, ან გაძლიერებენ ის ადამიანები, ვინც იმ მომენტში გეუბნება – ”მე შენ გვერდით ვარ.”

რას ვეტყვი ქვიარ ქალებს

მე მგონი, საქართველოში არ არსებობს ქალი, რომელსაც ძალადობასთან შეხება არ ჰქონია, ეს ადრეული ასაკიდან იწყება. რჩევის მიცემა ძალიან რთულია, რადგან მსხვერპლის ფსიქოლოგია ცოტა განსხვავებულია. ხშირად, ქვიარ ქალებსაც მსხვერპლის ფსიქოლოგია აქვთ და გაქცევის ეშინიათ. ურჩევნიათ, ის ძალადობა აიტანონ და ვერ იტყვი, რომ ეს მათი კომფორტის ზონაა, ნამდვილად არ იქნება სწორი, მაგრამ უარესის მოლოდინში არიან, რადგან, გარკვეულწილად, ამ სოციუმზე არიან ჩამოკინწიალებული და რაღაც ნაბიჯების დამოუკიდებელად გადადგმის ეშინიათ.

მეც ვიყავი სერიოზული ძალადობის მსხვერპლი, კერძოდ, ფსიქოლოგიური ძალადობის, შანტაჟის. პირველი, რაც გავაკეთე, იყო ის, რომ ვაჩვენე იმ ადამიანს, რომ მე მისი არ მეშინოდა. როდესაც მიხვდა, რომ მისი არ მეშინია, იარაღი გამოვაცალე და თავი დამანება, თუმცა ისიც მესმის, რომ ყველას ასე მარტივად ვერ ექნება საქმე.

მე მათ ვურჩევ, მოიკრიბონ მთელი თავიანთი ძალა, არსებობს ორგანიზაციები, შეუძლიათ, რომ მიმართონ და ისინი დაეხმარებიან, გვერდში დაუდგებიან. ასევე, არსებობს სამეგობრო, სანაცნობო წრე… მაქსიმალურად ეცადონ, გათიშონ ემოცია და რაციონალური აზროვნება ჩართონ, დაალაგონ, რა არის მათთვის ყველაზე პრიორიტეტული. მე მჯერა, რომ ქვიარ ქალებს კარგი გონება აქვთ და ყველაფერს ძალიან კარგად იაზრებენ.

ის, რაც გვაერთიანებს

რა უნდა გავაკეთოთ ქვიარებმა? იმ პატარა სოციუმებში, რომელიც გარშემო გაგვაჩნია, ვისაუბროთ, რაც შეიძლება მეტი და მივიტანოთ მათთან სწორი ინფორმაცია.

რატომღაც ეს საზოგადოება ფიქრობს და ამაზე სულ მეცინება ხოლმე, რომ ქვიარ ადამიანები მდიდრები არიან, ყველაფერი აქვთ და ფუფუნებაში ცხოვრობენ. ვერ წარმოუდგენიათ, რომ ქვიარ ადამიანი შეიძლება გაჭირვებული და ღატაკი იყოს. ასე იმიტომ ჰგონიათ, რომ თითქოს ქვიარობა ევროპიდან მოდის, ევროპა კი მდიდარი კონტინენტია – ეს ძალიან დაბალი დონის აზროვნებაა.

უნდა მივიტანოთ ამ ადამიანების ყურამდეც, რომ ჩვენ, ქვიარ თემი, იმავე სოციუმის წარმომადგენლები ვართ, იმავე საფეხურზე ვდგავართ და ისეთივე საშუალო სტატისტიკური მოქალაქეები ვართ – მეც მეძვირება შუქის გადასახადი, მეც მაქვს ხმის უფლება და შეიძლება იმაზე ვინერვიულო, საარჩევნო უბანზე რომ ვერ მივედი, იგივენაირად განვიცდი, როცა ვიღაცა ვიღაცას კლავს… და როცა მე რაღაცას ვაკეთებ, ”იუნიქორნები” არ დარბიან და ცისარტყელები არ ანათებს. რატომ მაიძულებ, ვიფიქრო, რომ მე რაღაც სხვა საზოგადოებას ვეკუთვნი? როცა მეც შენნაირი პრობლემები მაქვს, მეც მჭირდება სამსახური, რომ ოჯახი ვარჩინო.

აი, ეს უნდა მივიტანოთ საზოგადოებამდე. სოციალურ პრობლემებზე უნდა ვილაპარაკოთ, რაც შეიძლება მეტი, საერთო შეხების წერტილები უნდა ვიპოვოთ.

მთავარი იმის მოძებნა კი არაა, რა განგვასხვავებს, არამედ იმის, რა გვაერთიანებს.

ინტერვიუ მომზადებულია საქართველოში ქალთა ფონდის (WFG) მხარდაჭერით

ავტორი: ნინო ურუშაძე

ფოტოები: ვახო ქარელი

წინა

Ford-მა ჰომოფობი ტროლის საპასუხოდ ”უგეესი” მანქანა გამოუშვა

შემდეგი

დისნეის პრინცები რეალურ სამყაროში — ქვიარ არტისტის საოცარი ნამუშევრები

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების