”საერთაშორისო სოციალური კვლევის პროგრამის”, ISSP-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, საქართველო ევროპაში ყველაზე ჰომოფობიური ქვეყნაა. ”საქართველოში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ჰომოფობიის მასშტაბი ქვეყანაში.” – ნათქვამია oc-media.org-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში.
ორგანიზაციამ კვლევა 33 ქვეყანაში ჩაატარა. საქართველოში გამოკითხულთა 84% მიიჩნევს, რომ ”ორ ზრდასრულ, ერთსა და იმავე სქესის ადამიანს შორის სექსუალური ურთიერთობა ყოველთვის არასწორია.
გამოკითხვის შედეგებით საქართველოს თურქეთი მოსდევს, სადაც საზოგადოების 80% ამბობს, რომ ერთნაირსქესიანთა სექსუალური ურთიერთობები მიუღებელია. რუსების 69% ამბობს იმავეს. უნგრეთში, რომელსაც ევროკავშირი ამჟამად ჰომოფობიური კანონმდებლობის მიღებისთვის უჩივის, გამოკითხულთა დაახლოებით ნახევარი, 45% ამბობს, რომ მსგავსი ურთიერთობები ყოველთვის არასწორია. კვლევაში მონაწილეობა არ მიუღია სომხეთსა და აზერბაიჯანს.
მონაცემები ასევე განსხვავდება ასაკისა და სქესის მიხედვით – ახალგაზრდები ნაკლებად ჰომოფობები არიან, ვიდრე ხანდაზმულები და ამასთან, ქალებს უფრო აქვთ ჰომოფობიური განწყობები, ვიდრე მამაკაცებს, 35-54 წლამდე ასაკის მამაკაცებისა და ქალების გარდა, რომლებიც თანაბრად ჰომოფობები არიან.
ფოტო: ვახო ქარელი