რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ ჰაკერების დაჯგუფება Anonymous-ს ქართული ჰაკერული დაჯგუფება – GNG-იც შეუერთდა და პრორუსულ ვებგვერდებს თიშავენ. GNG-იმ პრორუსული, ძალადობრივი დაჯგუფების, Alt-info-ს ვებგვერდი გათიშა.
Alt-info-ს დამფუძნებელმა, კონსტანტინე მორგოშიამ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნა, რომ საიტის აღსადგენად მუშაობენ: „მუშაობა მიმდინარეობს. მიზეზი არ ვიცი, რატომ გაითიშა – ტექნიკოსები მუშაობენ. რამდენიმე საათში მგონი გასწორდება… არაფერი არ გათიშულა.’’
https://twitter.com/i/status/1497094655120490515
GNG ტვიტერზე აქტიური 25 თებერვლიდანაა და გამომწერებს საიტებზე შეტევის შესახებ ინფორმაციას უზიარებენ. ჰაკერებმა რუსეთის განათლების სამინისტროს ვებგვერდიც გათიშეს, რუსული უსაფრთხოების სამსახურის ფაილებისა და პაროლების მოპოვება შეძლეს, ასევე ყველაზე დიდი რუსული კერძო ბანკის – Alfa Bank-ის ვებგვერდი და ყველაზე დიდი რუსული საფინანსო ინსტიტუტის – Sber-ის საიტი. გარდა ამისა, VTB ბანკის საიტზე შესვლაც შეუძლებელია, ქართველმა ჰაკერებმა ჩეჩნეთის ხელისუფლების ოფიციალურ გვერდზე წვდომაც შეზღუდეს. შეუძლებელია შესვლა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახელისუფლებო მედიასაშუალების – Russia Today-ის საიტზეც.
GNG ტვიტერის გამომწერებს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისკენ მოუწოდებს და ამისთვის სხვადასხვა პრორუსულ საიტზე ერთობლივ შეტევას სთავაზობს.