ლუნა აბეზაროვას მოგზაურობა ჯადოსნურ გენდერლანდიაში

ყველგან და ყველაფერში დუალური ვარ: შეიძლება, ჩემს ნებისმიერ თვისებას მისი დიამეტრალურად საპირისპირო თვისება მოჰყვებოდეს წყვილში. ასე, მაგალითად – შეიძლება ვიყო ემოციური და ფლეგმატური, მგრძნობიარე და სქელკანიანი, გამბედავი და მშიშარა, გაწონასწორებული და ფეთქებადი, მეოცნებე და პრაგმატული, პედანტური და სპონტანური, მოკრძალებული და პირდაპირი, მორჩილი და დომინანტი… ასე, უსასრულოდ. თუმცა, ყველა ამ თვისობრივ ‘’წყვილში”, ალბათ, მაინც მოიძებნება ისეთი, რომელიც უფრო მეტად მახასიათებს ან უფრო ხშირად გამოვლინდება: მგრძნობიარე (სერიალებზე ვიცრემლები, სხვა თუ არაფერი), პედანტური (ზოგჯერ პათოლოგიურადაც) და პერსისტენტული (რამეზე ხელის ჩაქნევა უბრალოდ არაა ჩემში დაპროგრამებული და ეს ხდება ძალიან, ძალიან იშვიათად). ბონუსად დავამატებდი, რომ ვარ გამოკვეთილად ექსტრავერტული და ვხუმრობ, ვოხუნჯობ და ვტლიკინებ მუდმივ რეჟიმში.

 

ყველაზე შთამბეჭდავი მოგონება

90-იანების ბავშვი ვარ და არა მგონია, ჩემი თაობიდან ვინმეს იოლი ან მოსაწყენი ბავშვობა ჰქონოდა. ჩვენთვის ეს წარუშლელი მოგონებაა – ეპოქის შეცვლას მოვესწარით ბოლოს და ბოლოს. თუმცა, ამ საყოველთაო მოგონებების პარალელურად, რასაკვირველია, ყველა ჩვენგანს გვაქვს გამოვლილი რაღაც ისეთი, რაც მხოლოდ ჩვენია, ინტიმური და პირადული.

წიგნები და მუსიკა – მათ გარეშე ჩემი ბავშვობა წარმოუდგენელი იყო. მანიაკივით ვკითხულობდი ყველაფერს, რაზეც ხელი მიმიწვდებოდა და მუსიკაც ადრეულ ასაკში შემიყვარდა. წიგნებიდან ყველაზე დიდი გავლენა ჩემზე „ოსტატმა და მარგარიტამ“ მოახდინა. ვიცი, ბანალურად ჟღერს, რადგან ძალიან პოპულარული ნაწარმოებია, მაგრამ ეს წიგნი ადრეულ ასაკში წავიკითხე და მან მართლა სულიერად შემძრა. მუსიკაში პირველი რეალური შოკი ჩემთვის შვედური პოპ-ჯგუფის, Army of Lovers-ის აღმოჩენა იყო. სიმღერები ხომ ძალიან მომწონდა, მაგრამ მათი კლიპების ყურება იყო ჩემთვის განსაკუთრებული სიამოვნება – უსირცხვილოდ თამამი, ეპატაჟური, ეროტიკითა და ჰომოეროტიკით სავსე, ეს კლიპები ჩემთვის თავისუფალი სიყვარულის პირველ ვიზუალურ და ხმოვან სიმბოლოდ იქცა.

მაგრამ მაინც, ყველაზე შთამბეჭდავი და წარუშლელი მოგონება, რომელმაც ფუნდამენტური გავლენა იქონია ჩემზე და მთელი ჩემი მომდევნო ცხოვრება განსაზღვრა, ბევრად უფრო ადრეულ ბავშვობას უკავშირდება. ეს არის ღრმად ინტიმური მოგონება, რომელიც ჩემს პირველ სექსუალურ გამოცდილებას ეხება თანატოლ ბიჭუნასთან. სქესობრივ აქტს, როგორც ასეთს, ადგილი არ ჰქონია, რადგან ამისთვის მეტისმეტად პატარები, 7-8 წლის ბავშვები ვიყავით. ეს იყო სექსუალური სახის თამაში, რომლის ინიციატორი, წამყვანი და წესების დამმკვიდრებელი ის იყო. არანაირ ძალდატანებას ადგილი არ ჰქონია. მან შემომთავაზა ცოლის როლი და მე დავთანხმდი იმ პირობით, რომ მომავალში როლებს შევცვლიდით. ამის მიუხედავად, შემდეგ ჯერზე მან იგივე როლი შემომთავაზა, რაც ფორმალურად გავაპროტესტე, მაგრამ მაინც დავთანხმდი, რადგან ინსტინქტურად ვგრძნობდი, რომ ცოლის როლი უფრო შემეფერებოდა. ამის მერე კი დაყაბულებაც აღარ მჭირდებოდა: უსიტყვოდ შევთანხმდით, რომ ცოლი ყოველთვის მე ვიქნებოდი. მე ეს მომწონდა, როლს იდეალურად მოვერგე და არანაირი სირცხვილი ან უხერხულობა არ განმიცდია. ჩვენს ‘’ცოლ-ქმრულ“ ურთიერთობას მანამდე ბავშვური თამაშის ფორმა ჰქონდა, მაგრამ იმ ბოლო ეპიზოდში, რომელიც დღესაც თვალწინ მიდგას, მან გამოკვეთილად ინტიმური ხასიათი მიიღო და დასრულდა სქესობრივი კავშირის ბავშვური, მაგრამ ძალიან ახლო იმიტაციით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სრულად გავიაზრე ჩემი გენდერული როლი და მივხვდი, რომ ეს როლი არ ემთხვეოდა ჩემს ბიოლოგიურ სქესს. შეიძლება, ვინმემ თქვას, რომ ასეთ ადრეულ ასაკში შეუძლებელია მსგავსი რამ გაიაზრო, მით უმეტეს, სრულად, მაგრამ დღესაც ძალიან მკაფიოდ მახსოვს ჩემი ყოველი ფიქრი და შეგრძნება იმ მომენტში და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს აბსოლუტურად შესაძლებელია.

ჩვენი ურთიერთობა იყო ძალიან სუფთა და ლამაზი, ყოველგვარი ზედმეტობის, უხამსობისა და სიმახინჯის გარეშე. დღესაც უდიდესი სითბოთი და სიყვარულით ვიხსენებ იმ დღეებს. ეს მოგონებები ჩემში მხოლოდ დადებით და სასიამოვნო ემოციებს იწვევს, არ მაქვს არანაირი სინანულის განცდა ან გრძნობა, რომ რამეს არასწორად ვაკეთებდით. იმ ჩვენი ბოლო თამაშის დროს, ყველაფერი თავის ადგილას დადგა – ეს პატარა ბიჭი ისეთი სინაზითა და სიყვარულით მექცეოდა, რომ ის ჯებირი, რომელსაც მანამდე ბზარები ჰქონდა გაჩენილი, საბოლოოდ გაირღვა და იმ მომენტში, ცხოვრებაში პირველად, თავი პატარა გოგონად ვიგრძენი. არ ვიცი, როგორ ავხსნა, უბრალოდ ვიტყვი, რომ ეს იყო ძალიან ეიფორიული განცდა. მას შემდეგ მთელი ცხოვრება დავდევდი ამ ემოციებს, ვცდილობდი მათ აღწარმოებას ჩემს ფანტაზიებსა და საკუთარ სხეულთან თამაშის ინტიმურ მომენტებში, მაგრამ სრულად ეს მაშინაც კი ვერ შევძელი, როდესაც მრავალი ათეული წლის შემდეგ, სხვა ქვეყანაში გადახვეწილი და ცხოვრების მეორე ნახევარში გადაბიჯებული, პირველად დავწექი ნამდვილ, რეალურ მამაკაცთან.

 

მოგზაურობა ჯადოსნურ გენდერლანდიაში

საკუთარი თავის იდენტიფიცირება ჩემთვის ხანგრძლივი პროცესი იყო და არ ვარ მთლად დარწმუნებული, რომ ის საბოლოოდ დასრულდა. ამ ეტაპზე, შემიძლია ვთქვა, რომ თავს აღვიქვამ ბიგენდერად, ანუ ადამიანად, რომელიც კომფორტულად გრძნობს თავს როგორც მამაკაცის, ასევე ქალის როლში.

გენდერული სწავლება არაა ზუსტი მეცნიერება, თანაც, ის ძალიან ახალგაზრდაა და, ბუნებრივია, რომ ჯერჯერობით ტერმინოლოგიასთან და სისტემატიზაციასთან დაკავშირებით საყოველთაო კონსენსუსი არ არსებობს. შესაძლოა, ასეთი კონსენსუსის მიღწევა საერთოდ შეუძლებელიც კი იყოს – გენდერული იდენტობის დახარისხება და თაროებზე შემოდება მარტივი საქმე არაა და მგონია, რომ ბევრი რამ ყოველთვის სუბიექტური და საკამათო იქნება.

ბიგენდერი ადამიანები ორი გენდერული იდენტობის მატარებლები არიან, ან ერთდროულად, ან მონაცვლეობით. ჩემს შემთხვევაში, ეს ორი იდენტობა არის მამაკაცური და ქალური, მაგრამ სხვისთვის ეს შეიძლება ნებისმიერი სხვა კომბინაცია იყოს, მათ შორის, არაბინარული იდენტობებისაც. ბიგენდერი ადამიანის იდენტობა შეიძლება იცვლებოდეს დროთა განმავლობაში, დამოკიდებული იყოს მოცემულ გარემოებაზე, ან რეაგირებდეს სპეციფიკურ ტრიგერებზე. სწორედ ასეთი გარდამავალი იდენტობის ადამიანებს ვეძახი მე პირადად გენდერფლუიდს. ბიგენდერული ადამიანი, როგორც წესი, სრულ კონტროლშია და თავად წყვეტს, როდის გადაერთოს ერთი გენდერული როლიდან მეორეში, გენდერფლუიდის შემთხვევაში კი, ეს პროცესი შეიძლება სპონტანური იყოს. ყველა ბიგენდერი ერთნაირად არ გამოხატავს თავის გენდერულ როლებს. ჩემთვის, მაგალითად, როლებს შორის გადართვა ხდება შესაბამისი ვიზუალური ცვლილებების თანხლებით, რაც პრაქტიკაში იმას ნიშნავს, რომ ქალის როლში ჩემთვის უკეთესია, თუ ქალურად გამოვიყურები (მაკიაჟი, ჩაცმულობა, სხეულიდან თმის მოშორება და ასე შემდეგ) და პირიქით, მამაკაცის როლში ყოფნისას, მირჩევნია, მქონდეს მამაკაცური გარეგნობა. სხვებისთვის გარეგნული ცვლილება შეიძლება საერთოდ არ იყოს აუცილებელი და მხოლოდ მენტალური გადართვაც საკმარისი იყოს. ზოგი ბიგენდერი ანდროგინულ გარეგნობას ამჯობინებს და ცდილობს, ქცევა-ჩაცმულობით გაამთლიანოს თავისი გენდერული იდენტობები და მოსპოს ზღვარი მათ შორის.

მინდა, დისფორიასაც შევეხო, რადგან ეს მნიშვნელოვანი მომენტია ბიგენდერული იდენტობის შემთხვევაში. მაგალითად, თუ ტრანსგენდერისთვის გარეგნული ფემინიზაცია პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან მისი საბოლოო მიზანი ქალის როლში პერმანენტული გადასვლაა, ბიგენდერისთვის ეს შეიძლება პრობლემატური იყოს, რადგან მას უნდა, რომ ჰქონდეს ერთდროულად ორი განსხვავებული სქესის ვიზუალური თვისებების მქონე სხეული, რაც რეალობაში ძალიან ძნელი მისაღწევია. ამის გამო, ბიგენდერულ ადამიანს შესაძლოა დისფორია შეექმნას, ანუ საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილება და შეგრძნება, რომ ის მოცემულ მომენტში ვიზუალურად არ შეესაბამება არჩეულ გენდერულ როლს. მსუბუქი დისფორია მეც მაქვს ჩემი მეტისმეტად „კავკასიური“ ცხვირის გამო, რომელიც ძალიან კი მომწონს მამაკაცის როლში, მაგრამ აშკარად ხელს მიშლის ქალად გარდასახვისას. ბიგენდერებისთვის ვიზუალური ასპექტი იმდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, რომ ზოგი მათგანი ჰორმონალურ თერაპიასაც კი მიმართავს, მიუხედავად იმისა, რომ ტრანზიცია არაა მათი საბოლოო მიზანი. რა დასამალია და მეც მიფიქრია ამაზე, თუმცა ჩემს ასაკში ეს ჯანმრთელობის რისკებს უკავშირდება და ამიტომ ჯერჯერობით თავს ვიკავებ.

ძალიან მნიშვნელოვანია და ხშირად გაუგებრობას იწვევს ბიგენდერულობის სექსუალური ასპექტი – ბიგენდერი ავტომატურად არ ნიშნავს ბისექსუალს. ბიგენდერი ადამიანი შეიძლება ნებისმიერი სექსუალური ორიენტაციის იყოს, ან სულაც ასექსუალური, ზოგ შემთხვევაში კი, მას შეიძლება ორი განსხვავებული ორიენტაცია ჰქონდეს, ორი გენდერული იდენტობიდან გამომდინარე. მე, პირადად, მამაკაცის როლში ცალსახად ჰეტეროსექსუალი ვარ, მაინტერესებს მხოლოდ ქალები და არათუ სხვა მამაკაცთან ყოფნა, არამედ ამაზე ფიქრიც კი არ შემიძლია. სქესობრივი კავშირის დამყარება მამაკაცთან ჩემთვის შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ქალის როლში, სრულად გარდასახულ მდგომარეობაში, მენტალურად და ვიზუალურად.

არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში შეიძლება ქალური ნაწილი გახდეს ჩემში დომინანტური, ან პირიქით, დასუსტდეს და საჭე მთლიანად მამაკაცურ საწყისს დაუთმოს. არაფერია მარმარილოში გამოკვეთილი და ჩემი მოგზაურობა ჯადოსნურ გენდერლანდიაში ჯერ კიდევ გრძელდება.

 

სიყვარულის ემიგრანტი

10 წელზე მეტია, რაც საქართველოდან წამოვედი. ეს არ იყო დაკავშირებული საკუთარი თავის გამოხატვასთან. როგორც აქ, ლიეტუვაში ამბობენ, meilės emigrantas (სიყვარულის ემიგრანტი) ვარ. მყავს აქაური მეუღლე და ის არის ჩემი საქართველოდან წამოსვლის ერთადერთი მიზეზი. ჩემი ურთიერთობა მომავალ მეუღლესთან ონლაინ-მეგობრობით დაიწყო. როდესაც ის პირველად გავიცანი, იმ მომენტში ჩემი იდენტობა იმ დონეზე იყო დასამარებული, რომ აზრადაც კი არ მომსვლია მასთან ამაზე საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მალე დავმეგობრდით და ერთმანეთს ყველაფერს ვუყვებოდით. მე მიამიტურად მჯეროდა, რომ ჩემში ქალური საწყისი სამუდამოდ იყო მიძინებული და როდესაც ჩვენმა ურთიერთობამ რომანტიკული ელფერი შეიძინა, ის ჩემი ბავშვური გრძნობები, როგორც მეგონა, სამარადჟამოდ დავბლოკე ცნობიერებაში.

საქართველოში ცხოვრებისას, კაბის ჩაცმას და გარეთ გასვლას მხოლოდ სიზმრებში და ოცნებებში ვბედავდი. შიშის გადალახვა ვერაფრით შევძელი და ყოველთვის მიკვირდა, როგორ ახერხებდნენ ამას საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი ქალები და გოგონები – უდიდეს პატივს ვცემ მათ და ქედს ვიხრი მათი სიმამაცისა და გამბედაობის წინაშე. საქართველოდან წამოსვლა რომ გადავწყვიტე, ჩემი ქალური მხარე კაი ხნის მიძინებული იყო. ამას ‘’ქლოზეთიც’’ აღარ ჰქვია, ჩემი იდენტობა სადღაც ბნელ სარდაფში, იატაკის ქვეშ იყო ჩაცემენტებული, სარდაფის გასაღები კი გადაყლაპული მქონდა. მხოლოდ ხანდახან, საკუთარ თავთან დარჩენილი და ინტიმურ ფანტაზიებში წასული, ვიხსენებდი ხოლმე ბავშვობისდროინდელ გრძნობებს და სულ ეგ იყო.

 

ჩემი ბედნიერების არქიტექტორი

ქორწინების პირველმა წლებმა მშვიდად ჩაიარა, მერე კი მოხდა ის, რასაც არანაირად არ მოველოდი: ჩემში უეცრად გაიღვიძა ათწლეულობით მიძინებულმა ქალურობამ, თან, ისე ინტენსიურად და ვნებიანად, რომ უბრალოდ სახტად დავრჩი. აღმოჩნდა, რომ მთელი ეს წლები სულ ტყუილად ვარწმუნებდი თავს, თითქოს ჩემი ორმაგი სექსუალობა ბავშვობის ქიმერა იყო და სხვა არაფერი. თანაც ტრიგერის როლი სასაცილოდ უბრალო ნივთმა შეასრულა: ეს იყო ბაკუნა ორთოპედიული ფლოსტები! უბრალოდ, არ ვიცოდი, რა მექნა. ცოლთან ყოველთვის გულახდილი ვიყავი, მაგრამ ამის გასამხელად იმ მომენტში ნამდვილად ვერ ვიქნებოდი მზად. დავიწყე ჩუმ-ჩუმად გადაცმები (ცოლის კაბების უმეტესობა მერგებოდა, საბედნიეროდ) და გავიხსენე სიყმაწვილისდროინდელი სექსუალური ფანტაზიები.

ასე გავიდა რამდენიმე წელი. რაღაც მომენტში გავიაზრე, რომ ამ ყველაფერს ცოლისგან ფარულად ვაკეთებდი და ამან გამომაფხიზლა. დარწმუნებული ვიყავი, რომ მეუღლე გამიგებდა, მაგრამ საყვარელი ადამიანისთვის ასეთი რამის თქმა, ამდენი წელი ერთად ცხოვრების შემდეგ, მაინც არ იყო იოლი. არადა, სხვა გზა არ მქონდა, ამიტომ მოვიკრიბე მთელი გამბედაობა და ერთ ღამეს, დაახლოებით სამი წლის წინ, ყველაფერი მოვუყევი, იმ ჩემი ბავშვობის დროინდელი ‘’ცოლ-ქმრობანას“ თამაშით დაწყებული და ხელახლა გაღვიძებული ქალური საწყისით დამთავრებული. მეუღლემ ყველაფერი ზუსტად ისე მიიღო, როგორც მოველოდი, ის არაჩვეულებრივი ადამიანია და ძალიან გამიმართლა, რომ ჩვენ ერთმანეთს მივაგენით. მან მყისიერად აღმითქვა სრული მხარდაჭერა, ყოველგვარი გადახარშვის, მოფიქრებისა და პირობების გარეშე. იმ ღამიდან, ფაქტობრივად, მეორე თუ მესამე დღეს ის უკვე ლიფის მორგებასა და მაკიაჟის გაკეთებაში მეხმარებოდა. ასე დაიბადა ლუნა, ჩემი ქალური ალტერ ეგო, ვისაც დღეს ესაუბრებით.

თავიდანვე შევთანხმდით, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში ჩემთვის საკმარისი იქნებოდა ქალად გადაცმა და სექსუალური სათამაშოები, მაგრამ ადრე თუ გვიან აუცილებლად დამჭირდებოდა ნამდვილ მამაკაცთან შეხვედრა და სექსი, რადგან სხვანაირად ვერასოდეს ვიგრძნობდი თავს სრულყოფილად. მან მირჩია, რომ არ ავჩქარებულიყავი და ჯერ უბრალოდ მივჩვეოდი ქალის როლში ყოფნას. ასე გავიდა ორი წელი. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ჩვეულებრივად ვცხოვრობდი და ვმუშაობდი, როგორც მამაკაცი, შაბათ-კვირას კი ქალად გარდავისახებოდი ხოლმე. თავიდან ეს მხოლოდ სახლში ხდებოდა, მერე კი ნელ-ნელა გარეთ დავიწყე გასვლა, ცოლის თანხლებით. ძირითადად, სუპერმარკეტებსა და მაღაზიებში დავდიოდით ერთად, ზოგჯერ კი, უბრალოდ ვსეირნობდით.

ალბათ, იოლი წარმოსადგენია, როგორი შეგრძნება იქნებოდა ჩემთვის ათწლეულობით ოცნებებისა და სიზმრების შემდეგ კაბის ჩაცმა და ქალაქში გასვლა. ეს ყველაფერი კი რეალობად იქცა მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მეუღლის სიყვარულისა და მხარდაჭერის წყალობით. გასული წლის დასაწყისში საბოლოოდ მივიღე მწვანე შუქი და მომენტალურად გამოვჭედე მობილური ყველანაირი dating app-ებით, გრაინდერით დაწყებული, ტინდერით დამთავრებული. ეს იყო შარშან, თებერვალში. მარტის ბოლოს პირველ მამაკაცთან ვიყავი, რამაც საბოლოოდ დამარწმუნა, რომ ჩემი ქალურობა არ იყო უბრალო ახირება და აკვიატებული ფანტაზიები. კაცთან ფიზიკური სიახლოვე ისეთივე ბუნებრივი და სასიამოვნო აღმოჩნდა ჩემთვის, როგორც ნებისმიერი ჰეტეროსექსუალი ქალისთვის.

მაგრამ, არ მინდა ვინმეს ეგონოს, რომ ჩემი ცოლი ყველა გადაწყვეტილებას იოლად და მარტივად იღებდა. მისთვის ყველაზე ძნელი მამაკაცებთან შეხვედრების ეტაპი იყო – წარმოუდგენელია, ვინმემ იოლად დაუთმოს საყვარელი ადამიანი სხვა სექსუალურ პარტნიორს. ჩემს მეუღლესაც ჰქონდა თავისი შინაგანი ბრძოლები ამასთან დაკავშირებით, მაგრამ, ჩემდა საბედნიეროდ, მასში გადაძლია იმის გააზრებამ, რომ სხვანაირად ჩემს სულიერ სიმშვიდესა და შინაგან ჰარმონიას ვერ მივაღწევდი.

ამჟამად ცხოვრების ისეთ ეტაპზე ვიმყოფები, როდესაც შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ვარ ბედნიერი, რადგან ჩემი სექსუალობა მიჩქმალული აღარაა, მისი ორივე შემადგენელი ნაწილი კი ჰარმონიაშია და დაბალანსებულია. ამ მომენტში ვცხოვრობ სრული ცხოვრებით არა მხოლოდ მამაკაცის, არამედ ქალის როლშიც. კი, რა თქმა უნდა, წინ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი. ჯერ კიდევ მიხდება ჩემი ქალური პერსონის საიდუმლოდ შენახვა, დისკრეტულობა და სიფრთხილის დაცვა, მაგრამ სამიოდე წლის წინ საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე კაბაში გამოწყობილი ვივლიდი ქალაქის ქუჩებში, მამაკაცებთან შეხვედრები ხომ საერთოდ ფანტასტიკის სფეროდან იყო!

ამ ჩემი ბედნიერების არქიტექტორი თავიდან ბოლომდე ჩემი მეუღლეა, ჩემგან კი მხოლოდ ის იყო საჭირო, რომ გამებედა და მისთვის გამენდო ჩემი ფარული მხარე, რომლის არსებობის შესახებ მანამდე არავინ იცოდა. მხოლოდ იმას ვნანობ, რომ ეს გაცილებით ადრე არ გავაკეთე.

 

ლუნა აბეზაროვა

ჩემი „გვარის“ ისტორია საკმაოდ სახალისოა. ერთმა მეგობარმა მამაკაცმა, რომელიც ქართველია და აქ, ვილნიუსში გავიცანი, მთხოვა, რომ სამშენებლო ნარჩენების ქალაქგარეთ გატანაში დავხმარებოდი. ამას სატვირთო მიკროავტობუსის დაქირავება და მისი მართვა დასჭირდებოდა, რაც მას თავად არ შეეძლო მართვის მოწმობის არქონის გამო. როგორც ხვდებით, ეს მამაკაცი ჩემი ინტიმური პარტნიორი იყო და მე მხოლოდ ლუნას სახით მიცნობდა, ამიტომ ტვირთის გადაზიდვა, ბუნებრივია, ქალად გადაცმულს მომიწევდა. ეს ჩემთვის ერთგვარ გამოწვევას წარმოადგენდა, რადგან ქალის როლში სატვირთო მანქანა, თანაც მექანიკური გადაცემათა კოლოფით, მანამდე არასოდეს მიტარებია. თავიდან ცოტა გამიჭირდა მართვა, მაგრამ მალე მივეჩვიე. ძალიან უჩვეულო და მხიარული „როუდტრიპი“ გამოგვივიდა, გზაში ბევრი ვიხუმრეთ და ვიხალისეთ. დავალება წარმატებით შევასრულე.

სწორედ იმ დღეს, ჩემი ტრადიციული ენაკვიმატობისა და წარმატებული მძღოლობის გამო, ჩემმა პარტნიორმა „აბეზარა“ შემარქვა. არის ეგეთი ქართული კინოკომედია, რომელშიც ლეილა აბაშიძე მხიარულ და ენამოსწრებულ მძღოლს განასახიერებს. მეტსახელი ძალიან მომეწონა, შევიფერე და მას მერე დიდი პატივით ვატარებ. როდესაც ლუნასთვის ფეისბუქის ექაუნთს ვქმნიდი, გვარის გამოგონება დამჭირდა და სწორედ მაშინ გამახსენდა ეს ჩემი მეტსახელი. რუსული დაბოლოება (-ოვა) ორი მიზეზის გამო ავირჩიე: პირველ რიგში, ქალური დაბოლოება ხაზგასმულად ფემინურია; მეორე მომენტი ისაა, რომ „აბეზაროვა“ ეთნიკურად გაურკვეველი გვარია, არც რუსულია, არც ქართული, უფრო სომხური, აზერბაიჯანული ან ჩრდილოეთკავკასიური ჟღერადობა აქვს. მე არ ვმალავ ჩემს ქართულ წარმომავლობას, მაგრამ მომწონს, როცა ვინმეს ჩემი ეთნიკურობის გამოცნობა უჭირს, ეს ჩემთვის ერთგვარი თამაშია.

 

სამყარო წინ მიდის და დრო ჩვენს მხარესაა

შეიძლება აქტივიზმისგან შორს ვიყო, მაგრამ თავს ლგბტ თემის წევრად ვთვლი, ჩემზეც მოქმედებს ჩვენდამი საზოგადოების დამოკიდებულება და არ ვარ დისტანცირებული იმ პრობლემებისგან და გამოწვევებისგან, რომელთა წინაშეც სექსუალური უმცირესობები დგანან დღევანდელ რეალობაში. აქ, ვილნიუსში, არის ერთი თავშეყრის ადგილი, სადაც ქვიარ თემის წევრები და აქტივისტები იკრიბებიან და მეც დროდადრო ვესწრები ხოლმე მათ შეკრებებს.

ვთვლი, რომ ჩვენი თემიდან განსაკუთრებული ყურადღება და მხარდაჭერა ტრანსგენდერ ადამიანებს ესაჭიროებათ. ამ მხრივ ძალიან სავალალო სიტუაციაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ისეთ მეტ-ნაკლებად დალაგებულ ქვეყანაშიც, როგორიც ლიეტუვაა. ტრანსგენდერები ორმაგი წნეხის ქვეშ იმყოფებიან. ერთის მხრივ, ეს არის საზოგადოების მხრიდან მათდამი, რბილად რომ ვთქვათ, არატოლერანტული დამოკიდებულება, რასაც მეტ-ნაკლებად მთელი ლგბტ სპექტრი განიცდის, მეორეს მხრივ კი, უმძიმესი ფინანსური წნეხი, რაც ჰორმონალურ თერაპიასა და ტრანზიციას უკავშირდება. სახელმწიფო აბსოლუტურად არაფერს აკეთებს ამ ხალხის დასახმარებლად და ხშირად პირიქით, დაბრკოლებებსაც უქმნის.

თუ საქართველო ევროპულ გზას ადგას არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ საქმითაც, მაშინ ჩვენმა სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გაიაზროს თავისი როლი სექსუალურ უმცირესობებთან დამოკიდებულებაში და რეალურად დაიწყოს მათი პრობლემების გადაჭრაზე ფიქრი, რაც, პირველ რიგში, ჩემი აზრით, ლგბტ თემის წარმომადგენლებთან თანამშრომლობასა და მათი უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან პარტნიორობაში უნდა გამოიხატებოდეს. სამწუხაროდ, რასაც დღეს ვხედავ, ამის სრულებით საწინააღმდეგო სიტუაციაა. არ მინდა, მეტისმეტად გადავიჭრა პოლიტიკაში, მაგრამ არ შემიძლია, არ ვთქვა, რომ ჩვენი დღევანდელი მთავრობა არათუ არ თანამშრომლობს ლგბტ თემთან, არამედ მას უყურებს, როგორც პრობლემას, გამაღიზიანებელ უხერხულობას, რომელიც მათ უდროო დროს გამოუხტებათ ხოლმე და ხელს უშლის „უფრო მნიშვნელოვანი საქმეების“ განხორციელებაში. ამის ნათელ დადასტურებას ლგბტ თემის მიერ ორგანიზებული ნებისმიერი აქტივობის დროს ვხედავთ. უფრო მეტიც, ხშირად ქვეყნის წამყვანი პირების მხრიდან გვესმის სამარცხვინო და საშიში რიტორიკა, რომელიც პირდაპირ აქეზებს ბნელ და მოძალადე ელემენტებს. ეს უბრალოდ მიუღებელია.

რა უნდა ვქნათ თავად ქვიარებმა, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალოს? უბრალოდ, არ უნდა დავნებდეთ, ჯიუტად უნდა განვაგრძოთ ბრძოლა ჩვენი უფლებებისათვის ყველა დონეზე, ვისაც როგორ შეგვიძლია. აქტივისტებმა თავიანთ ორგანიზაციებში, თემის უბრალო წევრებმა კი შეძლებისდაგვარად, პირად საუბრებში, ვინმეს აზრის შეცვლა იქნება ეს თუ სოციალურ ქსელებში სხვადასხვა საკითხების წამოწევა და საჭირბოროტო თემების გაზიარება.

სამყარო წინ მიდის და დრო ჩვენს მხარესაა, გვჭირდება მხოლოდ მოთმინება და გამძლეობა. არ მინდა, სადღეგრძელო გამომივიდეს, მაგრამ გულწრფელად მჯერა, რომ სიყვარული აუცილებლად გაიმარჯვებს!

 

ინტერვიუ მომზადებულია საქართველოში ქალთა ფონდის (WFG) მხარდაჭერით

 

წინა

ისრაელში გეი წყვილებს სუროგაციაზე თანაბარი უფლებები ექნებათ

შემდეგი

EUPHORIA მეორე სეზონით ბრუნდება

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,