მე ვარ აია ბერაია, ქვიარი ქალი და გენდერის მკვლევარი.
სამაგისტრო პროგრამა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავამთავრე და შემდეგ, სწავლის პარალელურად, ფემინისტურ და ქვიარ აქტივიზმში ჩავერთე. სურვილი, გენდერის კვლევის პროგრამაზე რომ მესწავლა, მოვიდა ჩემი რეფლექსიიდან იმაზე, თუ როგორ უთანასწორო საზოგადოებაში ვცხოვრობთ, მათ შორის, უთანასწორობაზე ქალებსა და კაცებს შორის და იმ პატრიარქალურ ტენდენციებზე, რომელთა დანახვაც, ფაქტობრივად, ყოველდღიურობაშია შესაძლებელი.
ჩემი ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი ნაწილია ისიც, რომ აფხაზეთიდან დევნილი ვარ.
ბავშვობის წლები
სოხუმი ბუნდოვნად მახსოვს, სამი წლის ვხდებოდი, როცა წამოვედით. თავიდან სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში, ბებიასთან ვცხოვრობდით. იმ დროს ჩემი მშობლები სტუდენტები იყვნენ, ძალიან ახალგაზრდები თბილისში ჩამოვიდნენ და, ასე ვთქვათ, თბილისი იყო მათთვის თავშესაფარი.
დევნილის სტატუსმა ჩემს ცხოვრებაზეც მოახდინა გავლენა. თბილისის ერთ-ერთ ელიტურ საჯარო სკოლაში დავდიოდი და იქ სულ ვმალავდი, რომ დევნილი ვიყავი – სირცხვილი იყო ეს სტატუსი და სირცხვილი იყო ის სიღარიბე, რომელიც ამ სტატუსს უკავშირდებოდა. დევნილობა დღემდე სტიგმაა, მაშინ საზოგადოებამ არ გამოიჩინა ის სოლიდარობა და მხარდაჭერა დევნილების მიმართ, რაც უნდა გამოეჩინა. სამწუხაროდ, ეს გრძელდება და თანამედროვე მოვლენებიც ამას გვიდასტურებს.
ბავშვობაში კულტურამ მოახდინა ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა, ვგულისხმობ წიგნებს, გარკვეულ ფილმებსა და სერიალებს, რომლებზეც მაშინ მიმიწვდებოდა ხელი. ვკითხულობდი ასტრიდ ლინდგრენს, მარკ ტვენს… ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნაწარმოები ჰარი პოტერი იყო – იმ სამყარომ და იმ პერსონაჟებმა, რომლებიც ამ წიგნებში იყო აღწერილი, დიდი გავლენა მოახდინა ჩემი ღირებულებების ჩამოყალიბებაზე.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ დავდიოდი ბაირონის სკოლაში, სადაც ინგლისურს მასწავლიდნენ. ამან გამიხსნა გზა ბრიტანული და სხვა კულტურებისკენ და კიდევ უფრო მეტად დამეხმარა, რომ სამყაროს მრავალფეროვნება დამენახა.
ქვიარობის გააზრება
ალბათ, პირველად ამაზე თინეიჯერობის დროს, გარდატეხის ასაკში დავფიქრდი. თუმცა, რა თქმა უნდა, მაშინ არც “ქვიარი” ვიცოდი რას ნიშნავდა და არც ის, ვინ იყო ლესბოსელი ან ბისექსუალი. ზოგადად, სექსუალობაზე არ მქონდა დიდად ინფორმაცია და წარმოდგენები. თუმცა საკუთარ თავს ისე აღვიქვამდი, რომ მე განსხვავებული ვიყავი იმ გოგოებისგან, რომლებსაც ჩემ ირგვლივ ვხედავდი. ვაკვირდებოდი, როგორ რეაგირებდნენ ისინი გარემოზე და როგორ გამოხატავდნენ საკუთარ თავს, მაგალითად, თინეიჯერობის ასაკში ბევრმა გოგომ დაიწყო რაღაცნაირი გაპრანჭვა, უფრო ფემინურად ჩაცმა, მაკიაჟის გამოყენება… მე ეს არასდროს მაინტერესებდა და პირიქით, პროტესტი მქონდა, როდესაც მთხოვდნენ, რომ უფრო “გოგოსავით” ჩამეცვა და “გოგოსავით” მოვქცეულიყავი. მაშინ დავფიქრდი პირველად, რომ რაღაც მთლად “ჩვეულებრივად” არ იყო.
პირველად ქამინგაუთი და თვითგამორკვევაც, ვფიქრობ, უფრო მას შემდეგ მოხდა, რაც გენდერის კვლევის პროგრამაზე დავიწყე სწავლა. რაღაცნაირად გარდამტეხი მომენტი იყო ჩემთვის, იმიტომ, რომ იქ შევიძინე მეგობრები, რომლებსაც ღიაობა ჰქონდათ ამ საკითხის მიმართ. მანამდე ასეთი მეგობრები არ მყავდა. ამ ყველაფერმა მეც გამხსნა, აღმომაჩენინა საკუთარი თავი და მიბიძგა იმისკენ, რომ ჩავრთულიყავი აქტივიზმში.
ჩემს ოჯახს რაც შეეხება, დედასთან ქამინგაუთი გაკეთებული მაქვს. ის საკმაოდ ღია და ლიბერალური დამოკიდებულებების ადამიანია და, კი, ვიტყოდი, რომ ჩემი მხარდამჭერია. ამ კუთხით ნამდვილად გამიმართლა, განსხვავებით თემის ბევრი წევრისგან.
ტრავმული გამოცდილებები და ბარიერები
ჩემი ქვიარობის გამო მეგობრებიც დამიკარგავს. მიგრძნია, რომ გარიყული ვარ გარკვეული ჯგუფებისგან, მიგრძნია, რომ ცუდ ადამიანად ვითვლები… ზოგადად, საზოგადოებაში ცუდი რაც ხდება, თითქოს ეს რაღაცები მე მომეწერება ჩემი იდენტობის გამო. ხომ უცნაურია, მაგრამ ასე ხდება –
ჩვენი თემი არის ერთგვარი განტევების ვაცი, რომელსაც ბრალდება ის გაჭირვება, ომი და კატაკლიზმები, რომლებიც ხდება და შემდეგ ძალადობასაც ეს დამოკიდებულებები კვებავს.
სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში თავს თავისუფლად არ ვგრძნობ. თავისუფლება იქნებოდა, შემეძლოს, ავტონომიურად, თავისუფლად განვსაზღვრო ჩემი ღირებულებები, ჩემი ინტერესები, ჩემი სურვილები. არა მხოლოდ განვსაზღვრო და თავში მქონდეს ეს ყველაფერი, არამედ შემეძლოს მათი განხორციელება უსაფრთხო გარემოში. ამ ეტაპზე, ჩემთვის მნიშვნელოვანია გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, რასაც სახელმწიფო შეგნებულად არ უზრუნველყოფს, ასევე, სხვადასხვა ჯგუფისა და ქვიარ ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა და ეს განსაკუთრებით თემის წევრებს ურტყამს, რომლებიც ხშირად ისედაც ჩაგრულები და გარიყულები არიან ოჯახებისგან, სამუშაო გარემოსგან და ა.შ. ადამიანის საბაზისო მოთხოვნილებები, საცხოვრისი, ჯანდაცვა, განათლება – ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი.
***
ქვიარ ქალებს ბევრი დამატებითი ბარიერი გვაქვს ცხოვრებაში. ერთ-ერთი ასეთი გამოწვევაა სექსუალური შევიწროება. ვფიქრობ, ქვიარი ქალი კიდევ უფრო მოწყვლადია სექსუალური შევიწროების მიმართ, შეიძლება ეს იყოს საჯარო სივრცეში, ქუჩაში, სამსახურშიც. გარდა ამისა, ქვიარ ადამიანებს არ გვაქვს თანასწორი ქორწინების უფლება – სამოქალაქო უფლებები და ის ბენეფიტები, რომლებიც მოჰყვება ქორწინების უფლებას. ეს კიდევ ერთი სფეროა, სადაც ვგრძნობთ, რომ სახელმწიფოს მიერ არ ვართ აღიარებული, როგორც თანასწორი მოქალაქეები. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი ამჟამად ინდივიდუალურად მე არ მიდგას დღის წესრიგში, ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა გარემოება და შესაძლებლობა რომ იყოს, არ გამოვრიცხავ, მეფიქრა კიდეც.
ხილვადობის პოლიტიკა
პირველ რიგში, ჩვენ, აქტივისტები ვითხოვთ, რომ ჩვენი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული, იმისთვის, რომ ვისაუბროთ, რა გვჭირდება. ამისთვის მნიშვნელოვანია, გვქონდეს სივრცე და ამ კუთხით ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს – საჯარო სივრცეში ვერ ვიკრიბებით. ჩვენი თემისთვის ხილვადობის პოლიტიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არ უნდა დავთმოთ, უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით და პრაიდის ინიციატივა ამისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. რაც შეეხება ქუჩაში საჯარო გამოსვლას, დემონსტრაციას, მუდმივად არსებობს კითხვა, რამდენად გვაქვს ამის შესაძლებლობა და სწორია, რომ ეს კითხვაც არის. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ,
ჩვენ მუდმივად უნდა გვქონდეს მიზნად, რომ გამოხატვის ამ გზას, რასაც საჯარო შეკრება და მარში ჰქვია, მივაღწიოთ. ყოველთვის უნდა განვიხილავდეთ, ჩავატაროთ თუ არა პრაიდი. ეს საკითხი დღის წესრიგში მუდმივად უნდა იდგეს.
ხილვადობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქამინგაუთი. რაც უფრო მეტი ადამიანი გამოჩნდება, რაც უფრო მეტი ადამიანი ისაუბრებს საკუთარ თავზე და თემის სახელით, მით უფრო მეტად დაინახავს საზოგადოება, რომ ეს თემიც ამ საზოგადოების ნაწილია, დაინახავს იმ პრობლემებს, რომლებიც თემს აწუხებს. გარდა ამისა, ქამინგაუთი მნიშვნელოვანია თვითონ იმ სოციალური წრეებისთვის, რომლებშიც უშუალოდ ჩვენ ვართ – ჩვენი ოჯახი, ჩვენი სამეზობლო, სამეგობრო, კოლეგები… ეს კვლევებითაც დასტურდება – როდესაც ადამიანი უშუალოდ იცნობს ლგბტქი თემის წარმომადგენელს, მაშინ ის უფრო ნაკლებად არის განწყობილი ჰომოფობიურად და ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია, რომ შენმა უშუალო წრემ დაგინახოს.
ხალხის ცნობიერების ამაღლებაც აუცილებლად უკავშირდება ხილვადობას. როგორც აღვნიშნე, საჯარო დემონსტრაციის ჩატარება საკამათო საკითხია ხოლმე, მაგრამ მარშის გარდაც ბევრი ფორმა არსებობს, რომლითაც ხილვადობის გაზრდა შეგვიძლია. მაგალითად, ასეთია თბილისი პრაიდის მიერ ორგანიზებული პრაიდ ფესტივალი, რომელსაც შარშანაც 2000-მდე ადამიანი დაესწრო. ვფიქრობ, ასეთი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, ასევე, აუცილებელია ონლაინ კამპანიები და მედიაში აქტიურობა.
***
მიუხედავად სირთულეებისა, მაინც ვფიქრობ, რომ მთავარია, არ დავნებდეთ, შევინარჩუნოთ უკეთესი მომავლის რწმენა და გავაგრძელოთ ჩვენი სივრცეების შექმნა, განვითარება და გაძლიერება.