/

სტატისტიკური მონაცემები საქართველოში ლგბტქი თემის უფლებრივ მდგომარეობაზე

ლგბტქი საზოგადოება დიდი ხანია იბრძვის თანაბარი უფლებებისა და მიმღებლობისთვის მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც. იმის მიღებისთვის, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების ფორმირება, რომელიც პატივს სცემს და იცავს ლგბტქი ინდივიდების უფლებებს, გადამწყვეტია სამი ძირითადი ასპექტის განხილვა: გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან თავისუფლება და დასაქმების შესაძლებლობები. სტატიაში განვიხილავთ რა მდგომარეობა იყო წლების განმავლობაში საქართველოში ლგბტქი თემის უფლებრივი მდგომარეობის კუთხით.

გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება

გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება გადამწყვეტ როლს თამაშობს საქართველოში ლგბტქი უფლებების განვითარებისთვის. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, ღიად გამოხატოს თავისი სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა დისკრიმინაციის ან შიშის გარეშე. ლგბტქი პირებისთვის შეკრების უსაფრთხო სივრცეების უზრუნველყოფით, როგორიცაა პრაიდ აღლუმები, საპროტესტო აქციები და საზოგადოებრივი ღონისძიებები, საქართველოს შეუძლია ხელი შეუწყოს ხილვადობას და წაახალისოს დიალოგი ლგბტქი საკითხებზე. გამოხატვისა და შეკრების უფლების დაცვა ნიშნავს ლგბტქი ხმების მოსმენას და პატივისცემას, რაც იწვევს ცნობიერების, გაგებისა და სოციალური პროგრესის გაზრდას.

საქართველოში ლგბტქი პირთა მიერ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობა კვლავ არსებითი პრობლემაა, რაც საზოგადოებაში ცალკეული ჯგუფების მხრიდან საჯარო სივრცის პრივატიზების მცდელობას უკავშირდება. დომინანტი რელიგიური, ასევე, ულტრაკონსერვატიული ძალადობრივი ჯგუფების მიერ ლგბტქ თემის მხრიდან შეკრების თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობა ლიმიტირებულია და საჯარო სივრცეში ლგბტქ პირთა ნებისმიერი ფორმით გამოჩენა „ჰომოსექსუალობის პროპაგანდად აღიქმება“.

2019 წლის მოვლენები

17 მაისი (IDAHOT), როგორც ჰომოფობიის, ტრანსფობიის და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე, წლიდან წლამდე ინსტიტუციური და საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური განწყობების მანიფესტირების დღედ იქცა. აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფების მხრიდან ძალადობისკენ არაერთი საჯარო მოწოდების მიუხედავად, სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ამ ქმედებებს შესაბამისი და ადეკვატური რეაგირება არ მოჰყოლია. მაგალითისთვის, 2019 წლის ივნისში, „თბილისი პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში „ღირსების მარშის“ ჩატარებასთან დაკავშირებით, ულტრაკონსერვატიული და ძალადობრივი ჯგუფის მხრიდან შეკრების საწინააღმდეგოდ არაერთი საჯარო ძალადობრივი მოწოდება (ძალადობისკენ საჯაროდ მოწოდება) გაკეთდა. მათ „სახალხო ლეგიონების“ შექმნა და ქუჩებში პატრულირება დაანონსეს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ ამ ფაქტზე, ფორმალურად გამოძიება დაიწყო, მას შედეგი დღემდე არ მოჰყოლია.

ასევე უნდა აღინიშნოს 2019 წლის 8 ნოემბერს, თბილისში, ფილმის, „და ჩვენ ვიცეკვეთ“, პრემიერისას განვითარებული მოვლენები. კინოთეატრთან შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფები ღიად დაუპირისპირდნენ როგორც ფილმის სანახავად მისულ მაყურებელს, ისე პოლიციის თანამშრომლებს. ადგილზე 27 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მოხდა, რომელთა მიმართაც დაიწყო გამოძიება, კერძოდ, პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის მანქანის დაზიანებასთან დაკავშირებით. თუმცა აღსანიშნავია სახელმწიფოს უყურადღებობა ფილმის პრემიერამდე ძალადობრივი ჯგუფების ლიდერების განცხადებების მიმართ, რომლებიც საჯარო მუქარას მიმართავდნენ და მხარდამჭერებს კინოჩვენების ჩაშლისკენ მოუწოდებდნენ.

2019 წლის ივნისში, „თბილისი პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში, „ღირსების მარშის“ ჩატარებასთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი განაცხადა შეკრების შემთხვევაში უზრუნველეყო მონაწილეთა უსაფრთხოება, ამასთან, საქართველოს საპატრიარქომ ოფიციალური მოწოდება გამოაქვეყნა, რომლითაც საქართველოს მთავრობას მოუწოდებდა, არ დაეშვა „თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებული „ღირსების მარშის“ გამართვა. საპასუხოდ, 14 ივნისს, მთავრობის კანცელარიასთან „თბილისი პრაიდის“ მხარდამჭერებმა გამართეს აქცია, სახელმწიფოსგან მათი შეკრების უფლების გარანტირების მოთხოვნით. აქციის ორგანიზატორებისა და აქტივისტების ნაწილს ულტრაკონსერვატიული პოლიტიკური და კლერიკალური ჯგუფები დაუპირისპირდნენ, რომელთა ლიდერები და წევრები ღიად გამოხატავდნენ ძალადობრივ ქმედებებსა და განზრახვებს.

2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენები

1-5 ივლისის კვირის განმავლობაში ლგბტ+ ჯგუფმა და მათმა მხარდაჭერებმა, სამოქალაქო მოძრაობა „თბილისის პრაიდმა“, ასევე, მოძრაობამ, „სირცხვილია“ და სხვა სამოქალაქო აქტივისტებმა ორგანიზება გაუწიეს პრაიდის ღონისძებათა ციკლს. 5 ივლისი ამ ღონისძიებათა კულმინაცია უნდა გამხდარიყო, და დასრულებულიყო საღამოს 18:00 საათზე „ღირსების მარშით“ თბილისის ცენტრალურ უბანში. საქართველოში არსებულმა რადიკალურმა, ულტრამემარჯვენე, კონსერვატიულმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა, ღონისძიების დაანონსებისთანავე დაიწყეს სოციალური ქსელების საშუალებით მობილიზება და თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სიძულვილის ენის საჯარო ტირაჟირება და ძალადობისკენ მოწოდება, მათ შორის, ტელევიზიის საშუალებით („ალტ-ინფო“).

სამართალდამცავ ორგანოებს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სიტუაციის კრიტიკულად დაძაბვამდე ევალებოდათ შესაბამისი ზომების მიღება შეკრების ან მანიფესტაციის დაუყოვნებელი შეწყვეტისთვის. თუმცა, მიუხედავად კონტრდემონსტრაციაზე გაჟღერებული სიძულვილის ენისა და ძალადობის საჯაროდ მოწოდებისა, სამართალდამცავ უწყებებს აქციის შესაწყვეტად შესაბამისი ზომები არ გამოუყენებიათ.

ძალადობრივ ქმედებები განვითარდა 6 ივლისსაც, როდესაც მოქალაქეები ლგბტ+ ადამიანთა უფლებებისა და ჟურნალისტთა მხარდასაჭერად შეიკრიბნენ საქართველოს პარლამენტის შენობასთან. ეს მშვიდობიანი შეკრება კვლავ ძალადობრივი კონტრდეონსტრაციის სამიზნე გახდა, ადგილზე მყოფი სამართალდამცავი ორგანოების რაოდენობა კი კვლავ კრიტიკულად მცირე იყო. 

ფსიქოლოგიური, ფიზიკური ძალადობისგან თავისუფლება

ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან თავისუფლება არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება, რომელიც დაცული უნდა იყოს ყველა ინდივიდისთვის, განურჩევლად მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა. ლგბტქი პირები საქართველოში ხშირად აწყდებიან სხვადასხვა სახის დისკრიმინაციას, შევიწროებას, ძალადობის ღრმად ფესვგადგმული საზოგადოების გამო.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) 2020 წლის კვლევაში ვკითხულობთ, რომ:

  • რესპონდენტების 52% ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამხდარა ძალადობის მსხვერპლი მთლიანად ან ნაწილობრივ, საკუთარი სექსუალური ორიენტაციის ან/და გენდერული იდენტობის გამო.
  • გამოკითხული რესპონდენტებიდან ძალადობის გამოცდილება ყველაზე მაღალია გეი (65.5%) და ტრანსგენდერ (61.8%) რესპონდენტებში.
  • ძალადობის გამოცდილება მაღალია თბილისში (57%), აჭარასა (53.3%) და იმერეთში (43.8%) მცხოვრები რესპონდენტების შემთხვევებში.
  • რესპონდენტები ყველაზე ხშირად დაექვემდებარნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას (91%) და ფსიქოლოგიურ ძალადობას (81%).
  • რესპონდენტების მესამედის შემთხვევაში, ადგილი აქვს ფიზიკური ძალადობის მუქარისა (75%) და ბულინგის (ფიზიკურ ან ონლაინ სივრცეში) შემთხვევებს (73%).

აღსანიშნავია, რომ რომ მოძალადედ ყველაზე ხშირად დასახელდა უცხო ადამიანი (40) და ადამიანი სანაცნობო წრიდან (39). შემთხვევები, როდესაც ძალადობა განხორციელდა რადიკალი, ნეოკონსერვატული დაჯგუფებების წევრების მხრიდან, გამოკითხვაში შეადგენს 13-ს. თითქმის თანაბარი სიხშირით დასახელდა რესპონდენტების მხრიდან მოძალადედ ოჯახის წევრი/მეურვე (10 შემთხვევა) ან პარტნიორი (9 შემთხვევა).

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკა არსებითად გაუმჯობესდა. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სახელმწიფო უწყებების მხრიდან დანაშაულთა მიმართ რეაგირების ხარისხის ასამაღლებლად, ასევე, სამართალდამცავ უწყებებსა და სასამართლოს შორის ერთიანი სტატისტიკის საწარმოებლად, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჰომო/ტრანსფობიურ დანაშაულებზე სახელმწიფოს რეაგირება ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს ეფექტიანობის, დროულობისა და მიუკერძოებლობის სტანდარტებს. სახელმწიფოს დღემდე არ აქვს შექმნილი სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის ერთიანი სტრატეგია, რაც უზრუნველყოფდა ამგვარ დანაშაულთა ნეგატიური სოციალური ეფექტის გამოვლენას, რაც, შესაძლოა, არსებით საფრთხეს უქმნიდეს როგორც საზოგადოებაში პლურალიზმისა და თანასწორობის პრინციპის დამკვიდრებას, ისე დემოკრატიული და უსაფრთხო გარემოს შექმნას.

დასაქმების უფლება

თანაბარი დასაქმების შესაძლებლობების უზრუნველყოფა გადამწყვეტია, რომ ლგბტქი თემის წარმომადგენლებმა იცხოვრონ სრულფასოვნად  და წვლილი შეიტანონ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ სტრუქტურაში. სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის საფუძველზე დასაქმების დისკრიმინაციამ შეიძლება შეზღუდოს კარიერული პერსპექტივები, გააძლიეროს ეკონომიკური უთანასწორობა და შეაფერხოს პიროვნული ზრდა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მკაცრი კანონმდებლობის დანერგვა, რომელიც კრძალავს სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციას და იცავს ლგბტქი პირებს უსამართლო მოპყრობისგან.

2018 წელს ჩატარებული კვლევა (Aghdgomelashvili E., From Prejudice to Equality: LGBT persons in Georgia) აჩვენებს, რომ ლესბოსელ და ბისექსუალ ქალთა 28.2% მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული გამოხატვის გამო დაექვემდებარა დისკრიმინაციას სამუშაო ადგილზე, უმეტეს შემთხვევაში კი ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციას სამუშაოზე მიღებისას – 21.4%, შესაძლებლობების უთანასწორობას და დაწინაურების პროცესში დისკრიმინაციას 11.2% და 6.5% დაექვემდებარა. კვლევის თანახმად, შრომით ბაზარზე დისკრიმინაციის პრობლემა წარმოეშვებათ იმ ლესბოსელ და ბისექსუალ ქალებს, რომლებიც გენდერულად არაკონფორმულად/ არაბინარულად გამოიყურებიან. მთლიანობაში, დისკრიმინაციული გამოცდილება კერძო სექტორში (32.6%) არსებითად აღემატება საჯარო სექტორში არსებულ უთანასწორო მოპყრობის პრაქტიკას.

2020 წელს ჩატარებული კვლევის (ჯალაღანია ლ. ლგბტქ ჯგუფის სოციალური ექსკლუზიის კვლევა საქართველოში) მიხედვით, მოსაზრებას – „ლგბტქი ადამიანებს, სხვებთან შედარებით, ნაკლებად მიუწვდებათ ხელი დასაქმებაზე“, ლგბტქი რესპონდენტთა 93.1% ეთანხმება. რაც ასევე მიუთითებს, არა მხოლოდ ობიექტურად არსებულ დისკრიმინაციულ პრაქტიკაზე, სამუშაო ადგილებზე, არამედ დისკრიმინაციის მოლოდინზეც, რამაც, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ბარიერები შეუქმნას ლგბტქი ჯგუფს სამუშაოს ძიების პროცესში და კვლავ ისეთ სამუშაოს დათანხმდნენ, სადაც, შესაძლოა, უფრო მიმღებლური გარემო იყოს, მაგრამ არ ჰქონდეთ სოციალური ბენეფიტები და ადეკვატური ანაზღაურება. ამასვე ადასტურებს კვლევაში მონაწილე რესპონდენტთა გადანაწილება დასაქმების სექტორის მიხედვით, სადაც ჩანს, რომ რესპონდენტთა ყველაზე დიდი ნაწილი ხელოვნების, გართობის, დასვენებისა (32.7%) და განთავსების, კვების მომსახურების გაწევის (19.20%) სექტორშია დასაქმებული.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) 2020 წლის კვლევაში ვკითხულობთ, რომ:

  • ლგბტქ პირთა საშუალო ანაზღაურება რესპონდენტთა 60.5%-ის შემთხვევაში 1000 ლარის ფარგლებს არ სცდება.
  • დასაქმებულ რესპონდენტთა მეხუთედზე მეტი (22.3%) ერთდროულად ორ სამუშაო ადგილსაა დასაქმებული, რისი მიზეზიც რესპონდენტთა 9%ის შემთხვევაში ანაზღაურების სიმცირეა.
  • რესპონდენტების 60.5% უთითებს, რომ სრულ განაკვეთზე კვირაში საშუალოდ 47.4 საათს მუშაობს. თავისუფალი გრაფიკით მუშაობს რესპონდენტთა 20.9%, მათი სამუშაო დროის ხანგრძლივობა კი კვირაში საშუალოდ 28.9 საათია, რესპონდენტთა მეხუთედზე ნაკლები (18.6%) ნახევარ განაკვეთზეა დასაქმებული, რაც საშუალოდ კვირაში 25.1-საათიან დატვირთვას ნიშნავს.
  • დასაქმებული რესპონდენტების 23.2% ხელშეკრულების გარეშე, ხოლო რესპონდენტების ნახევარი (50%) ვადიანი კონტრაქტით მუშაობს. 16.8%ს უტოლდება მათი წილი, ვინც უვადო ხელშეკრულებითაა დასაქმებული.

დასკვნა

საქართველოში ლგბტქი პირთა უფლებების აღიარება და დაცვა აუცილებელია ინკლუზიური, სამართლიანი და პროგრესული საზოგადოების შესაქმნელად. გამოხატვისა და შეკრების უფლების, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისგან თავისუფლებისა და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფით, საქართველოს შეუძლია შექმნას გარემო, სადაც ყველა ინდივიდს, განურჩევლად მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის, შეუძლია იცხოვროს ავთენტურად და შიშის გარეშე. სტატიაში იხილეთ იმ პრობლემების მხოლოდ მცირე ჩამონათვალი, რომელიც დღეს საქართველოში დგას ლგბტქი თემის უფლებების დაცვის კუთხით.

 

წინა

რა ეტაპზეა აქონდროპლაზიის სამკურნალო პრეპარატის საქართველოში შემოტანის საკითხი

შემდეგი

ზურაბიშვილმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის 4 ქალია

ბოლო სიახლეები

არავის დავტოვებთ მარტო უსამართლობის პირისპირ

FacebookTweetLinkedInEmail წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია

საპროტესტო აქციების განრიგი საქართველოში და ფარგლებს გარეთ

FacebookTweetLinkedInEmail მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43