მე ვარ სელენა, 31 წლის ტრანსგენდერი ქალი. მიზანდასახული, შრომისუნარიანი. ქალი, რომელიც არ უშინდება პრობლემებს. ხასიათი არც მძიმე მაქვს, არც მსუბუქი, უბრალოდ, პირდაპირი ვარ, რაც შეიძლება, ბევრს არ მოსწონდეს.
ბავშვობა დეტალურად არ მახსოვს. ქუთაისში ვცხოვრობდი ოჯახთან ერთად. დედას ხშირად ვაბრაზებდი ხოლმე, წყნარი და მშვიდი ბავშვი არასდროს ვყოფილვარ. ძალადობაც გამოვიარე, რომელზეც პირველად ერთ-ერთ გადაცემაში ვისაუბრე, მაგრამ საკმაოდ მძიმე თემაა და დეტალების გახსენება არ მინდა.
რაც შეეხება იდენტობის აღმოჩენას, ესე უცებ – „მე ეს ვარ“ – არ ყოფილა. ამას წინ უძღოდა სხადასხვა ეტაპი, ბევრი გაურკვევლობა. რაღაც მომენტში იცი, რომ ყველაფერში გაერკვიე, მაგრამ ცუდი შეგრძნებაა, როდესაც ხალხის მხრიდან შენდამი შიშს გრძნობ. საჯარო ქამინგაუთი, როგორც ტრანსგენდერ ქალს, არ გამიკეთებია. ცოტა სასაცილო ამბავი გადამხდა თავს – მეგობარმა სოციალურ ქსელში შეცდომით ატვირთა ფოტო ჩემთან ერთად, რომელშიც ხელზე წითელი ფერის ლაქი მესვა, გვიან დავაკვირდით და დედამ ასე გაიგო.
ჩემი ტრანზიცია წლების წინ თურქეთში დაიწყო ჩემს ძველ მეგობართან ერთად, რომელიც იქ გავიცანი, ისიც ქართველი ტრანსგენდერი ქალია და მასთან დღემდე ვმეგობრობ. ეტაპების გადალახვა და ტრანზიციის საბოლოო დონეზე მისვლა, იგივე მიზნის დასახვასავითაა – თუ გინდა, გამოგივა, თუ დანებდები – არა. თარიღები ზუსტად არ მახსოვს. პირველი ნაბიჯები იქ გადავდგი, იქ გავიკეთე ოპერაციებიც და სხვათა შორის, ძალიან მივეჩვიე თავისუფალ გარემოს, ხალისი ჰქონდა ცხოვრებას. საქართველოში რომ ჩამოვედი, ხალხმა ძალიან დამსტრესა. ჩავიკეტე, კარგი არაფერი ხდებოდა, მხოლოდ სახლში ჯდომა. მეგობრები თუ მოვიდოდნენ ხოლმე სანახავად. რეალურად, საქართველოში ტრანსგენდერი ქალისთვის, რომელიც სექსმუშაკია, არანაირი ხალისი არ არსებობს, მხოლოდ სტრესია. რა თქმა უნდა, საქართველოში უამრავი პრობლემაა. საზოგადოებაში არსებობს უამრავი დაბრკოლება. თუ მე ვინმემ არ მომკლა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვას არ მოკლავენ ან არ იძალადებენ. მუშაობის პროცესში ყოველთვის თან გდევს შიში, ვინმემ რამე არ დაგიშავოს. ვის იმედად უნდა იყო ამ დროს? პოლიციის? შეუძლებელია, გქონდეს მათი იმედი, რადგან უმეტესობა თავად არის მოძალადე.
საბოლოდ, მივედი დასკვნამდე, რომ ადამიანი იცვლება. სულ სექსმუშაკი ვერ იქნები. ეს არ იყო ჩემი ცხოვრება. არ მინდოდა, ასე დავბერებულიყავი, ამ საქმეში ვყოფილიყავი და გადავწყვიტე, მეგობრებთან ერთად დამეტოვებინა საქართველო. ეს არ იყო მარტივი გადაწყვეტილება. უცებ დგები და იცი, ქვეყანას სამუდამოდ ტოვებ და ამასთანავე, ადამიანებს, რომლებიც გიყვარს და დაგაკლდებიან. მაგრამ თავის გადასარჩენად და უკეთესი ცხოვრების შესაქმნელად უნდა წამოვსულიყავი. გარდა ამისა, საქართველოდან წამოსვლის მთავარი მიზეზი ბოლო პერიოდში მომხდარი ამბები იყო, განსაკუთრებით ზაფხულის მოვლენები. მაგ დღეს მივხვდი, რომ აქ უკვე საქმე მხოლოდ ლგბტ ადამიანებს არ ეხებოდა, არამედ ყველას, ვინც განსხვავებულია.
წამოსვლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. თითქოს თავიდან დავიბადე. რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანაშია ჰომოფობი. ყველა არცაა ვალდებული, მოსწონდე და უყვარდე, მაგრამ პატივს გცემს, კანონი მოქმედებს და ვერ გეხება, თავისთვისაა. ადამიანად გთვლის, რაც მთავარია. აქ ხალხი ძალიან თბილია. უსაყვარლესი ასისტენტი გვყავს, ძალიან მოსიყვარულე და ხშირად გვეპატიჟება საკუთარ ოჯახში. რა თქმა უნდა, მიჩვევა და ადაპტაცია ყველას სჭირდება, როცა უეცრად სხვანაირ გარემოში ხვდები, რაღაცნაირად გეუცხოვება. საქართველოში დაბრუნებას არც განვიხილავ, მაგრამ წლების შემდეგ, ალბათ, რამდენიმე დღით ჩამოვალ. ახლო მომავალში ამას არ ვგეგმავ.
საქართველოში მყოფ ქვიარებს მინდა ვუთხრა, მესმის, რომ რთულია, მაგრამ როცა ხედავ, ბრძოლა უკვე სიცოცხლის ზღვარზე გადის და ყველა შენ წინააღმდეგაა, სამშობლოდან წასვლა გაქცევა არაა, ეს არის თავის გადარჩენა, რომ მოძალადე ადამიანებს არ ჩაუვარდე ხელში. თუ ვინმეს მშვიდად ცხოვრება უნდა, შეუძლია, სხვა ქვეყანაშიც ნახოს როგორია ცხოვრება და გამოიყენოს ეს შანსი. კიდევ ვეტყოდი, რომ რაც უნდათ, ის აკეთონ და ისე, როგორც თვითონ თვლიან საჭიროდ. სხვები რას იტყვიან, ამას ნუ მიაქცევენ ყურადღებას. შეიძლება, რაღაც მომენტში საყვარელ ადამიანებზე მოუწიოთ უარის თქმა, მაგრამ არა უშავს, ჩვენ ხომ იმიტომ არ დავბადებულვართ, როგორიც სხვას უნდა, ისეთები ვიყოთ, ამიტომ იბრძოლონ. რთული გზაა, მაგრამ ღირს.
ისე ნუ გამიგებთ, თითქოს ყველას ქვეყნის დატოვებისკენ მოვუწოდებდე. უბრალოდ, ბევრს არ აქვს ეს ინფორმაცია და ის, რომ წახვიდე, საკუთარი თავი გაზარდო და შემდეგ თუნდაც უკან დაბრუნდე, სულაც არ ნიშნავს გაქცევას. მე არ გავქცეულვარ, სიცოცხლე გადავირჩინე და წავედი იქ, სადაც ჩემი სიცოცხლე ფასობს და არ დავრჩი საქართველოში, სადაც სხვების გადასაწყვეტია, ვიცოცხლებ თუ არა.