ელენა 22 წლის ტრანსგენდერი ქალია. მისი დახმარებით, ქვიარი შეეცადა გაეგო თუ როგორ შეიცვალა ტრანსგენდერი ქალების ყოველდღიურობა ბოლო წლების განმავლობაში. ასევე, რას ფიქრობს ელენა 17 მაისის დღესთან დაკავშირებით. რა საჭიროებები აქვს და რაში ხედავს საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესების შესაძლებლობას.
უცვლელად გთვაზობთ ელენას მსჯელობას ჩვენთვის საინტერესო საკითხების ირგვლივ:
2013 წლის 17 მაისს პატარა ვიყავი 14 წლის, სოფლად ვცხოვრობდი. აქციის დარბევის შესახებ, ტელევიზიების მეშვეობით გავიგე, თუმცა მაშინ არ ვიცოდი ქვიარ აქტივიზმის მნიშვნელობა. მიუხედავად ამისა, გულთან ახლოს მივიტანე ეს ამბავი. საზოგადოებაში ქვიარ თემის მიმართ არსებული მიუღებლობა მოგვიანებით, 16 წლის ასაკში გავიაზრე. დღემდე მახსოვს კეტებით და ტაბურეტკებით მორბენალი მამაოები. 2013 წლიდან ხელისუფლებამ ციხიდან მასიურად გამოუშვა კრიმინალური გამოცდილების მქონე ადამიანები – მოძალადეები, პედოფილები და ა. შ. ეს ხალხი შეკრიბა ქართულმა ოცნებამ და დაუშინა დაუცველ ადამიანებს.
17 მაისი ჩემთვის ისეთი დღეა, როდესაც შენ გამოდიხარ და ამბობ ვინც ხარ.
“მე, მაგალითად, ვარ ტრანსგენდერი ქალი. ვინც არ უნდა მოვიდეს ჩემთან და რაც არ უნდა მირტყას ტაბურეტკა, მე ვერ შევიცვლები. მე ვარ ასეთი, დავიბადე ასეთი და ასე ვცხოვრობ. ვერავინ შემცვლის, ვერც დედა, ვერც მამა, ვერც ექიმი და ვერც მღვდელი. ამიტომ ის, რაც მოხდა 17 მაისს, იყო ხელისუფლების მხრიდან წამოსული პროვოკაცია.”
მათ დააორგანიზეს ეს ჯგუფები, ვინც შემდეგ თავს ესხმოდნენ ადამიანებს, ისევე როგორც ეს “თბილისი პრაიდის” შემთხვევაში იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ალტ-ინფოსთან ერთად ამობილიზებენ მოძალადეებს, ვინც შემდეგ ასისხლიანებს ხალხს და კლავს, როგორც ლექსო ლაშქარავა მოკლეს.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ასე ცდილობს დაგვიპირისპიროს კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პირები, ჩვეულებრივი ადამიენები ქუჩაში უკვე აღარ არიან ისე მტრულად განწყობილები, როგორც ადრე. ახლაც იგინებიან და შეიძლება ვინმემ შეგაფურთხოს, მაგრამ ისე აღარაა, როგორც ადრე, ეგრევე ხელით შეხებაზე რომ გადადიოდნენ.
ასაკით უფროსი ტრანსგენდერი ქალები გვეუბნებიან ხოლმე: “90-იან წლებში უნდა გენახათ რა ხდებოდა, თოფებით გვივარდებოდნენ ხოლმე. ცირკთან რომ გამოსულები ვიყავით ორი კაპიკის წასაღებად, გვივარდებოდნენ მოსაკლავად და ჩვენც გავრბოდით.” ახლანდელი მდგომარეობა ცოტა განსხვავებულია. რა თქმა უნდა ხშირია, რომ გამვლელები სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებენ, კაცებს გვეძახიან. მაგ დროს ჯობია არ გამოიწვიო ჩხუბი, მაგრამ ზოგი ტრანს ქალი ვერ ითმენს. თუ გამვლელები მეტნი არიან და ჩხუბი ატყდა, ტრანსებს ვერავინ ვერ დაეხმარება. ხშირად კლიენტებიც ძალადობენ, ზოგი ვერ იღებს საკუთარ თავს და სექსის შემდეგ აგრესიული ხდება. შეიძლება გცემოს ან თუნდაც მოგკლას.
“სექს-სამუშაოში ჩართულობა რისკების შემცველია, თუმცა სხვანაირად საქართველოში ტრანსგენდერი ქალის გადარჩენა თითქმის შეუძლებელია.”
ქალაქში კიდევ უკეთესი მდგომარეობაა – ხალხი მეტად თავისთვისაა, ღამის კლუბები მუშაობს, სადაც შეგიძლია გახვიდე და ყურადღება არ მიიქციო. სოფელში კი, ყველა გიცნობს, ყველა შენი ნაბიჯი ცნობილია, რაც არ უნდა გააკეთო, იქ ტრანსისთვის გაჩერება შეუძლებელია. ჩემ შემთხვევაში ოჯახიდან 16 წლიდან მომიხდა წამოსვლა ბავშვთა სახლში. ბავშვთა სახლიდან 18 წლის ასაკში გიშვებენ.
“ტრანს ქალების მთავარი პრობლემა ისაა, რომ როგორც არ უნდა გაგიჭირდეს არავინ შეგიფარებს. ორგანიზაციები გეხმარებიან, მაგრამ მაინც რთულია.”
ისიც უნდა ითქვას, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ ჩვენი მდგომარეობა ცოტათი, მაგრამ გაუმჯობესდა. ადრე პოლიციას საერთოდ არანაირი რეაგირება არ ჰქონდა, ახლა შეიძლება რაღაცა გააკეთონ. ეკონომიკური ფონი უფრო მძიმეა, ადრე ხალხს არ უჭირდა, შესაბამისად კლინეტიც მეტი იყო და შემოსავალიც. ახლა შესამჩნევია, რომ ფინანსურად ძალიან გაუჭირდა ყველას.
სხვაგან დასაქმებაც არ არის ადვილი, თუმცა შეუძლებელი არაა. მაგალითად, ერთ-ერთი ტრანს ქალი, გაბრიელა, სამედიცინო კლინიკაშია დასაქმებული, კოვიდ პანდემიის დროს მიიღეს მედდად და ახლაც მუშაობს. პაციენტებს უვლის, სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა პაციენტების და კლინიკის პერსონალის მხრიდან. ადამიანების მხრიდან სითბოს გრძნობს, საყვარელოს ეძახიან, პატივისცემით ეპყრობიან. ჩემი აზრით, თუ მოინდომე დაიწყებ მუშაობას. უბრალოდ იმდენად ცოტას გიხდიან, რომ თავი ვერ გაგაქვს. მეც ვარ დასაქმებული, მაგრამ ელემენტარული ბინის ქირა ხომ უნდა გადავიხადო. სხვა ტრანს ქალებსაც ვიცნობ, ვინც მუშაობს, მაგრამ ბევრი იმასაც გეტყვის – დღე კაცი ვიყო და ღამე ქალი? დღისით კაცის ფორმით სიარული ზოგისთვის მისაღები არაა, მაშინ როგორ უნდა მოიქცეს? თუ ცნობადი და მხარდაჭერილი არ ხარ ქალის ფორმით ვერ იქნები. შეიძლება ჩემზეც თქვან რომ დღე კაცია და ღამე ქალი. მერიის დასუფთავების დეპარტამენტში ვმუშაობ. მე პირადად ეს პრობლემას არ მიქნმის, სამუშაოდ მაკიაჟის და ქუსლების გარეშეც გავალ.
“კიდევ უნდა აღინიშნოს სათემო ორგანიზაციების მხრიდან გაწეული სამუშაო. პანდემიის პერიოდში მათ გარდა არავინ გვედგა გვერდში. პირადად მე დამეხმარნენ ბინის ქირით, საკვებით და კვების ვაუჩერით, მედიკამენტებით, ერთჯერადად თანხით.”
გამოწვევებიდან ისევ ძალადობას, სიტყვიერ შეურაცხუყოფას გამოვყოფ. უბანში გრძელი თმით, მაკიაჟით და საყურეებით გავდივარ და შეიძლება ამის გამო ვინმემ მაგინოს. იმ დღეს ავტობუსში ვიყავი ასული და გავიგე ჩემზე როგორ თქვეს “ლეოპარდის შარვალი აცვია”, “ტრანსია”. კიდევ თემში არ გვაქვს მოგვარებული რაღაცეები – გეები ტრანსებს ვერ იტანენ, ტრანსები გეებს. ტრანსებიც ებრძვიან ერთმანეთს.
სამომავლო გეგმებზე ვიტყვი იმას, რომ საქართველოდან უნდა წავიდე.
“ქვეყანაში ქაოსია, ისეთი დრო დადგა, როდესაც შენი ხელისუფლება გდევნის.”
პრემიერ მინსიტრის საუბარი რომ გავიხსენოთ, რამდენიმე კვირის წინ. რუსული კანონები თუ მიიღეს ქუჩაში საერთოდ ვეღარ ვივლით. როგორც რუსეთში, ტრანსგენდერი ქალები 24 საათი სახლებში არიან გამოკეტილები, ჩვენც ასე ვიქნებით.
არ ვიცი რა უნდა ვქნათ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მგონია რომ დროშების გარეშე უნდა გამოვიდეთ და მოვითხოვოთ ჩვენი უფლებების დაცვა. დროშებით საერთოდ ვერ გამოვდივართ და იქნებ ასე გამოვიდეთ. ორგანიზაციებიც უნდა გამოვიდნენ და მოითხოვონ, თემმა უნდა მოითხოვოს, თემის მხარდამჭერებმა უნდა მოითხოვონ ქვიარეიბს დაცვა.