Adobe Stock

რას ნიშნავს „პანსექსუალი“? — განმარტება, ისტორია და ქამინგაუთი

„პანსექსუალი“ არის ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ადამიანს, რომელსაც რომანტიკული, სექსუალური ან ემოციური მიზიდულობა აქვს სხვა ადამიანების მიმართ, განურჩევლად მათი გენდერული იდენტობისა თუ სქესისა.

პანსექსუალ ადამიანს შეიძლება იზიდავდეს როგორც სისგენდერი (ადამიანი, რომლის გენდერული იდენტობაც ემთხვევა მისთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესს) ქალები და კაცები, ასევე, არაბინარული ადამიანები, ტრანსგენდერები, გენდერფლუიდები და მრავალი სხვა. პანსექსუალობა არ არის შეზღუდული მხოლოდ სექსუალური მიზიდულობით და ის შეიძლება ასევე მოიცავდეს რომანტიკულ და/ან ემოციურ მიზიდულობას.

პანსექსუალობის განსაზღვრა და განსხვავებები სხვა სექსუალობებთან

მართალია, ზოგისთვის პანსექსუალობა ბისექსუალობის ერთ-ერთი ქვეკატეგორიაა, მაგრამ ეს ორი ტერმინი აუცილებლად ერთსა და იმავეს არ ნიშნავს.


პანსექსუალი და ბისექსუალი

პანსექსუალსაც და ბისექსუალსაც შეიძლება რამდენიმე გენდერის მიმართ ჰქონდეს მიზიდულობა (იმ მცდარი წარმოდგენის მიუხედავად, რომ ბისექსუალებს მხოლოდ ორი გენდერი ან მხოლოდ ქალები და კაცები იზიდავთ). მიუხედავად ამისა, პანსექსუალობა უფრო მრავლისმომცველია და გულისხმობს მიზიდულობას ყველა გენდერის მიმართ, მათ შორის ტრანს* და არაბინარული ადამიანების მიმართაც, და, როგორც წესი, პანსექსუალებისთვის გენდერი მიზიდულობის განმსაზღვრელი ნიშანი არ არის.

რას ნიშნავს ომნისექსუალი?

ომნისექსუალობა ნიშნავს მიზიდულობას ყველა გენდერის მიმართ. ზოგი ადამიანი „პანსექსუალის“ ნაცვლად იყენებს ამ ტერმინს, რათა ხაზი გაუსვას, რომ გენდერი მათთვის მიზიდულობის მნიშვნელოვანი ელემენტია.

რას ნიშნავს პოლისექსუალი?

იმას, ვინც პოლისექსუალია, რამდენიმე სხვადასხვა გენდერი იზიდავს. თუმცა, პოლისექსუალს შეიძლება არ იზიდავდეს ყველა გენდერი და მისთვის გენდერი მიზიდულობის განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი ნიშანი შეიძლება იყოს ან არ იყოს. მართალია, ეს თითქოს ისევე ჟღერს, როგორც ბისექსუალი, და ბისექსუალ ადამიანებს აუცილებლად მხოლოდ სისგენდერი კაცები და ქალები არ მოსწონთ, თუმცა თვითონ ტერმინი „ბისექსუალი“ ისტორიუად გენდერულ ბინარულობასთანაა დაკავშირებული, რის გამოც ზოგი ადამიანი უპირატესობას ანიჭებს ტერმინს „პოლისექსუალი“, რომელიც პირდაპირ უარყოფს გენდერულ ბინარულობას.


გარდა ამისა, გახსოვდეთ, რომ ადამიანის სექსუალობა არ განსაზღვრავს მისი ურთიერთობების ტიპებს. მაგალითად, ვიღაც შეიძლება იყოს პანსექსუალი და მონოგამი — რაც ნიშნავს, რომ მას ადამიანებისადმი მიზიდულობა გენდერისგან განურჩევლად აქვს, თუმცა ამჟამად ის მხოლოდ ერთ ადამიანთანაა ურთიერთობაში.

მეორე მხრივ, ადამიანი შეიძლება იყოს პანსექსუალი და პოლიამორული — რაც ნიშნავს, რომ ის შეიძლება ერთდროულად ერთზე მეტ ურთიერთობაში იყოს (ყველა მონაწილის ცოდნითა და თანხმობით).

კიდევ ერთი მსგავსი ტერმინი, რომელიც შეიძლება გსმენოდეთ, არის „პანრომანტიკული“. იმას, ვინც პანრომანტიკულია, შეიძლება რომანტიკული მიზიდულობა ჰქონდეს ადამიანების მიმართ, განურჩევლად მათი გენდერული იდენტობისა. ადამიანი შეიძლება ერთდროულად იყოს პანსექსუალი და პანრომანტიკული, ანუ მას ადამიანების მიმართ ჰქონდეს როგორც სექსუალური, ისე რომანტიკული მიზიდულობა.

თუმცა, ადამიანი ასევე შეიძლება იყოს პანრომანტიკული და არ იყოს პანსექსუალი. ეს ნიშნავს, რომ მას ადამიანები რომანტიკულად იზიდავს მათი გენდერისგან განურჩევლად, თუმცა სექსუალური მიზიდულობა მხოლოდ კონკრეტულ გენდერებთან აქვს ან საერთოდ არ აქვს (ანუ ასექსუალია).

მართალია, სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციის განმარტებებს შორის შეიძლება გარკვეული თანაკვეთები არსებობდეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ ის, თუ როგორ აიდენტიფიცირებს საკუთარ თავს ადამიანი, მხოლოდ და მხოლოდ მასზეა დამოკიდებული.

ტერმინ „პანსექსუალის“ ისტორია

Google Trends-ის მიხედვით, „პანსექსუალი“ ხშირად მოძიებადი ტერმინი გახდა შუა 2010-იანი წლებიდან, რა დროსაც ასევე გაიზარდა ტერმინების „არაბინარული“ და „აგენდერი“ გამოყენება.

თუმცა, ტერმინს უფრო დიდი ისტორია აქვს, ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის ადრეული წლების ფსიქოლოგიიდან. ფსიქოლოგიაში ჰიბრიდული სიტყვები „პანსექსუალი“ და „პანსექსუალიზმი“ პირველად 1914 წელს გამოიყენეს იმ იდეის აღსანიშნავად, რომ „სექსუალური ინსტინქტი (ლიბიდო) უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ყველანაირ ადამიანურ აქტივობაში, იქნება ეს ფიზიკური თუ მენტალური“.

სექსუალური იდენტობისა და ორიენტაციის აღსანიშნავად ტერმინ „პანსექსუალის“ გამოყენება 1990-იან წლებში დაიწყო, რათა „აღეწერათ ის სურვილები, რომლებიც უკვე არსებობდა ბევრი ადამიანისთვის“. 1991 წელის წიგნში „Bi Any Other Name“, რომელიც ბისექსუალთა უფლებების თანამედროვე მოძრაობის ერთ-ერთი ძირეული წიგნია, ნათქვამია, რომ „პანსექსუალი ადამიანები ბისექსუალთა თემში აქტიურად მონაწილეობდნენ 1970-იანი წლებიდან მოყოლებული“. სოციალურ ფსიქოლოგ ნიკი ჰეიფილდის თქმით, ტერმინს ადრეული გამოყენება ჰქონდა BDSM თემში.

2010 წელს ასევე შეიქმნა პანსექსუალობის სამფეროვანი დროშა, რომელზეც ცისფერი აღნიშნავს მიზიდულობას კაცების მიმართ, ვარდისფერი — მიზიდულობას ქალების მიმართ, ხოლო ყვითელი — მიზიდულობას არაბინარული ადამიანების მიმართ.

Wikimedia

როგორ გავიგო, ვარ თუ არა პანსექსუალი?

იმის ერთ-ერთი მთავარი მანიშნებელი, რომ პანსექსუალი ხართ, ისაა, რომ მიზიდულობას გრძნობთ არა მხოლოდ ქალების, კაცების ან არაბინარული ადამიანების მიმართ, არამედ გენდერის სპექტრზე არსებული ყველა ადამიანის მიმართ. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ თითოეული ადამიანი მოგწონთ, არამედ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი გენდერის ადამიანი თქვენთვის სექსუალურად სასურველია.

კლინიკური ფსიქოლოგი, დოქტორი სერა ლაველი ამბობს: „ის, ვინც პანსექსუალია, იტყოდა, რომ მისი მიზიდულობები გენდერისადმი ბრმა ან გენდერულად ნეიტრალურია. ამგვარად, მისთვის გენდერი ან სქესი არ იქნება სექსუალური ან ემოციურ მიზიდულობების განმსაზღვრელი ფაქტორი“.

ზოგადად, პანსექსუალობა (და ნებისმიერი სხვა სექსუალური ორიენტაცია) ისეთი რამაა, რაც საკუთარ თავში უნდა აღმოაჩინოთ საკუთარი მენტალური და ემოციური პროცესების ყურადღებით გააზრებითა და საკუთარი სექსუალური, რომანტიკული და ემოციური სურვილების გამოკვლევით.

ამ მხრივ, სექსუალური თვითგამორკვევის გზაზე მნიშვნელოვანია:

  • გაიაზროთ, რომ თქვენს სექსუალობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებთ. საკუთარი ორიენტაციის გაგების პირველი საფეხურია იმის მიღება და გააზრება, რომ თვითგამორკვევის გზაზე ხართ. არ განსაჯოთ თქვენი შეგრძნებები და გახსოვდეთ, რომ ბევრი ადამიანი აყენებს ეჭვქვეშ საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას.
  • არ დააჩქაროთ საკუთარი თავი. საკუთარი ორიენტაციის გააზრებას დრო სჭირდება და ხშირად ის არცთუ ისე მარტივი პროცესია. მიეცით საკუთარ თავს დრო და არ იჩქაროთ — ყველა ადამიანს ინდივიდუალური ტემპი აქვს.
  • იცოდეთ, რომ თქვენი სექსუალური იდენტობა შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს. შეიძლება, საკუთარ სექსუალობაში დარწმუნებული იყოთ, მაგრამ მერე აღმოაჩინოთ, რომ სინამდვილეში თქვენი ორიენტაცია განსხვავდება იმისგან, რაც მანამდე გეგონათ, რადგან დროის მსვლელობასთან ერთად ჩვენ უფრო მეტს ვსწავლობთ საკუთარ თავსა და გარშემომყოფებზე.
  • გაერკვიეთ განსხვავებულ ორიენტაციებში. ბევრი სხვადასხვა ორიენტაცია არსებობს: ჰეტეროსექსუალი, ლესბოსელი, ბისექსუალი, პანსექსუალი, ასექსუალი და ა.შ. გაერკვიეთ თითოეულ მათგანში და იპოვეთ ისეთი, რომელიც ყველაზე მეტად შეგეფერებათ. გარდა ამისა, აუცილებელი სულაც არაა, საკუთარ თავს რაიმე იარლიყი მიაკრათ — ეს ტერმინები მხოლოდ იმისთვისაა განკუთვნილი, რომ თვითგამორკვევაში დაგეხმაროთ და გაჩვენოთ, რამდენად მრავალფეროვანია ადამიანური გამოცდილებები.
  • დაუსვით საკუთარ თავს რამდენიმე შეკითხვა. ეს აუცილებელია სექსუალური თვითგამორკვევისთვის. ჰკითხეთ საკუთარ თავს, ვინ გიზიდავთ — ბიჭები, გოგოები, არაბინარული ადამიანები, რომელიმე ერთი გენდერი თუ ერთზე მეტი — და როგორ — იქნება ეს სექსუალურად, რომანტიკულად, ემოციურად, რომელიმეს კომბინაციით თუ არცერთით. ჰკითხეთ საკუთარ თავს:
    • რომელ გენდერთან წარმომიდგენია ურთიერთობა, თუკი საერთოდ წარმომიდგენია?
    • მხოლოდ ერთი სპეციფიკური გენდერი მომწონს თუ რამდენიმე?
    • ადამიანები რომანტიკულად მიზიდავს, სექსუალურად თუ რაიმე სხვა ფორმით?
    • მადარდებს თუ არა ჩემი პარტნიორის გენდერი? რომელიმე გენდერს ხომ არ ვანიჭებ უპირატესობას?

როგორ განვიხილოთ ჩვენი პანსექსუალობა სხვებთან?

პირველ ყოვლისა, გახსოვდეთ, რომ არ ხართ ვალდებული, საკუთარი სექსუალური ორიენტაცია ვინმესთან განაცხადოთ, განმარტოთ ან იმის ახსნა დაიწყოთ, როგორ იპოვეთ საკუთარი თავის ეს ნაწილი. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გგონიათ, რომ ამაზე საუბარი თქვენთვის დამაზიანებელი იქნება.

მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, არსებობს შემთხვევები, როდესაც შეიძლება გსურდეთ საკუთარი იდენტობაზე ღიად საუბარი, იქნება ეს თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან — მაგალითად, უახლოეს მეგობრებთან, რომანტიკულ პარტნიორებთან ან მშობლებთან — თუ ზოგადად. 

ასეთ შემთხვევებში, იყავით იმდენად გულწრფელი და გასაგები, რამდენადაც შეგიძლიათ. შესაძლოა, მოგიწიოთ პანსექსუალობის განმარტება, რადგან ბევრი ადამიანისთვის ეს ტერმინი უცნობია. თუკი რომანტიკულ პარტნიორს ესაუბრებით, აუხსენით, როგორ იმოქმედებს თქვენი იდენტობა თქვენს ურთიერთობაზე (თუ იმოქმედებს საერთოდ). ამის შემდეგ აუხსენით, რომ თქვენი შეგრძნებები არ არის უბრალოდ „ფაზა“ და ეს თქვენი იდენტობის ნაწილია.

როგორ დავუჭიროთ მხარი ჩვენთვის ძვირფას ადამიანს, რომელიც პანსექსუალია?

თუკი თქვენთვის ძვირფასი ადამიანი პანსექსუალად „დაქამინგაუთდა“ (გითხრათ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ) თქვენთან, იცოდეთ, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სანდო ადამიანი ხართ. საკუთარი პანსექსუალობის — ან ჰეტეროსექსუალობისგან განსხვავებული ნებისმიერი სექსუალური ორიენტაციის — გამხელამ შეიძლება ბევრი ემოცია აღძრას ადამიანში. ზოგისთვის ეს ნაბიჯი უკიდურესად შიშისმომგვრელია, სხვებს კი შეიძლება ნაკლებად აშინებდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენი რეაქცია იმოქმედებს თქვენს სამომავლო ურთიერთობაზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანის მიმღებლობა გამოიჩინოთ.

დოქტორი ლაველი ამბობს: „ნებისმიერი მშობლისთვის თუ ძვირფასი ადამიანისთვის ჩემი რჩევა იქნება, რომ პანსექსუალობას ღიად და წინასწარგანწყობების გარეშე მოეკიდონ, განსაკუთრებით, თუ ამაზე ბავშვი საუბრობს. ვინაიდან, პანსექსუალობა ჯერ კიდევ არ არის მიღებული, ეს აღმოჩენა შეიძლება დამაბნეველი იყოს ახალგაზრდებისთვის და საკუთარი გრძნობების უკეთ გააზრების გზაზე მათ თქვენი მხარდაჭერა დასჭირდებათ. თუკი თქვენთვის ძვირფასი ადამიანი ღიაა და კომფორტულად გრძნობს თავს, ჰკითხეთ, სურს თუ არა ამ თემის განხილვა, რათა უფრო ღრმად და ინკლუზიურად გაიაზროთ, როგორ გრძნობს ის თავს და რას ნიშნავს ეს მისთვის“.

მითები და მცდარი წარმოდგენები

პანსექსუალობაზე ბევრი მითი არსებობს და სიმართლის ცოდნა მნიშვნელოვანია. მაგალითად, ასეთი მითებია:

  • მითი #1: პანსექსუალ ადამიანებს გადაწყვეტილების მიღება უჭირთ და არ იციან, რა მოსწონთ — სინამდვილეში, პანსექსუალ ადამიანებს გულწრფელი მიზიდულობები აქვთ, რომლებიც სცდება გენდერულ ჩარჩოებს.
  • მითი #2: პანსექსუალობა ახალი, „ტრენდული“ ტერმინია და ის არ არის ნამდვილი სექსუალობა — სინამდვილეში, „პანსექსუალობა“, როგორც ტერმინი, პირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა და მას დიდი ისტორია აქვს, ახალი ტერმინები კი საჭიროა საიმისოდ, რომ ადამიანებმა უფრო ზუსტად გამოხატონ საკუთარი თავი და საკუთარი იდენტობები.
  • მითი #3: პანსექსუალ ადამიანებს მოსწონთ ყველა, ვისაც კი შეხვდებიან ცხოვრებაში — ეს ასე არ არის. მიზიდულობას ბევრი სხვადასხვა ფაქტორი განსაზღვრავს. პანსექსუალებს არ იზიდავთ ყველა ადამიანი (ისევე, როგორც ჰეტეროსექსუალებს არ იზიდავთ საპირისპირო სქესის ყველა ადამიანი).

პანსექსუალობა პოპ-კულტურაში

ბოლო წლებში ბევრმა ცნობილმა ადამიანმა საჯაროდ განაცხადა, რომ პანსექსუალია და შთაგონების წყარო გახდა სხვა ლგბტქი ადამიანებისთვის. ამ ადამიანებს შორის არიან მაილი საირუსი, კარა დელევინი, ბელა თორნი, ჟანელ მონე, კეილანი, ჯენა მელოუნი და სხვები.

პოპ-კულტურაში პანსექსუალ პერსონაჟებს ცნობილ სერიალებშიც ვაწყდებით. ასეთები არიან, მაგალითად, ალი ანიმაციური სერიალიდან „დიდი პირი“ (ინგლ. Big Mouth), რიკი ანიმაციური სერიალიდან „რიკი და მორტი“ (ინგლ. Rick and Morty), იარა გრეიჯოი „სამეფო კარის თამაშებიდან“ (ინგლ. Game of Thrones) და დევიდ როუზი „შითს კრიკიდან“ (ინგლ. Schitt’s Creek).

პანსექსუალობა გულისხმობს იარლიყების უგულებელყოფას, რაც თავისთავად ძალიან ლამაზი რამაა. განურჩევლად იმისა, თავად ხართ პანსექსუალი თუ იცნობთ ასეთ ადამიანს, გახსოვდეთ, რომ მთავარია სიყვარული, სითბო და მიმღებლობა საკუთარი თავისა და სხვების მიმართ.

წყაროები: Verywell Mind, WebMD, WikiHow

წინა

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსჯელობის სინდრომის მაგალითია — Tbilisi Pride

შემდეგი

სექსტინგი, ანუ ინტიმური სექს-მიმოწერა — რა უნდა ვიცოდეთ?

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების