Identoba Youth

ლგბტქი სათემო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება, რომლითაც საზოგადოების ყურადღებას საერთო სოციო-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ჩაგვრებზე მიმართავენ

ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს, 17 მაისს, ლგბტქი სათემო ორგანიზაციებმა — ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა, თანასწორობის მოძრაობამ, იდენტობა იუსმა და თემიდამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომლითაც საზოგადოების ყურადღებას ურთიერთგადაჯაჭვული სოციო-ეკონომიკური და კულტურული

ლგბტქი სათემო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება, რომლითაც საზოგადოების ყურადღებას საერთო სოციო-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ჩაგვრებზე მიმართავენ

ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეს, 17 მაისს, ლგბტქი სათემო ორგანიზაციებმა — ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა, თანასწორობის მოძრაობამ, იდენტობა იუსმა და თემიდამ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომლითაც საზოგადოების ყურადღებას ურთიერთგადაჯაჭვული სოციო-ეკონომიკური და კულტურული ჩაგვრებისკენ და იმ უფლებებისკენ მიმართავენ, რომელთა მოთხოვნის ირგვლივ გაერთიანებით, ნებისმიერი ნიშნით ჩაგრული ჯგუფების გათავისუფლება წარმოუდგენიათ.

„პანდემიის თითქმის სამწლიანი გამოცდილების და ახლა რუსეთის იმპერიალისტური და ფაშისტური ომის პირობებში, ცხოვრება გვიწევს იმგვარ სახელმწიფო სისტემაში, სადაც პოლიტიკური ძალაუფლებისა და ეკონომიკური რესურსების განმგებთათვის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობა არ წარმოადგენს პრიორიტეტს. ლგბტქი ადამიანებისთვის ეს მდგომარეობა კიდევ უფრო მწვავედ აყენებს თვითგადარჩენის და საბაზისო უსაფრთხოების საკითხს.

რადგან გარდა სხვა სისტემური სოციალური და ეკონომიკური წნეხისა (რომელიც შეიძლება მოგვემართებოდეს, როგორც შშმ პირებს, მარტოხელა მშობლებს, მომსახურების სფეროში დასაქმებულებს და ა.შ.), გაბატონებული კულტურული დისკურსი გენდერისა და სექსუალობის ნიშნით კიდევ უფრო გვიზღუდავს წვდომას ისეთ სიკეთეებზე, როგორიცაა ინსტიტუციური მხარდაჭერა როგორც ოჯახებისა და ახლობლებისაგან, ისე სახელმწიფოსგან“, — აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ღირსეული სამუშაოს, ღირსეული ჯანდაცვის, საცხოვრისის, განათლების, უსაფრთხოებისა და საჯარო სივრცეზე წვდომის უფლებაზეა ორიენტირებული.

განცხადებაში საუბარია ქვეყნის რესურსების „ტოტალურ პრივატიზებაზე“, რის გამოც „მოსახლეობის დიდი ნაწილი ეკონომიკურ სიდუხჭირეშია. მრავალი წელია არ ჩერდება ქვეყნიდან სამუშაო მიგრაციის ტალღა, რადგან ადგილობრივი ხელისუფლება ადამიანებს სამუშაო ადგილებს არ უქმნის, კერძო სექტორს კი არ მოეთხოვება მინიმალური ხელფასის დაწესებაც კი, რის გამოც ადამიანთა დიდი ნაწილი თანახმაა საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასით, 8 საათზე მეტ სამუშაოს დროსა და ექსპლუატატორულ შრომით პირობებს დათანხმდეს. ლგბტქი ადამიანების შემთხვევაში ამას ემატება სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაცია გენდერისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, ან სამუშაოს ძებნის გართულებული პროცესი“.

ღირსეული ჯანდაცვის უფლებაზე საუბრისას აღნიშნულია, რომ ჯანდაცვისა და ჰოსპიტალური სექტორის კომერციალიზაცია მაქსიმალურ მოგებაზე და მინიმალურ დანახარჯზე ორიენტირებულ საბაზრო ვითარებას ქმნის, სახელმწიფო კი „უარს ამბობს, იყოს ღირსეულ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის ფუნდამენტური და კონსტიტუციური უფლების დაცვის გარანტი“. ლგბტქი სათემო ორგანიზაციები საუბრობენ იმ რისკებზეც, რაც სოციალური მხარდაჭერის შესუსტებას მოსდევს — „სოციალური მხარდაჭერის შესუსტებამ, შესაძლოა იქონიოს გავლენა ერთი მხრივ მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, მეორე მხრივ კი საჭირო სერვისების ხელმისაწვდომობაზე. მარგინალიზაცია, სტიგმა და უმცირესობათა სტრესი, სხვა სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, როგორც ლგბტ(ქ)ი ადამიანების ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობასა და კეთილდღეობაზე, ისე ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობასა და სპეციალისტებთან მიმართვიანობაზე. ლგბტ(ქ)ი ჯგუფის საჭიროებები ჯანდაცვის სფეროში არაა გამოკვლეული და შესწავლილი, შესაბამისად, არ აისახება ჯანდაცვის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმებსა და სტრატეგიებში. წლების მანძილზე სახელმწიფოს მხრიდან ტრანს-ჯანდაცვის უარყოფისა და სამედიცინო პროტოკოლების არარსებობის შედეგად მრავალი ადამიანი მიმართავს ჰორმონალური თერაპიის თვითადმინისტრირებას. ეს ყველაფერი კი საშიშია ჯანმრთელობისათვის და ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ფატალურ შედეგამდეც მივიდეს“.

განცხადებაში გაკრიტიკებულია ის ფაქტიც, რომ „არ არსებობს სახელმწიფო საბინაო პოლიტიკა, რომელიც სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის შესაბამისი საჭიროების საცხოვრისს უზრუნველყოფდა. იქნება ეს თავშესაფრები – ძალადობის მსხვერპლთათვის, საცხოვრებლები – იძულებით გადაადგილებული მოქალაქეებისთვის, თუ რაიონებიდან დიდ ქალაქებში სასწავლებლად წასული სტუდენტებისათვის. ამას ემატება თავშესაფრის არარსებობა მათთვის, ვინც დაკარგა ოჯახის მხარდაჭერა მათი გენდერული იდენტობის და გამოხატვის, თუ სექსუალური ორიენტაციის გამო დღემდე სახელმწიფო არ აღიარებს თავშესაფრის და ბინის საჭიროებას ამ ნიშნით დევნილი ადამიანებისთვის“.

ამასთან, განცხადებაში საუბარია ახალგაზრდების წინაშე არსებულ საგანმანათლებლო გამოწვევებზე, რომელთაც დაურეგულირებელი შრომის ბაზარზე გარანტიების გარეშე უწევთ სწავლისა და სამუშაოს შეთავსება, რათა სწავლის გადასახადისა და ქირის გადახდა შეძლონ, რასაც ლგბტქი ადამიანებისთვის დისკრიმინაციის სახით დამატებითი ბარიერები ემატება და მათ მოწყვლადობას ზრდის.

უსაფრთხოებაზე საუბრისას აღნიშნულია, რომ სახელმწიფო რეპრესიულ აპარატად გვევლინება, რომელიც ლგბტქი თემის წევრებს პოტენციურ საფრთხეებად აღიქვამს და განსაკუთრებული თვალთვალისა და კონტროლის სამიზნეებად აქცევს.

„მიმდინარე ომის კონტექსტში უსაფრთხოება გლობალური გამოწვევაა. თუმცა ვცხოვრობთ ომისა და მილიტარიზმის პროპაგანდის პირობებში, სადაც იარაღით მოვაჭრენი ამ სამყაროს უსაფრთხო მომავალს, ადამიანთა სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის შემცირების ხარჯზე, სულ უფრო მეტი შეიარაღების გზით წარმოგვიდგენენ. ადგილობრივად, ჩვენი სახელმწიფო უსაფრთხოების ინსტიტუტები ნაცვლად უსაფრთხოების ანტი-მილიტარისტული, სოციალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებული გაგებისა, და შესაბამისი პოლიტიკის წარმოებისა, სახელმწიფოს რეპრესიულ აპარატად გვევლინებიან. ის, რომ ლგბტქი თემის წევრებს ამგვარი ორგანოები კვლავაც პოტენციურ საფრთხეებად აღიქვამენ და განსაკუთრებული თვალთვალისა და კონტროლის ქვეშ აქცევენ, ყველაფერზე მეტყველებს“, — ნათქვამია განცხადებაში.

საჯარო სივრცეზე წვდომის უფლებაზე საუბრისას კი ნათქვამია, რომ ლგბტქი ადამიანებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ყველაზე მეტად ეზღუდებათ, თუმცა, ზოგადად, საზოგადოება დღითიდღე კარგავს საჯარო სივრცეებს, თავშეყრის ადგილებს, პარკებს, მოედნებსა თუ ტყეებს, რომლებიც ინტენსიურად იქცევა პრივატიზებისა და ერთეულთა ეკონომიკური მოგების სამიზნედ“.

განცხადების ავტორები იმასაც აღნიშნავენ, რომ წლების განმავლობაში, 17 მაისს ქუჩაში გამოსვლით ცდილობდნენ ლგბტქი ადამიანების სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ჩაგვრის საკითხები ემხილებინათ, თუმცა „ეს მცდელობა იქცა მძლავრი პოლიტიკური მანიპულირების, ინსტრუმენტალიზების, ფუნდამენტური სოციო-ეკონომიკური საჭიროებების გადაფარვის და საზოგადოებრივი დაპირისპირების იარაღად, ყველა ანტი-პროგრესული და ანტი-სოციალური პოლიტიკის მწარმოებელი და მხარდამჭერი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ინსტიტუციისა და ჯგუფის მიერ“.

განცხადების ხელმომწერები თვლიან, რომ „მხოლოდ იმის გაცნობიერებით და სახელდებით, თუ როგორ, რატომ, ვის და რის მიერ გვაქვს ეს უფლებები წართმეული, შევძლებთ, დავინახოთ ჩვენი საერთო თუ განსხვავებული წუხილების საერთო საფუძველი, და გავაღვივოთ რეალური საზოგადოებრივი სოლიდარობა“.