ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება — ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ფასების მომატებაზე
ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება — ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ფასების მომატებაზე წუხს და მათი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად ან დამაკმაყოფილებლად აფასებს.
კვლევა შეეხება საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს. მათ შორის ეკონომიკას, სიღარიბის აღქმას, ინსტიტუტებსა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკა.
კვლევის ძირითადი მიგნებები ევროკავშირისა და ნატოს მხარდაჭერას, არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს, სიღარიბესა და ინფლაციას, ემიგრაციასა და იმიგრაციასა და მთავრობის საქმიანობის შეფასებას ეხება. აღნიშნული მიგნებების თანახმად,
- ევროკავშირის მხარდაჭერა 81%-მდე გაიზარდა, რაც იმის დასტურია, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროინტეგრაციის ერთგულნი რჩებიან. თუმცა, ასეთი მისწრაფებების მიუხედავად, მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს ან საკმარისს არ აკეთებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად;
- მსგავსი ტენდენციაა ნატოსთან მიმართებითაც — მოსახლეობის უმრავლესობა (73%) საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში წევრობას კვლავ უჭერს მხარს;
- არსებული ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად ფასების ზრდა/ინფლაცია, უმუშევრობა, სიღარიბე და დაბალი ხელფასები აწუხებს — სხვა გამოწვევები ახლოსაც ვერ მოდის ამ ჩამონათვალთან. ყოველი მეორე მოქალაქე მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია, თუმცა უმრავლესობას (51%) ეჭვი ეპარება, რომ საქართველოს მთავრობას ეკონომიკური პრობლემების მოგვარება შეუძლია;
- ყოველი მეხუთე მოქალაქე მომდევნო 12 თვის მანძილზე საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე ფიქრობს. წასვლის მსურველთა რიცხვი განსაკუთრებით მაღალია 50 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში: მათგან თითქმის ყოველი მესამე ემიგრაციაში წასვლას განიხილავს;
- მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასების 10%-იანი ზრდის მიუხედავად (41%-და 51%-მდე), მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიმართ მოსახლეობის უკმაყოფილება კიდევ უფრო გაიზარდა. მოქალაქეების 61% ამბობს, რომ საქართველოში არსებული არცერთი პარტია მათ ინტერესებს არ წარმოადგენს, რაც 2022 წლის ზაფხულის მერე 5%-იანი ზრდაა. მეტიც, ქართული ოცნების მხარდამჭერების მესამედი და ოპოზიციის მხარდამჭერთა ნახევარი ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ ემსახურება.
კვლევის პირველი თავის მიხედვით, რომელიც ქვეყნის განვითარების მიმართულებას, უსაფრთხოების განცდასა და მომავალსა და ოპტიმიზმს ეთმობა,
- წინა კვლევასთან შედარებით, 14%-ით გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
- ქვეყნის მიმართულების დადებითი შეფასება ყველაზე მეტად ქართული ოცნების მხარდამჭერებში გაიზარდა და უმეტესობა ამბობს, რომ საქართველოში თავს დაცულად გრძნობს. თავს ყველაზე ნაკლებად დაცულად — თბილისის მცხოვრებლები და ოპოზიციის მხარდამჭერები, ხოლო ყველაზე მეტად დაცულად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ქართული ოცნების მხარდამჭერები და კაცები გრძნობენ;
- საქართველოს მოქალაქეები თავს დაუცველად, ძირითადად, ეკონომიკური საკითხების გამო გრძნობენ.
კვლევის მეორე თავი ეროვნული გამოწვევებს/პრიორიტეტებსა და განათლება ეხება.
- ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, ხოლო პირველად NDI საქართველოს კვლევების ისტორიაში, ფასების ზრდა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად დასახელდა;
- მოსახლეობას ასევე აწუხებს განათლების დაბალი ხარისხი, სწავლის მაღალი საფასური და მასწავლებლების/ ლექტორების დაბალი კვალიფიკაცია. განათლების ხარისხთან დაკავშირებით ყველაზე მეტად თბილისელები, ქალები, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები, დასაქმებულები და ოპოზიციის მხარდამჭერები წუხან.
მესამე თავის მიხედვით, რომელიც საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას, უმუშევრობას, მთავრობის ეკონომიკური სტრატეგიის შეფასებას, ემიგრაციას, შინამეურნეობის ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას, ყოველთვიურ ხარჯებს, ფასების მომატებას, საკუთრების ფორმებსა და შინამეურნოების კეთილდღეობის სკალას ეხება, მოქალაქეთა უმეტესობა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად აფასებს.
- საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას ყველაზე კრიტიკულად თბილისელები, ოპოზიციის მხარდამჭერები და გადაუწყვეტელი ამომრჩევლები აფასებენ, ხოლო ეკონომიკის მთავარ გამოწვევებად უმუშევრობა, ფასების ზრდა და დაბალი ხელფასები დასახელდა;
- ყოველი მეხუთე მოქალაქე უმუშევარია — ურბანული დასახლებების მაცხოვრებელთა უმრავლესობა დასაქმებულია, ხოლო ქალების უმეტესობა ამბობს, რომ დაუსაქმებელი ან დიასახლისია. უმუშევართა უმრავლესობა ამბობს, რომ სამსახურს ან საერთოდ ვერ პოულობს ან შესაფერისი ანაზღაურებით, ხოლო სოფლის ტიპისა და ეთნიკურ უმცირესობათა დასახლებებში უმუშევრების უმრავლესობა ამბობს, რომ ვერ პოულობს ვერანაირ სამსახურს;
- მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ფასების მომატებაზე წუხს, მათი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად ან დამაკმაყოფილებლად აფასებს და ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს (თბილისის მცხოვრებლები და ოპოზიციის მხარდამჭერები ყველაზე კრიტიკულად არიან განწყობილნი);
- საზოგადოების აზრი გაყოფილია იმის შესახებ, თუ ვისი ბრალია ფასების ზრდა (პასუხები განსხვავდება პოლიტიკური პრეფერენციების მიხედვით: ოპოზიციის მხარდამჭერთა უმრავლესობა მთავრობას ადანაშაულებს, ხოლო ქართული ოცნების მხარდამჭერთა უმრავლესობა – მთავრობის კონტროლს მიღმა არსებულ ფაქტორებს);
- ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს (ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით, პატარა ქალაქებსა და სოფლის ტიპის დასახლებებში მცხოვრებთ და 55+ ასაკის მოქალაქეებს ყველაზე მეტად უჭირთ. პოლიტიკური სიმპატიების მიხედვით განსხვავებები არ გამოიკვეთა);
- მოქალაქეთა უმრავლესობა ოჯახის შემოსავალს, ძირითადად, საკვებზე, კომუნალურ გადასახადებზე, წამლებსა და სესხებზე ხარჯავს, ხოლო ყოველი მეორე ამბობს, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე ყოფილა შემთხვევა, როცა კომუნალურის გადასახდელად საკმარისი ფული არ ჰქონია;
- ფინანსური სირთულეების გამო, მოსახლეობის უმრავლესობამ დასვენებისა და შოპინგის ხარჯები შეამცირა. უმრავლესობის აზრით, მათ ოჯახს კომფორტული ცხოვრებისთვის ყოველთიურად 3000 ლარამდე შემოსავალი ეყოფოდა. ასევე, ყოველი მესამე ამბობს, რომ წინა წელთან შედარებით საჭმელსა და წამლებზე ნაკლებს ხარჯავს (ყოველი მეორე ამბობს, რომ ფინანსურ პრობლემებთან გამკლავების მიზნით, გაზისა და ელ. ენერგიის მოხმარება შეზღუდა. სოფლის მოსახლეობის, ასევე 55+ ასაკის მოქალაქეების უმრავლესობამ გაზისა და ელ. ენერგიის მოხმარება შეზღუდა);
- საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს, ხოლო თბილისის, დიდი ქალაქებისა და უმცირესობათა დასახლებების მცხოვრებთა მეოთხედს, ასევე, ახალგაზრდების მესამედს ემიგრაციაში წასვლა სურს;
- უმრავლესობა თავის ან ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებულ ბინაში ცხოვრობს (თბილისის ყოველი მეოთხე მცხოვრები ბინას ქირაობს. იმ 9%-დან, ვინც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, ნახევარმა თქვა, რომ ბოლო 12 თვის მანძილზე ქირა გაუძვირდა. ასევე, მათი ნახევარი შიშობს, რომ მომავალში ქირის გადახდას ვერ შეძლებს).
მეოთხე თავი საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ეხება. კვლევის მიხედვით,
- ყოველი მესამე მოქალაქე ავტოსატრანსპორტო შემთხვევებსა და სახლის გაძარცვის რისკებზე ღელავს, თუმცა, უმრავლესობა არ ღელავს ქუჩაში გაქურდვის, ფიზიკური ზიანის მიყენების, პირადი ან ფინანსური ინფორმაციის მოპარვის ან სექსუალური შევიწროების საფრთხეებზე;
- თბილისი გამორჩეულია — თბილისში ყოველი მეორე ადამიანი ავტოსაგზაო შემთხვევისა და სახლის გაქურდვის საფრთხეებზე ღელავს, ასევე ყოველი მეორე ადამიანი ქუჩაში გაქურდვისა და პერსონალური/ ფინანსური ინფორმაციის მოპარვის საფრთხეებზე ღელავს;
- მოსახლეობის მეოთხედი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს;
- თბილისელების თითქმის 40% საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავს დაუცველად გრძნობს, განსაკუთრებით ქალები;
- ასევე, თბილისში ყოველი მეორე ქალი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავს დაუცველად გრძნობს.
მეხუთე თავი მთავრობის, პრემიერმინისტრის, პრეზიდენტის და პარლამენტის საქმიანობის, პოლიტიკური პარტიების შეფასებასა და ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას შეეხება.
- გასული წლის შემდეგ, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10%-ით გაიზარდა, პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის საქმიანობის უარყოფითი შეფასებები კი 8-10%-ით შემცირდა, თუმცა, პრემიერის საქმიანობის შეფასება შედარებით დაბალია თბილისში და ოპოზიციის მხარდამჭერებში;
- აღსანიშნავია, რომ პარლამენტს ყველაზე კრიტიკულად თბილისსა და დიდ ქალაქებში, ასევე ოპოზიციის მხარდამჭერებში აფასებენ, ხოლო, წინა კვლევასთან შედარებით, ახლა კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში არცერთი პარტია არ გამოხატავს ხალხის ინტერესებს;
- ქართული ოცნების მხარდამჭერთა მესამედი და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა თითქმის ნახევარი ამბობს, რომ არცერთი პარტია არ გამოხატავს მათ ინტერესებს (პარტიებისადმი მიკუთვნებულობის განცდა შედარებით უფრო მაღალია 55+ ასაკის მოსახლეობასა და სოფლის ტიპის დასახლებებში);
- უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია;
- მოქალაქეები უფრო მეტად უჭერენ მხარს საპარლამენტო ცხოვრებაში ქალებისა და კაცების თანაბარ მონაწილეობას. პარლამენტში 50-50-ზე გენდერულ გადანაწილებას ყველაზე მეტად პატარა ქალაქებსა და თბილისში, ასევე ქალები და ახალგაზრდები უჭერენ მხარს.
მეექვსე თავი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას, საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრესის შეფასებასა და ევროინტეგრაცის კუთხით მთავრობის საქმიანობის შეფასებას ეთმობა. აღნიშნული თავის თანახმად,
- ნატოს მხარდაჭერა სტაბილურად მაღალია, ხოლო ევროკავშირის მხარდაჭერა გაიზარდა და ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდა, რაც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების ურყევ მხარდაჭერაზე მიუთითებს;
- მოსაზრებები გაყოფილია იმასთან დაკავშირებით, დაშორდა თუ დაუახლოვდა საქართველო ევროკავშირს, თუმცა, ქართული ოცნების მხარდამჭერებს უფრო მეტად მიაჩნიათ, რომ საქართველო ევროკავშირს დაუახლოვდა;
- უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა საკმარისს არ აკეთებს ან არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს, ხოლო თბილისისა და სხვა დიდი ქალაქების მოსახლეობა, ასევე ოპოზიციის მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ მთავრობა საკმარისს არ აკეთებს ან არაფერს აკეთებს, რათა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.
დოკუმენტის მეშვიდე და ბოლო თავი ეხება რუსეთის შეჭრას უკრაინაში, რუსების იმიგრაციის გავლენას საქართველოზე, სახელმწიფო პოლიტიკას რუსი მოქალაქეების მიმართ, სავიზო რეჟიმის შემოღებას რუსეთის მოქალაქეებისთვისა და დამოკიდებულებას რუსეთისა და რუსი ხალხის მიმართ.
აღნიშნული თავის მიხედვით,
- უკრაინაში ომს უფრო ნაკლები ადამიანი აბრალებს რუსეთს, ვიდრე მარტსა და აგვისტოს გამოკითხვებში, თუმცა იზრდება მათი რიცხვი, ვინც ბრალს სახელდობრ პუტინს სდებს;
- სხვებთან შედარებით, თბილისელები რუსეთს უფრო მეტად აბრალებენ უკრაინაში ომს, ხოლო, უმრავლესობის აზრით, საქართველოში რუსების იმიგრაციას, შესაძლოა, ქვეყანაზე უარყოფითი გავლენა ჰქონდეს;
- უმრავლესობისთვის რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიდგომა მიუღებელია, ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში უმეტესობა რუსების იმიგრაციისგან სარგებელს ელის;
- რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკას ყველაზე კრიტიკულად თბილისის მოსახლეობა, ქალები და ოპოზიციის მხარდამჭერები აფასებენ;
- უმრავლესობა მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწერებას და რუსეთის მთავრობის მიმართ ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ, თუმცა აღსანიშნავია, რომ რუსეთის მთავრობის მიმართ ყველაზე დადებითი დამოკიდებულება ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში აქვთ;
- სავიზო რეჟიმის მხარდაჭერა კიდევ უფრო მაღალია თბილისში, 18-34 წლის ასაკობრივ კატეგორიაში, ქალებსა და ოპოზიციის მხარდამჭრებში, თუმცა, ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში მოქალაქეებს ამ საკითხთან დაკავშირებით გამოკვეთილი პოზიცია არ აქვთ;
- რუსეთის მთავრობისგან განსხვავებით, მოსახლეობის უმრავლესობა რუსი ხალხის მიმართ დადებითად არის განწყობილი, ხოლო რუსი ხალხის მიმართ ყველაზე უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ: თბილისის მოსახლეობას, 18-34 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს, ქალებს და ოპოზიციის მხარდამჭერებს; საქართველოს მოსახლეობა ფიქრობს, რომ რუსეთის მთავრობა და ხალხი ერთი არ არის.
NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ და 2,519 დასრულებული ინტერვიუს (29% გამოპასუხება) აერთიანებს, ხოლო საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.6%-ია.
საზოგადოებრივი აზრის მაჩვენებელი ანგარიში 2022 წლის 3 დეკემბრიდან – 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს. შინამეურნეობის შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ხოლო რესპონდენტების შერჩევა — კიშის ცხრილის გამოყენებით. ინტერვიუებიდან ყველა ჩატერებული პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.
Don't Miss
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისა და აქციების
წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია ისეთი სამყაროს შექმნა, სადაც არც
მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. გთავაზობთ დაანონსებული აქციების ლოკაციებსა და