ჯავიდ ნაბიევი

გაიცანი უფლებადამცველი: ჯავიდ ნაბიევის ბრძოლა აზერბაიჯანელი ლგბტქი ადამიანების უფლებებისთვის

Rainbow Europe-ის 2021 წლის სტატისტიკის მიხედვით, ლგბტქი უფლებების დაცვის კუთხით აზერბაიჯანი ევროპაში ბოლო, 49-ე ადგილზეა. გენდერის მარკერის სამართლებრივი ცვლილების, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების და სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის, ოჯახში მიმღებლობის თუ ქვიარ ადამიანების

გაიცანი უფლებადამცველი: ჯავიდ ნაბიევის ბრძოლა აზერბაიჯანელი ლგბტქი ადამიანების უფლებებისთვის

Rainbow Europe-ის 2021 წლის სტატისტიკის მიხედვით, ლგბტქი უფლებების დაცვის კუთხით აზერბაიჯანი ევროპაში ბოლო, 49-ე ადგილზეა. გენდერის მარკერის სამართლებრივი ცვლილების, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების და სიძულვილის ენის გამოყენების აღმოფხვრის, ოჯახში მიმღებლობის თუ ქვიარ ადამიანების თავშესაფრით უზრუნველყოფის კუთხით, წლებია, ქვეყანას პროგრესისთვის არ მიუღწევია.

სტატისტიკის თანახმად, უკეთესი მდგომარეობაა შეკრების თავისუფლების კუთხით, რაც კანონმდებლობით არის გარანტირებული, მაგრამ ეს კანონები პრაქტიკაში არ მუშაობს.

2020 წლის 8 მარტს მშვიდობიანი მსვლელობა მოეწყო, რომლის მონაწილეებსაც 4 მოთხოვნა ჰქონდათ:

  1. ყველა ადამიანის უფლებების დაცვა მისი გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად;
  2. საზოგადოებრივი ჩართულობისთვის თანაბარი პირობების შექმნა;
  3. განათლებაზე ხელმისაწვდომობის ყველასთვის უზრუნველყოფა;
  4. ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ რეზოლუციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

მსვლელობის 10 მონაწილე პოლიციამ დააკავა და მოგვიანებით, გობუსტანის რეგიონში, უდაბნოში გაათავისუფლეს. 8 მარტის პროტესტს ინტერნეტშიც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 2 დღის შემდეგ, ფემინისტმა აქტივისტმა აისელ ალექფერზადემ თვითმკვლელობა სცადა.

ოჯახური სისასტიკის, სიცოცხლის მოსპობის მუქარების, პოლიციის ძალმომრეობისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის ამსახველი 2020-2021 წლის კვლევა აზერბაიჯანში ლგბტქი ადამიანების მდგომარეობას უფრო ნათლად გვაჩვენებს. 

წლებია, ლგბტქი ადამიანებს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში უწევთ – ამის მაგალითია ისა შახმარლის საქმე, რომელმაც 2014 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და წერილი დატოვა, რომელშიც წერდა – „გტოვებთ. ყველაფრისთვის მომიტევეთ. ეს ქვეყანა და მსოფლიო ჩემთვის არაა… ჩემს სიკვდილში ყველა დამნაშავე ხართ. მსოფლიომ ჩემი ნამდვილი ფერები ვერ დაიტია“. ასევე, 2017 წლის მასობრივი დაკავებების სერია, რომლის დროსაც 100-მდე თემის წევრი დააკავეს და მათ არაადამიანური მოპყრობის გამოვლა მოუწიათ.

ლგბტქი უფლებების მძიმე მდგომარეობის ბოლო მაგალითი კი 2022 წლის 22 თებერვალს, აზერბაიჯანელი ბლოგერის, ჟურნალისტისა და ლგბტქი აქტივისტის, ავაზ ჰაფიზლის მკვლელობაა. ჰაფიზლი ნათესავმა განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა და გენიტალიები მოჰკვეთა. 

ლგბტქი აქტივისტმა, ჯავიდ ნაბიევმა გვითხრა, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ოჯახში მისულ კოლეგებსა და მეგობრებს სხეულის ნახვის უფლება არ მისცეს.

აქტივისტური საქმიანობა და აზერბაიჯანის იძულებით დატოვება

javid-nabiyev.jpg (780×439)
CBC

ევროპაში წასვლა გადავწყვიტე, რათა ძალები აღმედგინა, ყველაფერი გამეანალიზებინა, თუნდაც, უფრო გავზრდილიყავი, შემეძინა ის უნარები, რომლითაც უკეთ შევძლებდი საქმიანობის გაგრძელებას და მოვმზადებულიყავი აზერბაიჯანში დასაბრუნებლად. ჩემი განზრახვა არასდროს ყოფილა სამუდამოდ წასვლა, – ჯავიდ ნაბიევი.

ჯავიდ ნაბიევი წლების განმავლობაში გერმანიაში ცხოვრობდა. აქტივისტს ქვეყნის დატოვება მაშინ მოუწია, როცა ჯავიდისა და მისი შეყვარებულის საქორწინო ფიცის დადების მცირერიცხოვანი ცერემონიის ამსახველი ფოტოები ინტერნეტში გავრცელდა და რამდენიმე დღე იზოლირებული იყო.

ჯავიდი შევიწროების, დამამცირებელი მოპყრობის სხვა შემთხვევებზეც გვესაუბრა და აღნიშნა, რომ ნეგატიური გამოცდილებების გამო იმ ზღვარზე მივიდა, როცა ქვეყნის დატოვება გარდაუვალი გახდა.

„2012 წლიდან აქტიურად ვიყავი ჩართული ლგბტქი უფლებების დაცვაში, იქნებოდა ეს გაშუქება, დოკუმენტების შეგროვება თუ მონიტორინგი, ვთანამშრომლობდი არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ადამიანების უფლებების კუთხით მომუშავე არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან. უფლებადაცვითი საქმიანობის გამო ჩემზე ზეწოლა სულ უფრო ძლიერდებოდა, 2012-2015 წლებში ხელისუფლება განსაკუთრებით სასტიკი იყო ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. Ზღვარი იყო პოლიციის განყოფილებაში ჩემზე სექსუალური ძალადობა. ევროპარლამენტის წარმომადგენლების ჩართულობით მინისტრთა სხდომა უნდა გამართულიყო, რომელზეც ილჰამ ალიევი სიტყვით აპირებდა გამოსვლას, ამიტომ წამოვიწყე კამპანია, რომლის მიზანიც კონკრეტული კითხვებით მისთვის მიმართვა იყო. ეს იქცა პირველ წითელ ხაზად, რომელიც გადავკვეთე. დამიბარეს განყოფილებაში და მითხრეს, რომ არ მქონდა უფლება, პრეზიდენტი ამ უხერხულ სიტუაციაში ჩამეყენებინა, ამის მიუხედავად, უფლებებისთვის ბრძოლა გავაგრძელე. პარალელურად, ჩემი იმდროინდელი ურთიერთობის შესახებ საჯაროდ ვრცელდებოდა ინფორმაცია და ამას სოციალურ ქსელში ყველა აქტიურად განიხილავდა. გარემო მტრული იყო, მეზობლების გამო რამდენიმე დღე საკუთარ ბინაში იზოლირებულმა გავატარე, წასასვლელი აღარსად მქონდა, ამიტომ ჯერ საქართველოში ჩამოვაღწიე. საქართველოში დარჩენას ვაპირებდი, რადგან აზერბაიჯანთან ახლოს იყო და ვფიქრობდი, რომ აზერბაიჯანელ ლგბტქი ადამიანების დახმარებას უფრო მარტივად შევძლებდი. 3-4 თვე ვცხოვრობდი საქართველოში, თუმცა დარჩენის უფლება არ მომცეს. დავდექი არჩევანის წინაშე – ან აზერბაიჯანში უნდა დავბრუნებულიყავი ან გამეგრძელებინა მოგზაურობა”, – იხსენებს ჯავიდი და ამბობს, რომ ქვეყნის სამუდამოდ დატოვება მისი გეგმა არ ყოფილა – „ევროპაში წასვლა გადავწყვიტე, რათა ძალები აღმედგინა, ყველაფერი გამეანალიზებინა, თუნდაც, უფრო გავზრდილიყავი, შემეძინა ის უნარები, რომლითაც უკეთ შევძლებდი საქმიანობის გაგრძელებას და მოვმზადებულიყავი აზერბაიჯანში დასაბრუნებლად. ჩემი განზრახვა არასდროს ყოფილა სამუდამოდ წასვლა, თავიდანვე ვიცოდი, რომ ერთ დღეს დავბრუნდებოდი და გავაგრძელებდი უფლებადაცვით საქმიანობას ჩემი თემისთვის, საზოგადოებისთვის და საკუთარი თავისთვის“. 

ლგბტქი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და გაჭიანურებული პროგრესი

There are reports that over 100 LGBT+ people have been arrested in Azerbaijan | SBS Sexuality
SBS TV

ლგბტქი თემის წევრები სახელმწიფოსთვის ცალკე სოციალურ ჯგუფად არ ითვლება, რომელიც ბევრად მოწყვლადია, ვიდრე სხვები, – ჯავიდ ნაბიევი.

აზერბაიჯანში დარჩენილ ლგბტქი ადამიანებზე ფიქრი და აქტივისტური საქმიანობა არც გერმანიაში ცხოვრებისას შეუწყვეტია, მუდმივად თვალს ადევნებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. მისი დაკვირვებით, მას შემდეგ, რაც 2001 წელს ერთი და იმავე სქესის წყვილებს შორის ურთიერთობის დეკრიმინალიზებას არსებითი ცვლილებები არ გამოუწვევია.

„2001 წელს ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანებს შორის კავშირის დეკრიმინალიზება მოხდა და აქედან მოყოლებული, არც სამართლებრივი ცვლილებები განხორციელებულა და არც სამოქმედო გეგმა შექმნილა.

მსუბუქად თუ ვიტყვით, აზერბაიჯანი ლგბტქი ადამიანებისთვის საცხოვრებლად კარგი ქვეყანა არაა – იქნება ეს დასაქმება, ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა, სამართალდამცავ უწყებებთან ურთიერთობა, ეფექტური საგამოძიებო პროცესი თუ სხვა სერვისები. ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები თუ ცნობადი სახეები აქტიურად იყენებენ სიძულვილის ენას, ეს მდგომარეობა ტოტალურია და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებშიც არის ასახული.

აზერბაიჯანში, ზოგადად, ადამიანის უფლებების დაცვაა გამოწვევა, რაც ხშირად საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმართაობის ბრალია და აზერბაიჯანის ნებისმიერ მოქალაქეს ეხება. მდგომარეობა კიდევ უფრო უარესია, როცა ლგბტქი ადამიანი ხარ და სახელმწიფოს მხრიდან დაცვა გჭირდება. იყო ასეთი შემთხვევა, როცა ცნობადმა პირმა ტრანსგენდერი ადამიანის მისამართით სიძულვილის ენა და მუქარა გამოიყენა, აქტივისტებმა მიმართეს სამართალდამცავ უწყებებს, მაგრამ ოფიციალური პასუხი იყო, რომ ვერაფერს მოიმოქმედებდნენ. ამის მიზეზი ისაა, რომ ლგბტქი თემის წევრები სახელმწიფოსთვის ცალკე სოციალურ ჯგუფად არ ითვლება, რომელიც ბევრად მოწყვლადია, ვიდრე სხვები”, – აღნიშნავს ჯავიდი აზერბაიჯანში ლგბტქი ადამიანების მდგომარეობაზე საუბრისას.

ხელისუფლებისა და პოლიციის გულგრილობა

Aziz Karimov

ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები ხშირად აღნიშნავენ, რომ აზერბაიჯანში არ არსებობს ლგბტქი გამოწვევები, რადგან კონსტიტუციით ყველა თანასწორია, ხოლო დამატებითი სამართლებრივი ჩარჩო სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის – არასაჭირო. რეალური გამოცდილებები კი სულ სხვაა, – ჯავიდ ნაბიევი.

უთანასწორობის მიზეზად სახელმწიფოს მხრიდან ნების არქონას, მეტიც, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საზიანო განცხადებებს მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ლგბტქი თემს სოციალურ ჯგუფად არ თვლის, რომელიც განსაკუთრებით მოწყვლადია.

„2 წლის წინ, ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის ცერემონიაზე, ქვეყნის პრეზიდენტმა ევროპასთან ინტეგრაციაზე საუბრისას თქვა, რომ ინტეგრაცია იმ სივრცესთან, რომელიც ქალსა და კაცს თანასწორად თვლის, საეჭვოა. ეს ფაქტიც ნათელს ჰფენს იმ მდგომარეობას, რაც ქვეყანაშია. როცა სახელმწიფოს მეთაური მსგავს განცხადებას აკეთებს, რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ლგბტქი ადამიანების დაცვისა და უსაფრთხოების კუთხით?! 

ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები ხშირად აღნიშნავენ, რომ აზერბაიჯანში არ არსებობს ლგბტქი გამოწვევები, რადგან კონსტიტუციით ყველა თანასწორია, ხოლო დამატებითი სამართლებრივი ჩარჩო სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის – არასაჭირო. რეალური გამოცდილებები კი სულ სხვაა, 2017 წელს ვიხილეთ ლგბტქი ადამიანების დაკავებების სერია და დარბევები, ხშირია წამების, არაადამიანური მოპყრობის, ფიზიკური, სექსუალური ძალადობის თუ სიტყვიერი თავდასხმის შემთხვევები.

დასავლელი პარტნიორები სარეკომენდაციო ხასიათის ანგარიშებში თუ რეზოლუციებში მუდამ აღნიშნავენ, რომ ლგბტქი ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, მაგრამ სახელმწიფო ამას არ ასრულებს“, – გვიყვება ჯავიდი და ლგბტქი ადამიანების პოლიციის მიმართ უნდობლობაზეც საუბრობს, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს – „აზერბაიჯანელ ლგბტქი ადამიანებს მტრულ გარემოში უწევთ ცხოვრება, სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის ატანა და ამ დროს ოფიციალური უწყებებისთვის მიმართვა მაინც თავისუფლად უნდა შეეძლოთ, თუმცა ხშირად ადამიანები ვერ ბედავენ პოლიციაში მისვლას, რადგან მათი მხრიდან დისკრიმინაციის მოლოდინი აქვთ, შიში, რომ პოლიციელების გამო იძულებითი ქამინგაუთის საფრთხე შეექმნებათ ან, უბრალოდ, სერიოზულად არ აღიქვამენ. წლების წინ თავდასხმის არაერთი შემთხვევა მქონდა და ერთ-ერთი შემთხვევისას, როცა პოლიციას მივმართე, თვეების განმავლობაში საქმე არ დაძრულა და მითხრეს კიდეც, რომ ლგბტქი ადამიანის [პოლიციელის მხრიდან გამოყენებული იყო შეურაცხმყოფელი ტერმინი] საჩივარს ხელს არავინ მოჰკიდებს“.

სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა და თემის წევრების სოლიდარობა

1lgbt.jpg (940×529)
34mag

სასიკეთო ნიშნებს ვამჩნევ, შეიცვალა ენა, რომელსაც ლგბტქი ადამიანების წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრისას იყენებენ, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს ღიად გმობენ, – ჯავიდ ნაბიევი.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს, პოლიციის, საზოგადოების დამოკიდებულება ლგბტქი უფლებების დაცვას ართულებს, ჯავიდი ამბობს, რომ მაინც შესამჩნევია საზოგადოების აქტიური წევრების ღია მხარდაჭერა და თემის შიგნით სოლიდარობის გაზრდა, რაც ბოლო წლებში მიიღწა.

„საზოგადოება ღირებულებების, ტრადიციებისა და რელიგიური გრძნობებისთვის საშიშ ადამიანებად მიგვიჩნევს და ამის პარალელურად, არ არსებობს სახელმწიფო დაცვის გარანტიები. უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში თემში მაინც გაიზარდა ხილვადობა, განსაკუთრებით ახალგაზრდები ცდილობენ, რომ აქტიურად ისაუბრონ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ლგბტქი ადამიანებს აზერბაიჯანში აქვთ, იბრძვიან უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. მიუხედავად სირთულეებისა, სოლიდარობა უფრო მაღალ დონეზეა, განსაკუთრებით აქტივისტებს შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავი ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც ბევრად ღია და აქტიურები არიან, რათა მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვალონ. ადრე სამოქალაქო საზოგადოება ბევრად ფრთხილი იყო და ღიად მხარდაჭერას ვერ ბედავდა, ახლა ეს მდგომარეობა მცირედით მაინც იცვლება. სასიკეთო ნიშნებს ვამჩნევ, შეიცვალა ენა, რომელსაც ლგბტქი ადამიანების წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრისას იყენებენ, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებს ღიად გმობენ.

შეიძლება ვთქვათ, რომ პოლიტიკოსები, ხელისუფლების წარმომადგენლები ახლა ღიად ამბობენ, რომ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებებს გამართლება არ აქვს, თუმცა ეს ფასადურია და მიმართულია საერთაშორისო საზოგადოების გულის მოგებისკენ და არა ადგილობრივ დონეზე ცვლილებებისკენ“, – გვეუბნება ჯავიდი სასიკეთო ცვლილებებზე და ამატებს, რომ კიდევ ერთი პოზიტიური ამბავი მედია მგრძნობელობის გაზრდაა – „კიდევ ერთი სასიკეთო ცვლილება მედიის მუშაობაა, რომელიც ახლა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების, ლგბტქი ადამიანების წინაშე არსებული გამოწვევების გაშუქებისას სწორ ტერმინოლოგიას იყენებს და ზიანის შემცირებაზე ფიქრობს. ეს ცვლილება სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობამ და თავისუფალი მედიის გაძლიერებამ გამოიწვია, თუმცა სახელისუფლებო მედიები ისევ ნეგატიურ ჭრილში აშუქებენ ლგბტქი ადამიანებს, თითქოს ცდილობენ, რომ ნეიტრალურები იყვნენ, თუმცა საზიანო საქმეს აკეთებენ. საბედნიეროდ, თავისუფალი მედია ნეიტრალური აღარ არის და ლგბტქი უფლებებზე საუბრისას პოზიციის დაფიქსირებას არ ერიდება. აქტიურად მუშაობს უმცირესობების უფლებებზე მომუშავე მედიაც, რომელიც აჟღერებს იმ ხმებს, რომელიც მეინსტრიმულ სივრცეში ნაკლებად ისმის“, – აღნიშნავს ჯავიდი.

სამშობლოში დაბრუნება

May be an image of 5 people, people standing and outdoors
Javid Nabiyev / Facebook

ვფიქრობ, მეზობელი ქვეყნების თემის წევრებმა, აქტივისტებმა ერთმანეთს სოლდარობის მაგალითები უნდა ვუჩვენოთ, მოვყვეთ ამბებს, რომლებიც ჩვენგან ძალიან ახლოს ხდება, გავზარდოთ ცნობადობა, გავაშუქოთ ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა და ვეცადოთ, მეტად გავიგოთ, რა ხდება მეზობლად, – ჯავიდ ნაბიევი.

გერმანიაში გატარებული 6 წლის შემდეგ ჯავიდ ნაბიევი აზერბაიჯანში დაბრუნდა. უნდა, რომ გერმანიაში ყოფნისას მიღებული გამოცდილება და ცოდნა ლგბტქი თანამოქალაქეების უფლებებზე მუშაობას მოახმაროს.

„აზერბაიჯანში ხელახლა დაბრუნება, სიტუაციასთან შეჩვევა, უფლებდაცვითი მიმართულებით მომუშავე ადამიანებთან დაკავშირება, მდგომარეობის გაანალიზება რთული პროცესი იყო, თანაც, აღმოვაჩინე, რომ საზოგადოებისა და სახელმწიფოს დამოკიდებულება იმავე ნიშნულზეა, რაც ჩემს წასვლამდე იყო“, – გვეუბნება ჯავიდი.

სამშობლოში დაბრუნებიდან მალევე კოლეგის, ავაზ ჰაფიზლის სასტიკი მკვლელობის საქმეზე მოუწია ფიქრი, საკუთარ ფეისბუკზე მკვლელობის სათანადოდ გამოძიებას და საქმისთვის სათანადო კვალიფიკაციის მიცემას ითხოვს.

2022 წლის 8 მარტის მსვლელობისას, რომელშიც ფემინისტი აქტივისტები და ლგბტქი თემის წევრები მონაწილეობდნენ, ჯავიდს ცისარტყელის პირბადის ტარების გამო პოლიციასთან დაპირისპირება მოუწია. აქტივისტს პირბადის მოხსნა მოსთხოვეს, ერთ-ერთ აქტივისტს კი დროშა წაართვეს. მოგვიანებით, სახელისუფლებო მედიაში გავრცელდა ნარატივი, რომ ქვიარ სიმბოლიკის ტარება კანონმდებლობას და ეროვნულ რელიგიურ გრძნობებს ეწინააღმდეგება.

„ცისარტყელას პირბადე რიგით დღეს, ქალაქის ცენტრში სეირნობისას არ მკეთებია. 8 მარტის მსვლელობისას გამოვიყენე, როცა აქციის მონაწილეები შევიკრიბეთ ან, უფრო სწორად თუ ვიტყვით, ალყაში ვიყავით მოქცეულები… ჩემი, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქის თავისუფლად გადაადგილების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება პოლიციამ შეზღუდა. უნდა ითქვას, რომ აზერბაიჯანის კანონმდებლობა ცისარტყელას ფერების მქონე პირბადის ტარებას არ ზღუდავს და როგორც ვხვდები, არც ლგბტქი დროშაზეა რაიმე ჩანაწერი. ასევე, ყველასთვის ცნობილია, რომ კონსტიტუციის მიხედვით, აზერბაიჯანი დემოკრატიული, სამართლებრივი, სეკულარული, უნიტარული რესპუბლიკაა და რელიგია და პოლიტიკური მმართველობა განცალკევებულია“, – დაწერა ჯავიდმა ფეისბუკზე.

აზერბაიჯანელ აქტივისტს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ქვეყანასთან ხელახლა შეჩვევა და პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებასთან, კოლეგის მკვლელობის სტრესთან და ამასთან, ლგბტქი უფლებებისთვის ბრძოლა უწევს.

საუბრის დასასრულს გვეუბნება, რომ ჩვენ, მეზობელი ქვეყნების თემის წევრებმა, აქტივისტებმა მეტი უნდა გავიგოთ სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე და ერთმანეთს სოლიდარობის მაგალითები ვუჩვენოთ.

„ვფიქრობ, მეზობელი ქვეყნების თემის წევრებმა, აქტივისტებმა ერთმანეთს სოლდარობის მაგალითები უნდა ვუჩვენოთ, მოვყვეთ ამბებს, რომლებიც ჩვენგან ძალიან ახლოს ხდება, გავზარდოთ ცნობადობა, გავაშუქოთ ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა და ვეცადოთ, მეტად გავიგოთ, რა ხდება მეზობლად. მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიულად ასე ახლოს ვართ, ხშირად არ ვიცით, რა ხდება სხვა ქვეყანაში“.