შშმ პირები

გაიცანი უფლებადამცველი: ხელი ხელს – სახლი, რომელიც მაია შიშნიაშვილმა ააგო

სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაცია ხელი ხელს, 2011 წელს, მაია შიშნიაშვილის ინიციატივით დაარსდა. 18 წელს გადაცილებული მენტალური (ფსიქიკური და ინტელექტუალური) დარღვევის მქონე ადამიანებისთვის გახსნილი მცირე საოჯახო ტიპის საცხოვრებლები სოციალური ინოვაციიდან წარმატებულ პრაქტიკად იქცა.

გაიცანი უფლებადამცველი: ხელი ხელს – სახლი, რომელიც მაია შიშნიაშვილმა ააგო

სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაცია ხელი ხელს, 2011 წელს, მაია შიშნიაშვილის ინიციატივით დაარსდა. 18 წელს გადაცილებული მენტალური (ფსიქიკური და ინტელექტუალური) დარღვევის მქონე ადამიანებისთვის გახსნილი მცირე საოჯახო ტიპის საცხოვრებლები სოციალური ინოვაციიდან წარმატებულ პრაქტიკად იქცა. 2016 წლიდან კი პერსონალური ასისტირების სერვისის დანერგვაც დაიწყეს. ორგანიზაციის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების თემში დამოუკიდებლად და ღირსეულად ცხოვრების ხელშეწყობა და ინკლუზიის მხარდაჭერაა. დეინსტიტუციონალიზაციისთვის ბრძოლა, შშმ პირთა თემზე დაფუძნებული საოჯახო ტიპის საცხოვრისის მომსახურებითა და პერსონალური ასისტირებით უზრუნველყოფა, მათი გაძლიერება და ამ გზით დეინსტიტუციონალიზაციისთვის ბრძოლა, ორგანიზაციის საქმიანობის მთავარ მიმართულებებად იქცა.

შვილის საჭიროებებზე ფიქრიდან დაწყებული უფლებადაცვითი საქმიანობა

Ami Vitale / ხელი ხელს / Open Society Foundations

„გვინდოდა, ბენეფიციარებს თავი ეგრძნოთ სახლში, ბუნებრივ გარემოში, სოციუმში და არა – იზოლირებულად, როგორც ეს იქამდე იყო გავრცელებული“. – მაია შიშნიაშვილი.

მაია შიშნიაშვილი შშმ პირების უფლებადაცვით საქმიანობამდე შვილის საჭიროებებზე ფიქრმა მიიყვანა. ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ შვილის მომავალზე ფიქრმა და იმის გაცნობიერებამ, რომ მრავალ გამოწვევაზე საპასუხოდ სერვისები არ არსებობდა, ცვლილებების აუცილებლობაში დაარწმუნა.

„შშმ პირების საჭიროებით მას შემდეგ დავინტერესდი,რაც შვილი მეყოლა. 1-2 წლის იყო, როცა გარკვეული ნიშნები გამოუვლინდა და 3 წლის იყო, როცა საბოლოოდ დაუსვეს დიაგნოზი, რომელმაც მისი მდგომარეობა ახსნა. მაშინ მივხვდი, რომ ის მთელი ცხოვრება შშმ პირი იქნებოდა და მხარდაჭერა დასჭირდებოდა, ეს იყო გადამწყვეტი მომენტი, როცა შეზღუდულ შესაძლებლობებზე ფიქრი და მოკვლევა დავიწყე. მაინტერესებდა, რა პროგრამები არსებობდა არამხოლოდ არასრულწლოვანებისთვის, არამედ ზრდასრულებისთვისაც. ყველას გვაწუხებს კითხვა – რა იქნება მაშინ, როცა შვილებს გვერდით აღარ ვეყოლებით?

ბავშვობის პერიოდზე იმდენი არ მიფიქრია, მაშინვე მომავალზე დავიწყე ფიქრი, როცა ჩემთვის ვიპოვე გამოსავალი, ეს იყო ჩვენი ორგანიზაციის დასაფუძნებლად მუშაობის დაწყების წერტილი. ყველაფერი მალე არ გამოსულა, დაახლოებით 5 წლის იყო ლევანჩო, როცა უკვე ვიცოდი, რა მინდოდა გამეკეთებინა და როგორ უნდა შევხიდებოდი ჩემი შვილის მომავალს. მინდოდა, ლევანჩოს ჰქონოდა ისეთივე მხარდაჭერა, როგორიც სახლში. 2010 წლისთვის თანამოაზრეებმა დავაფუძნეთ ორგანიზაცია და მიზნად დავისახეთ, შეგვექმნა საცხოვრისის ისეთი მოდელი, რომელიც ადამიანის უფლებებზე იქნებოდა დაფუძნებული და ღირსეულ მომსახურებას გაუწევდა შშმ პირებს, რომელთაც მხარდაჭერა ესაჭიროებათ. გვინდოდა, ბენეფიციარებს თავი ეგრძნოთ სახლში, ბუნებრივ გარემოში, სოციუმში და არა – იზოლირებულად, როგორც ეს იქამდე იყო გავრცელებული“.

ხელი ხელს – ორგანიზაციის პირველი ნაბიჯები

No photo description available.
ხელი ხელს

„ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევისას დამოუკიდებლობის ქონა, პასუხისმგებლობის აღებაა და თუ რაიმე მიზნის მისაღწევად მხარდაჭერა გჭირდება, შეგიძლია, მომსახურება გამოიყენო, რომელიც არ გიკარნახებს, როგორი უნდა იყოს შენი გადაწყვეტილება.“ – მაია შიშნიაშვილი.

ორგანიზაციამ დაარსების დღიდან დღემდე ბევრი გამოწვევა გაიარა. ხელი ხელს ნოვატორია რეგიონში, რომელმაც ბალტიისპირეთის  ქვეყნების შემდეგ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პირველმა დანერგა საოჯახო ტიპის მომსახურება, სერვისი, სიახლე, ამიტომ ორგანიზაციის გუნდს ყოველდღიურად უწევდათ ბრძოლა ბენეფიციარების ინტერესებისთვის, მათი უფლებების რეალიზებისთვის. გამოწვევა იყო ისეთ ბაზისური უფლებებით სარგებლობა, როგორიც საკუთარი პენსიის განკარგვის, შვილებთან ახლოს ყოფნის, ოჯახის შექმნის, დასაქმების თუ ჯანმრთელობის უფლებაა. სერვისის მდგრადობისთვის განსაკუთრებულ გამოწვევად იქცა სახლების მცხოვრებლებისთვის ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისი მომსახურების შეუსაბამო დაფინანსება, მის გასაზრდელად კი მუდმივი საადვოკაციო მუშაობა იყო საჭირო. 

„2011 წელს, პირველი სახლი გავხსენით 18 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, რომელთაც სერვისებით სარგებლობა უკვე სჭირდებოდათ. ბენეფიციარები უკვე არსებული ისეთი ინსტიტუციებიდან გადმოვიყვანეთ, რომლებიც დამოუკიდებლობას არ აძლევდნენ შშმ პირებს. ჩვენი წამოწყება იყო ინოვაცია, რადგან პირველები ვიყავით, ვინც თქვა, რომ ადამიანები გამოყოფილი არ უნდა იყვნენ, აუცილებელია, ცხოვრობდნენ თემში და წვდომა ჰქონდეთ საოჯახო ტიპის მომსახურებაზე. 

ეს იყო დიდი გამოწვევა, რადგან არავინ ფიქრობდა, რომ შშმ პირებს დამოუკიდებლად, საკუთარი ინტერესებისა და მისწრაფებების შესაბამისად ცხოვრება, საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება შეეძლოთ, რასაც ხელს შევუწყობდით ადეკვატური მხარდაჭერით, რომელიც არც გადამეტებული იქნებოდა და არც ნაკლოვანი. 

იმ დროისთვის, ხალხის დამოკიდებულებაც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა, როცა მოდიოდნენ, გვეკითხებოდნენ, გვყავდა თუ არა მზარეული, ექიმი, ფსიქოლოგი, რადგან ვერ წარმოედგინათ, როგორ უნდა ეცხოვრათ შშმ პირებს მსგავსი მხარდაჭერის გარეშე. სტერეოტიპული მიდგომებით ხელმძღვანელობდნენ, რადგან დიდ ინსტიტუციებში ამას იყვნენ მიჩვეული. ჩვენ შევძელით დაგვესაბუთებინა, რომ ეს შესაძლებელია და ამის მიღწევა მცირე მხარდაჭერითაც არის მიღწევადი. მთავარია, გადაწყვეტილებას იღებდეს ადამიანი, ვისთვისაც სერვისი შევქმენით. ხშირად ჩვენი მოდელი წარმოედგინათ როგორც მხოლოდ ფიზიკური დამოუკიდებლობის შესაძლებლობა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევისას დამოუკიდებლობის ქონა, პასუხისმგებლობის აღებაა და თუ რაიმე მიზნის მისაღწევად მხარდაჭერა გჭირდება, შეგიძლია, მომსახურება გამოიყენო, რომელიც არ გიკარნახებს, როგორი უნდა იყოს შენი გადაწყვეტილება.“ – იხსენებს მაია შიშნიაშვილი.

დაფინანსების გაზრდისთვის წლების განმავლობაში მიმდინარე მუშაობა ნელ-ნელა უკეთესობისკენ იცვლება. ბათუმის და სენაკი მუნიციპალიტეტები თანადაფინანსებაში არიან ჩართული, რაც აუცილებელი პირობაა ახალი სახლების გახსნისა და, შესაბამისად, მეტი ადამიანის გამოთავისუფლებისთვის ინსტიტუციებიდან. რაც შეეხება პერსონალურ ასისტირებას, წელს სამინისტროსა და არასამთავრობო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით, შემუშავდა სერვისის სტანდარტები. ეს სტანდარტები საშუალებას შექმნის, რომ ყველა ტიპის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების შესაფერისი მომსახურება გახდეს შესაძლებელი. თუმცა, ეს ყოველთვის ასე არ ყოფილა, მაია შიშნიაშვილი ორგანიზაციის პირველ ნაბიჯებზე გვიყვება და საოჯახო ტიპის საცხოვრისის პირველ ბენეფიციარებთან ურთიერთობას იხსენებს, რასაც ინსტიტუციების თანამშრომლების, მცხოვრებლების თუ სხვა ადამიანების მხრიდან წინააღმდეგობა შეხვდა:

დეინსტიტუციონალიზაციის სირთულე

გიორგი, ორგანიზაციის – ხელი ხელს – ბენეფიციარი. Ami Vitale / ხელი ხელს / Open Society Foundations

„როცა ადამიანი იღებდა გადაწყვეტილებას, რომ ინსტიტუციიდან ჩვენთან გამოსვლა სურდა, მისი გარემოცვა, ინსტიტუციის მხარდამჭერები თუ თანამცხოვრებნი იწყებდნენ დარწმუნებას, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიეღო, ფაქტობრივად, ადამიანს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების უფლება არ ჰქონდა.“ – მაია შიშნიაშვილი.

„თავიდან სახელმწიფოსთან თუ სხვადასხვა სოციალური მომსახურების ჯგუფთან ურთიერთობაც რთული იყო, როცა ყოველდღიურ რეჟიმში დავიწყეთ გამოწვევებზე ზრუნვა, აღმოჩნდა, რომ სერიოზული ბარიერები არსებობს. მაგალითად, როცა ადამიანი იღებდა გადაწყვეტილებას, რომ ინსტიტუციიდან ჩვენთან გამოსვლა სურდა, მისი გარემოცვა, ინსტიტუციის მხარდამჭერები თუ თანამცხოვრებნი იწყებდნენ დარწმუნებას, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიეღო, ფაქტობრივად, ადამიანს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების უფლება არ ჰქონდა. მთელი მანქანა ამუშავდებოდა ხოლმე ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ. ჩვენ გვიწევდა, რომ მომავალი ბენეფიციარებისთვის ემოციური თუ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა გაგვეწია, რათა მას მიზნის მიღწევის შესაძლებლობა ჰქონოდა, ვეხმარებოდით სოციალურ მუშაკთან, ინსტიტუციის თანამშრომლებთან, თანამცხოვრებებთან ურთიერთობაში, რათა დაეცვა საკუთარი უფლება ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლისთვის. ეს მარტივი არ ყოფილა, რადგან რიგი პრობლემების ერთდროულად გადალახვა გვიწევდა. მერე უკვე, როცა ჩვენთან მოდიოდნენ მონიტორინგზე, ხშირად კითხულობდნენ მზარეულის შესახებ, რაზეც ვპასუხობდით, რომ მზარეული სახლში უმეტესობას არ გვყავს და ეს საჭიროება არც ჩვენს ბენეფიციარებს აქვთ. მათ ჰყავთ ასისტენტები, რომლებიც ეხმარებიან დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის საჭირო ცოდნის მიღებაში. ასევე ითხოვდნენ, რომ ბენეფიციარებისთვის მკაცრად გაწერილი დღის წესრიგი უნდა გვქონოდა, რაც ისევ და ისევ მცდარია, რადგან ჩვენ უმეტესწილად წინასწარგაწერილი დღისწესრიგით არ ვცხოვრობთ.’’

ახლებური, ინდივიდის საჭიროებებზე მორგებული სერვისების სათანადოდ დანერგვისთვის შესაბამისი ცოდნა წლების წინ საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობდა, ამიტომ ასისტენტები ამერიკელი და ხორვატი ტრენერების მიერ მომზადდნენ, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერასა და პიროვნული გაძლიერების წარმართვაში სწორად ჩართვა შესძლებოდათ. ორგანიზაციამ შეძლო განვითარებული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის შემოტანა, სახელმწიფო პროგრამაში ასახვა და დანერგვა საქართველოში. ამასთან, ორგანიზაცია უკვე ჩართულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო პროგრამაში და ზრუნავს არა მხოლოდ მომსახურების მიწოდებაზე, არამედ საერთაშორისო გამოცდილების საქართველოში აპრობირების გზით ქმნის პროფესიულ, მეთოდურ და ცოდნის რესურსს, რომელსაც ავრცელებს და უზიარებს ყველა დაინტერესებულ პირსა და ორგანიზაციას. ორგანიზაციამ შექმნა მომსახურების მოდელი და პერსონალის მოსამზადებელი სატრენინგო პაკეტი, რაც ქმნის შესაძლებლობას, მოხდეს საქართველოში მისი შემდგომი განვითარება და გავრცობა. აქტიურად არიან ჩართული დეინსტიტუციონალიზაციისა (დიდი ინსტიტუციებიდან შშმ პირთა საზოგადოებაში დაბრუნება) და შშმ პირების უფლებების ადვოკატირების პროცესში, ორგანიზაციის კიდევ ერთი მიმართულება შვილების შშმ მშობლებთან ერთად ცხოვრების მხარდაჭერაა.

ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული საზოგადოების აუცილებლობა

„ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ ადამიანი ცალკე არ უნდა ცხოვრობდეს. საზოგადოებაში ყველა ადამიანის ადგილი თანაბრად არის და საზოგადოება სწორედ ინდივიდის უფლებების დასაცავად, მათი საჭიროებების დასანახად, პატივისცემაზე დაფუძნებით უნდა იყოს მოწყობილი.“ – მაია შიშნიაშვილი.

მაია შიშნიაშვილის თქმით, მიუხედავად უკვე მიღწეული ცვლილებებისა, ბრძოლა ისევ გრძელდება და უნდა მივიდეთ იმ ეტაპამდე, როცა დიდი ინსტიტუციების საჭიროება აღარ იქნება.

„საბრძოლი ყოველთვის გვექნება, მაგრამ რაღაც წერტილიდან ხომ უნდა დაიწყო. დღეს უკვე გვაქვს გამართული სერვისი, რომელიც ინსტიტუციური და სახელმწიფო დაფინანსების პროგრამაშიც გათვალისწინებულია. ყველაფერი გაწერილი და დალაგებული გვაქვს, მაგრამ კიდევ უფრო გავრცობა სჭირდება. თუმცა, სანამ სეგრეგაციის წერტილები იქნება, მდგომარეობა საბოლოოდ ვერ დალაგდება, რადგან ადამიანი მარტივად ფიქრობს, რომ თუ არსებობს მარტივი გამოსავალი, სხვა გზას არ ირჩევს, ზრუნვის აუცილებლობას ვეღარ ხედავს. ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ ადამიანი ცალკე არ უნდა ცხოვრობდეს. საზოგადოებაში ყველა ადამიანის ადგილი თანაბრად არის და საზოგადოება სწორედ ინდივიდის უფლებების დასაცავად, მათი საჭიროებების დასანახად, პატივისცემაზე დაფუძნებით უნდა იყოს მოწყობილი. თუ ადამიანი ინდივიდუალური  საჭიროებების პრიზმიდან დაინახავს ცხოვრებას, ყველა მოწყვლადი ჯგუფის წინაშე არსებულ გამოწვევებს უკეთ გაიგებს, გადააფასებს. უნდა ავაშენოთ საზოგადოება, რომელშიც ყველა ადამიანს ექნება თანაბარი პირობები და ამის მისაღწევად მეტი მხარდაჭერა სჭირდება, სხვას ნაკლები. 

სერვისი ადამიანების ჩვეულ დღის რეტინას რეჟიმით არ უნდა ანაცვლებდეს, რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული რეკომენდაციები, რომელიც ადამიანისთვის სასარგებლოა, თუმცა ეს სავალდებულო არ უნდა იყოს. დიდ ინსტიტუციებში ბენეფიციარები საერთო დღის წესრიგს ემორჩილებიან, მაგრამ არავინ ფიქრობს, რომ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი ბიოლოგიური რიტმი, შესაბამისად, სერვისი ამას უნდა ითვალისწინებდეს და ინდივიდუალური მხარდაჭერის მომსახურებას სთავაზობდეს ბენეფიციარებს. 

ინსტიტუციური მოდელი არაერთ ქვეყანაში დღემდე მთავარი დასაყრდენია და ისეთ სათემო სერვისებს, როგორიც ჩვენია, რატომღაც ალტერნატივას უწოდებენ. ეს დამოკიდებულება ფართოდ არის გავრცელებული, რადგან სერვისების ნაკლებობაა, რომელსაც ადამიანი სურვილის შემთხვევაში გამოიყენებს. მე ვფიქრობ, რომ სათემო სერვისები არის საბაზისო მომსახურება, რომელიც ალტერნატივა კი არაა, მხარდაჭერის მთავარი ნაწილი უნდა იყოს. უნდა მივიდეთ იმ ეტაპამდე, როცა დიდი ინსტიტუციების საჭიროება აღარ იქნება და ამისთვის სათემო სერვისები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა რეგიონში.

ჯერ კიდევ მხოლოდ გარემოს ფიზიკური ადაპტაციის დონეზე ვართ და ვერაფრით გავცდით ამ მდგომარეობას, რადგან არც ეს ნაწილი დაგვიფარავს სათანადოდ. სახელმწიფო ხედავს ერთიან მასას, მაგრამ პრობლემა უნდა დავავიწროოთ ინდივიდამდე და ეს ბევრად მეტ შესაძლებლობას შექმნის, რომ გადაჭრის ეფექტური გზები გამოინახოს, რესურსის სწორად გამოყენება მოხდეს.’’

ყოველდღიური მაგალითებით დამსხვრეული სტერეოტიპები

ნათია მინდიაშვილი – ხელი ხელს ბენეფიციარი / ნათელა გრიგალაშვილი

„სტიგმას რაღაცის არცოდნა იწვევს, როცა რაღაც უცხოა, სწორი მიდგომის ჩამოყალიბება რთულია, ხოლო, როცა ნაცნობობა, საერთო გამოცდილებების გაზიარება ხდება, სტერეოტიპები იმსხვრევა. ახლა, ხშირ შემთხვევაში, ჩვენი ჩართულობაც აღარაა საჭირო – ჩვენი მაცხოვრებლები მათ მიმართ არსებულ არასწორ წარმოდგენებს თვითონ ცვლიან.’’ – მაია შიშნიაშვილი.

ამ დროისთვის, ორგანიზაციას 7 საოჯახო ტიპის სახლი აქვს, სადაც 33 ადამიანი ცხოვრობს. 2 სახლი აქვთ თბილისში, 4 გურჯაანში და 1 ბათუმში. თებერვლის თვეში კიდევ ერთ სახლის გახსნა სენაკში იგეგმება, რომელშიც 5 ადამიანი დაიწყებს ღირსეულ ცხოვრებას. ორგანიზაციაში მაცხოვრებლები თვითონ გეგმავენ, როგორი იქნება მათი დღე და რას გააკეთებენ. მაგალითად, თვითონ ადგენენ კვების დროებს, ასევე, დღის ან კვირის მენიუს, სათითაოდ ირგებენ თავის თავზე; თავის ფულს პრიორიტეტების მიხედვით განკარგავენ.  ასევე, ნებისმიერი სხვა აქტივობა ხორციელდება მხოლოდ მაცხოვრებლების გადაწყვეტილებით, მათი სურვილებიდან გამომდინარე.

ორგანიზაციაში მომუშავე გუნდი კი ერთმანეთთან შეთანხმებით, მაცხოვრებლის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მუშაობს. სახლებს ჰყავთ მენეჯერი, რომელიც კოორდინატორის დახმარებით აძლიერებს ასისტენტებს სწორი ხედვითა და მიდგომებით მუშაობაში. ხოლო ასისტენტები მომსახურების მთავარი საყრდენები არიან – ისინი მაცხოვრებელთა ყოველდღიური დამხმარეები არიან. ორგანიზაციის წარმატებული მუშაობის მთავარი გასაღები შეკრული და ძლიერი გუნდია. 

მაია შიშნიაშვილისთვის შშმ პირების უფლებებისთვის ბრძოლა ამით არ სრულდება. გვეუბნება, რომ ყოველი ახალი ნაბიჯი ახვედრებს, რომ კიდევ მრავალი დეტალია შესაცვლელი და სიახლეების ძიებამდე ყოველდღიური დაკვირვებებით მიდის.

„ჩემთვის შშმ პირების უფლებებისთვის მუშაობა უსამართლობის განცდიდან დაიწყო. ხშირად ვფიქრობდი, რომ თუ სხვა ბავშვები დადიოდნენ სკოლაში, კაფეში, სარგებლობდნენ სხვადასხვა სერვისებით, ჩემს შვილს იგივე გამოცდილებები რატომ არ უნდა ჰქონოდა. ჩემი და ჩემი შვილის გამოცდილებების შედარებით ვხვდებოდი, რა გამოსავალი უნდა მომენახა. მე თუ მქონდა რაიმე სურვილი და ამის მიღწევა დაბრკოლების გარეშე შემეძლო და ჩემს შვილს იგივე არ შეეძლო, საკუთარ თავს კითხვას ვუსვამდი – რა უნდა გავაკეთო, რომ ეს შევცვალო? და ამ მიდგომით მივდიოდი გამოსავლის მოძებნამდე. ჩემს შვილს სკოლაში მისვლასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა და მივხვდი, რომ ამ გამოწვევას პერსონალური ასისტენტი გადაჭრიდა, ამიტომ აღნიშნული სერვისი შევქმენით, კიდევ ერთი ასეთი მაგალითი სამსახურის ძიებისას არსებული სირთულეები იყო. ინსტიტუციაში გამოკეტილ ადამიანს სამსახურის ძიების უნარ-ჩვევები არ ჰქონდა, რადგან მას არასდროს ჰქონია ეს გამოცდილება, არ უცხოვრია საზოგადოებაში, ამიტომ ჩვენს სერვისს ეს კომპონენტიც დავამატეთ. 

მოგვიანებით, მივხვდი, რომ თუ ჩემი შვილის თანატოლები არ იქნებიან მეტად გარკვეული, მეტად მონდომებული და გახსნილი ურთიერთობისთვის, როცა დავბერდები, ჩემი თაობა ვერ იქნება მხარდამჭერი, ასე მივედი მისი თანატოლებიც ცნობიერების შეცვლის აუცილებლობამდე. მომავალზე ფიქრმა მიბიძგა ჩემი შვილის თანატოლების მშობლების, ჩემზე ახალგაზრდა მშობლების გაძლიერების აუცილებლობისკენ, რათა მათ აღარ გაიარონ ის წინააღმდეგობები, რაც მე გავიარე. ისინი აღარ იყვნენ ჩემს ასაკში ბრძოლით ისე დაღლილები, როგორც მე ვარ.’’

ჯერ კიდევ არსებობს ნეგატიურად განწყობილი ადამიანების ნაწილი, რომლებიც სამეზობლოში შშმ პირებისთვის მოწყობილ საცხოვრისებს ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ორგანიზაციის ბენეფიციარები, რომლებიც დამოუკიდებელი, თავდაჯერებული, დასაქმებული ადამიანები არიან, თვითონვე ცვლიან გარშემომყოფთა დამოკიდებულებებს. ისინი უფლებადამცველებად იქცნენ და  ყოველდღიური მაგალითებით ამსხვრევენ სტერეოტიპებს.

„სტიგმის აღმოფხვრის ვალდებულება, პირველ რიგში, სახელმწიფოს აქვს, მან უნდა შეძლოს და შექმნას შესაძლებლობა, რომ შშმ პირებმა თემში ცხოვრება, სხვა ადამიანების გვერდით თანაბარ პირობებში არსებობა შეძლონ. საცხოვრისის ტიპის მოდელების დაფინანსება თუ მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად უნდა მოხდეს. მდგომარეობა უკეთესობისკენ არის შეცვლილი. სტიგმას რაღაცის არცოდნა იწვევს, როცა რაღაც უცხოა, სწორი მიდგომის ჩამოყალიბება რთულია, ხოლო, როცა ნაცნობობა, საერთო გამოცდილებების გაზიარება ხდება, სტერეოტიპები იმსხვრევა. ახლა, ხშირ შემთხვევაში, ჩვენი ჩართულობაც აღარაა საჭირო – ჩვენი მაცხოვრებლები მათ მიმართ არსებულ არასწორ წარმოდგენებს თვითონ ცვლიან.’’ -გვეუბნება საუბრის დასასრულს მაია შიშნიაშვილი.

საოჯახო ტიპის მომსახურებით საქართველო რეგიონში მოწინავედ იქცა. ორგანიზაციის მომსახურება კი – საჩვენებელ მოდელად ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიც აზერბაიჯანი, მოლდოვა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, პოლონეთი და სხვა ქვეყნები არიან. 2021 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სერვისების დანერგვის რეკომენდაციების ტექნიკური პაკეტი გამოაქვეყნა – 6 მიმართულებიდან ერთ-ერთი, საცხოვრისს ეხება და ორგანიზაციის – ხელი ხელს – მიერ ორგანიზებული სერვისი სანიმუშოდაა მოხსენიებული, რაც კიდევ ერთი ნიშანია იმის, რომ მაია შიშნიაშვილის მიერ წლების წინ დაწყებული საქმიანობა სწორი მიმართულებით ვითარდება.