ქვიარ ადამიანთა უფლებები

რა არის ჰომოფობია?

ლგბტქი ადამიანებს უამრავი მძიმე ბრძოლის გადატანა მოუხდათ თავიანთი უფლებების მოსაპოვებლად და განსახორციელებლად. თემის წევრები და მათი მხარდამჭერები დღემდე იბრძვიან, რათა ლგბტქი ადამიანებმა, როგორც საზოგადოების სრულფასოვანმა წევრებმა, ღირსეული ცხოვრება შეძლონ. მიუხედავად განუწყვეტელი ბრძოლისა,

რა არის ჰომოფობია?

ლგბტქი ადამიანებს უამრავი მძიმე ბრძოლის გადატანა მოუხდათ თავიანთი უფლებების მოსაპოვებლად და განსახორციელებლად. თემის წევრები და მათი მხარდამჭერები დღემდე იბრძვიან, რათა ლგბტქი ადამიანებმა, როგორც საზოგადოების სრულფასოვანმა წევრებმა, ღირსეული ცხოვრება შეძლონ.

მიუხედავად განუწყვეტელი ბრძოლისა, თემის წევრებს მათი სექსუალობისა და გენდერული იდენტობის გამო დღემდე შეურაცხყოფენ, ემუქრებიან, დევნიან, აპატიმრებენ და კლავენ. ქვიარ ადამიანების საჯარო გამოსვლა და ნებისმიერი ფორმით ხილვადობა ხშირად ხდება მათ მიმართ აგრესიისა და სიძულვილის მიზეზი.

ჰომოფობია – ტერმინის განმარტება და გამოყენების დამკვიდრება

ჰომოფობია, ტრანსფობია, ბიფობია – ეს იმ ფობიების ჩამონათვალია, რომელიც ქვიარ ადამიანების სიძულვილს უკავშირდება.

კლასიკური განმარტებით, ფობია ირაციონალური შიში და ზიზღია კონკრეტული სიტუაციის, საგნის ან აქტივობის მიმართ.

ტერმინი ჰომოფობია პირველად ფსიქოლოგმა ჯორჯ ვინბერგმა 1972 წელს გამოიყენა. ჰომოფობია ჰომოსექსუალი ადამიანების მიმართ ზიზღს გულისხმობს, რომელიც ირაციონალურია და მისი თანამედროვე მნიშვნელობა მოიცავს გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერსექსი და ქვიარ ადამიანების მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას.

ინტერნალიზებული ჰომოფობია

საზოგადოებაში არსებული ჰომოფობია არცთუ იშვიათად თავად ლგბტქი ადამიანებსაც განაწყობს ჰომოფობიურად. ისინი საკუთარ ორიენტაციას უარყოფენ და სჯერათ, რომ ლგბტქი ადამიანების ურთიერთობა ცუდი და არასწორია, ამიტომ ბრაზს, ზიზღსა და განრისხებას განიცდიან სხვა ქვიარ ადამიანების მიმართ. ამას ინტერნალიზებული ჰომოფობია ჰქვია. ინტერნალიზებული ჰომოფობები ხშირად გამოირჩევიან განსაკუთრებული აგრესიით სხვა ლგბტქი ადამიანების მიმართ და რიგ შემთხვევაში, შესაძლოა, რადიკალური ჯგუფის ლიდერებადაც მოგვევლინონ.

ჰომოფობია და მეცნიერული თვალსაზრისი

არსებული ჰომოფობიური განწყობებისა და საზოგადოების არაერთგვაროვანი დამოკიდებულებების მიუხედავად, მეცნიერული თვალსაზრისით ყველაფერი დიდი ხანია, ნათელი და გარკვეულია: 1973 წლიდან ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ ჰომოსექსუალობა ფსიქიკური დაავადებების სიიდან, ხოლო 1990 წლის 17 მაისს ჰომოსექსუალობა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო.

ჰომოსექსუალობის შემდეგ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 2019 წელს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ტრანსგენდერობაც ამოიღო. ტრანსგენდერ ადამიანებსა და მათი უფლებებისათვის მებრძოლ აქტივისტებს ამის მისაღწევად ბევრად მეტი დრო დასჭირდათ.

ჰომოსექსუალობის დაავადებათა სიიდან ამოღება თემისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხია. დაავადებათა სიიდან ამოღების შემდეგ, ლგბტქი ადამიანების უფლებების კუთხით პროგრესი შეინიშნება. საზოგადოებაში დაიწყო ლგბტქი თემის წევრების თანდათანობითი დესტიგმატიზაცია. გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, ექიმები აღარ ცდილობენ “განკურნონ” ჰომოსექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები. უკეთეს შემთხვევაში, ისინი მზად არიან დააკმაყოფილონ ლგბტქი თემის წევრების ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის საჭიროებები, თუმცა, სამწუხაროდ, აქაც არსებობს გამონაკლისები.

ჰომოფობია – საყოველთაო ზიანი საზოგადოებისთვის

ჰომოფობია ხელს უწყობს კონფლიქტების გაღვივებასა და საზოგადოების გახლეჩას, ხოლო ჰომოფობიაზე დაფუძნებული აგრესია აძლიერებს და კვებავს სხვა მჩაგვრელ სისტემებს, რაც სახელმწიფოს განვითარებაზე სავალალოდ აისახება.

ჰომოფობია, რომელიც დღეს ქვეყანაში მძვინვარებს, არამხოლოდ ქვიარ ადამიანებს აზიანებს, არამედ თითოეული მოქალაქისთვისაა დამაზიანებელი. ყველას უწევს იმ სახიფათო გარემოში ცხოვრება, რომელშიც თვითგამოხატვა დასჯადია.

როცა ქვეყანაში არსებული უმცირესობის უფლებები ჰომოფობიურ ან სხვა ნიადაგზე ილახება, ხოლო სახელმწიფოსთვის უზენაესი არა კანონი, არამედ სიძულვილი ხდება, ეს აქრობს იმის ილუზიას, რომ სხვა ჯგუფების უფლებები სრულად იქნება დაცული. მსგავს პირობებში კი, ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეებისათვის, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება, თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნონ.