ფეხბურთი

ჯეიკ დენიელსი — ღიად გეი ფეხბურთელი, რომელიც ბარიერების ნგრევას ხელს უწყობს

საფეხბრუთო გუნდ ბლექფულის თავდამსხმელმა ჯეიკ დენიელსმა რამდენიმე დღის წინ საკუთარ ორიენტაციაზე ღიად საუბარი გადაწყვიტა და დიდ ბრიტანეთში ერთადერთ აქტიურ, ღიად გეი, პროფესიონალური ლიგის კაც ფეხბრუთელად იქცა. 17 წლის დენიელსმა გადაწყვეტილება „შვებად“ შეაფასა

FIFA პრაიდის თვეს აღნიშნავს, მაგრამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ლგბტქი ადამიანებისთვის საშიშ ქვეყანაში ატარებს

FIFA პრაიდის თვეს აღნიშნავს, მაგრამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ყატარში ატარებს, ქვეყნაში, რომელშიც ჰომოსექსუალობა კრიმინალიზებულია. FIFA-მ ტვიტერის ლოგო პრაიდის დროშის ფერებით შეცვალა და ტვიტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი „ერთიანობისა და მრავალფეროვნების ზეიმი იქნება“, თუმცა ყველაზე მასშტაბური საფეხბურთო

იკერ კასილასმა Twitter-ზე დაწერა, რომ გეია

ესპანელმა ფეხბურთელმა, რეალ მადრიდისა და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, იკერ კასილასმა Twitter-ზე დაწერა, რომ გეია. “იმედია, პატივისცემას გამოიჩენთ: მე გეი ვარ”, — წერს ის.

ჩეხი ფეხბურთელი, იაკუბ იანკტო დაქამინგაუთდა

ჩეხი ფეხბურთელი, იაკუბ იანკტო გეიდ დაქამინგაუთდა. მან twitter-ის გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომლშიც საკუთარ სექსუალობაზე საუბრობს. “გამარჯობა! მე იაკუბ იანკტო ვარ. როგორც ყველას, მეც მაქვს

ნახეთ რეკლამა, რომელიც აპროტესტებს გენდერულ სტერეოტიპებს ქალების მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ

/

2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ფრანგული რეკლამა ფეხბურთის სამყაროში გენდერულ ვარაუდებს ეჭვქვეშ აყენებს.

ის ბევრი სპორტული რეკლამის მსგავსად იწყება, სწრაფი ტემპის კლიპებით, სადაც ნაჩვენებია სპორტული მიღწევები ამაღელვებელ მუსიკასთან ერთად.

თავდაპირველად ვიდეოში ჩანან ფრანგი ვარსკვლავებული ანტუან გრიზმანი და კილიან მბაპე, რომლებიც თამაშობენ გუნდში Les Bleus.

“ფანტასტიკურია, რა ლამაზი გუნდია!” ამბობს კომენტატორი. შემდეგ ვხედავთ გულშემატკივრებს, რომლებიც აღფრთოვანებულები ყვირიან “ეს არის ფეხბურთი, რომელიც ჩვენ გვიყვარს!”

შემდეგ ეკრანი შავდება, და ჩანს ტექსტი: „მხოლოდ Les Bleus-ს შეუძლია მოგვცეს ეს ემოციები. მაგრამ, რაც ახლა ნახეთ ისინი არ იყვნენ.”

შემდეგ რეკლამაში ვხედავთ, რომ სინამდვილეში ქალი ფეხბურთელების თამაშს ვუყურებდით, რომლებიც დიფ ფეიკით იყო შეცვლილი.

 

“როდესაც მხარს ვუჭერთ les Bleus-ს, ჩვენ მხარს ვუჭერთ les Bleues-ს”, – ნათქვამია რეკლამის ბოლოს, რაც მიუთითებს საფრანგეთის ქალების  ეროვნული ნაკრების პოპულარულ მეტსახელზე.

რეკლამა, რომელიც თავდაპირველად ივნისში გამოქვეყნდა ქალების მსოფლიო ჩემპიონატის პოპულარიზაციისთვის, უარყოფს სტერეოტიპს, რომ ქალების ფეხბურთი არ არის ისეთი საინტერესო და შთამბეჭდავი, როგორიც კაცებისაა.

წელს ფინალურ მსოფლიო ჩემპიონატში ორი საკულტო ქვიარ მოთამაშეც მიიღებს მონაწილეობას. ბრაზილიელი ფეხბურთის ლეგენდა მარტა მეექვსედ ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატს. ხოლო ამერიკელი ფეხბურთის ვარსკვლავი მეგან რაპინოე მეოთხედ.

 

საქართველოს მომავალი ევროპაშია — ხვიჩა კვარაცხელია

//

რუსულ კანონპროექტს და პარლამენტთან მიმდინარე სიტუაციას ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაც ეხმაურება.

“საქართველოს მომავალი ევროპაშია. 🇬🇪🇪🇺”, — წერს ის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

სპეცდანიშნულების რაზმი რუსთაველზე შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ სპეციალურ საშუალებებს იყენებს, მათ შორის, წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეის.

პარლამენტთან აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, მათ შორის, დღესაც. ხალხის რაოდენობამ კი განსაკუთრებით მას შემდეგ იმატა, რაც ცნობილი გახდა, რომ 9 მარტის ნაცვლად, პარლამენტი კანონპროექტს კენჭს დღეს უყრიდა.

ამის შემდეგ, ქართული ოცნების პარლამენტმა მხარი დაუჭირა რუსული კანონის ერთ ვერსიას (“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”) — 76 მომხრე, 13 წინააღმდეგი. იმისთვის, რომ კანონი ძალაში შევიდეს, საჭიროა სამი მოსმენა. რაც შეეხება მეორე ვერსიას, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს ცალკე კანონია, ცალკე პროცედურაა, დღეს განხილვა ვერ ესწრებოდა და პროექტზე მსჯელობას მომავალში გააგრძელებენ. მისივე თქმით, ორივე კანონპროექტი უკვე ნათარგმნია და მიღებისთანავე გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, შემდეგ კი დაელოდებიან მათ მოსაზრებას. პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ამ პროცედურას დაახლოებით 3 თვე დასჭირდება.


ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, ქართული ოცნების რუსულ კანონს აპროტესტებენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, მსახიობები, ლექტორები, სპორტსმენები, მომღერლები, ქალთა უფლებადამცველები, მასწავლებლები, სტუდენტები, მეღვინეები, ფერმერები, სტარტაპერები, მეწარმეები და ა.შ.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

ჩეხი ფეხბურთელი, იაკუბ იანკტო დაქამინგაუთდა

ჩეხი ფეხბურთელი, იაკუბ იანკტო გეიდ დაქამინგაუთდა. მან twitter-ის გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომლშიც საკუთარ სექსუალობაზე საუბრობს.

“გამარჯობა! მე იაკუბ იანკტო ვარ. როგორც ყველას, მეც მაქვს ჩემი ძლიერი მხარეები და სისუსტეები, მყავს ოჯახი და მეგობრები. მაქვს საქმე, რომელსაც წლების განმავლობაში იმდენად კარგად ვაკეთებდი, რამდენადაც შემეძლო – სერიოზულობით, პროფესიონალიზმითა და ენთუზიაზმით. როგორც ყველას, მეც მინდა, რომ ჩემი ცხოვრება თავისუფლებაში, შიშის, ზიანის მიყენებისა და ძალადობის გარეშე გავატარო – სიყვარულით. მე ჰომოსექსუალი ვარ და აღარ მსურს საკუთარი თავის დამალვა”, — აცხადებს იანკტო ვიდეომიმართვაში.    

27 წლის ნახევარმცველი ამჟამად ესპანური ხეტაფედან პრაღის სპარტაში იჯარით თამაშობს.

პრაღის სპარტამ ფეხბურთელის მიერ ვიდეოს გამოქვეყნებისთანავე მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.

“იაკუბმა ღიად ისაუბრა საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ კლუბის მენეჯმეტთან და თანაგუნდელებთან. სხვა ყველაფერი მის პირად ცხოვრებას ეხება. დამატებით კომენტარს არ გავავრცელებთ და დამატებით კითხვებს არ ვუპასუხებთ. შენ ჩვენი სრული მხარდაჭერა გაქვს. იცხოვრე შენი ცხოვრებით, იაკუბ, სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა”, — წერია კლუბის განცხადებაში.

ფეხბურთელის მხარდამჭერი განცხადებები, არაერთი საფეხბურთო კლუბის გარდა, ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირმა (UEFA) და ფეხბურთის ფედერაციის საერთაშორისო ასოციაციამაც (FIFA) გამოქვეყნეს.

“ყოჩაღ, იაკუბ! შენ ნამდვილი ინსპირაცია ხარ და ევროპული ფეხბურთი შენთანაა!”, — წერია UEFA-ს განცხადებაში.

იანკტომ პროფესიონალური კარიერა ნახევარმცველის რანგში იტალიურ უდინეზეში დაიწყო. სხვადასხვა წლებში ის გენიუს სამპდორიასა და ესპანურ ხეტაფეშიც თამაშობდა. იანკტოს 2017 წლიდან დღემდე ჩეხეთის ნაკრებში 45 მატჩი აქვს ჩატარებული, ჯამში ოთხი გოლით.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ნოემბერში, ავსტრალიელმა ფეხბურთელმა, ჯოშ კავალიომ საკუთარ სექსუალობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გეია. CNN-ის ცნობით, ამ განცხადებით ის უმაღლესი ლიგის პირველი და ამ დრომდე ერთადერთი ღიად გეი ფეხბურთელი  გახდა. 2022 წელს კი, ინგლისის მეორე ლიგის ბლექპულის ფორვარდმა, ჯეიკ დენიელსმა განაცხადა თავის სექსუალობის შესახებ.

დღემდე საკუთარ სექსუალობაზე განცხადებები ფეხბურთელებს, რობი როჯერსსა და თომას ჰიცლშპერგერს ჰქონდათ გაკეთებული, თუმცა, 2013 წელს, განცხადების გავრცელებისას, მათგან არცერთი იყო მოქმედი ფეხბურთელი და მათ აქტიური საფეხბურთო კარიერა უკვე დასრულებული ჰქონდათ.

გერმანიის ნაკრებმა FIFA-ს მიერ LGBT სამკლავურის აკრძალვა გააპროტესტა

გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებმა კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონიის ნაკრებთან თამაშის წინ FIFA-ს ანტი-ლგბტქი გადაწყვეტილებების გასაპროტესტებლად პირი ხელით დაიფარეს. მათ მოთელვის ვარჯიშებისას მაისურებზე ლგბტქი დროშა ჰქონდათ დატანილი. 

FIFA-მ ქვიარ ადამიანებისთვის საშიშ კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატისას გერმანიის ნაკრებს ლგბტქი მხარდამჭერი სამკლავურის ტარებაზე უარი უთხრა. საპასუხოდ, გერმანიის საფეხბურთო ასოციაციამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ აკრძალვა მათთვის ხმის წართმევაა და პოზიციას არ დათმობენ. 

გერმანიის ნაკრების პროტესტს მხარი დაუჭირა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა, რომელსაც თამაშის მიმდინარეობისას ლგბტქი სამკლავური ეკეთა და FIFA-ს პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს გვერდით იჯდა. 

Friedemann Vogel / EPA

“ჩვენ გვსურდა, რომ ნაკრების კაპიტანს სამკლავური ეტარებინა, რომელიც გერმანიის ნაკრების ღირებულებებს გამოხატავდა — მრავალფეროვნებისა და ურთიერთპატივისცემის მხარდაჭერას. ჩვენ, სხვა გუნდებთან ერთად გვსურდა, რომ ხმა გაგვეჟღერებინა. ეს პოლიტიკური განაცხადი არ არის — ადამიანის უფლებები გარიგების საგანი არაა. ის ნებისმიერ შემთხვევაში დაცული უნდა იყოს, მაგრამ ეს ასე არაა. ამიტომ, ეს გზავნილი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია’, — აღნიშნულია გერმანიის საფეხბურთო ასოციაციის განცხადებაში. 

Ricardo Mazalán / AP

გერმანიის სასტარტო თერთმეტეულის 6 ფეხბურთელს, მათ შორის, ილკაი გუნდოღანსა და მანუელ ნოიერს ბუცებზე ცისარტყელას ფერები ჰქონდათ გამოსახული. 

FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე 7 ნაკრებს, მათ შორის, გერმანიას, ინგლისს, დანიასა და უელსს სამკლავურის ტარება აუკრძალა და გააფრთხილა, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, სანქციები არ ასცდებოდათ. 

მსოფლიო ჩემპიონატის ნაკრებებმა სანქციების შიშით დაარღვიეს ლგბტქი უფლებების მხარდამჭერი სამკლავურის ტარების პირობა. თუმცა, დანიის ფეხბურთის ფედერაციის დირექტორის, ჯაკობ იენსენის თქმით, ნაკრებები ცდილობენ მონახონ შესაძლებლობები, რათა FIFA-ს აკრძალვისთვის გვერდის ავლა შეძლონ.

ასევე წაიკითხეთ:

გეი აქტივისტი პიტერ ტეტჩელი კატარში დაგეგმილი პროტესტისას დააკავეს

ბრიტანელი გეი უფლებადამცველი, პიტერ ტეტჩელი კატარის პოლიციამ დააკავა, რადგან ლგბტქი ურთიერთობების კრიმინალიზების საპროტესტო აქციას გეგმავდა. კატარის დედაქალაქ დოჰაში მდებარე ეროვნულ მუზეუმთან დაგეგმილი პროტესტი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის წინმსწრები აქტივობაა და ხალხის ყურადღებას ქვეყანაში არსებული საშიში კანონმდებლობისკენ მიმართავს. აღსანიშნავია, რომ ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე 1,2 მილიონ ვიზიტორს ელოდებიან.

როიტერის ცნობით, ორი პოლიციელი და სამი სამოქალაქო ტანსაცმლიანი ადამიანი შემთხვევის ადგილზე მივიდა, მათ ტეტჩელს ბანერი ჩამოართვეს და აქტივისტის და მისი თანმხლები პირების პასპორტებსა და სხვა დოკუმენტებს ფოტოები გადაუღეს.

ტეტჩელის თქმით, ის და მისი კოლეგა, საიმონ ჰარისი, რომელიც საპროტესტო აქტივობას იღებდა, პოლიციამ მცირე დროით დააკავა კიდეც.

„უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არამარკირებული მანქანით მოვიდნენ და ფოტოების გადაღება დაიწყეს. დაახლოებით 5 წუთში პოლიციაც გამოჩნდა, ბანერი ჩამომართვეს და ჩემი გამოკითხვა დაიწყეს. შენიშნეს, რომ ჩემი კოლეგა ფოტოებსა და ვიდეოებს იღებდა და ტელეფონი ჩამოართვეს, წაშალეს ფოტო-ვიდეო მასალა. ჩამოგვართვეს პასპორტები და თვითმფრინავის ბილეთები. ადგილის დატოვების ან პროტესტის გაგრძელების უფლებას არ გვაძლევდნენ. ძალადობრივ ან მუქარისშემცველ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია, თუმცა ცხადად გვაგრძნობინეს, რომ ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა დაგვეტოვებინა“, — აღნიშნა ტეტჩელმა.

პიტერ ტეტჩელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კატარის ხელისუფლება უარყოფს.

„პიტერ ტეტჩელის ფონდის მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია. ინდივიდი მოძრაობას აფერხებდა, ამიტომ პროფესიული წესების დაცვით მოსთხოვეს, რომ ტროტუარზე დამდგარიყო, დაკავებას ადგილი არ ჰქონია“, — განაცხადა კატარის ხელისუფლების პრესსამსახურმა.

კატარის კანონმდებლობა კრძალავს კაცებისა და ქალების ჰომოსექსუალურ კავშირებს, ზრდასრული ადამიანების ნებაყოფლობითი სექსი 1-დან 3 წლამდე პატიმრობით ისჯება.

„კატარი ლგბტქი ადამიანებს აპატიმრებს, საპყრობილეში კეტავს და მათ „მოქცევას“ ცდილობს. #კატარიანტიგეია“, — აღნიშნული იყო საპროტესტო ბანერზე, რომელიც, პიტერ ტეტჩელის ფონდის განცხადებით, კატარში ჩატარებული პირველი ლგბტქი პროტესტის ნაწილი იყო.

პიტერ ტეტჩელის საპროტესტო დემონსტრაციის ჩაშლა კატარის ხელისუფლების უფლებადაცვითი აქტივობების საწინააღმდეგო პოლიტიკასა და უთანასწორო მდგომარეობას ცხადყოფს.

„კატარის მოქალაქე ფეხბურთელმა ქამინგაუთი რომ გადაწყვიტოს, სავარაუდოდ, დააკავებენ და კატარის ეროვნულ ნაკრებში თამაშის შესაძლებლობას მოუსპობენ. ეს დისკრიმინაციაა, რაც ფიფას წესებთან წინააღმდეგობაში მოდის, მაგრამ ასოციაცია არაფერს აკეთებს“, — აღნიშნა ტეტჩელმა.

კატარის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლად არჩევას უფლებადამცველთა და ფეხბურთის ფანების კრიტიკა მოჰყვა. ლგბტქი ადამიანების მხარდამჭერთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კატარის არაადამიანური პოლიტიკის ირიბი გამართლებაა.

წყარო: The Guardian

კასილასი ამბობს, რომ Twitter-ის ანგარიში გაუტეხეს

ესპანელი ფეხბურთელი, რეალ მადრიდისა და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მეკარე, იკერ კასილასი წერს, Twitter-ის ანგარიში გაუტეხეს. ეს ტვიტი მან მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ტვიტერზევე საჯაროდ დაწერა, რომ გეია. მოგვიანებით კი პოსტი წაშალა.

“ანგარიში გამიტეხეს. ყველაფერი რიგზეა. ბოდიში ჩემს ყველა გამომწერს და უფრო დიდი ბოდიში ლგბტქი თემის წევრებს”, — დაწერა კასილასმა.

იკერ კასილასმა Twitter-ზე დაწერა, რომ გეია

ესპანელმა ფეხბურთელმა, რეალ მადრიდისა და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, იკერ კასილასმა Twitter-ზე დაწერა, რომ გეია.

“იმედია, პატივისცემას გამოიჩენთ: მე გეი ვარ”, — წერს ის.

კასილასის ტვიტი

მის ტვიტს გამოეხმაურა ასევე ესპანელი ფეხბურთელი, კარლოს პუიოლი და დაწერა:

“მოვიდა დრო, მოვყვეთ ისტორია, იკერ”.

განახლება: ამ დროისთვის კასილასის ოფიციალურ გვერდზე ტვიტი აღარ იძებნება.

განახლება: კასილასმა ტვიტერზე დაწერა, რომ ანგარიში გაუტეხეს. ის ბოდიშს უხდის ფოლოვერებს და “უფრო დიდ” ბოდიშს ლგბტქი თემის წევრებს.

კატარის პოზიცია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისას ლგბტქი ფანების უფლებებზე

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ბალინგჰემის თქმით, კატარში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ლგბტქი ფანებს კოცნის ან ცისარტყელას დროშის გაშლის გამო პრობლემა არ შეექმნებათ.

“აღნიშნულთან დაკავშირებით ატარის ოფიციალურ უწყებებს კითხვებს გასული 6 თვის განმავლობაში ვუსვამდით და მათგან ყველაფერზე დადებითი პასუხია, მათ შორის, ლგბტქი დროშის გამოყენებაზე” — აღნიშნა ბალინგჰემმა, თუმცა ამასთან, მან ისიც თქვა, რომ პასუხები გარკვეულწილად შეურაცხმყოფელი იყო — “გაშალონ, თუ მეჩეთიდან არ გადმოკიდებენ — ეს იყო მათ მიერ მოყვანილი მაგალითი, რაც შეურაცხმყოფელია”.

ბალინგჰემის თქმით, კატარს მუდმივად აფრთხილებენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ტოლერანტულ გარემოში უნდა ჩატარდეს, ამასთან, დაცვის გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით, დამატებით ინფორმაციას აქტიურად ითხოვენ.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია, 9 სხვა ევროპული ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ანტიდისკრიმინაციულ კამპანია OneLove-ს შეუერთდა. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ინგლისის ნაკრების კაპიტანი, ჰარი კეინი მსოფლიო ჩემპიონატზე ცისარტყელის სამკლაურით ითამაშებს.

“როგორც კაპიტნები, ჩვენ შეიძლება მოედანზე ერთმანეთის წინააღმდეგ ვიბრძვით, მაგრამ დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ვერთაინდებით. ეს განსაკუთრებით რელევანტურია მაშინ, როცა სოციუმში დაყოფა ჩვეული ამბავია”, — აღნიშნა კეინმა.

კატარი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებშიც ლგბტქი ურთიერთობები კრიმინალიზებულია. ერთი და იმავე სქესის ადამიანების გაცხადებული რომანტიკული ან სექსუალური ქცევა ჯარიმით, 7 წლამდე პატიმრობით, მუსლიმი მოქალაქეების შემთხვევაში კი სიკვდილითაც ისჯება.

ფეხბურთის გულშემატკივრები და აქტივისტები ფიფას აკრიტიკებენ, რადგან ორგანიზაციამ მსოფლიო ჩემპიონატის ლგბტქი ადამიანებისთვის საშიშ ქვეყანაში ჩატარება გადაწყვიტა და ამის პარალელურად პრაიდის თვე აღნიშნა, მეტიც, მათ მიერ რეკომენდებული სასტუმროების ჩამონათვალში არაერთი ლგბტქი წყვილების მიღებაზე უარს აცხადებს.

FIFA პრაიდის თვეს აღნიშნავს, მაგრამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ლგბტქი ადამიანებისთვის საშიშ ქვეყანაში ატარებს

FIFA პრაიდის თვეს აღნიშნავს, მაგრამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ყატარში ატარებს, ქვეყნაში, რომელშიც ჰომოსექსუალობა კრიმინალიზებულია.

FIFA-მ ტვიტერის ლოგო პრაიდის დროშის ფერებით შეცვალა და ტვიტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი „ერთიანობისა და მრავალფეროვნების ზეიმი იქნება“, თუმცა ყველაზე მასშტაბური საფეხბურთო ღონისძიების ჩატარება იმ ქვეყანაში იგეგმება, სადაც ჰომოსექსუალობა 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, გარკვეულ შემთხვევებში კი ჩაქოლვითაც ისჯება.

ამასთან, შესაძლოა სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივარს პრაიდის დროშა ჩამოართვან, რასაც ლგბტქი ადამიანების უსაფრთხოების დაცვით ამართლებენ.

„თუ გულშემატკივარი ცისარტყელის დროშას გაშლის და ჩამოვართმევ, ეს იმის გამო არ მოხდება, რომ მისი შეურაცხყოფა მაქვს განზრახული, არამედ მისი დაცვის მიზნით. თუ ამას მე არ ვიზამ, შესაძლოა ვინმე თავს დაესხას, ყველას საქციელზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნები“, — აღნიშნა გენერალ-მაიორმა აბდულაზიზ აბდულა ალ ანსარიმ AP-ისთან საუბრისას.

The Guardian კი იუწყება, რომ FIFA-ს მიერ ოფიციალურად რეკომენდებული სასტუმროების ჩამონათვალში, რომლის დაჯავშნასაც გულშემატკივრებს ურჩევენ, 3 დაწესებულება აცხადებს, რომ ლგბტქი წყვილებს ოთახში განთავსებაზე უარს ეტყვიან, 20 სასტუმროს წარმომადგენელი მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს ლგბტქი წყვილების დაშვებას, თუ საჯაროდ არ გაამჟღავნებენ, რომ თემის წევრები არიან, 33 სასტუმროს კი ლგბტქი წყვილების მიღებასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვთ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უელსის ეროვნული ნაკრების ზოგიერთი თანამშრომელი მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებას არ აპირებენ, რისი მიზეზიც ლგბტქი ადამიანებთან დაკავშირებით ქვეყნის სასტიკი მიდგომაა.

უელსის ნაკრების ხელმძღვანელის, ნოელ მუნის თქმით, „ნაკრები აღნიშნულ პლატფორმას გამოიყენებს, რათა ყატარში ადამიანის უფლებათა საკითხებზე ისაუბრონ. მან FIFA-ს და UEFA-ს იმისკენაც მოუწოდა, რომ კარგად დაფიქრდნენ, სანამ მასპინძელ ქვეყანას შეარჩევენ.

სპორტულ სამყაროში ლგბტქი თემის ზედაპირული მხარდაჭერა მასშტაბურად არის გავრცელებული, თუმცა FIFA-ს გადაწყვეტილება, რომ პრაიდის თვე აღნიშნონ და იმავე დროს მსოფლიო ჩემპიონატი ლგბტქი ადამიანებისთვის საშიშ ქვეყანაში აღნიშნონ სპორტში არსებული სიყალბის ყველაზე აშკარა დადასტურებაა.

ჯეიკ დენიელსი — ღიად გეი ფეხბურთელი, რომელიც ბარიერების ნგრევას ხელს უწყობს

საფეხბრუთო გუნდ ბლექფულის თავდამსხმელმა ჯეიკ დენიელსმა რამდენიმე დღის წინ საკუთარ ორიენტაციაზე ღიად საუბარი გადაწყვიტა და დიდ ბრიტანეთში ერთადერთ აქტიურ, ღიად გეი, პროფესიონალური ლიგის კაც ფეხბრუთელად იქცა.

17 წლის დენიელსმა გადაწყვეტილება „შვებად“ შეაფასა და ცნობილი ფეხბურთელებისა და სხვა პროფესიის წარმომადგენლების, მათ შორის, გარი ლინეკერის, ჰარი კეინისა და სერ იან მაკკელენის მხარდაჭერაც მიიღო. მისი გადაწყვეტილება პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა და პრინცმა უილიამმაც მოიწონა, რომელმაც აღნიშნა, რომ დენიელსის ღიად საუბარი „ბარიერების ნგრევას ხელს შეუწყობს“.

პირველი პროფესიონალური ფეხბურთის წარმომადგენელი, რომელმაც საკუთარ ორიენტაციაზე ღიად ისაუბრა ჯასტინ ფაშანუ იყო. დენიელსის მიმართ მხარდაჭერა 1990 წლისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ფაშანუს გადაწყვეტილებას ჰომოფობიური გამოხმაურებები მოჰყვა და ფეხბურთელმა 1998 წელს, 37 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რადგან სასამართლო პროცესზე ბრალდებულის სტატუსით უნდა წარმდგარიყო და თვლიდა, რომ ჰომოსექსუალობის გამო სამართლიანი სასამართლოს მოლოდინი არ უნდა ჰქონოდა.

ზოგადად სპორტში, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში ჰომოფობიური განწყობები ჯერ კიდევ მძლავრია და ლგბტქი ათლეტებისთის უსაფრთხო სივრცედ არ ითვლება.  House of Commons-ის 2017 წლის კვლევის მიხედვით, „მიუხედავად იმისა, რომ გასულ 30 წელში სოციუმის დამოკიდებულება ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად შეიცვალა, ამ პროგრესის ანარეკლი საფეხბურთო სამყაროში მცირედით თუ აისახა“.

პროფესიონალური ფეხბურთი დიდი ბრიტანეთის სამ ყველაზე პოპულარულ სახეობას შორის ბოლოა, რომლის მოთამაშემაც საკუთარ ორიენტაციაზე ღიად ისაუბრა. 2009 წელს, მორაგბე გარეთ ტომასი გახდა პირველი ათლეტი, რომელმაც ღიად ისაუბრა ხოლო 2011 წელს — კრიკეტის მოთამაშე სტივენ დეივისი. ეს გაჭიანურებული პროცესი უცნაური არაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჰომოფობიურ შეძახილებს სპორტის მოყვარულები დღემდე აქტიურად იყენებენ. დენიელსის გადაწყვეტიელბასაც მოჰყვა ჰომოფობიური განწყობები, რომელიც ლგბტქი უფლებადაცვითმა ჯგუფმა, Stonewall-მა დაგმო. მიუხედავად მცირე ნეგატიური გამოხმაურებისა, გასულ ათწლეულებში მიღწეული კულტურული ცვლილებებისა და კამპანიების, ასევე გულშემატკივრებში მიმღებლობის ზრდის წყალობით ლგბტქი ადამიანების სპორტში მონაწილეობაზე წარმოდგენები შეიცვალა.

2008 წელს, ერთ-ერთმა ბრიტანულმა ორგანიზაციამ The Justin Campaign წამოიწყო, რომელიც კაცების ფეხბრუთში ჰომოფობიაზე დისკუსიის გაატქიურებას ისახავდა მიზნად. კამპანიის სამიზნე ახალგაზრდა ადამიანები იყვნენ, რომლებიც სკოლისა და უნივერისტეტის შეჯიბრებებში მონაწილეობდნენ. აღნიშნულ წამოწყებას ფეხბურთისა და ჰომოფობიის შესახებ PrideSports-ის წამოწყებული ინიციატივა მოჰყვა, რომელიც დღემდე აქტიურად ცდილობს სპორტში დამოკიდებულებების ცვლილებას ხელი შეუწყოს. ინგლისისა და უელსის ფეხბურთის მაკონტროლებელმა ორგანომ პირველი ანტიჰომოფობიური ინიციატივა 2012 წელს წამოიწყო, თუმცა ითვლება, რომ მაკონტროლებელი ორგანოს ინიციატივები არაეფექტურია და რეალური ცვლილებების მოტანას ხელს ვერ უწყობს. რთულია იმის განსაზღვრა, მსგავსი კამპანიების შესახებ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ცოდნა რამდენად აქვთ, თუმცა 2017 წელს ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ მოზარდებში ინკლუზიური მიდგომა იზრდება და ათლეტები ჰომოფობიას თუნდაც ინდივიდუალურ შემთხვევებში უპირისპირდებიან.

ჰომოფობიური შეძახილები თამაშის მიმდინარეობისას საკმაოდ გავრცელებულია, რაც გარკვეულ შემთხვევებში ცხადად ჰომოფობიურ შინაარსს გულისხმობს, ზოგიერთ შემთხვევაში კი მიკროაგრესიის გამოვლინებად ითვლება. მიკროაგრესია ყოველდღიური საუბრის ფორმა თუ ქმედებაა, რომელიც მარგინალიზებულ ჯგუფებს მიემართება და მიმღებლობის ნაკლებობასა და დისკრიმინაციულ განწყობას ააშკარავებს. მსგავსი აგრესია უმცირესობის წარმომადგენელი ათლეტებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანია.

უნდა ითქვას ისიც, რომ სხვადასხვა საფეხბურთო კლუბის გულშემატკივართა დაჯგუფებებმა ინკლუზიური გარემოს შენება დაიწყეს, თუმცა ეს ცვლილება მაკონტროლებელი ორგანოს ქმედებებში ნაკლებად ვლინდება და ხშირად უბრალოდ არ სცნობენ ჰომოფობიას. ამის მაგალითი FIFA-ს მსოფლიო თასიც არის, რომელმაც ღონისძიების ჩატარება ყატარში, ანტი-ლგბტქი კანონმდებლობის მქონე ქვეყანაში გადაწყვიტა.

ქალთა ფეხბურთში მდგომარეობა ბევრად უკეთ არის. 2019 წლის ქალთა მსოფლიო თასზე 40 ღიად ლესბოსელი და ბისექსუალი მოთამაშე, მწვრთნელი და მენეჯერი იყო ჩართული. ამის მიზეზი შესაძლოა ისაა, რომ ქალების სპორტში სექსისტურ და ჰომოფობიურ განწყობებთან გამკლავება მრავალი ათწლეულია უწევთ.

წყარო: The Conversation