საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი

ალტ-ინფოს საკანონმდებლო ცვლილების მიზნით შექმნილი საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში არ გაატარეს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზნით შექმნილი პრორუსული, ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრებისგან შემდგარი ჯგუფი არ დაარეგისტრირა. გიორგი ქარდავას, ზურაბ მახარაძის, ირაკლი მორგოშიას, შოთა მარტინენკოსა და კონსტანტინე მორგოშიას საინიციატივო ჯგუფი შეკრებისა

ალტ-ინფოს საკანონმდებლო ცვლილების მიზნით შექმნილი საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში არ გაატარეს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზნით შექმნილი პრორუსული, ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრებისგან შემდგარი ჯგუფი არ დაარეგისტრირა.

გიორგი ქარდავას, ზურაბ მახარაძის, ირაკლი მორგოშიას, შოთა მარტინენკოსა და კონსტანტინე მორგოშიას საინიციატივო ჯგუფი შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით შეიქმნა.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, საინიციატივო ჯგუფს რეგისტრაციაში გატარებაზე უარი პროცედურული დარღვევების გამო ეთქვა, კერძოდ, თითოეულ კანონპროექტს განმარტებითი ბარათი უნდა ერთვოდეს, ძალადობრივი ჯგუფის მიერ წარდგენილ სამ კანონპროექტს კი მხოლოდ ერთი განმარტებითი ბარათი ახლდა. ამასთან, „კანონპროექტს უნდა დაერთოს პროექტი იმ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელშიც ცვლილების შეტანასაც იწვევს კანონპროექტი და ისინი წარმოდგენილი უნდა იყოს საკანონმდებლო პაკეტის სახით. აღნიშნული პაკეტი კი ამ მოთხოვნების დარღვევითაა წარმოდგენილი“.

საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი ჰომოფობიური კანონპროექტი ლგბტქი თემის წევრებისთვის შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვას, რომელიმე რელიგიის საწინააღმდეგო დემონსტარციის ჩატარებასა და ისეთი შეკრების ჩატარების აკრძალვას ითვალისწინებდა, რომელიც, შესაძლოა, ომისა და ძალადობის პროპაგანდას, ეროვნული, კუთხური, რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივების მცდელობის ნიშნებს შეიცავდეს.

კომიტეტის წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან, ლევან ბეჟაშვილმა განხილვისას აღნიშნა, რომ საინიციატივო ჯგუფი პროცედურულ დარღვევებს კი გამოასწორებს, მაგრამ წარდგენილი კანონპროექტი კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის და მისი ინიცირება არ შედგება, ამიტომ კანონპროექტის არსებითი განხილვა მოითხოვა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თამარ კორძაიამ კი აღნიშნა, რომ „პარლამენტში იმისთვის ვართ, რომ რაღაც სტანდარტზე ვისაუბროთ და ეს [საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანონპროექტი] არის სტანდარტი, რომელიც არაფრად აგდებს არათუ საქართველოს კონსტიტუციას, არამედ ჩვენს მისწრაფებას, რომ ვიყოთ უფრო დემოკრატიული, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სახელმწიფო… არ შეიძლება პარლამენტში მშვიდად ვხედავდეთ საკითხებს, რომლითაც მიდის პირდაპირ იმის პედალირება, რომ უთანასწორობა დამკვიდრდეს ამ ქვეყანაში“.