სამეფო უბნის თეატრი

ფედრა ცეცხლის ალში — ნინო ხარატიშვილის პიესის პრემიერა სამეფო უბნის თეატრში

28, 29 და 30 ოქტომბერს, სამეფო უბნის თეატრში გერმანულენოვანი ქართველი მწერლის, დრამატურგისა და რეჟისორის, ნინო ხარატიშვილის პიესის, ფედრა ცეცხლის ალში პრემიერა შედგება. პიესა ბერძნული მითის თანამედროვე ინტერპრეტაციაა, რომელიც ათენის მეფის, თეზევსის ცოლის,

ფედრა ცეცხლის ალში — ნინო ხარატიშვილის პიესის პრემიერა სამეფო უბნის თეატრში

28, 29 და 30 ოქტომბერს, სამეფო უბნის თეატრში გერმანულენოვანი ქართველი მწერლის, დრამატურგისა და რეჟისორის, ნინო ხარატიშვილის პიესის, ფედრა ცეცხლის ალში პრემიერა შედგება. პიესა ბერძნული მითის თანამედროვე ინტერპრეტაციაა, რომელიც ათენის მეფის, თეზევსის ცოლის, ფედრას შესახებ გვიყვება, რომლის ბედნიერების ძიების გზა ძალაუფლებისთვის ბრძოლით შეპყრობილი, რელიგიური და სახელმწიფო მმართველების ხელში მომაკვდინებელ იარაღად იქცევა.

ნინო ხარატიშვილის ახალი პიესა მითის თანამედროვე ინტერპრეტაციის მეშვეობით მოგვითხრობს ადამიანის თავისუფლებასა და საზოგადოებრივ ნორმებს შორის ურთიერთკავშირისა და პოლიტიკურ-რელიგიური ინტრიგების შესახებ.

„ფედრა, ათენის მეფის, თეზევსის ცოლი, დაიღალა. დაიღალა წლების განმავლობაში საკუთარი სურვილების შენიღბვით, ხალხის სიყვარულით განებივრებული დედოფლის როლის თამაშით და შორეულ წარსულში მინოტავრის დამმარცხებელი გმირი მეუღლის ჩრდილში ყოფნით. თითქოს ადგილს ვეღარ პოულობს. მხოლოდ ქმრის დანამატ სამკაულად გრძნობს თავს. სასახლის მტკიცე გალავნითაა გარშემორტყმული და ჩიხში ექცევა. სამეფოში ახალი სარძლოს, მომხიბვლელი პერსეას გამოჩენით კი ყველაფერი თავდაყირა დგება. ფედრა თითქოს ლაბირინთში ეხვევა და ხანგრძლივი ძილის შემდეგ ფხიზლდება, უფრო და უფრო თამამდება, ახსენდება ის, რაც უკვე დიდი ხანია დაავიწყდა: საკუთარი თავი“, — აღნიშნულია სამეფო უბნის თეატრის მიერ გამოქვეყნებული აფიშის აღწერაში.

სამეფო უბნის თეატრი / Facebook

პიესის ავტორი და სპექტაკლის რეჟისორი ნინო ხარატიშვილია, მთარგმნელი ნინო ბურდული, კოსტიუმების ავტორი კი გუნა მაიერი. დადგმისთვის სიმღერა თინი ნოღაიდელმა შექმნა. სპექტაკლში როლებს ნინო ბურდული, ნატუკა კახიძე, ანანო მახარაძე, ნატა მურვანიძე, გაგა შიშინაშვილი და ზაალ ჩიქობავა ასრულებენ.