მსოფლიო ჩემპიონატი

FIFA პრაიდის თვეს აღნიშნავს, მაგრამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ლგბტქი ადამიანებისთვის საშიშ ქვეყანაში ატარებს

FIFA პრაიდის თვეს აღნიშნავს, მაგრამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ყატარში ატარებს, ქვეყნაში, რომელშიც ჰომოსექსუალობა კრიმინალიზებულია. FIFA-მ ტვიტერის ლოგო პრაიდის დროშის ფერებით შეცვალა და ტვიტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი „ერთიანობისა

ირანის ნაკრების წევრებმა პროტესტის ნიშნად მსოფლიო ჩემპიონატზე ჰიმნი არ იმღერეს

დღეს, 21 ნოემბერს, ირანის ეროვნული ნაკრები კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებს შეხვდა. ირანის ეროვნული ნაკრების წევრებმა ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მხარდასაჭერად გადაწყვიტეს, რომ მატჩის დაწყებამდე ირანის ჰიმნი არ ემღერათ. ნაკრების ყველა წევრი ჩუმად იყო მაშინ, როცა ხალიფას საერთაშორისო სტადიონზე

გეი აქტივისტი პიტერ ტეტჩელი კატარში დაგეგმილი პროტესტისას დააკავეს

ბრიტანელი გეი უფლებადამცველი, პიტერ ტეტჩელი კატარის პოლიციამ დააკავა, რადგან ლგბტქი ურთიერთობების კრიმინალიზების საპროტესტო აქციას გეგმავდა. კატარის დედაქალაქ დოჰაში მდებარე ეროვნულ მუზეუმთან დაგეგმილი პროტესტი ფეხბურთის

კატარის პოზიცია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისას ლგბტქი ფანების უფლებებზე

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ბალინგჰემის თქმით, კატარში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ლგბტქი ფანებს კოცნის ან ცისარტყელას დროშის გაშლის გამო პრობლემა არ შეექმნებათ.

ირანის ნაკრების წევრებმა პროტესტის ნიშნად მსოფლიო ჩემპიონატზე ჰიმნი არ იმღერეს

დღეს, 21 ნოემბერს, ირანის ეროვნული ნაკრები კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებს შეხვდა. ირანის ეროვნული ნაკრების წევრებმა ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების მხარდასაჭერად გადაწყვიტეს, რომ მატჩის დაწყებამდე ირანის ჰიმნი არ ემღერათ. ნაკრების ყველა წევრი ჩუმად იყო მაშინ, როცა ხალიფას საერთაშორისო სტადიონზე ირანის ჰიმნი ჟღერდა.

ინგლისის ნაკრებთან შეხვედრამდე ნაკრების კაპიტანმა, ეჰსან ჰაისაფმა ირანში განვითარებული მოვლენების წინააღმდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მხარს უჭერენ გარდაცვლილთა ოჯახებს.

„პირველ რიგში, მინდა, მივუსამძიმრო ოჯახებს, რომელთა წევრებიც გარდაიცვალნენ. უნდა იცოდნენ, რომ მათ გვერდით ვართ, მხარს ვუჭერთ და ვეთანხმებით… უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა სწორი არაა და ჩვენი ხალხი ბედნიერი არ არის… ჩვენ აქ ვართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი ხმა ვერ ვიქნებით, რომ მათი პატივისცემა არ შეგვიძლია. იმედი მაქვს, მდგომარეობა ხალხის მოლოდინებისამებრ შეიცვლება“, — აღნიშნა ჰაისაფმა.

უფლებადამცველთა თქმით, ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების 400 მონაწილეზე მეტი მოკლეს და 17 ათასამდე ადამიანი დააპატიმრეს. საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც მაჰსა ამინი, ირანის მოქალაქე 22 წლის გოგო, ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის დააპატიმრეს და მოკლეს. ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ „აჯანყებები“ ქვეყნის გარე მტრების მიერ არის მართული.

გეი აქტივისტი პიტერ ტეტჩელი კატარში დაგეგმილი პროტესტისას დააკავეს

ბრიტანელი გეი უფლებადამცველი, პიტერ ტეტჩელი კატარის პოლიციამ დააკავა, რადგან ლგბტქი ურთიერთობების კრიმინალიზების საპროტესტო აქციას გეგმავდა. კატარის დედაქალაქ დოჰაში მდებარე ეროვნულ მუზეუმთან დაგეგმილი პროტესტი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის წინმსწრები აქტივობაა და ხალხის ყურადღებას ქვეყანაში არსებული საშიში კანონმდებლობისკენ მიმართავს. აღსანიშნავია, რომ ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე 1,2 მილიონ ვიზიტორს ელოდებიან.

როიტერის ცნობით, ორი პოლიციელი და სამი სამოქალაქო ტანსაცმლიანი ადამიანი შემთხვევის ადგილზე მივიდა, მათ ტეტჩელს ბანერი ჩამოართვეს და აქტივისტის და მისი თანმხლები პირების პასპორტებსა და სხვა დოკუმენტებს ფოტოები გადაუღეს.

ტეტჩელის თქმით, ის და მისი კოლეგა, საიმონ ჰარისი, რომელიც საპროტესტო აქტივობას იღებდა, პოლიციამ მცირე დროით დააკავა კიდეც.

„უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არამარკირებული მანქანით მოვიდნენ და ფოტოების გადაღება დაიწყეს. დაახლოებით 5 წუთში პოლიციაც გამოჩნდა, ბანერი ჩამომართვეს და ჩემი გამოკითხვა დაიწყეს. შენიშნეს, რომ ჩემი კოლეგა ფოტოებსა და ვიდეოებს იღებდა და ტელეფონი ჩამოართვეს, წაშალეს ფოტო-ვიდეო მასალა. ჩამოგვართვეს პასპორტები და თვითმფრინავის ბილეთები. ადგილის დატოვების ან პროტესტის გაგრძელების უფლებას არ გვაძლევდნენ. ძალადობრივ ან მუქარისშემცველ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია, თუმცა ცხადად გვაგრძნობინეს, რომ ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა დაგვეტოვებინა“, — აღნიშნა ტეტჩელმა.

პიტერ ტეტჩელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კატარის ხელისუფლება უარყოფს.

„პიტერ ტეტჩელის ფონდის მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია. ინდივიდი მოძრაობას აფერხებდა, ამიტომ პროფესიული წესების დაცვით მოსთხოვეს, რომ ტროტუარზე დამდგარიყო, დაკავებას ადგილი არ ჰქონია“, — განაცხადა კატარის ხელისუფლების პრესსამსახურმა.

კატარის კანონმდებლობა კრძალავს კაცებისა და ქალების ჰომოსექსუალურ კავშირებს, ზრდასრული ადამიანების ნებაყოფლობითი სექსი 1-დან 3 წლამდე პატიმრობით ისჯება.

„კატარი ლგბტქი ადამიანებს აპატიმრებს, საპყრობილეში კეტავს და მათ „მოქცევას“ ცდილობს. #კატარიანტიგეია“, — აღნიშნული იყო საპროტესტო ბანერზე, რომელიც, პიტერ ტეტჩელის ფონდის განცხადებით, კატარში ჩატარებული პირველი ლგბტქი პროტესტის ნაწილი იყო.

პიტერ ტეტჩელის საპროტესტო დემონსტრაციის ჩაშლა კატარის ხელისუფლების უფლებადაცვითი აქტივობების საწინააღმდეგო პოლიტიკასა და უთანასწორო მდგომარეობას ცხადყოფს.

„კატარის მოქალაქე ფეხბურთელმა ქამინგაუთი რომ გადაწყვიტოს, სავარაუდოდ, დააკავებენ და კატარის ეროვნულ ნაკრებში თამაშის შესაძლებლობას მოუსპობენ. ეს დისკრიმინაციაა, რაც ფიფას წესებთან წინააღმდეგობაში მოდის, მაგრამ ასოციაცია არაფერს აკეთებს“, — აღნიშნა ტეტჩელმა.

კატარის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლად არჩევას უფლებადამცველთა და ფეხბურთის ფანების კრიტიკა მოჰყვა. ლგბტქი ადამიანების მხარდამჭერთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება კატარის არაადამიანური პოლიტიკის ირიბი გამართლებაა.

წყარო: The Guardian

კატარის პოზიცია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისას ლგბტქი ფანების უფლებებზე

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ბალინგჰემის თქმით, კატარში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას ლგბტქი ფანებს კოცნის ან ცისარტყელას დროშის გაშლის გამო პრობლემა არ შეექმნებათ.

“აღნიშნულთან დაკავშირებით ატარის ოფიციალურ უწყებებს კითხვებს გასული 6 თვის განმავლობაში ვუსვამდით და მათგან ყველაფერზე დადებითი პასუხია, მათ შორის, ლგბტქი დროშის გამოყენებაზე” — აღნიშნა ბალინგჰემმა, თუმცა ამასთან, მან ისიც თქვა, რომ პასუხები გარკვეულწილად შეურაცხმყოფელი იყო — “გაშალონ, თუ მეჩეთიდან არ გადმოკიდებენ — ეს იყო მათ მიერ მოყვანილი მაგალითი, რაც შეურაცხმყოფელია”.

ბალინგჰემის თქმით, კატარს მუდმივად აფრთხილებენ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ტოლერანტულ გარემოში უნდა ჩატარდეს, ამასთან, დაცვის გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით, დამატებით ინფორმაციას აქტიურად ითხოვენ.

ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია, 9 სხვა ევროპული ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ანტიდისკრიმინაციულ კამპანია OneLove-ს შეუერთდა. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში ინგლისის ნაკრების კაპიტანი, ჰარი კეინი მსოფლიო ჩემპიონატზე ცისარტყელის სამკლაურით ითამაშებს.

“როგორც კაპიტნები, ჩვენ შეიძლება მოედანზე ერთმანეთის წინააღმდეგ ვიბრძვით, მაგრამ დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ვერთაინდებით. ეს განსაკუთრებით რელევანტურია მაშინ, როცა სოციუმში დაყოფა ჩვეული ამბავია”, — აღნიშნა კეინმა.

კატარი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებშიც ლგბტქი ურთიერთობები კრიმინალიზებულია. ერთი და იმავე სქესის ადამიანების გაცხადებული რომანტიკული ან სექსუალური ქცევა ჯარიმით, 7 წლამდე პატიმრობით, მუსლიმი მოქალაქეების შემთხვევაში კი სიკვდილითაც ისჯება.

ფეხბურთის გულშემატკივრები და აქტივისტები ფიფას აკრიტიკებენ, რადგან ორგანიზაციამ მსოფლიო ჩემპიონატის ლგბტქი ადამიანებისთვის საშიშ ქვეყანაში ჩატარება გადაწყვიტა და ამის პარალელურად პრაიდის თვე აღნიშნა, მეტიც, მათ მიერ რეკომენდებული სასტუმროების ჩამონათვალში არაერთი ლგბტქი წყვილების მიღებაზე უარს აცხადებს.

FIFA პრაიდის თვეს აღნიშნავს, მაგრამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ლგბტქი ადამიანებისთვის საშიშ ქვეყანაში ატარებს

FIFA პრაიდის თვეს აღნიშნავს, მაგრამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ყატარში ატარებს, ქვეყნაში, რომელშიც ჰომოსექსუალობა კრიმინალიზებულია.

FIFA-მ ტვიტერის ლოგო პრაიდის დროშის ფერებით შეცვალა და ტვიტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი „ერთიანობისა და მრავალფეროვნების ზეიმი იქნება“, თუმცა ყველაზე მასშტაბური საფეხბურთო ღონისძიების ჩატარება იმ ქვეყანაში იგეგმება, სადაც ჰომოსექსუალობა 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, გარკვეულ შემთხვევებში კი ჩაქოლვითაც ისჯება.

ამასთან, შესაძლოა სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივარს პრაიდის დროშა ჩამოართვან, რასაც ლგბტქი ადამიანების უსაფრთხოების დაცვით ამართლებენ.

„თუ გულშემატკივარი ცისარტყელის დროშას გაშლის და ჩამოვართმევ, ეს იმის გამო არ მოხდება, რომ მისი შეურაცხყოფა მაქვს განზრახული, არამედ მისი დაცვის მიზნით. თუ ამას მე არ ვიზამ, შესაძლოა ვინმე თავს დაესხას, ყველას საქციელზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნები“, — აღნიშნა გენერალ-მაიორმა აბდულაზიზ აბდულა ალ ანსარიმ AP-ისთან საუბრისას.

The Guardian კი იუწყება, რომ FIFA-ს მიერ ოფიციალურად რეკომენდებული სასტუმროების ჩამონათვალში, რომლის დაჯავშნასაც გულშემატკივრებს ურჩევენ, 3 დაწესებულება აცხადებს, რომ ლგბტქი წყვილებს ოთახში განთავსებაზე უარს ეტყვიან, 20 სასტუმროს წარმომადგენელი მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს ლგბტქი წყვილების დაშვებას, თუ საჯაროდ არ გაამჟღავნებენ, რომ თემის წევრები არიან, 33 სასტუმროს კი ლგბტქი წყვილების მიღებასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვთ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უელსის ეროვნული ნაკრების ზოგიერთი თანამშრომელი მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებას არ აპირებენ, რისი მიზეზიც ლგბტქი ადამიანებთან დაკავშირებით ქვეყნის სასტიკი მიდგომაა.

უელსის ნაკრების ხელმძღვანელის, ნოელ მუნის თქმით, „ნაკრები აღნიშნულ პლატფორმას გამოიყენებს, რათა ყატარში ადამიანის უფლებათა საკითხებზე ისაუბრონ. მან FIFA-ს და UEFA-ს იმისკენაც მოუწოდა, რომ კარგად დაფიქრდნენ, სანამ მასპინძელ ქვეყანას შეარჩევენ.

სპორტულ სამყაროში ლგბტქი თემის ზედაპირული მხარდაჭერა მასშტაბურად არის გავრცელებული, თუმცა FIFA-ს გადაწყვეტილება, რომ პრაიდის თვე აღნიშნონ და იმავე დროს მსოფლიო ჩემპიონატი ლგბტქი ადამიანებისთვის საშიშ ქვეყანაში აღნიშნონ სპორტში არსებული სიყალბის ყველაზე აშკარა დადასტურებაა.