ლგბტქი ავტორები

15 ქვიარ მწერალი, რომელმაც მსოფლიო ლიტერატურაზე წარუშლელი კვალი დატოვა

მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში არაერთი ქვიარ ავტორი გვხვდება, რომლებმაც მწერლობაზე წარუშლელი კვალი დატოვეს. ყველასთვის ცნობილი მწერლების ნაწარმოებები მრავალ ენაზეა ნათარგმნი, მათი შინაარსის მიხედვით ფილმებს იღებენ, სპექტაკლებს დგამენ, ნაწარმოებებს ხელახლა გამოსცემენ და ეს ტექსტები

15 ქვიარ მწერალი, რომელმაც მსოფლიო ლიტერატურაზე წარუშლელი კვალი დატოვა

მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში არაერთი ქვიარ ავტორი გვხვდება, რომლებმაც მწერლობაზე წარუშლელი კვალი დატოვეს. ყველასთვის ცნობილი მწერლების ნაწარმოებები მრავალ ენაზეა ნათარგმნი, მათი შინაარსის მიხედვით ფილმებს იღებენ, სპექტაკლებს დგამენ, ნაწარმოებებს ხელახლა გამოსცემენ და ეს ტექსტები ათწლეულების თუ ასწლეულების შემდეგაც კი არ კარგავენ აქტუალობას. თუმცა ავტორების პირადი ცხოვრება, მათი სექსუალური ორიენტაცია, თვითძიება და მჩაგვრელ საზოგადოებაში ცხოვრებისგან მოტანილი სირთულეები ცოტამ თუ იცის.

არადა, ის მემკვიდრეობა, რომელიც ქვიარ ავტორებმა დატოვეს, წარმოუდგენლად დიდია. ამ სტატიაში სწორედ ასეთ, ყველასთვის ცნობილ და საყვარელ ავტორებს შეხვდებით.

ჰანს კრისტიან ანდერსენი

The fairy-tale world of Hans Christian Andersen | Books | DW | 01.07.2021

პიესების, სამოგზაურო მემუარების, რომანებისა და ლექსების ავტორს, ჰანს კრისტიან ანდერსენს უმეტესობა სალიტერატურო ზღაპრებით იცნობს. მე-19 საუკუნის გამორჩეული დანიელი ავტორის ზღაპრები საოპერო დადგმების, სერიალებისა და ფილმების შთაგონების წყაროდ იქცა და ეს ტექსტები 125-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც მისი ერთი ზღაპარი მაინც არ წაუკითხავს. იმპერატორის ახალი ტანსაცმელი, პატარა ქალთევზა, პრინცესა და მუხუდოს მარცვალი, მახინჯი იხვის ჭუკი თუ სხვა ყველასთვის ცნობილი ზღაპრები საუკუნეებს შემდეგაც აქტუალურია, თუმცა მწერლის პირადი ცხოვრებისა და მისი სექსუალობის შესახებ ცოტამ თუ იცის.

ანდერსენი ედვარდ კოლინზე იყო შეყვარებული, სწორედ მას მიუძღვნა პატარა ქალთევზა, თუმცა ცალმხრივი სიყვარული ურთიერთობად ვერასდროს იქცა.

„ჩემი შენდამი სენტიმენტები ქალურია. ჩემი ბუნების ფემინურობა და ჩვენი მეგობრობა საიდუმლოდ უნდა დარჩეს“, — სწერდა ანდერსენი კოლინზს, თუმცა როგორც წერილის ადრესატი აღნიშნავს, არ შეეძლო იმავეთი ეპასუხა, რაც ანდერსენს გულს უკლავდა.

როგორც ჩანს, უპასუხოდ არ დარჩენილა გრძნობები კარლ ალექსანდრის მიმართ: „სასახლის ეზო ჩემს ოთახამდე ჩემთან ერთად მკლავგაყრილმა გაიარა, სიყვარულით მაკოცა და მთხოვა, მუდამ მყვარებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივი ადამიანი იყო, მთხოვა, მთელი ზამთარი მასთან დავრჩენილიყავი… მელანქოლიური განწყობით ჩამეძინა, მაგრამ ბედნიერს, რადგან ამ პრინცის სასახლის სტუმარი ვიყავი და ვუყვარდი… ყოველივე ზღაპარს ჰგავდა“.

ანდერსენს ურთიერთობები ჰქონია როგორც ქალებთან, ისე კაცებთან და მისი პირადი ცხოვრება ლიტერატურის შთაგონებადაც იქცა. ზოგიერთი ბიოგრაფი აღნიშნავს, რომ მას ურთიერთობა ჰქონდა დანიელ მოცეკვავე ჰაროლდ შარიფთან, რაც მისი ზღაპრის — თოვლის კაცის შთაგონების წყაროდ იქცა.

მარსელ პრუსტი

მარსელ პრუსტის დაკარგული დროის ძიებაში ალბათ ყველა დროის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებების ციკლია, რომელიც გარდასული დროის მოხელთების, ყრმობისა და ზრდასრულობაში გადაბიჯების შესახებ დაწერილ ყველაზე გამორჩეულ რომანებს აერთიანებს. ის მრავლად შეიცავს ავტობიოგრაფიულ დეტალებს, თუმცა არა ცნობებს ავტორის სექსუალური ორიენტაციის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ მისი პერსონაჟების განვითარების, მისწრაფებათა ჩამოყალიბების გზაზე გეი ავტორის გამოცდილებათა ამოკითხვა შეიძლება, პრუსტი საკუთარ სექსუალურ ორიენტაციას წყევლად მიიჩნევდა და ღიად არ ეხებოდა.

მისმა გარემოცვამ იცოდა, რომ გეი იყო, თუმცა ავტორი ამ ნაწილს თავს არიდებდა. პრუსტი ამაზე ღიად მხოლოდ მე-19 საუკუნის 90-იანი წლების ჩანაწერებში საუბრობს. ჩანაწერები მისი ნაწარმოებების ციკლის, დაკარგული დროის ძიებაში, ნაწილად არ ქცეულა, თუმცა საკუთარი სექსუალობის გააზრების ტრაგიკული ამბავი 21-ე საუკუნეში ცალკე კრებულად გამოიცა.

ქართულად ნათარგმნია პრუსტის 4 ნაწარმოები — სვანის მხარეს, სოდომი და გომორი, შეღერებულ ქალიშვილთა ჩრდილში და ნაპოვნი დრო.

ონორე დე ბალზაკი

ონორე დე ბალზაკს ქართველი მკითხველი დიდი ხანია კარგად იცნობს. მისი ნაწარმოებების დიდი ნაწილი ქართულად ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში ითარგმნა, განახლებული გამოცემები და ახალი თარგმანები კი წიგნების მაღაზიებში დღემდე მრავლად გვხვდება.

თუმცა მკითხველთა დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ ბალზაკი იყო ერთ-ერთი პირველი ევროპელი ავტორი, რომლის ნაწარმოებებშიც ქვიარ პერსონაჟები, გრძნობები და ავტორის მიერ საკუთარი სექსუალობის კვლევის ანარეკლი ჩანს. ყველაზე გამორჩეული პერსონაჟი კი ალბათ ჟაკ კოლინია, რომელიც ავტორის 3 სხვადასხვა ნაწარმოებში შეცვლილი სახელებით, სხვადასხვა იდენტობას ამოფარებული გვხვდება. ბალზაკი პერსონაჟის მომნუსხველ ძალას ნელ-ნელა გვიხატავს. კოლინი პირველად მამა გორიოში ჩნდება, დაკარგულ ილუზიებში კი ბევრად უკეთ ვეცნობით, კიდევ ერთ ტექსტში, კურტიზან ქალთა ბრწყინვალება და სიღატაკე, პერსონაჟი ისევ ბრუნდება.

ზოგიერთი ბიოგრაფი აღნიშნავს, რომ ბალზაკი კაცებთან ურთიერთობისას ბევრად ბედნიერად გრძნობდა თავს და ფლუიდური სექსუალობა ჰქონდა. მისი ნაწარმოების პერსონაჟებში დანახული სექსუალობისა და გენდერის კვლევა ალბათ სწორედ პირადი ლტოლვის ანარეკლია.

მიუხედავად იმისა, რომ ბალზაკის ცნობილ ნაწარმოებებში ქვიარ თემატიკა, პერსონაჟები ან განცდები ხშირად გვხვდება, ავტორმა გენდერული იდენტობის ცვალებადობა, ფლუიდურობა ყველაზე უკეთ ადამიანური კომედიის ციკლის ნოველაში, სარაზინი, ასახა. ნოველა სარაზინისა და კასტრატი საოპერო მომღერლის, ზამბინელას სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს. ბალზაკი ამ ნაწარმოებით უცვლელ გენდერულ იდენტობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ოსკარ უაილდი

Who was Oscar Wilde?

ოსკარ უაილდს გამორჩეული პიესები თუ ლიტერატურული ზღაპრები რომ არ დაეწერა და მისი შემოქმედება მხოლოდ ყველასთვის კარგად ცნობილი რომანი, ლიტერატურის ისტორიაში ყველაზე ლამაზი, დამატყვევებელი კაცი პერსონაჟის შესახებ დაწერილი ნაწარმოები, დორიან გრეის პორტრეტი ყოფილიყო, საყოველთაო აღიარებას მაინც მოიპოვებდა.

1900 წელს, 46 წლის ასაკში გარდაცვლილი ბრიტანელი მწერლის გავლენა ცალსახაა, თუმცა ამის პარალელურად, ცნობილია ავტორის პირად ცხოვრებაში მომხდარი არაერთი ტრაგიკული ფაქტი.

1883 წელს, უაილდი კონსტანს ლოიდზე დაქორწინდა და სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი ორმაგი ცხოვრება — ქორწინება ქალზე და საიდუმლო ურთიერთობები კაცებთან. 1890 წელს მეგობართან და გამომცემელთან, რობერტ ბოლდუინ როსთან ჰქონდა ურთიერთობა, 1891 წელს კი ლორდ ალფრედ დაგლასს შეხვდა, რომელთანაც 4-წლიანი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ალფრედი მამამ ამის შესახებ შეიტყო და უაილდი ჰომოსექსუალობისთვის დაასმინა. ავტორი ბრალდების გამო 3 წლით, 1897 წლამდე პატიმრობაში იყო, სადაც მისი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. ოსკარ უაილდს პატიმრობის და შემდგომ პერიოდში მნიშვნელოვანი აღარაფერი დაუწერია.

უილიამ ბეროუზი

William S. Burroughs and the Cult of Rock 'n' Roll

ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ამერიკელ მწერალს, უილიამ ბეროუზს წინააღმდეგობრივი ცხოვრება ჰქონდა და მისი გადაწყვეტილებები თუ იდეები დღეს შეიძლება ბევრისთვის საკამათო იყოს, თუმცა მე-20 საუკუნის ლიტერატურაზე მისი გავლენა ცალსახაა.

მწერლობაში ახალი ტექნიკის, “ნაფლეთების მეთოდის” შემომტანი ავტორი მთელი ცხოვრება ნარკოდამოკიდებული იყო. საკუთარი თავის სიძულვილი, პარანოია ტანჯავდა და მისი ნაწარმოებების ღერძად სწორედ აღნიშნული თემები იქცა. მისი ტექსტები კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მწერლის სექსუალური ორიენტაციაა, რომელსაც ლიტერატურის გავლითაც იკვლევდა.

ჯერ კიდევ მოზარდობისას გააცნობიერა, რომ გეი იყო და ამის შესახებ პირად ჩანაწერებშიც ღიად საუბრობდა, თუმცა იხსენებდა, რომ მოზარდობისას შეშინებული, დაბნეული იყო და ვერ ხვდებოდა, როგორ უნდა მოეპოვებინა სხვა ბიჭების ყურადღება.

მწერლის სექსუალური ორიენტაციის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ მის ადრეულ ნაწარმოებებში გამოიკვეთა, თუმცა ერთ-ერთი ადრეული ნაწარმოები, ჰომოსექსუალობის შესახებ დაწერილი ლიტერატურული კვლევა “პიდერი” 1985 წლამდე სწორედ იმ დროისთვის საკამათო თემების გამო არ გამოქვეყნებულა.

ქართულად ნათარგმნია მწერლის ორი ნაწარმოები — ჯანქი და შიშველი საუზმე, რომლებიც მწერლის ბიოგრაფიის, ადიქციის, ორიენტაციის გასააზრებლად შესანიშნავი საშუალებაა.

თრუმენ კეპოუტი

კეპოუტი ღიად გეი მწერალი იყო, რომელმაც მისი თანამედროვე ლგბტქი ავტორების უმრავლესობისგან განსხვავებით, არნახული პოპულარობის მოპოვება შეძლო და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მწერლად სიცოცხლეშივე იქცა.

მისი ერთ-ერთი ადრეული ნაწარმოები, სხვა ხმები, სხვა ოთახები გეი მოზარდის ცხოვრების შესახებ ჰყვება. ავტობიოგრაფიული დეტალებით, საკუთარი სექსუალობის ძიების მწერლისეული გამოცდილებით გამდიდრებული ქვიარ ნაწარმოები საკუთარი თავის მიღების შესახებ მოგვითხრობს.

მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები კი მაინც საუზმე ტიფანისთან არის. ნაწარმოების ეკრანიზაცია, რომლის მთავარ როლში ოდრი ჰეპბერნია, ნებისმიერმა კინომოყვარულმა იცის. საუზმე ტიფანისთან და მწერლის კიდევ ერთი გამორჩეული ნაწარმოები, ხელის აუკანკალებლად ქართულადაც არის ნათარგმნი.

კეპოუტის რამდენიმე ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა პოლიგამი იყო და ურთიერთობების პარალელურად სხვა კაცებსაც ხვდებოდა.

სელმა ლაგერლეფი

Selma Lagerlof Biography

“ეს შენი კოცნები, რომლებზეც წერილებში მიყვები, ჩემთვის დიდ თავსატეხად იქცა. კოპენჰაგენში ქალების ურთიერთობა ბევრჯერ მინახავს, რაც მაიძულებს, ვიფიქრო, რა არის ბუნების განზრახვა”, — წერდა სელმა ლაგერლეფი, ყველაზე გამორჩეული შვედი მწერალი, პირველი ქალი ნობელიანტი ლიტერატურის დარგში, რომელსაც ეს პატივი ჯერ კიდევ 1909 წელს ხვდა წილად.

ლაგერლეფის ნაწარმოებები ქართულად საბჭოთა დროსვე ითარგმნა. მისი საბავშვო ნაწარმოები, ნილსისა და გარეული ბატების მოგზაურობა, ლიოვენშოლდების ბეჭედი, საგა იოსტა ბერლინგზე და ა.შ. მწერლის ოსტატობის საუკეთესო დადასტურებაა.

გარდაცვალების წინ, 1940 წლისთვის მწერალს ერთადერთი მოთხოვნა ჰქონდა, მისი წერილები მხოლოდ მისი სიკვდილიდან 50 წლის შემდეგ უნდა გამოქვეყნებულიყო. ამის მიზეზი მარტივია — საყოველთაოდ დაფასებულ მწერალს არ უნდოდა, რომ ქვეყანაში, სადაც ჰომოსექსუალობა იმ დროისთვის კრიმინალიზებული იყო, მისი და საყვარელი ქალის 20 წელზე მეტი ხნის მიმოწერა გამოექვეყნებინათ.

მწერლის ანდერძი შესრულდა და მისმა სინაზით სავსე წერილებმა მკითხველამდე მხოლოდ 90-იან წლებში მიაღწია. ლაგერლეფის სექსუალური ორიენტაცია, რომელსაც მთელი ცხოვრება მალავდა, დღეს უკვე ყველასთვის ცნობილია.

გერტრუდ სტაინი

Gertrude Stein | Poetry Foundation

გერტრუდ სტაინი მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ავტორია, რომლის ტექსტებში სექსუალობისა და იდენტობის კვლევას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. სტაინს ეკუთვნის ქამინგაუთის შესახებ დაწერილი ერთ-ერთი პირველი მოთხრობა, რომელიც ისევე, როგორც მისი ტექსტების უმრავლესობა, ავტობიოგრაფიულია.

ფემინისტი, ქვიარ მწერალი მის გარემოცვაში ლესბოსელ ავტორად ითვლებოდა, თუმცა მის ცხოვრებას გენდერული დისფორია, ტრანს-იდენტობის გაცნობიერება გასდევს თან. მისი ბიოგრაფების აზრით, სტაინმა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის გაბედული ადამიანი იყო და საკუთარი თავის მიღებაც შეძლო, საკუთარი გენდერული იდენტობის ბოლომდე გათავისება ვერ მოახერხა, რაც სოციალური გარემოებებისა და ინფორმაციის არარსებობის ბრალი უნდა იყოს.

თანამედროვე გაგებით, სტაინის ხედვა გენდერული როლების მიხედვით ადამიანის ტალანტის შეფასების შესახებ მოძველებულია, თუმცა გასათვალისწინებელია ის, რომ ავტორის მიერ საკუთარი თავისა თუ ქალის როლის შეფასებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა იმ დროის ჰეტერონორმატიული განწყობები.

ქართულად ნათარგმნია სტაინის ერთადერთი ნაწარმოები, სამი სიცოცხლე. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა, მათ შორის, სექსუალობისა და გენდერის კვლევის თვალსაზრისით ბევრად მნიშვნელოვან ტექსტებს აერთიანებს — სინაზის წერტილებსა და ელის ტოკლასის ავტობიოგრაფიას, რომლის ნარატორი სტაინის პარტნიორია, თუმცა რეალურად ეს ავტორის ავტობიოგრაფიაა.

ანდრე ჟიდი

French writer André Gide passed away | Scholar Source

ანდრე ჟიდი 1947 წლის ნობელიანტი, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველზე გამორჩეული მწერალია, რომლის ტექსტებში სექსუალური თავისუფლების ძიებას, იდენტობის კვლევას, მორალურსა და ამორალურს შორის ზღვრის ძიებას, გნებავთ, უარყოფას, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

მის ნაწარმოებში, მორალის უარმყოფელი, ალბათ ყველაზე უკეთ იკითხება დეტალები ავტორის ბიოგრაფიიდან. რომანი ახალგაზრდა კაცის შესახებ გვიყვება, რომელიც ჰეტერონორმატიულობის ჩარჩოს არღვევს და “ნაცნობი მიწების დატოვებით, უცხოობაში ყოფნით” საკუთარი თავის ძიების გზას გადის.

აღსანიშნავია, რომ ჟიდი მე-19 საუკუნის ბოლოს ოსკარ უაილდთან მეგობრობდა. მისი და მარსელ პრუსტის წერილები კი, მათ შორის, ავტორების სექსუალური ორიენტაციის შესახებ, ერთგვარი დიალოგია.

ქართულად ნათარგმნია მწერლის ნაწარმოებები — ცოლთა სკოლა, ყალბი ფულის მჭრელები და ვიწრო კარიბჭესთან.

ვირჯინია ვულფი

ვირჯინია ვულფი, ფოლკნერთან და ჯოისთან  ერთად, ცნობიერების ნაკადის ყველაზე გამორჩეული ავტორია, რომლის ნაწარმოებები მრავალ ენაზეა ნათარგმნი. ქართულ ენაზე არის მისი მისის დოლოვეი, ორლანდო, გზა შუქურისკენ, ასევე, მოთხრობების კრებული სახლი მოჩვენებებით და ესე საკუთარი ოთახი.

ავტორის ტექსტები ძლიერი ქალი პერსონაჟების ირგვლივ ტრიალებს, ორლანდო კი, მათ შორის, გენდერის კვლევაა, რომელიც დღემდე თანამედროვედ იკითხება.

ვულფი ქორწინებაში იყო კაცთან, რომელსაც სულიერ მეგობრად უფრო მიიჩნევდა, თუმცა ავტორის ცხოვრების მთავარი სიყვარული ვიტა საკვილ-უესტი იყო, რომელთან მიმოწერაც ვულფის სექსუალური ორიენტაციის, სიყვარულისა და ურთიერთობის შეუძლებლობის გაცხადებაა, რაც გარკვეულწილად სოციალური განწყობებით იყო განპირობებული.

ივლინ ვო

Evelyn Waugh - IMDb

ივლინ ვოს უკეთურთა მოდგმა ქართულად ჯერ კიდევ საბჭოთა დროს ითარგმნა, ბრაიდსჰედში დაბრუნება კი ქართულად 2018 წელს გამოიცა. ბრაიდსჰედში დაბრუნების მთავარი ხაზი გეი ურთიერთობაა, რაც დიდწილად მწერლის ბიოგრაფიით არის ნაკარნახევი.

ავტორის მიერ საკუთარი სექსუალობის შემეცნება მათ შორის სოციალურმა განწყობებმა განსაზღვრა. ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბრიტანელ ავტორს ოქსფორდში სწავლის პერიოდში კაცებთან ჰქონდა ურთიერთობები და ამ კავშირებს თვითშემეცნების მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევდა. თუმცა, იმ დროს გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, ქვიარ ურთიერთობები გამართლებული, იყო თუ ეს ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ფაზა იყო და არა განუყოფელი ნაწილი, რომელიც ადამიანის ცხოვრებას გასდევდა, ამიტომ, ბისექსუალი ავტორი ცხოვრების გვიანდელ წლებში ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობებში იყო.

ჯეიმს ბოლდუინი

Black Body: Rereading James Baldwin's “Stranger in the Village” | The New Yorker

მე-20 საუკუნის ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხმა, გენიოსი მწერალი, რომელიც შავკანიანი გეი ადამიანების გამოცდილებას ასახავდა და შავკანიანთა სამოქალაქო უფლებების მოძრაობის გულად იქცა, ქართველებმა ნაკლებად იციან, რადგან მისი ნაწარმოებები ქართულად ნათარგმნი არ არის. არადა, მისი ნაწარმოებების — ჯოვანის ოთახი, წადი, იქადაგე მთიდან, ასევე, ესეების, წერილების, რასობრივი უთანასწორობისა და ძალმომრეობის შესახებ დაწერილი ნარკვევების გარეშე ამერიკული ლიტერატურის ისტორია ძნელად წარმოსადგენია.

ღიად გეი ავტორის ნაწარმოებებში პირადი თვითგამორკვევის, ბრძოლის, ჰომოფობიურ და რასისტულ გარემოში ცხოვრებით განპირობებული სირთულეები აშკარად იკითხება, თუმცა ქართველ მკითხველს ამერიკული ლიტერატურის ეს გამორჩეული მწერალი ჯერ კიდევ აღმოსაჩენი ჰყავს.

ტუვე იანსონი

Stream On Tove Jansson by Royal Society Literature | Listen online for free on SoundCloud

“ქალი შემიყვარდა სიგიჟემდე. ეს ისეთი ბუნებრივი და გულწრფელია, რომ ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ. ამაყი და უკონტროლოდ ბედნიერი ვარ. უკანასკნელი კვირები თავგადასავლებით სავსე ხანგრძლივ ცეკვას, სინაზეს, სიმძაფრეს ჰგავს – სიმარტივითა და სილამაზით გამორჩეულ ახალ მიწებზე ექსპედიციას”, — ეს სიტყვები ტუვე იანსონს ეკუთვნის. ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული საბავშვო ავტორი ლესბოსურ სიყვარულზე ღიად მეგობრისთვის მიწერილ წერილში საუბრობს. 

იანსონი საბავშვო ლიტერატურის გამორჩეული მწერალი იყო, რომელმაც მუმინების სამყარო შექმნა — კეთელი არსებებით დასახლებული მიწა, რომლის ილუსტრაციებიც ავტორსვე ეკუთვნის.

მიუხედავად იმისა, რომ ფინეთში 70-იანი წლების დასაწყისამდე ჰომოსექსუალობა კრიმინალიზებული იყო, იანსონს პირად ცხოვრებაზე უარი არ უთქვამს და ცხოვრების დიდი ნაწილი პარტნიორ ქალთან ერთად გაატარა, ამიტომ ლგბტქი მკითხველებისთვის მისი გამბედაობა, სოციალური გარემოებების მიუხედავად საკუთარი ბედნიერებისკენ სწრაფვა და ლიტერატურული მემკვიდრეობა განსაკუთრებით ძვირფასია.

ტენესი უილიამსი

The Man Who Queered Broadway | The New Yorker

“ჩემი ჰომოსექსუალობა დასაძრახად არასდროს ჩამითვლია და არც იმ საკითხად მიმიჩნევია, რომელზეც დიდი ყურადღება უნდა გამემახვილებინა. ამას უბრალოდ ბუნების შემთხვევითობად ვთვლი”, — ამბობდა ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დრამატურგი, რომლის პიესები — ტრამვაი სახელად სურვილი, შუშის სამხეცე, კამინო როიალი, კატა თუნუქის გახურებულ სახურავზე თუ სხვა ნებისმიერმა თეატრალმა, ლიტერატურის მოყვარულმა კარგად იცის.

ავტორის შემოქმედებაზე, მისივე თქმით, გავლენა არა სექსუალურმა ორიენტაციამ, არამედ მარტოობამ იქონია და სწორედ მარტოობის დღეებში დაიწერა მისი ყველაზე ცნობილი პიესები.

ტრამვაი სახელად სურვილი და კამინო როიალი ქართულადაც არის ნათარგმნი.

იუკიო მიშიმა

მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იაპონელი ავტორი, იუკიო მიშიმა საკუთარ სექსუალობასა და გენდერულ იდენტობას ავტობიოგრაფიულ ტექსტებში ღიად იკვლევდა.

ნიღბის აღსარება მისი მოზარდობის, სექსუალური ლტოლვისა და იდენტობის აღმოჩენის პერიოდს ეძღვნება და საუკეთესოდ ხსნის მწერლის ბიოგრაფიასაც, რომელიც მუდამ ტრაგიზმით იყო სავსე. აღსანიშანვია, რომ მწერალმა საკუთარი ცხოვრება-პერფორმანსი, რომელსაც ხშირად გარე დამკვირვებლის თვალით სწავლობდა, ჰარაკირით დაასრულა.

ქართულად ნათარგმნია მისი მოთხრობები ნიღბის აღსარება და ოქროს ტაძარი.