კუბა

კუბამ ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინება დააკანონა

კუბამ ისტორიულ რეფერენდუმზე ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილების ქორწინება დააკანონა. 27 სექტემბერს, ქვეყნის ეროვნულმა საარჩევნო საბჭომ განაცხადა, რომ კუბელებმა მხარი დაუჭირეს საოჯახო კოდექსს, რომელიც კუნძულზე უმცირესობების დაცვის გაძლიერებას ისახავს მიზნად. კვირას

კუბამ ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინება დააკანონა

კუბამ ისტორიულ რეფერენდუმზე ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილების ქორწინება დააკანონა.

27 სექტემბერს, ქვეყნის ეროვნულმა საარჩევნო საბჭომ განაცხადა, რომ კუბელებმა მხარი დაუჭირეს საოჯახო კოდექსს, რომელიც კუნძულზე უმცირესობების დაცვის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

კვირას გამართულ რეფერენდუმზე ხმის მიცემის მქონე პირთა 74.1%-მა მიიღო მონაწილეობა.

გარდა იმისა, რომ ახალი საოჯახო კოდექსი მეტ მხარდაჭერას უცხადებს ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს, ასევე ლგბტქი წყვილებს დაქორწინების უფლებასა და შვილების აყვანის საშუალებას აძლევს.

კომუნისტების მიერ მართულ კუნძულზე ლგბტქი ადამიანები ათწლეულების განმავლობაში განიცდიდნენ დისკრიმინაციას. 60-იანი წლების დასაწყისში, ფიდელ კასტროს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, უამრავი ლგბტქი ადამიანი პოლიტიკურ დისიდენტებთან ერთად სამთავრობო სამუშაო ბანაკებში გაგზავნეს. მიუხედავად იმისა, რომ 1979 წელს კუბაში ჰომოსექსუალობა უკვე ლეგალიზებული იყო, ქვიარ ქალები და კაცები ამბობდნენ, რომ უდიდესი დისკრიმინაციის წინაშე იდგნენ.

მარიელა კასტრო, კუბის ყოფილი პრეზიდენტის, რაულ კასტროს შვილი მთავრობის მიერ დაფინანსებული ცენტრის მეშვეობით გეების, ლესბოსელებისა და ტრანსგენდერების უფლებების გაუმჯობესებას ღიად უჭერდა მხარს, მაგრამ თანასწორობისკენ სწრაფვას მთავრობის შიგნიდან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა.

2018 წელს კუბელმა კანონმდებლებმა უარი თქვეს დებულებებზე, რომლებიც ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანების ქორწინებას დააკანონებდა. მათ ჰქონდათ შიში, რომ ჰომოფობიური განწყობები რეფერენდუმზე ახალი კონსტიტუციის დამტკიცებას შეაფერხებდა. მომდევნო წელს პოლიციამ ლგბტქი ადამიანების უფლებების მშვიდობიანი მარში დაარბია.

ევანგელისტური საზოგადოება ოჯახის კოდექსის დამტკიცებას ღიად ეწინააღმდეგებოდა, თუმცა, რეფერენდუმამდე რამდენიმე კვირით ადრე, მთავრობამ ახალი საოჯახო კოდექსის სასარგებლოდ მედიაში განცხადება გააკეთა. მთავრობის თქმით, ეს არის იმის მტკიცებულება, რომ კუნძულს 6 ათწლეულის წინანდელ რევოლუციას ადაპტირება შეუძლია.