თინი ნოღაიდელი

მოუსმინეთ Rémmée-ს ახალ სიმღერას, რომელიც ნინო ხარატიშვილის სპექტაკლისთვის დაიწერა

ახლახან თინი ნოღაიდელის, სასცენო სახელით Rémmée-ს ახალი სიმღერის პრემიერა შედგა, რომელიც ნინო ხარატიშვილის სპექტაკლისთვის, ფედრა ცეცხლის ალში დაიწერა.  ღიად ლესბოსელმა ქართველმა მუსიკოსმა და აქტივისტმა, თინი ნოღაიდელმა ქვიართან სიმღერის შექმნის პროცესზე და მუსიკის

მოუსმინეთ Rémmée-ს ახალ სიმღერას, რომელიც ნინო ხარატიშვილის სპექტაკლისთვის დაიწერა

ახლახან თინი ნოღაიდელის, სასცენო სახელით Rémmée-ს ახალი სიმღერის პრემიერა შედგა, რომელიც ნინო ხარატიშვილის სპექტაკლისთვის, ფედრა ცეცხლის ალში დაიწერა. 

ღიად ლესბოსელმა ქართველმა მუსიკოსმა და აქტივისტმა, თინი ნოღაიდელმა ქვიართან სიმღერის შექმნის პროცესზე და მუსიკის საშუალებით პირად გამოცდილებებზე საუბრის შესაძლებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, პირველად მოხდა ისე, რომ სიმღერა დაკვეთით დაწერა. 

„ნინო ხარატიშვილი დამიკავშირდა, მითხრა, რომ სპექტაკლზე მუშაობდა, ჩემი სიმღერები მოისმინა და სურდა, მისთვის სიმღერა დამეწერა. თავიდან, რა თქმა უნდა, ძალიან შემეშინდა, ვინერვიულე, მაგრამ უარი მაინც ვერ ვთქვი ასეთ გამოცდილებაზე. აქამდე დაკვეთით სიმღერა არასდროს დამიწერია. მერე წავიკითხე პიესა, აღმოვაჩინე, რომ არის ლესბოსური დრამა, ლესბოსურ სიყვარულზე და მთელი გულით ვიგრძენი ამბავი. ტექსტით მიღებული ინსპირაცია რომ არა, სიმღერას ვერ დავწერდი“, — ამბობს Rémmée. 

თინის თქმით, პიესის გარდა სიმღერის ინსპირაცია პირადი გამოცდილება და ის შიშიც იყო, რომელში ცხოვრება ქვიარ ადამიანებს მუდმივად გვიწევს, ამასთან, ისევე, როგორც ნინო ხარატიშვილისთვის, მნიშვნელოვანი შთაგონება 5 ივლისის მოვლენებიც იყო. 

„როგორც ყველა ქვიარ ადამიანმა იმ დღეების მოვლენები განსაკუთრებით განვიცადე. ჩვენ ყოველდღე გვიწევს შიშში ცხოვრება, რასაც სიმღერის ტექსტიც ეხმიანება — I’d die for this sin (ამ ცოდვისთვის სიკვდილს ვამჯობინებდი). სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ ეს უბრალოდ სიტყვები კი არა, ვიღაცებისთვის სამწუხარო რეალობაა“, — აღნიშნავს ქვიართან საუბრისას თინი ნოღაიდელი და ამბობს, რომ მუშაობის პროცესი სასიამოვნო და ბევრად მარტივი იყო, რაც განსხვავდება „პრემენსტრუალური სინდრომისას დაწერილი სიმღერებისგან, რასაც თან ახლავს ცრემლების ღვრა“.


ასევე ნახეთ: მე ვარ ლესბოსელი არტისტი და თავზე მახურავს ჩიხტიკოპი — თინი ნოღაიდელი


Rémmée ერთადერთი ქართველი ღიად ლესბოსელი მუსიკოსია, რომელიც მუსიკის საშუალებით, მათ შორის, პირად გამოცდილებებზე, ურთიერთობებზე, ქალებისა და ქვიარ ადამიანების გამოწვევებზე საუბრობს. გვეუბნება, რომ საკუთარ ორიენტაციაზე ღიად საუბარმა თავისუფლება მიანიჭა და აღმოაჩენინა შესაძლებლობები, რომლებზეც იქამდე არ უფიქრია.

„საკუთარ ორიენტაციაზე ღიად საუბარი შეიძლება მუსიკის კეთებას არ მიადვილებს, მაგრამ მათავისუფლებს, მაგალითად, ამ სპექტაკლზე მუშაობაც წარმოუდგენელი იქნებოდა, საკუთარი ორიენტაცია გაცხადებული რომ არ მქონოდა. ამან გამათავისუფლა და რაღაც ისეთი გზები გამოაჩინა, რომელიც მე აქამდე წარმოდგენილი არც მქონია. თავისუფლად ვმღერი, ვსაუბრობ, პოდკასტის [ღვინო, დუდუკი, ქალები — ქვიარ შემეცნებითი და იუმორისტული პოდკასტი, რომელიც თინი ნოღაიდელისა და ნათია გვიანიშვილის ერთობლივი წამოწყებაა] კეთების იდეაც ქამინგაუთის შემდეგ მოვიდა. თავისუფლებამ მოიტანა ინსპირაციები, რასაც არ ველოდი. ახლა წიგნს ვწერ და ამ პროცესმაც დამანახა, რომ ქამინგაუთის შემდეგ, ტექსტი პირად გამოცდილებას ბევრად უფრო დაუკავშირდა”, — გვეუბნება თინი. 

ფოტო: Amandine Gilloux

Rémmée-ს თქმით, ალბომის გამოშვებაზე ჯერ არ ფიქრობს, რადგან ამისთვის საჭირო დრო ენერგია და ფინანსური რესურსი არ აქვს, თუმცა „განსაკუთრებით ქამინგაუთის შემდეგ, სიმღერები ბევრად მარტივად მოდიან“. 

„18 წლის აღარ ვარ, იმდენი ენთუზიაზმი აღარ მაქვს და დაბრკოლებები ისეთი მარტივად გადასალახი აღარ მეჩვენება. პროფესიონალი მუსიკოსი არ ვარ, წერას, პროდიუსინგს დიდი დრო მიაქვს, ამ სიმღერასაც იმიტომ ვუშვებ, რომ შვება ვიგრძნო. ხვალ უნდა წავიდე და ვიმუშაო, მთელი კვირა ამ პროცესში უნდა ვიყო, ამის მერე პირადი ცხოვრება უნდა მქონდეს და თან მუსიკაც ვაკეთო, გარდა ამისა ალბომს ფინანსები, ენერგია, დრო სჭირდება და ეს რესურსი ჯერ არ მაქვს“, — გვიზიარებს Rémmée. 

თინი ნოღაიდელი საუბრის დასასრულს გვეუბნება, რომ სიმღერებს აქტივიზმის გამო არ წერს, „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე გადმოდინდების“, თუმცა ისე გამოვიდა, რომ მუსიკის საშუალებით პირად გამოცდილებებზე ღიად საუბარი აქტივიზმსაც გულისხმობს. 

„მუსიკა პირდაპირი ხელოვნების ფორმაა, რომელსაც აქვს ძალა, თავი დაგამახსოვრებინოს, მგონია, რომ ეს ხილვადობისთვისაც მნიშვნელოვანია. გამოცდილებებზე ღიად საუბარი, ქამინგაუთი, სიმღერების ჩაწერა, საუბარი, ჩემი პატარა ოთახიდან რაღაცების კეთება ერთიანობაში აქტივიზმს ქმნის“, — აღნიშნავს თინი და ამბობს, რომ მოხარული იქნება, თუ „მისი მუსიკა თუნდაც ერთ მსმენელში აღძრავს ემოციას, სათქმელი ერთ ადამიანამდე მაინც მიაღწევს“.

სიმღერის ტექსტი, მუსიკა და პროდიუსინგი Rémmée-ს ეკუთვნის, ბექვოკალი Jüne Plã-ს, ნამუშევრის მიქსინგსა და საბოლოო დახვეწაში დავით ბაკურაძე მონაწილეობდა. სიმღერის პროდიუსინგში ჩართული იყო ნიკა ჭავჭავაძეც.