ესტონეთი

/

სერიოზულად ვართ შეშფოთებულები — ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ რუსული კანონის პირველი მოსმენით მხარდაჭერას და საქართველოს პარლამენტს ისეთი გადაწყვეტილებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს, რაც ქართველი ხალხის ევროკავშირისა და ნატოსკენ სწრაფვას შეაფერხებს. „უცხოეთის

სერიოზულად ვართ შეშფოთებულები — ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები

/

ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ რუსული კანონის პირველი მოსმენით მხარდაჭერას და საქართველოს პარლამენტს ისეთი გადაწყვეტილებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდეს, რაც ქართველი ხალხის ევროკავშირისა და ნატოსკენ სწრაფვას შეაფერხებს.

„უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის პირველი ვერსია, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით სერიოზულ კითხვებს აჩენს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, რომ პასუხისმგებლობით შეაფასონ ქვეყნის რეალური ინტერესები და თავი შეიკავონ გადაწყვეტილებებისგან, რომლებიც შეაფერხებს ქართველი ხალხის მისწრაფებას, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში იცხოვრონ, რომელიც ევროკავშირისა და ნატოსკენ მიისწრაფვის. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პატივი სცენ ხალხის მშვიდობიანი პროტესტის უფლებას“, — ნათქვამია განცხადებაში.

ისინი რუსულ კანონპროექტს გამოეხმურნენ ტვიტერზეც და დაწერეს, რომ სერიოზულად შეშფოთებულნი არიან კანონის პირველი მოსმენით მხარდაჭერის გამო.

„თუ საქართველოს უნდა, რომ ევროკავშირისა და ნატოსკენ პროგრესი გააგრძელოს, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პრინციპებს პატივი უნდა სცეს“, — ნათქვამია ტვიტში.

პარლამენტმა 7 მარტს, დაუგეგმავად განიხილა და პირველი მოსმენით მიიღო რუსული კანონი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის „უცხოეთის გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას ავალდებულებს. რუსული კანონის განხილვის პარალელურად პარლამენტთან ხალხმრავალი აქცია იმართებოდა.

მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი რამდენიმე კვირის წინ, პარლამენტში კანონის დარეგისტრირების შემდეგ მალევე დაიწყო, მოგვიანებით კი უფრო მასშტაბური სახე მიიღო: აქციებს ადგილზე უერთდებოდნენ მოქალაქეები, ნაწილი კი მხარდაჭერას სოციალური ქსელით გამოხატავდა. რუსული კანონის წინააღმდეგ მოსაზრებები დააფიქსირეს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, მათ შორის, მსახიობებმა, ლექტორებმა, სპორტსმენებმა, მომღერლებმა, მწერლებმა და პოეტებმა, ქალთა უფლებადამცველებმა, მასწავლებლებმა, სტუდენტებმა, მეღვინეებმა, ფერმერებმა, სტარტაპერებმა, მეწარმეებმა და ა.შ.

კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვა 9 მარტს იყო დაანონსებული, თუმცა 7 მარტის სხდომის მიმდინარეობისას ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება განხილვასა და კენჭისყრას 7 მარტსვე გეგმავდა. პარლამენტთან აქცია დილიდან მიმდინარეობდა და ამ დროს ხალხის უმეტესობა ტერიტორიაზე უკვე აღარ იყო, თუმცა ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მოქალაქეებმა კვლავ დაიწყეს მისვლა საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან. პროტესტი რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. ხელისუფლებამ ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყვანა და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა. არიან დაშავებულებიც, თუმცა ზუსტი რაოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.


ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.