ევროპა

ლგბტქი უფლებების დაცვის კუთხით საქართველო ევროპაში 34-ე ადგილზეა

ILGA-Europe-ის განახლებული რუკის მიხედვით, რომელიც ლგბტქი უფლებების დაცვისა და თანასწორობის კუთხით ევროპაში არსებულ მდგომარეობას ასახავს, საქართველო ევროპის 49 ქვეყნიდან 34-ე ადგილზეა. 2021 წლის რუკაზე საქართველო ლგბტქი უფლებადაცვითი კუთხით არსებული 27%-იანი კოეფიციენტით, 32-ე

ევროპრაიდის ისტორია მოკლედ — ლონდონიდან ბელგრადამდე

2022 წლის 12-18 სექტემბერს სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი ევროპაში ყველაზე მასშტაბურ ლგბტქი ღონისძიებას, ევროპრაიდს მასპინძლობს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა, რომელიც არც ევროპის ეკონომიკური ზონის წევრია, აღნიშნულ ღონისძიებას მასპინძლობს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საპროტესტო აქცია და პრაიდის ჩაშლის მცდელობა მოჰყვა, თუმცა

ევროპრაიდის ისტორია მოკლედ — ლონდონიდან ბელგრადამდე

2022 წლის 12-18 სექტემბერს სერბეთის დედაქალაქი ბელგრადი ევროპაში ყველაზე მასშტაბურ ლგბტქი ღონისძიებას, ევროპრაიდს მასპინძლობს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა, რომელიც არც ევროპის ეკონომიკური ზონის წევრია, აღნიშნულ ღონისძიებას მასპინძლობს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას საპროტესტო აქცია და პრაიდის ჩაშლის მცდელობა მოჰყვა, თუმცა ევროპრაიდი მაინც დაიწყო. 

30-წლიანი ისტორიის მქონე ღონისძიებამ დიდ ბრიტანეთში დაბადებული იდეიდან ევროპელი ლგბტქი ადამიანების საზეიმო, პოლიტიკურ, სოციალურად მნიშვნელოვან პროცესში გაერთიანების ხანგრძლივი, გამოწვევებით აღსავსე გზა გაიარა.

გასული საუკუნის 90-იანი წლები მნიშვნელოვანი ცვლილებების პერიოდი იყო. საბჭოთა კავშირი დაიშალა და ცივი ომი დასრულდა, მსოფლიო ახალ წესრიგზე გადაწყობის გზას გადიოდა, ლგბტქი უფლებების მიმართულებით კი მნიშვნელოვანი გამოწვევები ჯერ კიდევ გადასაჭრელი იყო. 80-იანი წლების აივ-შიდსის ეპიდემიის შოკმა, სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებების არასათანადო, არაეფექტურმა რეაგირებამ ლგბტქი ადამიანების მიმართ წარმოდგენები მკვეთრად გააუარესა, ამიტომ საჭირო იყო საპირწონე ნაბიჯები, რომლებიც სიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლიდა.

რა არის პრაიდი

Getty Images

პრაიდი ლგბტქი ღირსების, ხილვადობის, თანასწორობის მხარდამჭერი მსვლელობა ან ღონისძიებათა სერიაა, რომელიც მიზნად ისახავს ჩაგრული, მარგინალიზებული ადამიანების უფლებების დაცვის აუცილებლობისკენ ყურადღების მიმართვას, მათ მიერ საჯარო სივრცეზე არსებული უფლებით სარგებლობის გზით.

პირველი პრაიდ ღონისძიება 1970 წელს, სტოუნვოლის აჯანყების ერთი წლის თავზე გაიმართა და დღეისთვის, განვითარებული ქვეყნების უმრავლესობაში ყოველწლიური ხასიათი აქვს.

ევროპრაიდის იდეის დაბადება

90-იან წლებში, ევროპაში მძლავრი შემაკავშირებელი ბერკეტების შექმნაზე დაიწყეს ფიქრი, რომელიც ევროპის კონტინენტზე მცხოვრებ ხალხებს ერთმანეთთან დააკავშირებდა. სწორედ ამის გააზრებიდან დაიბადა ევროკავშირის ჩამოყალიბების იდეა. თუმცა ახალი კავშირის განვითარებაზე ფიქრმა გარკვეული რისკებიც მოიტანა, განსაკუთრებით ევროკავშირს მიღმა, მჩაგვრელი ხელისუფლების მქონე ქვეყანაში მცხოვრები ლგბტქი ადამიანებისთვის, რომლებიც შეცვლილ პოლიტიკურ ვითარებაში ევროპის ქვეყნებში შესვლას ბევრად რთულად შეძლებდნენ.

ლონდონის პრაიდის ორგანიზატორები — გეი და ლესბოსელი ადამიანების პრაიდის ორგანიზების კომიტეტი (LAGPOC) შეშფოთებული იყო დიდი ბრიტანეთის საზღვრებს მიღმა მცხოვრები ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ არსებული დისკრიმინაციით, ამიტომ 1991 წლის მიწურულს გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომდევნო წლის პრაიდ ღონისძიებისთვის ევროპრაიდი ეწოდებინათ, რითაც დიდ ბრიტანეთში და მის მიღმა, მათ შორის, თანამეგობრობისა თუ ევროპის სხვა ქვეყნებში მცხოვრები ლგბტქი ადამიანების მხარდაჭერას შეძლებდნენ.

LAGPOC-ის ისტორიული შეხვედრის მომდევნო თვეებში, ორგანიზატორები აქტიურად ემზადებოდნენ ლონდონის პრაიდისთვის და პარალელურად უკავშირდებოდნენ, უგზავნიდნენ პოსტერებსა თუ პამფლეტებს ევროპის სხვა ქალაქებს, რომლებშიც პრაიდის ღონისძიებები იმართებოდა, მათ შორის, პარიზს, ბერლინსა და ამსტერდამს. იმ დროისთვის საერთაშორისო დონეზე კავშირის დამყარება, ღონისძიების ორგანიზების პროცესში მრავალი ქვეყნის ჩართვა ბევრად რთული იყო, თუმცა პრესრელიზები გაიგზავნა სხვადასხვა ქვეყნის ლგბტქი მედიასაშუალებებში და მალევე სტატიები გავრცელდა ნორვეგიაში, გერმანიაში, იტალიაში, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში.

საკამათოა, ვისი იდეა იყო ღონისძიების სახელი, ევროპრაიდი, თუმცა ბევრი აქტივისტის თქმით, აღნიშნული ტერმინი LAGPOC-ის წევრს, ვილი მილტონს ეკუთვნის, რომელიც შიდსით გამოწვეული გართულებებით საერთო ევროპულ მარშამდე 2 თვით ადრე გარდაიცვალა.

პირველ ევროპრაიდს 100 ათასზე მეტი ადამიანი შეუერთდა — ლგბტქი ადამიანებმა და მხარდამჭერებმა ლონდონის ცენტრალური ქუჩები დაიკავეს, რასაც ბროკველის პარკში გამართული კონცერტი მოჰყვა. ლონდონის “გეი სცენის” ბარებმა პარკში საკუთარი სტენდები გახსნეს, ღონისძიებას აივ და სექსუალური ჯანმრთელობის ორგანიზაციები ესწრებოდნენ და ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავდნენ, ადგილზე წარმოდგენილნი იყვნენ ქვიარ ბიზნესები, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა და რასის ადამიანებს საინფორმაციო კარვები ჰქონდათ გახსნილი, რაც იმ დროისთვის წინგადადგმულ ნაბიჯად ითვლებოდა.

პირველ ევროპრაიდს დაესწრნენ ადამიანები გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ნიდერლანდებიდან და ესპანეთიდან. ღონისძიების დღეების შესახებ გადაღებულ ვიდეოში პოლიტიკური თემების ღიად განხილვას ნახავთ — ნორვეგიელმა ვიზიტორებმა ლგბტქი თანასწორობის კუთხით არასათანადო ქმედებებისთვის ღიად გააკრიტიკეს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ჯონ მეიჯორი, თუმცა თითქმის მთელი ათწლეული გავიდა, სანამ ბრიტანეთის ხელისუფლება მნიშვნელოვან ცვლილებებზე ფიქრს დაიწყებდა.

1992 წლის ევროპრაიდის შემდგომ სპეციალური ჟურნალის ნომერიც გამოიცა, რომელშიც ევროპაში ლგბტქი უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე დისკურსს ნახავდით. კაცებს შორის ჰომოსექსუალური კავშირი ჯერ კიდევ არალეგალური იყო კვიპროსში, ესტონეთში, ირლანდიაში, ლატვიაში, ლიეტუვაში და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, რუმინეთი კი ქალებს შორის სქესობრივ კავშირსაც კრძალავდა.

ლონდონიდან ბერლინამდე და ამსტერდამამდე

მაშინ, როცა LAGPOC პირველი ევროპრაიდისთვის ემზადებოდა, ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პრაიდ მოძრაობების წარმომადგენლები გეი და ლესბოსელი ადამიანების ასოციაციის (ILGA World) ყოველწლიურ კონფერენციაზე შეხვდნენ. ILGA ევროპრაიდით დაინტერესდა და მხარდაჭერა გამოუცხადა როგორც ზოგადად პრაიდი ჩატარებას, ასევე, ლონდონის შემდეგ, ამ ღონისძიების 1993 წელს ბერლინში გამართვას.

გერმანიაში პრაიდის ტიპის ღონისძიებები კრისტოფერ სთრითის დღედ (CSD) მოიხსენიება, რაც იმ სახელია, რომელზეც ბარი სტოუნვოლი მდებარეობს. CSD-ის ორგანიზატორები 1992 წლის ევროპრაიდს დაესწრნენ და მომდევნო ღონისძიების ბერლინში ჩატარების გამოწვევასაც სიხარულით შეხვდნენ. მართალია, ბერლინში გამართულ ევროპრაიდს უფრო ნაკლები, 30 ათასი ადამიანი დაესწრო, მაგრამ ეს წინა წლის ბერლინის პრაიდის მასშტაბს მაინც სამჯერ აღემატებოდა.

ევროპრაიდის მომდევნო მასპინძელი ამსტერდამ პრაიდი იყო, თუმცა იმავე პერიოდში დაიწყო მსჯელობა იმაზე, რომ ევროპრაიდი მხოლოდ იმ ქალაქებში არ უნდა ჩატარებულიყო, სადაც ლგბტქი უფლებების თვალსაზრისით ნაკლებად მწვავე ვითარება იყო. 1994 წელს, ILGA-ს კონფერენციაზე ევროპრაიდის ორგანიზატორების ასოციაცია (EPOA) ჩამოყალიბდა. ასევე, დამსწრეები შეთანხმდნენ, რომ ღონისძიება ადამიანის უფლებათა დაცვის უფრო მძლავრ ბერკეტად უნდა ექციათ და ამასთან, ადამიანები საზეიმო ვითარებაში შეეკრიბათ.

ევროპრაიდი დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვდა, ამიტომ პირველი სამი მასპინძელი ქვეყნის პრაიდ ორგანიზაციებმა არსებობის გაგრძელება ვერ შეძლეს, თუმცა მალევე ახალი ორგანიზაციები დაფუძნდა. ევროპრაიდი კი ერთწლიანი პაუზის შემდეგ, 1996 წელს კოპენჰაგენში, 1997 წელს პარიზში, ხოლო 1998 წელს სტოკჰოლმში გაიმართა.

ევროპრაიდი 21-ე საუკუნეში

EPOA-ს ხელმძღვანელობით ევროპრაიდი სულ უფრო იზრდებოდა და დასავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პრაიდ ორგანიზაციებს იკრებდა. რომის პრაიდ ორგანიზაციამ კონფერენციაზე იდეა გააჟღერა, რომ ევროპრაიდი გლობალურ ფენომენად ექციათ და მსოფლიო პრაიდი დაეფუძნებინათ. EPOA-მ იდეა მოიწონა და ნიუ-იორკში გამართულ საერთაშორისო პრაიდ ქსელის კონფერენციაზე წარადგინა. 2000 წელს რომმა პირველ მსოფლიო პრაიდს უმასპინძლა.

მსოფლიო პრაიდის პარალელურად, ევროპრაიდმა არსებობა განაგრძო და ჩატარდა ვენაში, კიოლნში, მანჩესტერში, ჰამბურგში, ოსლოში, მადრიდში ციურიხში, განმეორებით გაიმართა ლონდონსა და სტოკჰოლმში. ცვლილება მოხდა 2005 წელს, როცა თანასწორობის მარშის ორგანიზატორებს პოლონეთმა, კერძოდ კი ვარშავის მერმა მსვლელობის მოწყობაზე უარი უთხრა.

მარშის ორგანიზატორმა, ტომაშ ბაჩკოვსკიმ პოლონეთს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივლა. აკრძალვიდან 2 წელში სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის თანახმადაც, აკრძალვა ადამიანის უფლებებთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. ეს იყო პირველი პრეცედენტი, როცა სასამართლომ დაადგინა, რომ პრაიდში მონაწილეობა ფუნდამენტური უფლებაა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას EPOA დღემდე მიმართავს, როცა რომელიმე ხელისუფლება ღონისძიების აკრძალვას ცდილობს.

2010 წელს, ევროპრაიდი პირველად ჩატარდა ყოფილ კომუნისტურ ქვეყანაში, პოლონეთში. 2015 წელს კი ლატვია გახდა პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელმაც ევროპრაიდს უმასპინძლა. რიგაში და ვარშავაში ჩატარებულმა ევროპრაიდებმა ეროვნულ მარშებზე ბევრად მეტი ვიზიტორი მოიზიდა, რამაც ვარშავის პრაიდისა და რიგის პრაიდის ყოველწლიური დამსწრეების რიცხვზე პოზიტიურად იმოქმედა.

მომდევნო წლებში ევროპრაიდი ბევრად უსაფრთხო ქალაქებში — მარსელში, ისევ ოსლოში, ლონდონში, ამსტერდამსა და ვენაში ჩატარდა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ შედარებით დაცულ გარემოში ღონისძიების ჩატარება მძლავრი გზავნილების, ეფექტური კამპანიის დაგეგმვის შესაძლებლობას ამცირებს. ევროპრაიდი მუდამ ცდილობდა, მიეზიდა მაქსიმალურად მრავალფეროვანი აუდიტორია, აქტივისტები, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, პოლიტიკოსები, მსოფლიო მნიშვნელობის ფიგურები და აქტივიზმისა და საზეიმო მსვლელობის ერთგვარი ნაზავი მოეწყო.

2019 წელს, ბილბაოში გამართულ კონფერენციაზე 2022 წლის ევროპრაიდის მასპინძლობის სურვილი ოთხმა ქალაქმა: ბარსელონამ, ბელგრადმა, დუბლინმა, ლისაბონმა და პორტომ კი ერთობლივად გამოთქვეს. ოთხივე კანდიდატმა საკუთარი არგუმენტები, გეგმა და კულტურულ ღონისძიებათა იდეები წარადგინა, რომლითაც ადამიანის უფლებათა დაცვის კამპანიების ჩატარებას, ხელშეწყობას გეგმავდნენ.

საბოლოოდ, ბელგრად პრაიდის კანდიდატურამ აშკარა უპირატესობით გაიმარჯვა და EPOA-ს წევრების 70%-ის მხარდაჭერა მოიპოვა. ეს სიტუაცია გასაკვირი არაა, თუ ბელგრად პრაიდის ისტორიას გავითვალისწინებთ — დაახლოებით 20 წლის წინ, თანმდევი პროტესტის მიუხედავად ჩატარებულ ღონისძიებებს ბოლო წლებში ბევრად მშვიდობიანი აქტივობები ჩაენაცვლა. მიუხედავად ამ მნიშვნელოვანი ძვრებისა, ლგბტქი უფლებები სერბეთში ჯერაც არ არის სახარბიელო — ევროპის ადამიანის უფლებათა რუკაზე სერბეთს ევროპის ქვეყნების ნახევარზე მეტი უსწრებს და სამხრეთაღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოს ჯერაც გრძელი გზა აქვს გასავლელი.

2022 წლის ევროპრაიდი ღონისძიების მიერ განვლილი გზის ერთგვარი სიმბოლური გამოხატულებაა — 1992 წელს, იუგოსლავიის დაშლისა და სერბეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბების პერიოდში, ლონდონში დაწყებული მოძრაობა დღეს უკვე ახალ, თანასწორობის გზაზე მდგომ ქვეყანაში იმართება.

ევროპრაიდმა ხანგრძლივი გზა გაიარა და პარალელურად იცვლებოდა ევროპაში ლგბტქი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა. წინ კიდევ გრძელი გზაა, რომელმაც საბოლოოდ თანასწორობის მაქსიმალურ დაცვამდე უნდა მიგვიყვანოს, ეს კი ერთიანი ძალებით უფრო მარტივად წარმოსადგენია.

წყარო: European Pride

ლგბტქი უფლებების დაცვის კუთხით საქართველო ევროპაში 34-ე ადგილზეა

ILGA-Europe-ის განახლებული რუკის მიხედვით, რომელიც ლგბტქი უფლებების დაცვისა და თანასწორობის კუთხით ევროპაში არსებულ მდგომარეობას ასახავს, საქართველო ევროპის 49 ქვეყნიდან 34-ე ადგილზეა.

2021 წლის რუკაზე საქართველო ლგბტქი უფლებადაცვითი კუთხით არსებული 27%-იანი კოეფიციენტით, 32-ე ადგილზე იყო, ახლა კი, 25%-იანი ინდექსით, პოზიცია 2 საფეხურით გაუარესდა. საქართველოს ყველაზე მაღალი, 53%-იანი კოეფიციენტი თანასწორობისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს კუთხით აქვს, რასაც 50%-იანი შედეგით სამოქალაქო საზოგადოებისთვის თავისუფალი სივრცეებზე ხელმისაწვდომობა მოჰყვება, 26%-იანი კოეფიციენტი გვაქვს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და სიძულვილის ენის გამოყენების მიმართულებით, ამას მოსდევს ოჯახური მდგომარეობის მიმართულებით არსებული 11%-იანი ინდექსი და გენდერის სამართლებრივად აღიარების კუთხით არსებული 6%-იანი შედეგი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მეზობელი ქვეყნები – რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი ევროპის რუკაზე ბოლო 4 ადგილს ინაწილებენ. 2,41%-იანი კოეფიციენტით ბოლო, 49-ე ადგილზე აზერბაიჯანია, 48-ე ადგილზე 4%-იანი კოეფიციენტით თურქეთია, 47-ეზე სომხეთია 7,5%-ით, ხოლო 46-ეზე რუსეთი, რომლის ლგბტქი უფლებების კოეფიციენტი 8,45%-ს შეადგენს. 

ლგბტქი უფლებების დაცვისა და თანასწორობის მიმართულებით არსებული მდგომარეობით პირველ ათეულში მალტა (92,02%), დანია (73,78%), ბელგია (71,51%), ნორვეგია (68,3%), ლუქსემბურგი (68,03%), შვედეთი (67,97%), საფრანგეთი (64,18), მონტენეგრო (63,43%), ისლანდია (62,88%) და პორტუგალია (62,03%) არიან. 

ამასთან, ევროპის მასშტაბით, ლგბტქი უფლებების დაცვისა და თანასწორობის მიმართულებით არსებული კოეფიციენტი 38%-ს შეადგენს, ხოლო ევროკავშირში ეს ინდექსი 48%-ს აღწევს.