დუნია მიატოვიჩი

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თქმით, საქართველოში ლგბტქი უფლებების დაცვის კუთხით საგანგაშო მოვლენები ვითარდება – მარიამ კვარაცხელია

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის მიზანი ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასებაა.  მიატოვიჩი სამოქალაქო საზოგადოებასთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სახელმწიფო უწყებებთან დიალოგის შედეგად მიღებულ ინფორმაციას

/

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მოუწოდებს პარლამენტს, არ მიიღოს რუსული კანონი

ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი წერილით მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატებისა და ამჟამად ანტიდასავლური მოძრაობის სახელით პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის შესახებ: „ვშიშობ, რომ ამგვარი საკანონმდებლო ინიციატივა ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მთელ რიგ სტანდარტებს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების ჭრილში.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მოუწოდებს პარლამენტს, არ მიიღოს რუსული კანონი

/

ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი წერილით მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატებისა და ამჟამად ანტიდასავლური მოძრაობის სახელით პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის შესახებ:

„ვშიშობ, რომ ამგვარი საკანონმდებლო ინიციატივა ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მთელ რიგ სტანდარტებს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების ჭრილში. ამასთან, კანონს შესაძლოა ჰქონდეს სერიოზული მსუსხავი ეფექტი ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სფეროში აქტიურად მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობაზე. შესაბამისად, მოვუწოდებ პარლამენტს, უარი თქვას ამ ან სხვა მსგავსი კანონპროექტის მიღებაზე.

გამჭვირვალობა შეიძლება იყოს ლეგიტიმური ინტერესი. მიუხედავად ამისა,  ეს მიზანი არ უნდა მიიღწეოდეს არაკომერციული ორგანიზაციებისა და მედია საშუალებათა მიერ თავიანთი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის, მათი ლეგიტიმური საქმიანობის დაზიანებით. ანგარიშგების მოთხოვნა, შემოსავლის წყაროს მიუხედავად,  უნდა ეფუძნებოდეს თანაბარ და მიუკერძოებელ მიდგომას. ნებისმიერი ჩარევა ამ სფეროში უნდა შეესაბამებოდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებს, როგორც ამას ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი“, — აცხადებს მიატოვიჩი.

ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისი ევროპის საბჭოს დამოუკიდებელი სტრუქტურაა, რომლის მოვალეობაა ადამიანის უფლებათა დაცვა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში.

ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს “უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

ქართული ოცნება აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს ორივე კანონპროექტს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს განსახილველად. შესაბამისად, ანტიდასავლური მოძრაობის მიერ პარლამენტში უკვე რეგისტრირებულ რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ “აგენტებად” რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, “გამჭვირვალობის” მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თქმით, საქართველოში ლგბტქი უფლებების დაცვის კუთხით საგანგაშო მოვლენები ვითარდება – მარიამ კვარაცხელია

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის მიზანი ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასებაა. 

მიატოვიჩი სამოქალაქო საზოგადოებასთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სახელმწიფო უწყებებთან დიალოგის შედეგად მიღებულ ინფორმაციას შეაჯამებს და ანგარიშს მოამზადებს, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ის რეკომენდაციები, რომლებიც სახელმწიფომ ადამიანის უფლებათა უკეთ დაცვისთვის უნდა გაითვალისწინოს.

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის დღევანდელი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათ შორის, Tbilisi Pride-ის წარმომადგენლებთან გამართა.

Tbilisi Pride-ის თანადირექტორს, მარიამ კვარაცხელიას შეხვედრის დეტალებზე ვესაუბრეთ. მისი თქმით, სამუშაო შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა, ასევე, ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები განიხილეს.

„დუნია მიატოვიჩმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ მისთვის ლგბტქი უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. მისი შეფასებით, ქვეყანაში ამ მიმართულებით საგანგაშო მოვლენები ვითარდება. შეხვედრაზე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები, ულტრა-მემარჯვენე ჯგუფების ორგანიზებული ძალადობრივი ქმედებები, განათლების, ჯანდაცვის, ლგბქტი ადამიანების ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის საკითხები, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა, ასევე, შრომით ურთიერთობებში ლგბტქი ადამიანების დისკრიმინაციის საკითხები განვიხილეთ“, – აღნიშნა მარიამ კვარაცხელიამ.

მარიამის თქმით, CRRC-ისა და ევროპის საბჭოს ბოლო კვლევის გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც, ლგბტქი უფლებების დაცვის მიმართულებით საზოგადოების განწყობები პოზიტიურად იცვლება, „სახელმწიფო პოლიტიკა უცვლელია, განწყობების ქმედებებში, კანონმდებლობაში ასახვა და აღსრულება არ ხდება“, რაც შეხვედრაზეც განიხილეს.

Tbilisi Pride-ის თანადირექტორმა გვითხრა, რომ ბოლო დროს არაპროგრესული, ძალადობრივი ჯგუფების გაძლიერების ფონზე, ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით აქტიურად მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

„ბოლო დროს დასავლური ინსტიტუტები სულ უფრო ხშირად ხდებიან თავდასხმის სამიზნე, ხდება ძალადობრივი, არაპროგრესული ძალების გაძლიერება და, ამ კონტექსტის გათვალისწინებით, ადამიანის უფლებების დაცვაზე მუშაობა, მათ შორის, ლგბტქი ადამიანების უფლებების დაცვის გარანტიებზე ფიქრი, უფლებადაცვითი ორგანიზაციების გაძლიერება, გამოცდილებების მიმოცვლა და ნაყოფიერი დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ეს შეხვედრაც ამას ემსახურება. ევროსაბჭო აქტიურად მუშაობს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, დარღვევების აღმოფხვრისთვის შესასრულებელი საჭირო რეკომენდაციების შემუშავებისთვის. იმედი გვაქვს, კომისრის საბოლოო ანგარიშში ასახული იქნება შეხვედრაზე განხილული თემები და შესაბამისი რეკომენდაციებიც გათვალისწინებული იქნება.“ – გვითხრა საუბრის დასასრულს მარიამ კვარაცხელიამ.