ბავშვთა უფლებები

ერთ დღეს ეს ბავშვი გაიზრდება — დევიდ ვოინაროვიჩის წერილი, რომელიც ჰომოფობიის მძიმე შედეგებზე ჰყვება

შიდსის თანმდევი გართულებებით გარდაცვლილმა ამერიკელმა მხატვარმა, ფოტოგრაფმა, მწერალმა, რეჟისორმა, პერფორმანს არტისტმა, მუსიკოსმა და აივ-აქტივისტმა, დევიდ ვოინაროვიჩმა, სიკვდილამდე 2 წლით ადრე, 1990 წელს, საკუთარი ბავშვობის ფოტოს გამოყენებით კოლაჟი შექმნა, რომელშიც მომავალ დროში საუბრობს

სიღარიბე, ბავშვთა მიმართ ძალადობა, დეინსტიტუციონალიზაცია და ბავშვთა დაცვა ომის დროს — სახალხო დამცველის განცხადება

საქართველოს სახალხო დამცველმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ბავშვთა სიღარიბის, ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ომის დამანგრეველ შედეგებზეა საუბარი. „არცერთ ბავშვს არ უნდა უწევდეს ომის სავალალო შედეგების საკუთარ თავზე გამოცდა. უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს ასობით ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა,

ერთ დღეს ეს ბავშვი გაიზრდება — დევიდ ვოინაროვიჩის წერილი, რომელიც ჰომოფობიის მძიმე შედეგებზე ჰყვება

შიდსის თანმდევი გართულებებით გარდაცვლილმა ამერიკელმა მხატვარმა, ფოტოგრაფმა, მწერალმა, რეჟისორმა, პერფორმანს არტისტმა, მუსიკოსმა და აივ-აქტივისტმა, დევიდ ვოინაროვიჩმა, სიკვდილამდე 2 წლით ადრე, 1990 წელს, საკუთარი ბავშვობის ფოტოს გამოყენებით კოლაჟი შექმნა, რომელშიც მომავალ დროში საუბრობს იმ სოციალურ და პოლიტიკურ წნეხზე, რომელიც ბავშვს მხოლოდ იმის გამო ელის, რომ გეია.

წაიკითხეთ კოლაჟის ტექსტი სრულად, რომელშიც საუბარია ისეთ მწვავე პრობლემებზე, როგორიც რელიგიური, პოლიტიკური, სოციალური დევნა, „მოქცევის თერაპია“ და ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ მიმართული სხვა ჩაგვრის ხერხებია, რომლებიც ტექსტის გამოქვეყნებიდან სამი ათწლეულის შემდეგაც კი აქტუალურია.

„ერთ დღეს ეს ბავშვი გაიზრდება. ერთ დღეს ეს ბავშვი გააცნობიერებს რაღაცას, რაც დედამიწის ღერძიდან მოწყვეტას უდრის. ერთ დღეს ეს ბავშვი იმ წერტილს მიაღწევს, როცა გაყოფას იგრძნობს, რომელიც მათემატიკური არაა. ერთ დღეს ეს ბავშვი გულში, საყლაპავსა და პირში დუღილს იგრძნობს. ერთ დღეს ეს ბავშვი საკუთარ გონებაში, სხეულსა და სულში ისეთ რამეს აღმოაჩენს, რაც შიმშილს აგრძნობინებს. ერთ დღეს ეს ბავშვი რაღაც ისეთს იზამს, რის გამოც, მღვდლის თუ რაბის უნიფორმით შემოსილი ადამიანები, რომლებიც ქვის ნაგებობებში ცხოვრობენ, მის მოსაკლავად ხმას აიმაღლებენ. ერთ დღეს პოლიტიკოსები ამ ბავშვის წინააღმდეგ კანონებს დააწესებენ. ერთ დღეს ოჯახები საკუთარ შვილებს მცდარ ინფორმაციას მიაწოდებენ, ისინი კი ამ ცოდნას მომავალ თაობებს გადასცემენ, რათა ამ ბავშვისთვის არსებობა შეუძლებელი გახადონ. ერთ დღეს ეს ბავშვი ამ ქმედებების შედეგს საკუთარ თავზე გამოცდის, რაც სუიციდამდე ან საფრთხის დევნამდე მიიყვანს იმ იმედით, რომ სიცოცხლეს ვინმე მაინც მოუსწრაფებს ან სიჩუმეს და უხილაობას ამჯობინებს. ან, ერთ დღეს ეს ბავშვი ალაპარაკდება. როცა ის ლაპარაკს დაიწყებს, კაცობრიობას შეეშინდება და მის გაჩუმებას ჩაქოლვით, მუშტებით, ციხით, დახრჩობით, გაუპატიურებით, შეშინებით, ნარკოტიკებით, დაბმით, ბოთლებით, დანებით, რელიგიით, თავის მოკვეთითა და ცეცხლში დაწვით შეეცდებიან. ექიმები იტყვიან, რომ მისი განკურნება შესაძლებელია, თითქოს მისი ტვინი ვირუსი იყოს. ეს ბავშვი ხელისუფლების მხრიდან მისი პირადი სივრცის შელახვის გამო, კონსტიტუციურ უფლებებს დაკარგავს. ეს ბავშვი ელექტროშოკის, მედიკამენტების, იმ ლაბორატორიული მოქცევის თერაპიების პირისპირ აღმოჩნდება, რომლებიც ფსიქოლოგებისა და მკვლევრების შემოღებულია. ის საცხოვრებლის, სამოქალაქო უფლებების, სამსახურების, ყველა შესაძლო თავისუფლების დაკარგვას გამოცდის. ეს ყველაფერი მოხდება მას შემდეგ 1-2 წელში, რაც აღმოაჩენს, რომ საკუთარი შიშველი სხეულის სხვა ბიჭის შიშველ სხეულთან შეხების სურვილი აქვს“.

სიღარიბე, ბავშვთა მიმართ ძალადობა, დეინსტიტუციონალიზაცია და ბავშვთა დაცვა ომის დროს — სახალხო დამცველის განცხადება

საქართველოს სახალხო დამცველმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ბავშვთა სიღარიბის, ბავშვთა მიმართ ძალადობისა და ომის დამანგრეველ შედეგებზეა საუბარი.

„არცერთ ბავშვს არ უნდა უწევდეს ომის სავალალო შედეგების საკუთარ თავზე გამოცდა. უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს ასობით ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ძალიან ბევრი დაშავდა, დაკარგა მშობლები, მოუხდა საცხოვრებელი ადგილის მიტოვება და სამ თვეზე მეტია ომის ტრავმასთან უწევს გამკლავება. შესაბამისად, წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა საქართველოში მყოფი უკრაინის ომის შედეგად დაზარალებული და იძულებით ადგილნაცვალი ბავშვების მხარდაჭერის, კეთილსაიმედო გარემოთი უზრუნველყოფისა და მათი ოჯახების გაძლიერების მიზნით“, — ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია ბავშვთა მიმართ ძალადობის, სარეაბილიტაციო, მხარდამჭერი სერვისების სიმცირისა და ბავშვზე მორგებული გარემოს არარსებობის პრობლემებზე და აღნიშნულია, რომ სახელმწიფო სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახებს მხარდაჭერის პროგრამებით ვერ უზრუნველყოფს.

„ქვეყნის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება ბავშვთა სიღარიბის მზარდი მაჩვენებელი. კერძოდ, წინა წელთან შედარებით, 28%-ით გაიზარდა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ჩარიცხული ბავშვიანი ოჯახების რაოდენობა და პროგრამაში ჩართული არასრულწლოვანების რიცხვმა 235 252 მიაღწია. თუმცა, ქვეყანაში არსებული პროგრამები კვლავ ვერ უზრუნველყოფს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების გრძელვადიან მხარდაჭერასა და მათი სოციალური ფუნქციის ამაღლებას. სახელმწიფოში კი ამ დრომდე არ არსებობს ბავშვთა სიღარიბის, ბავშვთა შრომის შემცირების ეფექტიანი სტრატეგია და მექანიზმი“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

სახალხო დამცველის განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ ქვეყანაში არსებული დიდი ზომის რეზიდენტული დაწესებულებების არსებობა ბავშვის უფლებათა ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება და „დამანგრეველ გავლენას ახდენს მოზარდზე, ქვეყანაში ასეთი სამი დაწესებულება ფუნქციონირებს და ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული მათი  დეინსტიტუციონალიზაციის კონკრეტული გეგმა“.

სახალხო დამცველის თქმით, ბავშვთა დაცვის კუთხით არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებულობა და სახელმწიფო უწყებების დროული და კოორდინირებული მოქმედება, რომელიც ბავშვის ინტერესებზე იქება მორგებული, ინდივიდუალურ მიდგომას დაეფუძნება და, მათ შორის, სიღარიბეში მცხოვრები ბავშვებისა და ოჯახების გაძლიერებას დაისახავს მიზნად.

განცხადებაში აღნიშნულია 2 ძირითადი მიმართულება, რომლითაც სახელმწიფომ ბავშვთა დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობის აღმოფხვრაზე დროულად უნდა იზრუნოს.

  • ბავშვთა კეთილდღეობაზე ორიენტირებული მხარდამჭერი პროგრამებისა და სერვისების ეფექტიანობის გაზრდა, დამატებითი მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მათი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
  • დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დროული და ეფექტიანი წარმართვა, რომლის ფარგლებშიც თითოეული ბავშვისთვის უზრუნველყოფილი იქნება ოჯახთან მაქსიმალურად მიახლოებული და უსაფრთხო გარემო.