აჭარა

ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, პანდემიის გავლენა და დასაქმების პრობლემა — აჭარაში მცხოვრები ქვიარ ადამიანების საჭიროებების კვლევა

სოლიდარობის თემმა კოვიდ პანდემიის პირობებში აჭარაში მცხოვრები ქვიარ თემის ყოველდღიურობისა და გამოწვევების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც ფსიქოლოგიური და ფიზიკური, ასევე სექსუალური ძალადობის, ეკონომიკური გამოწვევებისა და განათლების მიმართულებით არსებული მდგომარეობის აღწერას მოიცავს. კვლევის

ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, პანდემიის გავლენა და დასაქმების პრობლემა — აჭარაში მცხოვრები ქვიარ ადამიანების საჭიროებების კვლევა

სოლიდარობის თემმა კოვიდ პანდემიის პირობებში აჭარაში მცხოვრები ქვიარ თემის ყოველდღიურობისა და გამოწვევების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც ფსიქოლოგიური და ფიზიკური, ასევე სექსუალური ძალადობის, ეკონომიკური გამოწვევებისა და განათლების მიმართულებით არსებული მდგომარეობის აღწერას მოიცავს.

კვლევის ფარგლებში აჭარაში მცხოვრები 14 ქვიარ ადამიანი გამოიკითხა, რომელთაგან მხოლოდ 3 რესპონდენტი საუბრობს საკუთარ იდენტობაზე ღიად.

კვლევის მონაწილეები ოჯახისა და საზოგადოების მხრიდან ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაზე, საჯარო ადგილებში თავდასხმის შემთხვევებზე, მათ შორის, ჯგუფური თავდასხმის შემთხვევებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ საკუთარი ორიენტაციის საჯაროდ გაცხადების გამო საცხოვრებელ ადგილზე პრობლემებიც შეექმნათ.

ამასთან, კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა დიდი ნაწილი ჰომოფობიური, ძალადობრივი გარემოს გამო ქვეყნიდან წასვლას გეგმავს.

„საზღვარგარეთ ვაპირებ წასვლას უახლოეს მომავალში. შესაძლოა ლტოლვილად ჩავბარდე, ამასაც განვიხილავ. წლების შემდეგ შეიძლება დავბრუნდე და ვიცხოვრო საქართველოში, თუ ჰომოფობიური გარემო შეიცვლება და უსაფრთხო იქნება აქ ყოფნა ჩემთვის. ბათუმი ძალიან ჰომოფობიური ადგილია, ყოველდღე მეშინია, რადგან არ ვიცი სამსახურიდან სახლში ცოცხალი თუ მივალ. ქუჩაში ბევრჯერ ამდევნებიან და ამ საშიშროების წინაშე ვარ სულ. თავს ფიზიკურად ვერ ვიცავ თუ არ გამოვიყენე სხვა საშუალებები მაგალითად სპრეი“, — აღნიშნავს გეი ბიჭი, რესპონდენტი #9.

ყველა გამოკითხული აღნიშნავს, რომ ძალადობის მსხვერპლი ერთხელ მაინც ყოფილა, რომელთაგან 7-ს ფიზიკური ძალადობის გამოცდილება ჰქონია. ერთ-ერთი რესპონდენტი კი „ქუჩის ბანდის“ მხრიდან ჯგუფური ძალადობის შემთხვევებზე საუბრობს.

„ვყოფილვარ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლიც. სკოლის გარდა უბნის ე.წ ბანდა მუდმივად ძალადობდა ჩემზე, რომლის დეტალებზეც საუბარი არ მინდა. ამის შესახებ არავისთან მილაპარაკია, არც ოჯახთან. მაშინ პოლიციისთვის როგორ უნდა მიმემართა, ეგეც არ ვიცოდი“, — აღნიშნავს გეი ბიჭი, რესპონდენტი #4, რომელიც სექსუალური ძალადობის მცდელობასაც იხსენებს, რისგანაც თავის დახსნა შეძლო.

ტრანსგენდერი რესპონდენტი კი აღნიშნავს, რომ ფიზიკური ძალადობის გამოცდილების შემდეგ სხეულზე დაზიანებები ჰქონდა, გამოძიება დაიწყო, თუმცა პოლიციის მხრიდან დამამცირებელი მოპყრობის გამოცდილება ჰქონდა. მისი თქმით, პოლიცია დაცინვით ეკითხებოდა, რა უნდა ჩაეწერათ გენდერის გრაფაში და კამერის წინ პოზირებას სთხოვდნენ.

კვლევაში მონაწილე რესპონდენტების მონათხრობის თანახმად, ქუჩაში ხშირად აწყდებიან დამცინავ მოპყრობას ჩაცმულობის გამო.

4 ლბტქი ადამიანი ოჯახის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევებზეც საუბრობენ. ერთ-ერთი რესპონდენტი ლესბოსელი გოგო კი აღნიშნავს, რომ ძმის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო, ოჯახიდან წამოსვლის შემდეგ კი ფსიქოლოგიური ძალადობა გაგრძელდა.

„ვყოფილვარ ჩემი ძმისგან ფსიქოლოგიური, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. სახლიდან რომ წამოვედი, მე მაბრალებდა, რომ დედაჩემს რაღაც სჭირდა. მაშანტაჟებდა, რომ თუ არ მოხვალ, ასე ვიზამ და ისე ვიზამ. მეუბნებოდა, რომ შემარცხვენელი გოგო ვარ და თავიდანვე უნდა მყოლოდი ხელში და მაშინ უნდა მოგხვედროდაო“, — აღნიშნავს ლესბოსელი გოგო, რესპონდენტი #6.

კვლევის თანახმად, რესპონდენტების ყოველდღიურობაზე პანდემიის პერიოდი კიდევ უფრო მძიმედ აისახა, რადგან სამსახურის დაკარგვის დარდს სოციალიზაციის ნაკლები შესაძლებლობა დაემატა, ასევე ოჯახთან ერთ სივრცეში მუდმივად ყოფნა, რაც თავისუფალ გენდერულ გამოხატვას ართულებდა და სექსუალური ორიენტაციის დამალვაც ბევრად რთულ ამოცანად ექცათ.

გამოკითხულთა ნაწილმა აღნიშნა, რომ პანდემიის პერიოდში მათი ფინანსური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რის გამოც ჯანდაცვის და ფსიქოლოგიურ სერვისებზე წვდომა შეეზღუდათ, ამასთან ერთჯერადი სახელმწიფო დახმარებაც ვერ მიიღეს, რადგან სამსახურში ხელშეკრულებით არ იყვნენ დასაქმებული.

„მედიკამენტებს ვეღარ ვყიდულობთ, სამედიცინო შემოწმებას ვეღარ გავდივართ, ვერც ექიმთან კონსულტაციას. მედიკამენტები რომ შეიძინო ძალიან ძვირია. 8 თვეა იაფფასიან ჰორმონებს ვიღებ, რამაც ფსიქიკა დამიზიანა, ჯანმრთელობა შემირყია და ვერ გავდივარ ვერც თერაპიას და ვერც ვერაფერს. ტრანსგენდერი რომ ხარ ყველამ იცის როგორია ცხოვრება საქართველოში მითუმეტეს გარეთ რომ დგახარ ქუჩაში, — აღნიშნავს ტრანსგენდერი ქალი, რესპონდენტი #11.

14 გამოკითხულიდან უმაღლესი განათლება 7 რესპონდენტს აქვს მიღებული, მეორე ნახევარი კი აღნიშნავს, რომ განათლებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა ოჯახში ძალადობის, ფსიქოლოგიური წნეხის, ნაადრევ ასაკში დასაქმების აუცილებლობისა და სკოლაში დამამცირებელი გარემოს გამო შეექმნათ.

„ხშირად ვიყავი ბულინგის მსხვერპლი. მე-4 კლასის შემდეგ სწავლის მიმართ ენთუზიაზმი გამიქრა, რაც, ვფიქრობ, მუდმივი ჩაგვრის შედეგი იყო. მჩაგრავდნენ გარეგნობის, სიმაღლის გამო. მაშინ არ ვიცოდი თავდაცვა და ვისტრესებოდი, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვიყავი….ხშირად ისეთი აგრესია მოდიოდა მათგან, რომ სკამებს, კალმებს, ჩანთებს მესროდნენ. ახლა ამაზე რომ ვფიქრობ, შესაძლოა, ჩემი ბულინგის მიზეზი ჩემი ორიენტაცია ყოფილიყო, ჩემი მცდელობების მიუხედავად, რომ არავის შეემჩნია ეს“, — აღნიშნავს გეი ბიჭი, რესპონდენტი #4, რომელიც იმასაც ამბობს, რომ მასწავლებლები მოსწავლეთა მხრიდან დამამცირებელ მოპყრობაზე სათანადოდ არ რეაგირებდნენ.

სხვა რესპონდენტი კი იხსენებს, რომ ორიენტაციის გამო წნეხი მასწავლებლების მხრიდანაც იყო და სწორედ ამის გამო სხვა სკოლაში გადასვლა მოუწია.

„სამწუხაროდ ჰომოფობიური განწყობა სკოლებში, რა თქმა უნდა, არის. მე სასულიერო გიმნაზიაში ვსწავლობდი 10 წელი და შემდეგ წამოვედი ამ სკოლიდან, სწორედ ჩემი ორიენტაციის გამო. წნეხი მასწავლებლების მხრად უფრო მეტი იყო, თითქოს ისინი ცდილობენ გამოასწორონ მოსწავლეები, რითაც ამახინჯებენ ადამიანების ფსიქიკას“, — აღნიშნავს ბისექსუალი ქალი, რესპონდენტი #3.

რესპონდენტთა ნაწილი უნივერსიტეტში ჰომოფობიურ დამოკიდებულებებზეც საუბრობს, რის გამოც მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევების გამოცდაც მოუწიათ, ერთ-ერთი რესპონდენტი კი დამამცირებელმა გარემომ სუიციდის ზღვარზეც მიიყვანა — „ერთხელ ისეთი შემთხვევა მქონდა სუიციდის სურვილი გამიჩნდა და ვაპირებდი თვითმკვლელობას. ამ დროს მესამე კურსზე ვიყავი ისე გამამწარა ჩემმა კურსელმა მაღალი შენობის ბოლო სართულზე ავიპარე და იქედან გადმოხტომას ვაპირებდი“.

„ლექტორებისთვის ყოველთვის მიუღებელი ვიყავი. რაღაც პერიოდი დეპრესია მქონდა და უნივერსიტეტში არ დავდიოდი“, — აღნიშნავს ბისექსუალი ქალი, რესპონდენტი #14.

გამოკითხულთა ნახევარი, 7 ადამიანი დასაქმებულია და მათ დიდ ნაწილს სამუშაო გარემო მოსწონს, თუმცა დამამცირებელი გარემო უმეტესობას გამოუცდია. აღნიშნავენ, რომ დასაქმების პრობლემა თმის ფერის, პირსინგისა თუ სოციალურად მიღებულ გენდერულ თვითგამოხატვასთან აცდენის გამო გამოუცდიათ.

„არ ვმუშაობ დიდი ხანია, ჩემი ფიზიკურობიდან გამომდინარე მიჭირს სამსახურის შოვნა. ვარ კაცური და ეს ხელს მიშლის დასაქმებაში. საზოგადოება ითხოვს, რომ გრძელი თმა გქონდეს და ქალივით იყო“, — აღნიშნავს ლესბოსელი ქალი, რესპონდენტი #12.

კვლევა აჭარის რეგიონში არსებულ ლგბტქი ორგანიზაციებზე ინფორმაციის დამუშავებასა და იმის გაანალიზებასაც ისახავდა მიზნად, რამდენად მიუწვდებათ თემის წევრებს მათ სერვისებზე ხელი. გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ თემის წევრების დიდ ნაწილს პანდემიის პერიოდში სერვისებზე წვდომის პრობლემა შეექმნა, ზოგიერთი გამოკითხული კი ორგანიზაციებს არ ენდობა.

სოლიდარობის თემის მიერ გამოქვეყნებული კვლევის სრულად ნახვა აღნიშნულ ლინკზე შეგიძლიათ.