აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე

/

“ეს კანონპროექტი რუსულ ინტერესებს ეფუძნება და არა – ქართულს” – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე

საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ტოდ რობინსონი რუსულ კანონპროექტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იგი რუსულ ინტერესებს ეფუძნება და არ ჯდება საქართველოს ინტერესებში, რაც ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. რობინსონი მედიას ამ და სხვა

“ეს კანონპროექტი რუსულ ინტერესებს ეფუძნება და არა – ქართულს” – აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე

/

საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ტოდ რობინსონი რუსულ კანონპროექტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იგი რუსულ ინტერესებს ეფუძნება და არ ჯდება საქართველოს ინტერესებში, რაც ევროატლანტიკური ინტეგრაციაა. რობინსონი მედიას ამ და სხვა თემებზე  სასტუმრო რედისონში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე ესაუბრა.

“ცხადია, კანონი დაფუძნებულია რუსეთის ინტერესებზე, არა — საქართველოს ინტერესებზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ინტერესებშია უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ეს კანონი კი ამას არ აკეთებს. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ამ კანონპროექტის მიღება სწორია საქართველოსთვის. რაც უფრო მნიშვნელოვანია, ქართველები არ მიიჩნევენ, რომ ეს სწორი იქნებოდა საქართველოსთვის. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობაში ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას, რათა დავრწმუნდეთ, რომ იმისკენ მივისწრაფით, რაც მათი პრიორიტეტია — ევროატლანტიკური ინტეგრაცია.”

რობინსონი იმ მოსაზრებაზე, რომ კანონპროექტი “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ ამერიკული კანონის FARA-ს ანალოგია, პასუხობს, რომ აღნიშნული კანონპროექტი საქართველოსთვისა და მის სწრაფვაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, არ მუშაობს.

“არ ვაპირებ, რომ კანონის დეტალებში ჩავიდე. მე რაც ვიცი, ისაა, რომ ეს არ მუშაობს საქართველოსთვის. ის არ მიისწრაფის იმისკენ, რაც ქართველებს უნდათ — ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენ ვეხმარებით, აქ იმისთვის ვართ, რომ დავეხმაროთ საქართველოს თავისი ამბიციისკენ, რაც ევროატლანტიკური ინტეგრაციაა და ჩვენ სწორედ ამის კეთებას გავაგრძელებთ”, — აღნიშნავს რობინსონი.

მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, ქართული ოცნების რუსულ კანონს აპროტესტებენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, მსახიობები, ლექტორები, ქალთა უფლებადამცველები, მასწავლებლები, სტუდენტები, მეღვინეები, ფერმერები, სტარტაპერები, მეწარმეები და ა.შ.

ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

ქართული ოცნება აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს ორივე კანონპროექტს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს განსახილველად. შესაბამისად, ანტიდასავლური მოძრაობის მიერ პარლამენტში უკვე რეგისტრირებულ რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.