აბორტის უფლების აკრძალვა

ჯორჯიის შტატში მე-6 კვირის შემდეგ აბორტის აკრძალვა გაუქმდა

ამერიკაში, ჯორჯიის შტატის სასამართლომ გააუქმა კანონი, რომელიც აბორტს ორსულობის მეექვსე კვირის ვადიდან კრძალავდა. სასამართლომ ეს ჩანაწერი არაკონსტიტუციურად ცნო. 2019 წელს მიღებულ კანონში ეწერა, რომ მას შემდეგ, რაც ემბრიონის გულის აქტივობა გამოვლინდებოდა, აბორტი

ჯორჯიის შტატში მე-6 კვირის შემდეგ აბორტის აკრძალვა გაუქმდა

ამერიკაში, ჯორჯიის შტატის სასამართლომ გააუქმა კანონი, რომელიც აბორტს ორსულობის მეექვსე კვირის ვადიდან კრძალავდა. სასამართლომ ეს ჩანაწერი არაკონსტიტუციურად ცნო. 2019 წელს მიღებულ კანონში ეწერა, რომ მას შემდეგ, რაც ემბრიონის გულის აქტივობა გამოვლინდებოდა, აბორტი მყისიერად იკრძალებოდა. ასეთ ვადად კი 6 კვირა იყო მიჩნეული. ეს ჩანაწერი ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი აღმოჩნდა ქვეყნის მასშტაბით, რამაც მოსახლეობაში მასობრივი პროტესტი გამოიწვია.

მოსამართლე რობერტ მაკბერნის გუშინდელი, 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ეს კანონი ბათილდება და აბორტზე წვდომა ორსულობის 22 კვირამდე კვლავ ლეგალური ხდება. გადაწყვეტილება ძალაში მიღებისთანავე შევიდა. 

სასამართლოს ეს პოზიცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გამოც, რომ მიმდინარე წლის ივნისში ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ აბორტის კონსტიტუციური უფლება გააუქმა. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, ორსულობის შეწყვეტის საკითხი თითოეულ შტატს თავად უნდა გადაეწყვიტა.

Forbes

ფულტონის ოლქის სასამართლოში სარჩელი საადვოკატო ჯგუფმა SisterSong Women of Color შეიტანა. ჯგუფი ფერადკანიან ქალებს აძლიერებს და რეპროდუქციული სამართლიანობის მისაღწევად იბრძვის.

სარჩელი ამტკიცებს შტატის “გულისცემის კანონპროექტის” არაკონსტიტუციურობას. მოსარჩელეების განცხადებით, აბორტის აკრძალვა ორსულობის ექვსი კვირის ვადაზე ქალებს არჩევანს არ უტოვებს და თავიანთ სხეულებზე ავტონომიას უკარგავს. ექვს კვირამდე ორსულობისას ზოგმა ქალმა არც იცის მიმდინარე ორსულობის შესახებ. შესაბამისად, ამ პირობებში ქალებისთვის  არჩევანის გაკეთება შეუძლებელი ხდება.

SisterSong Women of Color აღმასრულებელი დირექტორის, მონიკა სიმპსონის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ჯორჯიის შტატში მცხოვრებმა ადამიანებმა დაინახონ მსგავსი ტიპის გამარჯვებები. 

“გრძელი გზის შემდეგ, როგორც იქნა, შეგვიძლია ვიზეიმოთ აბორტის უკიდურესი აკრძალვის გაუქმება ჩვენს შტატში. მიუხედავად იმისა, რომ მივესალმებით აკრძალვის დასრულებას, გვგონია, რომ აღნიშნული შეზღუდვა თავიდანვე არ უნდა დაწესებულიყო”, – აცხადებს სიმპსონი. 

ჯგუფის განცხადებით, აბორტთან დაკავშირებული ახალი ხედვა ქალებს თავიანთ სხეულებზე ავტონომიას დაუბრუნებს.

არაკომერციული ორგანიზაციაში Planned Parenthood Southeast, რომელიც აშშ-ში რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვას უზრუნველყოფს, აცხადებენ, რომ კონსულტაციას იურისტებთანაც გადიან, რათა დაუყოვნებლივ აღადგინონ ეს მომსახურება. ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტის, ემი კენედის განცხადებით, მას შემდეგ, რაც აბორტის აკრძალვა გაუქმდა, პაციენტების ზარები არ წყდება. ისინი ექიმებთან პროცედურის ჩასატარებლად საჭირო კონსულტაციას ითხოვენ.