ხელოვნება - Page 2

ნეტფლიქსის 8 საუკეთესო ლესბოსური ფილმი

თავგადასავლებით სავსე ზაფხულის პერიოდში, როდესაც სიცხე თავის ზენიტს აღწევს, განტვირთვა და დასვენება არც ისეთი რთულია, თუ გავიხსენებთ, რომ საღამოს სიგრილეში საინტერესო ფილმის ამორჩევა და მეგობრებთან ერთად მათი ნახვა შეგვიძლია. გთავაზობთ ლესბოსური ფილმების

თბილისში ყოველთვიური დრეგ მეჯლისის პირველი საღამო გაიმართა

მეჯლისები ქვიარ კულტურის ნაწილად ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს იქცა. აფრიკელ-ამერიკელი და ლათინო ლგბტქი ადამიანების მიერ დაწყებული ქვიარ საღამოები ერთადერთი თავშესაფარი იყო მარგინალიზებული ადამიანებისთვის, რომელთაც დრეგ მეჯლისზე მცირე ხნით მაინც შეეძლოთ საკუთარი იდენტობის უსაფრთხოდ გამოხატვა. დრეგ მეჯლისებისთვის დამახასიათებელია საპირისპირო სქესთან

იღლიები ამომივიდა სახეზე თითქოს – ინტერვიუ ანდრო დადიანთან

/

ანდრო დადიანი თანამედროვე ქართველი ხელოვანია, რომელიც მუდმივად ცდილობს, მისთვის დამახასიათებელი სინაზითა და ჩაღრმავებით, მგრძნობიარე და ზოგჯერ უხეში ენით ილაპარაკოს თავის პერსონალურ და საზოგადო პრობლემებზე.

10 საუკეთესო ლგბტქი მუზეუმი მსოფლიოში

მოგზაურობის და ახალი ქალაქების დათვალიერების ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ნაწილი მუზეუმებისა და კულტურული ადგილების დათვალიერებაა. მართალია, ლგბტქი არტისტების ნამუშევრები მსოფლიოს მრავალ მუზეუმშია წარმოდგენილი, თუმცა, ამასთან

ქვიარ ქალების მასკულინური სილამაზე ფოტოგრაფიაში

“The Colors We Don’t See at The End of The Rainbow” — ეს ახალი ჟანრია ბრუკლინში დაბადებული ფოტოგრაფისა და კინორეჟისორის, ლინდსი პერიმენისგან. Keep Reading

ილუსტრატორების 20 ნამუშევარი ომზე და უკრაინის მხარდასაჭერად

„ჩვენი იარაღი ჩვენი სიმართლეა“ – აღნიშნა ერთ-ერთ გამოსვლაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მართლაც, სიმართლე და სამართლიანობა, ადრე თუ გვიან, აუცილებლად იზეიმებს. ამ მძიმე პერიოდში უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ნებისმიერი ფორმით მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, აუცილებელია ინფორმაციულ ომში უპირატესობის მოპოვება. სწორედ ამიტომ შეიქმნა პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ილუსტრატორებს სხვადასხვა ქვეყნიდან საკუთარი შემოქმედების მეშვეობით უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვა შეუძლიათ.

ამ სტატიაში გთავაზობთ ილუსტრატორების 20 ნამუშევარს, რომლებიც ერთი მთავარი თემის – უკრაინის გარშემოა გაერთიანებული.

 


 

უკრაინა აღდგება

Cláudia H. Abrantes

 

გაერთიანების დროა

Medilė Šiaulytytė

 

გაუტეხელი უკრაინა

Albina Kolesnichenko

 

ლურჯი ფერი

David Bou

 

რუსეთო, გაიღვიძე!

Rute Marta Jansone

 

ყველაზე ცუდი დაბადების დღე

Esli Rosales

 

შეაჩერე ომი 

Jón Ingiberg Jónsteinsson

 

ვინ არის შემდეგი?

Vakarė Kundrotaitė

 

ყველაფრის შემდეგ

David Bou

 

კიევის მოჩვენება

Liudas Barkauskas

 

ის შენი თავისუფლებისთვის იბრძვის

Miglė Kartanaitė

 

უკრაინის გმირები

Eglė Narbutaitė

 

შეაჩერე ომი

Linda Valere Valere

 

პუტინ, ჩვენ გითხარით, სადაც წასულიყავი

Gintarė Razmaitė

 

სოლიდარობა უკრაინას

Jeanine Soares

 

დამირეკე

Nikita Druzinins

 

რასაც დათესავ, იმას მოიმკი

Roy Smith

 

არ არსებობს სახლის მსგავსი ადგილი

Polina Khrystoieva

 

ომი ყოფს ოჯახებს

Doriana Mărășoiu

 

დიდება უკრაინას

Barbora Besh

 


 

უფრო მეტი ილუსტრაციის სანახავად, ან თქვენი ნამუშევრების განსათავსებლად, ეწვიეთ ვებგვერდს.

თბილისში ყოველთვიური დრეგ მეჯლისის პირველი საღამო გაიმართა

მეჯლისები ქვიარ კულტურის ნაწილად ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს იქცა. აფრიკელ-ამერიკელი და ლათინო ლგბტქი ადამიანების მიერ დაწყებული ქვიარ საღამოები ერთადერთი თავშესაფარი იყო მარგინალიზებული ადამიანებისთვის, რომელთაც დრეგ მეჯლისზე მცირე ხნით მაინც შეეძლოთ საკუთარი იდენტობის უსაფრთხოდ გამოხატვა.

დრეგ მეჯლისებისთვის დამახასიათებელია საპირისპირო სქესთან ასოცირებული ტანსაცმლის ტარება, საცეკვაო ნომრები, ვოგინგი, მუსიკალური ნომრების შესრულება, ლიფ სინქი და სხვა. დრეგ მეჯლისების 50-60-იანი წლებიდან კიდევ უფრო განვითარდა და იმდროინდელი სოციუმისგან გარიყული ბევრად მეტი ადამიანი გააერთიანა.

ქვიარ საღამოების შესახებ ფართო საზოგადოებამ 1990 წლის დოკუმენტური ფილმით – Paris is Burning – გაიგო, იმავე წელს გამოვიდა მადონას სიმღერა – Vogue, რაც ქვიარ ანდერგრაუნდ სივრცეების განუყოფელი ცეკვის მიმდინარეობის საყოველთაო აღიარება იყო. ვოგინგი სტილიზებული ცეკვა, გნებავთ, პოზირებაა, რომელიც იმეორებს მოდელების მოძრაობებს, რომელთა გავლენითაც ის შეიქმნა, მეტიც, ვოგინგი სცდება ამ ჩარჩოს და ქმნის გამოცდილებას, რომელშიც მრავალი ინსპირაცია ახლებური, თავბრუდამხვევი სანახაობით არის გაერთიანებული.

დრეგ კულტურა მეინსტრიმულ სივრცეებში სულ უფრო აქტიურად მკვიდრდება, რასაც ხელი ლეგენდარული დრეგ ქვინის, რუპოლის რეალითი შოუმ შეუწყო.

ვახო ქარელი / ქვიარი

მიუხედავად მზარდი გავლენისა, იმ ქვეყნებში, სადაც ლგბტქი უფლებებისთვის ბრძოლა მნიშვნელოვანი გამოწვევაა, დრეგ კულტურა სულ უფრო ნელა ვითარდება, ამიტომ დავით გოგიშვილის, ვატო კერძაიას, გიორგი ჩემინავას და მათე ხიდეშელის მიერ ჩამოყალიბებული საინიციატივო ჯგუფის იდეა, რომ საქართველოში ყოველთვიური დრეგ მეჯლისები გაემართათ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველი ლგბტქი ადამიანებისთვის. საინიციატივო ჯგუფის წამოწყებას Tbilisi Pride-იც შეუერთდა და ერთობლივი ძალებით იდეა რეალობად აქციეს.

ვახო ქარელი / ქვიარი

24 მარტს, მტკვარზე პირველი დრეგ მეჯლისი გაიმართა, რომლის თემატიკა ვედრება და ყვავილები იყო. საღამომ დრეგ მეჯლისების ხანგრძლივი ისტორიისთვის დამახასიათებელი არაერთი კულტურული თავისებურება გაიმეორა – დრეგ პერფორმანსი, დრეგ ქვინების შეჯიბრი, პოზირება, ვოგინგი და, რა თქმა უნდა, ცეკვა, რომელმაც ლგბტქი ადამიანები და მხარდამჭერები უსაფრთხო სივრცეში გააერთიანა.

დრეგ შემსრულებლების შეჯიბრება თვეში ერთხელ გაიმართება და „მიზნად ისახავს საქართველოში ბალის კულტურის განვითარებას, ქვიარ არტისტებისა და თემის გაძლიერებას და მათ შესაკავშირებლად უსაფრთხო სივრცის შექმნას, სადაც ყველას შეეძლება თვითგამოხატვა თავისუფლად და შეუზღუდავად“.

პირველ დრეგ მეჯლისზე საკუთარი ნამუშევარი შეასრულა ქვიარ არტისტმა / მომღერალმა THE MADLENA-მ, რომლის სიმღერის – Manifest – განახლებული ვერსია მეჯლისის სტუმრებმა უკრაინის მხარდამჭერი ვიზუალური გაფორმების ფონზე მოისმინეს. უკრავდნენ ქართული ელექტრონული სცენის გამორჩეული არტისტები Moku T და Kravai.

ვახო ქარელი / ქვიარი

რაც ყველაზე მთავარია, Matt Shelly-ს მასპინძლობით გამართულ დრეგ შეჯიბრში 8 დრეგ შემსრულებელი მონაწილეობდა, რომლებიც ჟიურის და აუდიტორიის წინაშე სანახაობრივი ლიფ სინქებით წარსდგნენ. ლიფ სინქ ნომრები პოლიტიკურ სიტუაციას, სოციალურ გამოწვევებს, მენტალურ ჯანმრთელობას, ურთიერთობის პრობლემებს ეხმიანებოდა.

შეჯიბრის პირველ ტურში BIPOLARA, Lile, Pusseidon, Lucy Lou, Gerilyn Stone, Sofio McQueen და Not So Virgin Mari მონაწილეობდნენ, მათ შორის სამმა ჟიურის ერთნაირი ქულები დაიმსახურა და მეორე ტურში გამარჯვებულის გამოსავლენად ლიფ სინქის შესრულება ერთდროულად მოუწიათ. ჟიურის რჩეული Gerilyn Stone გახდა, საკუთარი რჩეული დაასახელეს კონსულებმა, მათი რჩეული Lile გახდა, რომელიც დრეგ ქვინების ფავორიტადაც დასახელდა, საკუთარი რჩეული გამოავლინა Tbilisi Pride-მაც.

ვახო ქარელი / ქვიარი

დრეგ მეჯლისი ვოგინგით გაგრძელდა, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

პირველ დრეგ მეჯლისზე არსებული დონაციის ყუთებიდან და QR კოდის დასკანერებით შემოსული თანხა KyivPride-ს გადაერიცხება და უკრაინაში მცხოვრები ლგბტქი ადამიანების საჭიროებებს მოხმარდება. როგორც ღონისძიების აღწერაში ვკითხულობთ: „ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ მამაც უკრაინელ ხალხს მათ ბრძოლაში, რადგან ომი, რომელშიც ისინი ჩაებნენ, არ არის ომი ორ ქვეყანას შორის. ეს არის სიმართლის და სიცრუის, კეთილისა და ბოროტის ომი. ამ ომში წყდება: ადამიანის უფლებებს დაიცავენ თუ ფეხქვეშ გათელავენ; ვიცხოვრებთ უსაფრთხო გარემოში თუ ქიმიურ და ბირთვულ კატასტროფას მივიღებთ. ეს ჩვენი ომიცაა. ამ ომში უკრაინელი ქვიარ ადამიანები მამაცურად იბრძვიან და პირველ ღამეს შემოსული შემოწირულებები სწორედ მათ დასახმარებლად გადაირიცხება“.

თუ პირველ დრეგ მეჯლისს დააკლდით, გული ნუ დაგწყდებათ, მომდევნო ქვიარ საღამო ერთ თვეში ისევ მტკვარზე გაიმართება, თანაც,  24 მარტს შეჯიბრში მონაწილე დრეგ შემსრულებლების ნიჭი ქართული დრეგ სცენის იმედისმომცემ მომავალს გვპირდება, რომელიც, სავარაუდოდ, სულ უფრო მეტ ადამიანს დააინტერესებს და, ალბათ, დრეგ მეჯლისები ახალ შემსრულებლებსაც გაუხსნის გზას.

ირანული მანქანის ჰომოეროტიკული გარდაქმნა ლგბტქი უფლებებზე დისკუსიის გააქტიურების მიზნით

არასამთავრობო ორგანიზაცია – PaykanArtCar ხელოვანებს 1974 წლის, ისტორიული მანქანის, პაიკან ჰილმანის გარდაქმნისთვის ჰონორარს უხდის. წამოწყების მიზანი ადამიანთა უფლებების მხარდაჭერაა. 

1967 წელს, ირანში პირველი ეროვნული მანქანის, პაიკანის წარმოება დასრულდა, რომელიც ბრიტანული ჰილმან ჰანტერის რეპლიკა იყო. ავტომობილი ირანის თანამედროვეობისკენ გადადგმული ნაბიჯების სიმბოლოდ იქცა. იმავე პერიოდში დიდ ბრიტანეთში სექსუალური ურთიერთობების რეგულირების აქტი მიიღეს, რომლითაც 21 წელს გადაცილებულ კაცებს შორის ნებაყოფლობითი სექსი დაშვებული გახდა. აქტმა თანასწორი უფლებებისკენ გზა გაკვალა, მაგრამ საპირისპირო მოხდა ირანში, ისლამური რეჟიმის ხელისუფლებაში მოსვლამ ქვიარ უფლებებისთვის ბრძოლა შეუძლებლად აქცია, მეტიც, ჰომოსექსუალობა ძალადობის, შევიწროების მიზეზია. 

1979 წლიდან 2008 წლამდე 4 ათასიდან 6 ათასამდე გეი კაცი და ლესბოსელი ქალი სიკვდილით დასაჯეს. ლგბტქი ადამიანების სიკვდილით დასჯა, დაპატიმრება, შევიწროება, ძალადობა ირანში ყოველდღიურად ხდება, მათ არ აქვთ სამართლიან სასამართლოზე წვდომა. 2019 წელს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ჯავად ზარიფმა გეი ადამიანების მკვლელობა „მორალური პრინციპებით“ გაამართლა, რაც რეჟიმის ოფიციალურ პოზიციასთან თანხვედრაში მოდის. გარდა ხელისუფლების მიერ გამოტანილი განაჩენისა, ქვიარ ადამიანებს ღირსების სახელით ოჯახის წევრებიც სიკვდილით სჯიან და ამისთვის სამართლებრივი პასუხისგებაც იშვიათად დგება. 

ბოროტების საპასუხოდ ირანელი ხელოვანები, რომელთაც ქვეყანა დატოვეს, სოციალური სამართლიანობისა და თავისუფლების დასაცავად ადვოკატირების პროცესში არიან ჩართული. 

PaykanArtCar

არასამთავრობო ორგანიზაცია – PaykanArtCar ერთ წელზე ნაკლებია ჩამოყალიბდა და სამართლიანობისთვის ბრძოლა დაისახა მიზნად. ორგანიზაციის სიმბოლოდ 1974 წლის პაიკან ჰილმან ჰანტერი იქცა, რომელიც ირანის შაჰმა რუმინელ დიქტატორ ნიკოლაი ჩაუშესკუს აჩუქა, როგორც ეროვნული სიამაყის ნათელი დადასტურება, ახლახან კი ორგანიზაციის საკუთრებად იქცა. იქიდან გამომდინარე, რომ პაიკანი ირანის ეროვნული ღირსების სიმბოლოა, ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის კარგი საშუალებაც არის. 

ორგანიზაციის პირველი კოლაბორაცია ირანელ ლგბტქი ხელოვან ალირეზა შოჯაიანთან შედგა. თანამშრომლობის მიზანი საზოგადოებისთვის ირანული ძალმომრეობის შეხსენებაა, რომელიც ლგბტქი თემს სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის. ასევე, ეს არის მცდელობა, რომ აღდგეს დაკარგული ირანული ღირსება, რომელიც ყველას უნდა აერთიანებდეს მიუხედავად რასობრივი კუთვნილების, რელიგიური მრწამსის, გენდერული იდენტობის და სექსუალური ორიენტაციისა. 

პირველი ირანული ავტომობილი ალირეზასთვის ტილოდ იქცა, რომელზეც ანტიკური სპარსული ლიტერატურის გავლენით ნახატი შექმნა. ნამუშევარზე ირანული ეპოსის შაჰნამეს პერსონაჟები სოჰრაბი და შაბანი შირაზის ვარსკვლავებიანი ცის ქვეშ რომანტიკულ მომენტს იზიარებენ. მანქანის მეორე მხარეს კი მათი სიკვდილის სცენას ვხედავთ, რაც საშიში ტრფობის სიმბოლოა. შოჯაიანის ინტერპრეტაცია ირანული კანონმდებლობის 234-ე მუხლს ემყარება, რომლითაც კაცებს შორის სექსუალური აქტი სიკვდილით დასჯის წინაპირობაა. 

ხელოვნება ისტორიის მანძილზე ამბოხის დასაყრდენი იყო, რომელიც მარგინალიზებულ ჯგუფებს საკუთარი ხმის გაჟღერების საშუალებას აძლევდა. ირანული ხელოვნება კი, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ამ გზას არ მიჰყვება, ხელოვნება პროგრესის ხელშემწყობ იარაღად ვერ იქცა, ამიტომ PaykanArtCar-მა ირანული ხელოვნების ინსპირაციით მარგინალიზებული ჯგუფების წინაშე არსებული გამოწვევების მოყოლა გადაწყვიტა. 

მხოლოდ ხელოვნება ისლამური რესპუბლიკის მიდგომების შესუსტების წყაროდ ვერ იქცევა, ლგბტქი თემმა ირანის ძალმომრეობას თავდაღწეული ადამიანებისთვის შესაძლებლობები უნდა შექმნას, რაც იმ ბოროტებაზე საუბარს გაააქტიურებს, რაც ირანში ხდება. დასავლურმა საზოგადოებამ კი მეტად უნდა მოინდომოს და ხელისუფლებებს აიძულოს, ყურადღება მიმართოს ქვეყნებისკენ, რომლებშიც ადამიანთა უფლებებს არ იცავენ, მეტიც, ადამიანების სიკვდილით დასჯა სახელმწიფოს პოლიტიკის ნაწილია. 

PaykanArtCar სწორედ დისკუსიის გააქტიურებას ემსახურება, რომელმაც სულ უფრო მეტი ადამიანი უნდა გამოაფხიზლოს და მათი ყურადღება მსოფლიოში არსებულ დანაშაულებზე ფიქრისკენ მიმართოს.

წყარო: Attitude

უკრაინელი ხელოვანების ილუსტრაციები, რომლებიც რუსული ომის საშინელებას ასახავს

/

პუტინის რუსეთის უკრაინაში გამოცხადებული ომიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა. უკრაინელი მებრძოლები, მოქალაქეები თუ საერთაშორისო მოხალისეები რუსულ აგრესიას მედგარ წინააღმდეგობას უწევენ და უკრაინის თავისუფლებისა და მშვიდობისთვის იბრძვიან.

უკრაინის დახმარებას აქტივისტები, ხელოვანები, მოქალაქეები, პოლიტიკური წრეები – ყველა ადამიანი, რომელიც რუსეთის კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ბოროტებას სწორად აფასებს, სხვადასხვა გზებით ცდილობენ.

უკრაინელმა ილუსტრატორებმა და ხელოვანებმა სხვა ქვეყნიდან საკუთარი ნამუშევრებით გადაწყვიტეს უკრაინელი ხალხის დახმარება და საიტი – SupportUkrainePIC შექმნეს, რომელზეც უკრაინაში მიმდინარე ომის ამსახველი ილუსტრაციები ქვეყნდება, მითითებულია ის გზებიც, რომლებითაც უკრაინის დახმარება შეგიძლიათ.

ამ სტატიაში უკრაინელი ხელოვანების მიერ შექმნილ ილუსტრაციებს ნახავთ, რომლებიც პუტინის რუსეთის მიერ გამოცხადებული ომის საშინელებას ასახავს.


Volodymyr Prokh / Instagram

პუტინის თქმით, „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ სამოქალაქო პირების წინააღმდეგ გამოცხადებული ომია, რომელსაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის, ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა. იბომბება სკოლები, საბავშვო ბაღები, სამშობიარო კლინიკები, შშმ პირთა საცხოვრისები. მარიუპოლის ალყა ამ დროისთვის ყველაზე დიდი სამხედრო დანაშაულია, რომელიც რუსეთმა უკრაინაში ჩაიდინა. დაღუპულთა ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა ქალაქის მერის მოადგილის თქმით, ქალაქზე გამუდმებულ იერიშებს ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რუსეთმა უკრაინის მხარეს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შესაძლებლობა მოუსპო და ქალაქში დარჩენილი მოსახლეობა საკვების, მედიკამენტების, წყლის გარეშე დატოვა.


ბავშვების სიცოცხლის დაცვა ომის დროსაც კი უმთავრესი პრიორიტეტია, მაგრამ არა რუსეთისთვის – უკრაინული ოფიციალური წყაროების თანახმად, ომს 109 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 130-ზე მეტი კი დაიჭრა.


პუტინის ომმა მილიონობით ადამიანი ლტოლვილად აქცია – ქვეყნის შიგნით 6 მილიონზე მეტ ადამიანს მოუწია სახლის დატოვება, უკრაინის ტერიტორია კი 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.


ამასთან, ათიათასობით უკრაინელი სამშობლოში დაბრუნდა და რუსეთის აგრესიას დაუპირისპირდა. მშვიდობიანი მოქალაქეები არმიაში ეწერებიან, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაში მონაწილეობენ და ერთობლივი ძალებით ომის ზიანის შემცირებას ცდილობენ.


მიუხედავად ომის საშინელებებისა, უკრაინელები მხნეობას არ კარგავენ და ყველაზე მძიმე მომენტებში კიდევ უფრო ერთსულოვანნი არიან. როგორც უკრაინელი აქტივისტი, ვერა ჩერნიგინა ამბობს, „ყველას ერთი მიზანი გვაქვს – უნდა გავიმარჯვოთ“.


უკრაინის ქალაქები განუწყვეტლივ იბომბება, ნადგურდება სამოქალაქო ნაგებობები, რუსეთის აგრესიის მიერ მოტანილი ზარალი მილიარდებს შეადგენს, უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების რიცხვი დღითიდღე იზრდება, მაგრამ უკრაინელებმა ერთი მთავარი გამარჯვება მოიპოვეს – საბოლოოდ დაამარცხეს რუსული გავლენა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი აღნიშნა, რომ გამარჯვების შემდეგ დანგრეულ ქალაქებს ხელახლა ააშენებენ და იმაზე უფრო სწრაფად, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.


პუტინმა სცადა მსოფლიოსთვის თვალი აეხვია და ეთქვა, რომ „ომი მშვიდობაა, თავისუფლება – მონობა, უცოდინრობა კი ძალა“, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტის ერთგული მხარდამჭერების გარდა ამ პროპაგანდის არავის სჯერა. რუსული საბჭოთა წარსულის ხატებით გულანთებული ლიდერი ზუსტად იმეორებს საბჭოთა ლიდერების თუ ნაცისტური რეჟიმის ბოროტებებს, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება სულ უფრო აქტიურად წერს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი პუტინის მარცხისკენ მიმავალი გზაა.


ომი დასრულდება, მაგრამ ომის ტრავმის გადასალახად ბევრად დიდი დრო იქნება საჭირო, მსოფლიო კი აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი სამხედრო აგრესია ყველა ადამიანს შეეხო. აღდგება ქალაქები, ლტოლვილები სახლებს დაუბრუნდებიან, მაგრამ ვეღარ დავაბრუნებთ ათასობით დაკარგულ სიცოცხლეს, იმ ბავშვების დანგრეულ მომავალს, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ საკუთარ ქვეყანაში მშვიდობიანად ცხოვრობდნენ.

კინოთეატრ ,,ამირანში” ფემინისტური ფილმების ფესტივალი „როზადან სიმონამდე“ გაიმართა

7-9 მარტს ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, WISG-ის ინიციატივით, კინოთეატრ ,,ამირანში” ფემინისტური ფილმების ფესტივალი „როზადან სიმონამდე“ გაიმართა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის წინააღმდეგ პროტესტსა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას მიეძღვნა.

„ფესტივალი ჩვენთვის რჩება წარსულის გამოკვლევის, აწმყოს ხედვისა და მომავალში ორიენტირების განსაკუთრებულ სივრცედ, ხოლო ფემინისტური კინო – იმ მეთოდად, რომელიც რადიკალური შემოქმედებითობით ირეკლავს გამრუდებულ სამყაროს და გვიჩვენებს მის შესაძლო, უკეთეს სურათს.“ – ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი.

7 მარტი WISG-ის ახალი ანიმაციური მხატვრული ფილმის ჩვენებას დაეთმო, რომელმაც დემოკრატიული გზით არჩეული პირველი მუსლიმი დეპუტატი ქალის, ფარი ხანუმ სოფიევას ცხოვრება გააცოცხლა. პრემიერის შემდეგ დისკუსია გაიმართა  – „დასაკარგი აღარაფერია – როდის ერთვებიან საქართველოში აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელი ქალები გადაწყვეტილების მიღების პროცესში“.

WISG / Facebook

8 მარტს მაყურებელს 3 დოკომენტური ფილმის ნახვის შესაძლებლობა ჰქონდა: სლოვენიიდან „ურთიერთობები: ლესბოსური ჯგუფ ŠKUC-LL-ის 25 წელი“, უკრაინიდან „ახალი სიცოცხლე: ხელოვნება, აქტივიზმი და პოლიტიკა უკრაინაში“ და საქართველოდან „ფემინისტური ათი წელი – ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი“. სამივე ფილმში ასახულია ფემინისტი, ლესბოსელი, ქვიარ აქტივისტებისა და ხელოვანების მიმართება პოლიტიკასთან, ეკონომიკასთან, კულტურასთან და სამართლებრივ ინსტიტუციურ სტურუქტურებთან.

WISG / Facebook

9 მარტს ბრაზილიური დოკუმენტური ფილმების („ინდიანარა“, „ცისფერი ტრანსი“) ჩვენება მოეწყო ბრაზილიური ტრანს აქტივიზმისა და ხელოვნების შესახებ. ფილმები ტრანს აქტივისტსა და არტისტზე, ასევე, ქვეყნის ულტრა-მემარჯვენე მთავრობისა და ულტრა-მაჩოისტური სოციალური ნორმების წინააღმდეგ მათ შთამაგონებელ წინააღმდეგობაზე მოგვითხრობენ.

WISG / Facebook

ფემინისტური ფილმების ფესტივალი „როზადან სიმონამდე” სამომავლოდ გაფართოებას და საფესტივალო ვებგვერდის განვითარებას გეგმავს. წელს ვებგვერდი სატესტო რეჟიმში მუშაობს.

ქართველი ქალი მწერლების 5 ნაწარმოები რუსეთის სასტიკ რეჟიმზე

რუსეთი ყოველთვის გამოირჩეოდა დაუნდობლობითა და ბოროტებით. ამას არაერთი ფაქტი თუ მოვლენა ამტკიცებს. ლიტერატურაშიც მრავლად შეხვდებით წიგნებს, რომლებიც რუსეთის სასტიკ რეჟიმზე მოგვითხრობენ. Keep Reading

იღლიები ამომივიდა სახეზე თითქოს – ინტერვიუ ანდრო დადიანთან

/

ანდრო დადიანი თანამედროვე ქართველი ხელოვანია, რომელიც მუდმივად ცდილობს, მისთვის დამახასიათებელი სინაზითა და ჩაღრმავებით, მგრძნობიარე და ზოგჯერ უხეში ენით ილაპარაკოს თავის პერსონალურ და საზოგადო პრობლემებზე. პოეზია, პერფორმანსი, ვიზუალური ობიექტები, ფოტოები, თეატრი, ეს არასრული ჩამონათვალია მედიუმების, რომლებშიც საკუთარი ძალები მოუსინჯავს ხელოვანს

გთავაზობთ ინტერვიუს ანდრო დადიანთან:

 

ბევრგან გილაპარაკია ნიღაბზე, მაგრამ, ალბათ, ბოლომდე არ გაქვს ამოწურული სათქმელი – რატომ ნიღაბი და რატომ ანდრო დადიანი? – ჩვენს დიალოგში შესასვლადაც მარტივი იქნება ამაზე პასუხი.      

ჰო, თითქმის ყველა ინტერვიუ ამ კითხვით იწყება, მაგრამ რახან მრავალწახნაგოვანი აღმოჩნდა ეს შებურვა, კიდევ ვილაპარაკოთ – ჩემთვის ფსევდონიმიც ნიღბის ნაირსახეობაა და ალბათ ესაა ანდრო დადიანთან ამ გამომეტყველების ორგანულობა, სამკაული ან აქსესუარი კი არაა ის, საკუთარი იდენტობის და ეგოს შთამნთქმელი მოწყობილობაა, ამ ვნებების გარეშე უფრო დისტანცირებულად შემიძლია შევხედო კოლექტიურსაც და პირადსაც. ნიღაბი საკუთარ თავში ჩატრიალებული მზერაცაა, რაც პერსონალურ და იმპერსონალურ ქვედინებებთან მაახლოებს; წონასწორობის საშუალებაა, რომ არ დავეცე, კუთხეში ზურგით დაყენებაა, რაც მაიძულებს, ინტუიციას და ფიქრს მოძრაობაც შევუყენო.

პირველი მოგონება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანსო, რახან შენი პერსონა და პირველსაწყისი ახსენე, შენს პირველ მოგონებაზე მინდა გკითხო…

ჰო, ჩვენი ბავშვობა ჩვენი წარმოშობის ადგილიაო, ამ მხრივ, არც ისე სახარბიელო წარმომავლობა მაქვს… დაახლოებით ორი წლის ვიყავი, დედა ლოგინად ჩავარდა, მთელი ორგანიზმი გაეთიშა, როგორც იციან ხოლმე, „ზალა“ გაარემონტეს და ელოდნენ, რომ რაიონში ჩამოასვენებდნენ, გამოსამშვიდობებლად თბილისში, ბოლო შეხვედრაზე წამიყვანეს მასთან, მახსოვს, პალატაში მის საწოლზე დამაჯინეს, სანიტარი იატაკს წმენდდა, მე კი დედაჩემის ნარინჯისფერ წიგნაკში ვჯღაბნიდი რაღაცას. ის მზიანი პალატა, სიკვდილ-სიცოცხლის აიწონა-დაიწონათი, არის ჩემი პირველი მოგონება.

ღრმა ბავშვობის შემდეგი განცდა ფოტოდან მოდის – დედა გადარჩა, მაგრამ ვერ დადიოდა, ბაღში ფეთხუმ მამაჩემს დავყავდი, ფოტოზე საახალწლო კონცერტია, ყველა გაპრანჭულია, სქელი მუყაოსგან გამოჭრილი გვირგვინები, ზედ მიწებებული დამსხვრეული სათამაშოებით, ადგათ თავზე, რომ იბრწყინონ, მე კი მკერდამდე აწეულ შარვალში გახუნებული სვიტრი მაქვს ჩატანებული და გულზე გაურკვეველი ფორმის „საზეიმო“ მავთული მკიდია. დღემდე ვერ ვხსნი, რა არის ეს რაღაც. შეიძლება ამ უცნაურ ნივთს უნდა ვუმადლოდე ჩემი კონცეპტუალური აზროვნების უნარებს, წლებია  უტრიალებს ჩემი ტვინი იმ საგანს, მილიონი ინტერპრეტაცია გამოვიმუშავე, რა შეიძლება იყოს, მაგრამ ყველა აზრს სუფისტური ფინალი აქვს – „ალაჰმა უწყის!“

 

სუფისტური პასუხი არ ექნება ალბათ მომდევნო კითხვას, რატომ აირჩიე პერფორმანსი შენს ერთ-ერთ მედიუმად?

კი, ალაჰმა უწყის ეგეც! გულწრფელად გითხრა, არცერთ მედიუმში მისი ფლობით ფეხი არ შემიდგამს, მეტიც, პერფორმანსის არსებობა მას შემდეგ გავიგე, რაც პირველი პერფორმანსი გავაკეთე, მერე მარინა აბრამოვიჩი მანახეს, ეს ცნობილი პერფორმერიაო, მე სახელებს ვერ ვიმახსოვრებ და კარგა ხანს ,,მანანა აბრამოვიჩს” ვეძახდი და ვეძებდი ინტერნეტში. ასე პოეზიაშიც: მითხრეს, შენს გამოცდილებაზე დაგვიწერეო და გაგზავნილ ტექსტზე მომწერეს, რომ მუსიკალურია ჩემი ვერლიბრი, მადლობა გადავიხადე და მერე დავგუგლე, რას ნიშნავდა სიტყვა „ვერლიბრი“.

განცდების შემგროვებელი ადამიანი ვარ, მთავარია გრძნობა და ის თავად  ქანდაკდება ლექსად, ფოტოდ, ობიექტად ან პერფორმანსად. ერთს, რასაც სხვადასხვა მედიუმებში მოძრაობისას თავს ვთხოვ, ისაა, რომ ფოტოგრაფისთვის კარგად დაკვრით და პიანისტისთვის კარგად წერით არ დაკმაყოფილდეს… თავგანწირვა და საკუთარი თავის სათქმელში ჩაფენა უნდა ახლდეს ხელოვნების აქტს, იმ მედიუმისადმი პატივისცემა, რომელითაც ფიქრი ხმოვანდება. თუკი საკუთარი ღირსება, კანი და ზოგჯერ სიცოცხლეც კი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სათქმელის ამოთქმა, ჯობია არც ითქვას, მაინც არ ექნება ძალა ადამიანის ყურს მისწვდეს, შეაჩეროს და აზრისკენ მოახედოს.

როგორ ემზადები პერფორმანსებისთვის? როგორ ჩნდება იდეები და რა პროცესებს გადიხარ, სანამ ადამიანებამდე მიიტან შენს ნამუშევრებს?

შესამეცნებელი საგნები მხოლოდ სიყვარულის იდეით შეიძლება იყოს შემეცნებულიო – ფაქტობრივად, ეს ცხოვრებასთან შეთქმულებაა და თან როგორი ლამაზი?! მეც ვცდილობ, ზიზღის მარხვაზე და სიყვარულის ყველიერზე ვიყო. განსაკუთრებულად არაფრისთვის ვემზადები, ბრძოლით საფუძველი იღლება, უბრალოდ ვხვდები, როგორც მიწა გაზაფხულს. მთავარი სამუშაო გემოვნების მუდმივი დახვეწა და მასთან დაწევაა, ვცდილობ, მზად დავხვდე წუთს, როცა ფიქრი აზრად უნდა იქცეს და მერე ფორმა, მანერა, გრძნობა შევძინო.

 

 

ბოლო წლებში ჩვენი საზოგადოება აქტიურად საუბრობს ჰომოფობიაზე, თუმცა ყოველთვის მრჩება განცდა, რომ ეს მსჯელობა არ ითვალისწინებს ჰომოფობიის კომპლექსურ ბუნებას. რა არის ჰომოფობია და სად ხედავ მისგან გამოსავალს? 

ეს ქვეყანა საზოგადოებისა და ინდივიდის ჰარმონიულობის წინააღმდეგ მიმართული ენერგიით იმართება, ასეთ გარემოში ის უფრო მაფიქრებს, რომელი უკმაყოფილება არ შეიძლება გარდაქმნას უცბად მმართველმა ჰომოფობიურ ენერგიად. ჰომოფობია ის შავი ჯიპია, რითაც სულიერად გაძვალტყავებული ეკლესია და მთავრობა გადაადგილდება მშიერ ხალხში. ამ გარეწრების მიღმა ღარიბ ხალხს პროპაგანდამ დაასწავლა, რომ პრობლემაზე კი არ ილაპარაკონ, რამდენიმე ათეულ ჰომოსექსუალს აედევნონ და იქ დახარჯონ ბრაზი. ასეთ გარემოში ყავარჯნებად შემოთავაზებული ზიზღის გარეშე გადაადგილება ძნელია, რთულად დასატოვებელი კომფორტია მტრის ხატის დაშლა და მისგან მოძმის გამოძერწვა მაშინ, როცა ჰომოფობია არ აწუხებს ადამიანს და უამრავ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებშია ჩაფლული ის.

პროვინციაში ორსული ქალი საავტომობილო გზაზე წვება, გზას კეტავს,  რომ სოციალური დახმარება აღუდგინოს სახელმწიფომ, ამ დროს ჩვენ მთავრობის სახლის წინ გვიჭირავს სიტყვები „მრავალფეროვნება“, „თავისუფლება“, „თანასწორობა“, „პატივისცემა“ – და ვის მივმართავთ ამ სიტყვებით? საზოგადოებას, რომელმაც ორსული ქალი მიატოვა და თავის პურის ფულს ჯართიდან ჩიჩქნის, თუ ოთხბორბლიანი მავზოლეუმებით, ჯიპებით რომ გადაადგილდებიან? სოციალური პრობლემებია ერთადერთი, რამაც შეიძლება ყველა გაგვაერთიანოს, როცა ეს პრობლემები მოგვარდება, ჰომოფობიური განწყობებიც ურთიერთპროპორციულად შემცირდება.

რისი გეშინია ყველაზე მეტად?

სიმაღლის მეშინია, სივიწროვის, მარტოობის, კმაყოფილების.

კმაყოფილება და „ეჭვშეუვალი“ ცხოვრება ლპობას თუ არა, ადგილზე გაჩერებას, გაქვავებას, გაძეგლებას ნიშნავს; ეჭვიანობა მარტოობად ხურდავდება, მარტოობას ნიშნავს; მარტოობა თავისუფლების პირობაა – თავისუფლება მარტოობაა; მარტოობა სიმაღლეა, ცერა თითებზე დგომა, დაძაბულობა და თრთოლა; სიმაღლეზე ყოფნა სიმაღლის შიშია, წნევა, სიცივეც და უჰაერობაც.

რა მახასიათებლები აქვს თანამედროვე ქართულ ხელოვნებას და რა არის ის მთავარი მესიჯები, რომელიც თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრებში შეიძლება ამოიკითხო აქ?   

კორექტულობა, გარიყვის შიში, საერთო თხრობაში ჩართვის მცდელობა და თავზე ხელის მოცაცუნების სურვილი. როგორც ადამიანს ადამიანის, მესმის ეს და, ცხადია, თანავუგრძნობ კიდეც, მაგრამ სწორედ ასეთი კორექტულობაა არაპოლიტკორექტული. ეს დინამიკა კოლექტიური ცნობიერების განმტკიცებელია და სულის, აზრის, ინდივიდის მნიშვნელობას ერთთავად სპობს. თავისუფლება თვალსაზრისების განსხვავებას აყენებს მის ცენტრში, ჩვენ კი პოლიტკორექტული უმრავლესობის დიქტატი გვადგას თავზე, სადაც პროპაგანდის მიერ ინდივიდუალურობის თვითრწმენით გაჯერებული -„განსხვავებულთა მარშები“ გადაადგილდებიან.

ტოტალიტარიზმისთვის პლაკატურობაა დამახასიათებელი და სწორედ ამას ვუყურებთ ახლა, ყველაფრის სათავე დესტრუქცია ჰგონიათ, ამ იკონოგრაფიის საყრდენი ქაოსია და ცდილობენ, ამით გადაიფაროს თეზის არცოდნა. ხვდები, რამხელა შინაგანი წინააღმდეგობითაა სავსე ეს დინამიკა? ძეგლის დადგმის სურვილია, მაგრამ მთავარი – შინაარსი-კარკასი არ არის. ამიტომ ეცემიან ხელოვნური ფორმების უხერხემლო რუპორები.

გასულ წელს შენი პოეტური კრებული, განსაწმენდელი გამოვიდა, მინდა, ამ წიგნზე მელაპარაკო, ასევე ეს ნაშრომი კონკურს „ლიტერაზე“ გაგზავნე, მერე კი ერთ-ერთი პირველი იყავი, ვინც მოხსნა წიგნი კონკურსიდან, რატომ გადადგი ეს ნაბიჯი? 

ამ წიგნზე მუშაობამ ჩემსგან და ჩემი მეგობრებისგან დიდი ენერგია წაიღო, წლების მანძილზე მატყუებდნენ გამომცემლობები, რომ დაბეჭდავდნენ, ნერვების ომი გავიარე და, როგორც იქნა, 4 წლის შემდეგ გამომცემლობა „კალმოსანში“ დავასრულე ეს გზა. გულახდილად გითხრა, ორწამიანი სიხარულიც კი ვერ განვიცადე, ისე ვიყავი მოთენთილი სირთულეებით. ჩემთვის მულტიდისციპლინარულია ეს ნამუშევარი, მის ნაწილად მოვიაზრებ ოთხდღიანი პერფორმანსით პრეზენტაციას. წიგნი თავს უყრის პოეტურ „ready-made“-ებს, საუნდპოეზიის და ვიზუალური პოეზიის ექსპერიმენტებს, ასევე თავისთავად წიგნის, როგორც ნივთის კონცეპტუალურ და პერფორმატიულ სტრუქტურას.

რაც შეეხება კონკურსებს – ხელოვნებაში შეჯიბრზე მაღალი აზრის არ ვარ, უბრალოდ, პოლიტიკურად მნიშვნელოვნად მიმაჩნდა ჩვენი, ხმაწართმეული და სახეწართმეული, დეკლასირებული ადამიანების კულტურაში შეყვანის მცდელობა, ეს იყო მიზეზი კონკურში მონაწილეობის. მნიშვნელოვანად ჩავთვალე ასევე, არ მიეღო წიგნს მონაწილეობა, მისი შინაარსის საწინააღმდეგო, პარტიული ცენზურით მართულ პროცესში. სიყრმეშივე დამორჩილების სურვილი ამოძრავებს დიქტატურას და ასე ამხელს მის ვინაობას, ამ პროცესმა გვაჩენა ისიც, რომ თურმე პოეტების ეშინია მთავრობას, ჩვენ კი დიდიხნის მკვდარი გვეგონა პოეზია. ვაშა, ვაშა და ვაშა! დამოუკიდებელი შემოქმედებითი პროცესი ადამიანში თავისუფლებას და მოთხოვნებს ზრდის, ძველს აპროტესტებს და მომავალს აპროექტებს წარმოსახვით; მთავრობა, რომელიც აწმყოსაც ვერ ეწევა, ცხადია, შიშით უყურებს ისეთ ხვალინდელ დღეს, სადაც მათი ადგილი არ იძებნება, ამიტომაცაა რომ მეფე ჰეროდესავით დასდევენ სიახლეს და მომავლის იდეას.

 

რას ფიქრობ, არსებობს თუ არა ქართული ქვიარ კულტურა, როგორია ის და ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ქმნიან მას?

ჩემი გაგებით ქვიარ კულტურაა ის, სადაც ადამიანი დგას სოციალურ სტატუსზე და როლზე მაღლა. ამ თვალსაზრისით, ქვიარია მიხეილ ჯავახიშვილი თეიმურაზ ხევისთავის გამო, რადგან თეიმურაზის მიმართ თანაგრძნობას და სიბრაზეს აჩენს, ეს კი ადამიანში ადამიანის დაცვისა და პატივისცემის უმაღლესი გამოვლინება მგონია. ქვიარია ნიკო ფიროსმანი, როცა ორთაჭალის ტურფებს და ცხოველებს ხატავს ზეადამიანური გრძნობით; ვაჟა-ფშაველაც ქვიარია, რადგან ვაჟკაცი მტრის საფლავი ეტირება ქალს – „სიბნელეს უცდის, მივიდეს ჩუმად იტიროს მკვდარიო…“ ამ აზრით, ცხადია, რომ ქართული ქვიარ კულტურა არსებობს და იმაზე ადრეც კი იყო, ვიდრე სიტყვა „ქვიარი“ გაჩნდებოდა ლექსიკონში. ამიტომ, გაუგებარია პათოსი, რომ ქვიარმა უნდა გამოიყვანოს აზიიდან თუ კომუნიზმიდან ქართული კულტურა და დაუბრუნოს თუ მიუერთოს ღირსეულ ევროპულს.

„ქვიარს“, როგორც ჰომოსექსუალური თვითგამოხატვის ენასთან იდენტობას რაც შეეხება, ვიზუალურ ხელოვნებაში და თეატრში ესეც დიდი ხანია გვაქვს, ყეენობა-ბერიკაობაც ესაა მისი გადაცმით, სახის შებურვით, როლების უგულებელყოფით და საბჭოთა ქართული თეატრიც, ოცხელის წყალობით, მერე სტურუას 80-იანი წლების სპექტაკლები მისი ვიზუალურ-სარეჟისორო ენით.

როგორია შენი სამომავლო გეგმები?

არ ვიცი, რა გითხრა. ბოლო დროს ზედსართავების გარეშე ვცხოვრობ, არაფერი მნიშვნელოვანი. ფასეულობათა გადაფასების პერიოდი მაქვს, აქამდე ყველა ჩემი გეგმა ადამიანებს უკავშირდებოდა, უცბად ყველაფერი ამოყირავდა, რაღაც ძალამ მთელი მეტალი გაიწოვა ორგანიზმიდან, ნდობა, ინტერესი, მიზიდულობა გამიქრა ადამიანის მიმართ და ხელიდან გამომეცალა გეგმებიც, იღლიები ამომივიდა სახეზე თითქოს, უთვალებო გავხდი და უენო. მხოლოდ ასკეტიზმით შეიძლება საკუთარ თავს გადაუსწროს ადამიანმა, მგონი. მგონი, ყველაზე მეტი პასუხი სიჩუმეს აქვს და ვცდილობ, სიჩუმის ენა ვისწავლო; ნივთებისგან სიმშვიდე მინდა ვისწავლო, ვცდილობ, აღარ ვიყოყიალო, ლარნაკივით პირნათელი და საჭირო დროს ფუნქციური მინდა ვიყო, მინდა, რაც შეიძლება პატარა ადგილი დავიკავო სამყაროში და ჩემი ტემბრი მქონდეს.

 

ფოტო: avadrisT

10 საუკეთესო ლგბტქი მუზეუმი მსოფლიოში

მოგზაურობის და ახალი ქალაქების დათვალიერების ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ნაწილი მუზეუმებისა და კულტურული ადგილების დათვალიერებაა. მართალია, ლგბტქი არტისტების ნამუშევრები მსოფლიოს მრავალ მუზეუმშია წარმოდგენილი, თუმცა, ამასთან ერთად, არსებობს ისეთი მუზეუმებიც, რომლებიც მთლიანად ლგბტ+ ისტორიისა და კულტურის წარმოჩენაზეა ორიენტირებული.

ამ სტატიაში მსოფლიოში ყველაზე გამორჩეული ლგბტქი მუზეუმების შესახებ მოგიყვებით.

ლესლი+ლოჰმანის გეი და ლესბოსური ხელოვნების მუზეუმი – ნიუ იორკი, აშშ

ლესლი+ლოჰმანის მუზეუმი ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ცნობილი ლგბტქი მუზეუმია ამერიკაში. მუზეუმის ფუძემდებლები ჩარლზ ლესლი და ფრითზ ლოჰმანი არიან, ნიუ-იორკელი გეი წყვილი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქვიარ კულტურის პოპულარიზაციაში. ისინი 1969 წლიდან თავიანთ ბინაში აწყობდნენ ქვიარ არტისტების გამოფენებს და წლების განმავლობაში აგროვებდნენ მათ ნამუშევრებს.

მუზეუმი, რომელიც მანჰეტენზე მდებარეობს, გასული სამი საუკუნის 30 000-მდე ნამუშევარს ინახავს. მუზეუმის შენობაში ასევე არის წიგნების მაღაზია და სივრცე საჯარო თუ დახურული შეხვედრებისთვის.

შვულეს მუზეუმი – ბერლინი, გერმანია

მიიჩნევა, რომ შვულეს მუზეუმი ერთ-ერთი პირველი ლგბტქი მუზეუმია მთელს მსოფლიოში. 1984 წელს, ბერლინის მუზეუმში გაკეთებული პატარა გამოფენის წარმატების შემდეგ, ოთხმა მეგობარმა გადაწყვიტა, რომ ახალი მუზეუმი დაეარსებინათ, სადაც მხოლოდ ქვიარ არტისტების ნამუშევრები იქნებოდა წარმოდგენილი.

მუზეუმი 2013 წლიდან Tiergarten-ის უბანში მდებარეობს და მისი შენობა აერთიანებს ოთხ საგამოფენო დარბაზს, სამუშაო ოთახებს, კაფეს და შეხვედრებისთვის განკუთვნილ სივრცეებს.

ენდი ვორჰოლის მუზეუმი – პიტსბურგი, აშშ

ენდი ვორჰოლმა დიდი კვალი დატოვა, როგორც, ზოგადად, ხელოვნებაზე, ასევე, ქვიარ კულტურაზე. პიტსბურგი კი ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი ქალაქი აღმოჩნდა ამერიკაში, რომელიც ლეგენდარული ენდი ვორჰოლის 900 ნახატს, 2 000  ფურცელზე ნამუშევარს, 1 000 უნიკალურ პრინტს, 77 სკულპტურას, 4 000 ფოტოს და 4 350 ვიდეოჩანაწერს ინახავს. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუზეუმია მთელს მსოფლიოში, სადაც მხოლოდ ერთი არტისტის ნამუშევრებია შენახული.

ONE ეროვნული გეი და ლესბოსური არქივი – ლოს-ანჯელესი, აშშ

ONE კიდევ ერთი სივრცეა, რომელიც ლოს-ანჯელესში მდებარეობს და ლგბტქი საკითხების მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით შეიქმნა. არქივში შენახულია პერიოდული ლგბტქი გამოცემები, ფილმები, ფოტოგრაფია, აუდიოჩანაწერები და პერსონალური ქაღალდები. ამასთან ერთად, არქივი პერიოდულად მასპინძლობს გამოფენებს, სადაც ისეთ ხელოვნების ნიმუშებს ან ისტორიულ არტეფაქტებს შეხვდებით, რომელთა ნახვაც სხვაგან შეუძლებელია.

GLBT ისტორიული საზოგადოება და მუზეუმი – სან ფრანცისკო, აშშ

GLBT ისტორიული საზოგადოება და მუზეუმი კიდევ ერთი უნიკალური სივრცეა სან-ფრანცისკოში, რომელიც ისტორიულ არტეფაქტებს და ამერიკის ქვიარ კულტურის ნამდვილ საგანძურს ინახავს. მუზეუმი კასტროს უბანში მდებარეობს, რომელიც სან-ფრანცისკოს გეი მექად არის აღიარებული. GLBT მუზეუმის დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ, სან-ფრანცისკოს და, ზოგადად, კალიფორნიის ქვიარ ლეგენდების და პოლიტიკური ფიგურების, მაგალითად, ჰარვი მილკის საარქივო მასალებს გაეცნონ. მუზეუმის შენობაში ხშირად იმართება გამოფენები, სადაც ქვიარ არტისტების ნამუშევრებია გამოფენილი.

სტოუნვოლის ნაციონალური მუზეუმი და არქივი – ფლორიდა, აშშ

მართალია, ფლორიდა არ არის ის შტატი, სადაც ცნობილი სტოუნვოლის აჯანყება მოხდა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუზეუმი, რომელიც ამ მოვლენის არტეფაქტებს ინახავს, ფლორიდაში მდებარეობს. მუზეუმი 1984 წლიდან ფუნქციონირებს, თუმცა თავდაპირველად მხოლოდ ბიბლიოთეკა იყო. მუზეუმის შენობაში დღეს 30.000-ზე მეტი ხელოვნების ნიმუში, ისტორიული არტეფაქტი და ჩანაწერი ინახება, რომელიც მთლიანად სტოუნვოლის აჯანყებას უკავშირდება. მუზეუმის შენობა ხშირად უმასპინძლდება გამოფენებს, ფილმის ჩვენებებს, საჯარო კითხვას და საქველმოქმედო საღამოებს.

გეი და ლესბოსური სპორტის ეროვნული დიდების დარბაზი – ჩიკაგო, აშშ 

გეი და ლესბოსური სპორტის ეროვნული დიდების დარბაზი ნამდვილი სამოთხეა სპორტით დაინტერესებული ქვიარ ადამიანებისთვის. მუზეუმის მიზანია, პატივი მიაგონ იმ სპორტსმენებს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს სპორტის სხვადასხვა სახეობაში, ამასთან ერთად, არ შეუშინდნენ საზოგადოების წნეხს და ქამინგაუთი გააკეთეს.

The ArQuives – ტორონტო, კანადა

The arQuives კიდევ ერთი ქვიარ არქივია, რომელიც კანადაში მდებარეობს და 1973 წლიდან ფუნქციონირებს. არქივს შექმნის დღიდან მხარს უჭერს კანადის მთავრობა და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ ინსტიტუციად. არქივის შენობაში შეხვდებით ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და მრავალფეროვან მასალებს ლგბტქი კანადის ისტორიიდან. არქივის შენობა ასევე მასპინძლობს ტურებს ქალაქში, სეზონურ გამოფენებსა და პრეზენტაციებს.

ავსტრალიის ლესბოსური და გეი არქივი – მელბურნი, ავსტრალია

ავსტრალიის ლესბოსური და გეი არქივი 40 წლის წინ შეიქმნა და მთელი ამ დროის განმავლობაში მოხალისეები მართავდნენ. არქივის შენობაში შეხვდებით 150 000 ლგბტქი არტეფაქტს ავსტრალიის დასაბამიდან დღემდე. მუზეუმის შენობა დამთვალიერებლებს ასევე სთავაზობს აკადემიურ კონფერენციებს, თემატურ და ისტორიულ ტურებს. მუზეუმი ხშირად თანამშრომლობს ქვეყნის სხვა, უფრო მსხვილ მუზეუმებთან და გამოფენებთან.

IHLIA LGBT მემკვიდრეობა – ამსტერდამი, ჰოლანდია

IHLIA LGBT მემკვიდრეობა კიდევ ერთი კულტურული სივრცეა, რომელიც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე გეი-მეგობრულ ქალაქში, ამსტერდამში მდებარეობს. მუზეუმის შენობა, რომელიც 1999 წლიდან ფუნქციონირებს, დღესდღეობით, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარია თავისი კოლექციით მთელს ევროპაში. მუზეუმში დაცულია 113 000 საარქივო მასალა და ხელოვნების ნიმუში.