ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ყოველწლიური კონფერენცია — ქალები თავისუფლებისთვის საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულ ქალებს აერთიანებს. კონფერენციის მიზანი ქალების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ საუბარი, გადაჭრის გზების ძიება და თანამოაზრეების გაერთიანებაა,
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ყოველწლიური კონფერენცია — ქალები თავისუფლებისთვის საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულ ქალებს აერთიანებს. კონფერენციის მიზანი ქალების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ საუბარი, გადაჭრის გზების ძიება და თანამოაზრეების გაერთიანებაა, რაც გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის უმნიშვნელოვანესია.
2022 წლის კონფერენციამ პოლიტიკოსი, მეწარმე, ლგბტქი უფლებებზე, ასევე ეთნიკური უმცირესობების უფლებებზე მომუშავე აქტივისტები გააერთიანა, რომელთაც თემატური პანელური დისკუსიის ფორმატში ისაუბრეს იმ ბარიერებზე, რომელთა გადალახვაც პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალებს უწევთ, გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირებაზე, რომლის ათვისებაც სათანადოდ არ ხდება, ასევე იმ საერთო ჩაგვრებზე, რომელიც სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს აერთიანებს, ასევე იმ გავლენაზე, რაც ეკლესიას ქალთა უფლებებზე აქვს და, რაც ყველაზე მთავარია, აღნიშნულ ღონისძიებაზე შედგა ინიციატივის — ქალთა ქსელი — თავისუფლებისთვის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ლიდერ ქალებს გააერთიანებს, რათა ქალთა გაძლიერებისთვის ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას.
ქალების ჩართულობა პოლიტიკაში — გამოწვევები და გადაჭრის გზები
„დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ინდიკატორი გენდერული თანასწორობა და პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში თანაბარი ჩართულობაა, ამიტომ ევროსაბჭოს 12 პუნქტში ერთ-ერთი გენდერული თანასწორობის გაღრმავება და ძალადობის აღმოფხვრაა. არსებობს საერთო მდგომარეობა, როცა კაცები ქალების მიმართ არასწორ მიდგომას გამოხატავენ, თუმცა, უკეთეს შემთხვევაში, ეს ნორმად არ უნდა ჩაითვალოს“, — აღნიშნა კონფერენციის პირველი სესიის ერთ-ერთმა მონაწილემ, პარტია თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე თამარ კეკენაძემ.
თამარ კეკენაძის თქმით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რაოდენობრივი ჩართულობის გაზრდა, თუმცა განსაკუთრებით აუცილებელია, „რომ ქალები იყვნენ ისეთ თანამდებობებზე, რომელიც გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს. თანამონაწილეობის შინაარსობრივად გაღრმავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“.
პირველი სესიის კიდევ ერთმა მონაწილემ, საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ კი აღნიშნა, რომ აუცილებელია კაცების მხრიდან მიდგომა შეიცვალოს, მათ შორის, ისეთი ტერმინების გამოყენება, რაც ხშირად მხოლოდ ქალების მიმართ, სექსისტურ კონტექსტში ჟღერდება, რადგან ამ მდგომარეობის გამო „პოლიტიკური მოლაპარაკებების, კამათის თუ რაიმე საკითხის განხილვის დროს ქალებს 3-4-ჯერ უფრო მეტი ძალისხმევა გვჭირდება… . პოლიტიკური კულტურაა შესაცვლელი და ამაზე დისკუსიები, მსჯელობა აუცილებელია. ხმამაღალი საუბრით თუ გარკვეული ფრაზების გამოყენებით ქალების გაჩუმება არ უნდა იყოს შესაძლებელი“.
პარტია სტრატეგია აღმაშენებლის პოლიტსაბჭოს წევრის, ნანა ტოხვაძის თქმით, „ხშირად ხდება ისე, რომ ქალის მიერ გაჟღერებული საკითხს ნაკლებად შეისმენენ და ყურად იღებენ და კაცის მიერ დაყენებული იგივე საკითხი ბევრად დიდი განხილვის საგანი ხდება და ისმენენ. ეს იმ აუდიტორიის, გარემოს პრობლემაა, რომლის ქცევაც შესაცვლელია“.
პანელური დისკუსიის მონაწილეებმა გენდერული თანასწორობის კუთხით მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლის გზებზეც იმსჯელეს და ერთხმად აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილების მიმღები ქალების აქტიურობა და სხვადასხვა პროცესში ჩართული ქალების ურთიერთსოლიდარული დამოკიდებულება პრობლემაზე საპასუხოდ გონივრული გადაწყვეტილებაა, ამასთან მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ჩარჩოს მოწესრიგება და კანონის აღსრულების მიმართულებით არსებული ხარვეზების აღმოფხვრა.
თამარ კეკენაძის თქმით, მუშაობა ორი მიმართულებით არისგასაძლიერებელი:
- უნდა ვიფიქროთ, დამატებით რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ ჩართულობა კიდევ უფრო გავზარდოთ;
- აუცილებელია, რომ ის ქალები, რომელთაც უკვე აქვთ გავლენა და გადაწყვეტილებებზე წვდომა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ მათ როლს.
გენდერული ბიუჯეტირება
ქალების წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ ეფექტური მექანიზმი შესაძლოა გენდერული ბიუჯეტირებაც იყოს. ბევრმა არ იცის, რომ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში გათვალისწინებულია გენდერულად მგრძნობიარე საკითხებიც, თუმცა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის კურსდამთავრებულის, მკვლევარ შორენა კობაიძის თქმით, პრობლემა გამოყოფილი თანხების მიზნობრივი ხარჯვა და ხშირ შემთხვევაში ათვისებაც კი არის.
„მუნიციპალიტეტებში გენდერულად მგრძნობიარე საკითხების გადასაჭრელად არსებობს ბიუჯეტი, თუმცა ხშირად ვერც კი ითვისებენ ამ ბიუჯეტს და რატომღაც, მხოლოდ დღესასწაულების აღნიშვნისთვის გამოიყენება. მონაცემების ქონაა აუცილებელი, რომელიც რეალურ პრობლემებზე მუშაობას უზრუნველყოფდა“, — ამბობს შორენა და აღნიშნავს იმასაც, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებს არ აქვთ სათანადო ცოდნა, მეტიც, „ტერმინი გენდერის გამოყენებაც კი ბევრ თანამდებობის პირში ნეგატიურ განწყობებს იწვევს. მთავარი გამოწვევა რეგიონებში მაინც საბაზისო მდგომარეობის განსაზღვრაა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს უნდა ჰქონდეთ ცოდნა“.
ქალთა ქსელი — თავისუფლებისთვის
იმისათვის, რომ გენდერულად მგრძნობიარე საკითხებზე, რეგიონებში მცხოვრები ქალების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ძალადობისა და ჩაგვრის შემთხვევებზე ერთიანი, ორგანიზებული მიდგომა ჩამოყალიბდეს, აქტიურმა, ლიდერმა ქალებმა გადაწყვიტეს, რომ ინიციატივა — ქალთა ქსელი — თავისუფლებისთვის წამოეწყოთ.
ქალთა ქსელი გააერთიანებს აქტიურ ქალებს სხვადასხვა რეგიონიდან და სხვადასხვა სოციალური ჯგუფიდან, რომლებიც თანამოაზრეებს შემოიკრებენ და ადგილობრივ თუ ეროვნულ დონეზე არსებული პრობლემების მოგვარებისთვის გზების ძიებას დაიწყებენ, დაიცავენ იმ ქალების უფლებებს, რომლებიც ძალადობრივ, უთანასწორო გარემოში ცხოვრობენ, შექმნიან სოციალიზაციის სივრცეებს, რომლებიც ქალებს აზრთა მიმოცვლას გაუადვილებს და ქალების გაძლიერებისთვის ახალ მექანიზმებს გააჩენს. ქალთა ქსელის ლიდერები, რა თქმა უნდა, ლიდერი ქალები იქნებიან, თუმცა თანამონაწილეობა, დისკუსიებში ჩართვა კაცებსაც შეეძლებათ. ეს იქნება წამოწყება, რომელიც გააერთიანებს ყველა იმ ადამიანს, რომელიც თვლის, რომ გენდერული თანასწორობის მიმართულებით არსებობს გამოწვევები და ეს მდგომარეობა საზოგადოების, ქვეყნის კეთილდღეობაზე ნეგატიურად აისახება.
მეწარმე ქალები, რომლებიც საზოგადოების წარმოდგენებს ცვლიან
ქალთა ქსელის მიზანი საქართველოს რეგიონებში და თბილისში მცხოვრები ლიდერი ქალების ერთი მიზნისთვის გაერთიანებას ისახავს მიზნად. კონფერენციის მეორე სესიაში მონაწილე მეწარმე ქალები სწორედ ის მოქალაქეები არიან, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაზე ზრუნავენ და ამავდროულად გენდერულ სტერეოტიპებს ამსხვრევენ, თანაც სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს აძლიერებენ და რაც მთავარია, საკუთარ რესურსს რეგიონების გაძლიერებისთვის იყენებენ.
კომპანია LAB Technogies დამფუძნებელმა, ანა კაჭიურმა საკუთარი ბიზნესის დაფუძნებამდე გრძელი გზა გაიარა და საკუთარი ძალების მოსინჯვა იმ მიმართულებით გადაწყვიტა, რომლის წამყვან პოზიციებზეც ხშირად კაცები გვხვდებიან. იხსენებს, რომ ერთი და იმავე პოზიციაზე დასაქმებული ქალისა და კაცის ხელფასს შორის დიდი სხვაობა იყო. გარდა ამისა, მოლაპარაკების პროცესში ხშირად კაცებს ენიჭებოდათ უპირატესობა. ამ მდგომარეობას იმით ხსნის, რომ „არ არსებობს არა მხოლოდ პოლიტიკური კულტურა, არამედ ბიზნეს კულტურაც. ამ მდგომარეობის შეცვლისთვის მნიშვნელოვანია როგორც კერძო სექტორის ისე სახელმწიფოს ჩართულობა“.
ანა კაჭიურის თქმით ტექნოლოგიების მიმართულებით ბიზნესის მფლობელი ქალები მხოლოდ 8%-ს შეადგენენ, მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე კი ქალები სულ რაღაც 20%-ს შეადგენენ, რაც „დიდი სამუშაო ძალის დაკარგვას იწვევს და ყველაზე ცუდად აისახება. ნაკლები ხელფასი, დაწინაურების ნაკლები შესაძლებლობა არის ბარიერი, რის გამოც ქალები ხშირად მუშაობაზე უარს ამბობენ“.
ანა კაჭიურმა სესიის მიმდინარეობისას აღნიშნა, რომ ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით დასაქმებული ქალების რაოდენობის შესახებ სტატისტიკის არარსებობა კიდევ ერთი პრობლემაა, რაც ბიზნესის მფლობელებს ზოგადი მდგომარეობის შეფასებაში ხელს უშლის, ამიტომ როცა საკუთარი ბიზნესის დაფუძნება გადაწყვიტა, მიხვდა, რომ მდგომარეობა უნდა შეეცვალა და ორგანიზაციის პოლიტიკა ქალთა გაძლიერებისკენ უნდა მიემართა.
ხის დეკორატიული დამუშავების საწარმოს — ციცისგან — დამფუძნებელმა, ციცინო შენგელიამ არანაკლებ რთული გზა გაიარა. როცა სამეგრელოში მცხოვრებმა მეწარმემ სადურგლო საქმის შესწავლა გადაწყვიტა, გაუჭირდა ქალი დურგლის მოძებნა, რომელიც გამოცდილებას გაუზიარებდა და იმ გამოწვევების შესახვედრად მოამზადებდა, რაც მასკულინურ პროფესიაში თავის დამკვიდრების გზაზე ელოდა.
„სამეგრელოში არაერთ სახელოსნოში ვიყავი და ვეუბნებოდი ხელოსნებს, რომ მინდოდა, ხის დამუშავება შემესწავლა, რაზეც მპასუხობდნენ, რომ საფრთხილო საქმე იყო და სჯობდა ნაცნობი კაცი მისულიყო, რომელსაც საქმის სპეციფიკას აუხსნიდნენ. დაახლოებით 3 წელია ამ საქმეში ვარ და ყველაფრის დამოუკიდებლად სწავლა მომიწია. მნიშვნელოვანია, რომ მაგალითები შევქმნათ, პრეცედენტები ბევრ რამეს ცვლის და ერთგვარად გადამდებია“, — აღნიშნა პირველმა ქართველმა დურგალმა ქალმა, რომელიც უკვე რამდენიმე წელია სხვა ქალებისთვის მაგალითის მიმცემია.
სესიის კიდევ ერთი მონაწილე, ქეთევან წილოსანი გურიიდან არის. ნაადრევი ქორწინების,მომსახურების სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გზა გაიარა და პირველ CV-ში გამოცდილების ველში ერთადერთი რამ ჰქონდა მითითებული — დიასახლისი. მას შემდეგ ხუთმა წელმა გაიარა და ახლა უკვე საკუთარი სოციალური კაფეს მფლობელია, რომელიც ლანჩხუთში შშმ პირებისა და ქალების მიმართ არსებულ სტერეოტიპებს ანგრევს. ქეთევან წილოსანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, ადგილობრივ მაცხოვრებლებს, მათ შორის, შშმ პირებს ასაქმებს და გურიაში სოციალურ ცვლილებებს ხელს უწყობს, სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა ფაქტობრივად არ არსებობს, ამიტომ მინიმალურ მოგებაზე უწევს მუშაობა, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ცვლილებების მოხდენას ართულებს.
აქტივისტები, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებისა და ლგბტქი ადამიანების უფლებებისთვის იბრძვიან
„არ უნდა მოვდუნდეთ, არ უნდა დავიღალოთ, რადგან შეიძლება ერთი აქტიური ადამიანის დაკარგვამ, თუნდაც ერთ ადამიანში ახალდაბადებული იმედი მოკლას“, — აღნიშნავს, კონფერენციის მესამე თემატური სესიის მონაწილე, ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეების, ქალების უფლებებისთვის მებრძოლი მარნეულელი აქტივისტი, სამირა ბაირამოვა, რომელიც რეგიონში რუსული გავლენების წინააღმდეგ, ეთნიკური ინტეგრაციისთვისა და უფლებებისთვის იბრძვის.
სამირა ბაირამოვას თქმით, ხელისუფლების მხრიდან მხარდაჭერის ნაკლებობა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში არსებული კულტურული და სოციალური ჩვეულებები, წარმოდგენები ქალთა უფლებებისთვის ბრძოლას ართულებს. აღნიშნავს, რომ აქტივისტური საქმიანობის დასაწყისში, როცა აქტიურად მუშაობდა ნაადრევი ქორწინების შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის, დიდ წინააღმდეგობას აწყდებოდა და ტრადიციებთან მებრძოლს უწოდებდნენ, თუმცა ეს დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეიცვალა.
მისი თქმით, „საზოგადოებას უნდა ვასწავლოთ, რომ ინდივიდუალური ინციატივით შეუძლია ცვლილებების საწყისი გახდეს, დამოუკიდებლად შეძლოს უკეთესობისკენ მდგომარეობის შეცვლა”.
ქართველ-სომეხთა კავშირის ხელმძღვანელმა, იურისტმა მარი არაქელოვამ კი აღნიშნა, რომ ხშირად პრობლემა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა პოლიტიკურ პროცესებში აქტიურობაც არის, რაც ცვლილებების მოტანას ართულებს.
„ეთნიკურ უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა გამოწვევაა და ის ადამიანებიც კი, რომლებიც გარკვეული გადაწყვეტილებების მიმღებად გვევლინებიან, აქტიურები არ არიან, არსებული გამოწვევების შესახებ ღიად ვერ საუბრობენ. გარდა ამისა, აუცილებელია ინტეგრაციაზე მუშაობა და არა ასიმილაციაზე“, — აღნიშნავს მარი არაქელოვა და ამბობს, რომ აუცილებელია მედიამ, საზოგადოებამ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები „მხოლოდ იმ საკითხებთან დაკავშირებით კი არ ჩართოს პროცესებში, რაც უმცირესობებს პირდაპირ ეხება — მრავალი ადამიანი მოიძებნება, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით პროფესიონალია და აუცილებელია მათი სხვადასხვა თემებზე სასაუბროდ მოწვევა“.
თანასწორობა 17-ის დამფუძნებელი, ლგბტქი აქტივისტი, ნინო ბოლქვაძე სესიის კიდევ ერთი მონაწილე იყო. მან ლგბტქი ადამიანების ხილვადობისა და უფლებების კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, „ჰომო, ბი და ტრანსფობიას ერთი საერთო საფუძველი, მიზოგინია აქვს და ადამიანებს დომინანტური, პატრიარქალური საზოგადოების ხისტი წესებისგან გადახვევისთვის სჯიან, რაც დომინანტურ ჯგუფს ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება“.
ნინო ბოლქვაძემ ლგბტქი ადამიანების წინაშე არსებული გამოწვევების და იმ საშიში მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა, როცა ქვიარ ადამიანების ხილვადობა იზრდება, თუმცა ამას უფლებების დაცვის გარანტიები არ სდევს თან.
„ბოლო 10 წლის განმავლობაში ხილვადობას მივაღწიეთ, თუმცა უფლებებს ნაკლებად, რაც სახიფათო მდგომარეობაა. ქვიარ ადამიანებთან ასოცირებული ნიშნებით ადამიანების ამოცნობა უფრო მარტივი გახდა, თუმცა დაცვის სათანადო გარანტიები არ არსებობს და არც ნება. მეტიც, 2021 წლის 5 ივლისს, შსს ძალადობრივი თავდასხმების ორგანიზებაში იყო ჩართული. აუცილებელია, თემთან შეთანხმებით მოხდეს იმის განსაზღვრა, რა საჭიროებები არსებობს, არ უნდა ხდებოდეს ინსტრუმენტალიზება,ამასთან, აუცილებელია გამოძიება და არა მხოლოდ კერძო პირებს შორის მომხდარი დანაშაულების. ლგბტქი თემი უნდა იყოს მობილიზებული, ჩართული საკუთარი უფლებების დაცვის პროცესში, ეს განსაკუთრებით პრობლემური რეგიონებშია“, — აღნიშნა ნინო ბოლქვაძემ.
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის წარმომადგენელმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ბექა მინდიაშვილმა კი ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე, ზოგადად თანასწორობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ეკლესიის გავლენა შეაფასა. მისი თქმით, ეკლესიაში მთავარი პრობლემა ქრისტიანული წესების არმოყოლაა და ეკლესია ქრისტიანულ წესრიგს, რომ ემორჩილებოდეს, თანასწორობა ბევრად იოლად მისაღწევი იქნებოდა, მაგრამ „ყველაზე დიდი პატრიარქალური ორგანიზმის, მხოლოდ ქალის კი არა, არამედ ზოგადად ადამიანის სიძულვილისკენ მიმართული ინსტიტუტის მისამართით კრიტიკა ყველაზე ნაკლებად ისმის, მათ შორის, ფემინისტების მხრიდან“.
კონფერენციის დასკვნითი სესიის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს საერთო ჩაგვრები გვაერთიანებს, რომლის სათავეშიც დომინანტური ჯგუფი დგას, ამიტომ ურთიერთსოლიდარობა და გამოწვევების საპასუხოდ გაერთიანება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ქალთა ქსელი — თავისუფლებისთვის შემოდგომიდან აქტიურად ამუშავდება და მისი წევრობა, დისკუსიებში მონაწილეობა, ქალთა უფლებების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული იდეების გაზიარება თუ ადგილობრივ დონეზე ლიდერის როლის შესრულება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება, რომელიც თვლის, რომ გენდერული თანასწორობის მიღწევა ქვეყნის უკეთეხ მომავალზე პირდაპირ გავლენას ახდენს.
Don't Miss
ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია, თუმცა, სტრესის როლზე დისკრიმინირებულ ჯგუფებში
სტატიის ავტორი: ნინი ვანიშვილი ლგბტქი+ თემის წევრები მიკროაგრესიის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მათი ცისგენდერი/ჰეტეროსექსუალი თანატოლები. 2023 წლის სოციალური
სიყვარული ყველასთვის სხვადასხვანაირად განიცდება და გამოიხატება. ურთიერთობის დასაწყისში, როცა დოფამინი და ნორეპინეფრინი იმატებს, გვაქვს ეიფორიის განცდა. დროთა განმავლობაში გრძნობები შესაძლოა
ხელოვნური ინტელექტი (AI) ვითარდება და უკვე მნიშვნელოვან ცვლილებებს ახდენს ჩვენ ცხოვრებაში. ცვლილებები კარიერასა და პროფესიასაც ეხება. AI-ის განვითარებასთან ერთად შეიქმნა