უკრაინა - Page 2

/

უკრაინელი გეი მოხალისეები მზად არიან, იბრძოლონ ანტი-ლგბტქი პუტინის წინააღმდეგ

ლგბტქი თემს უკრაინაში სჯერა, რომ სხვებთან შედარებით მას უფრო მეტი მიზეზი აქვს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის ოკუპაციას იმის შემდეგ, რაც პუტინის ჯარები ქვეყანაში შეიჭრნენ.

ოლენა შევჩენკო – აუცილებლად მაქსიმუმს გავაკეთებთ

24 თებერვალს, რუსეთის მხრიდან ჩვენს ქალაქებზე მასიური თავდასხმის გამო, დილის 5 საათზე გამეღვიძა. უკრაინაში ჯერ კიდევ არავის შეუძლია იმის დაჯერება, რაც ახლა ხდება.

პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

დღეს, 18 საათზე, პარლამენტის შენობასთან, მოქალაქეების მიერ ორგანიზებული უკრაინის მხარდასაჭერი აქცია – #GeorgiaSupportsUkraine გაიმართა. შეკრების მიზანი დამოუკიდებლობის, განვითარების, დემოკრატიის და რუსეთის აგრესიისგან თავისუფალი სამყაროს

პუტინის მიმქრალი დიდება და საბჭოთა ოცნება, რომელიც მარტივად შესასრულებელი არ აღმოჩნდა

/

სიახლე არავისთვის არის, რომ პუტინის 22-წლიანი მმართველობა საბჭოთა სენტიმენტებით არის ნასაზრდოები. ქვეყნის მართვის სადავეების ერთპიროვნული ფლობა და საკუთარი თავისგან მითის შექმნის ვნება, ამ სენტიმენტის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უკრაინას აივის სამკურნალო მედიკამენტებით მოამარაგებს

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ აივ-დადებითი ადამიანებისთვის განსაკუთრებით რთული მოცემულობა დადგა, სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) განაცხადა, რომ უკრაინას აივის სამკურნალო პრეპარატებით მოამარაგებს.

5 აპრილს გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მომდევნო 12 თვის განმავლობაში უფასოდ მიაწვდის უკრაინას აივის სამკურნალო პრეპარატებს, რომლებსაც სიცოცხლის გადასარჩენად აივ-დადებითი ადამიანები ყოველდღიურად იღებენ.

“შესაძლოა, ამ ომმა შეაფერხოს ბოლო წლებში რთულად მიღწეული პროგრესი ჯანმრთელობის რიგ საკითხებში, მათ შორის, აივ ინფექციასთან ბრძოლაში. ჩვენ არ შეგვეძლო ამის დაშვება, განსაკუთრებით მაშინ, როცა უკრაინამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა აივ/შიდსთან ბრძოლაში”, – განაცხადა ჰანს ჰენრი პ. კლუგემ, ჯანმოს ევროპის რეგიონალურმა დირექტორმა.

ცნობილია, რომ უკრაინაში დაახლოებით 260 000 ადამიანი ცხოვრობს აივ-დადებითი სტატუსით, მათგან ნახევარი ომამდე იტარებდა ანტირეტროვირუსულ მკურნალობას. ამ მონაცემებით, უკრაინა მეორე ადგილზეა ევროპაში ინფიცირებული ადამიანების რაოდენობით.

ომის დაწყების შემდეგ ქვეყანაში პრეპარატის მიწოდების პრობლემა შეიქმნა. გაეროს აივ/შიდსის სააგენტომ მარტში გააკეთა განცხადება, რომ უკრაინას ერთ თვეზე ნაკლები მარაგი ჰქონდა დარჩენილი.

წამლები, რომლებსაც აივ-დადებითი ადამიანები ყოველდღიურად იღებენ, აუცილებელია ვირუსის სამართავად და სხვა ადამიანებზე გადადების პრევენციისთვის. მკურნალობის შეფერხებამ შეიძლება დამაზიანებელი შედეგები გამოიწვიოს.

ჯანმომ დაადასტურა, რომ წამლების პირველმა პარტიამ უკვე გადალახა პოლონეთის საზღვარი და ეტაპობრივად გადანაწილდება სამედიცინო დაწესებულებებში მთელი უკრაინის მასშტაბით.

უკრაინელი ფოტოგრაფების საქველმოქმედო ფოტო-პროექტი უკრაინის დასახმარებლად

26-27 მარტს უკრაინელმა ფოტოგრაფებმა მარინა კარპიიმ და ევგენი ეფანოვმა გააკეთეს პროექტი, რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება. Keep Reading

10-დღიანი სარეზიდენციო პროგრამა საქართველოში უკრაინელი ქვიარ ხელოვანებისთვის

Untitled Gallery Tbilisi პროექტ ფუნგუსთან და Ria Keburia Foundation-თან ერთად უკრაინელი ქვიარ არტისტებისთვის სარეზიდენციო პროგრამას აცხადებს.

სარეზიდენციო პროგრამა 20-დან 30 აპრილამდე გაგრძელდება და 5 ქვიარ არტისტი იმუშავებს წინასწარ გამოცხადებულ თემებზე, რომელთა გამოფენაც პირველ მაისს შედგება. უკრაინელ არტისტებს სარეზიდენციო პროგრამაზე დარეგისტრირებისთვის ვადა 11 აპრილამდე (18:00 საათამდე) აქვთ. 

„ტერორი, რომელსაც რეგიონში ყველა განვიცდით, სხვადასხვა მიმართულებით შიშებს აძლიერებს. ამ სიტუაციაში, ქვიარ ადამიანიები და ხელოვანები ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევისა და ტრავმის წინაშე არიან: ისინი იმ თვითაღმოჩენის პირისპირ რჩებიან, რას ნიშნავს იყო ქვიარი ამ საომარი თავდასხმის კონტექსტში, აქვთ მომავლის იმედები და შიშები იმასთან დაკავშირებით, როგორ ააშენებენ ცხოვრებას ნანგრევებიდან, რა ელით მათი ელემენტარული ადამიანური უფლებების აღიარებასა და დაცვას, რაც იმაზეა დამოკიდებული, ვინ მოიგებს ომს.

მუტაცია და სოლიდარობა იქნება ორი მთავარი თემა, რომელზეც ხელოვანები რია ქებურიას ფონდის რეზიდენციაში (კაჭრეთში) ცხოვრებისას იფიქრებენ. 10 დღის განმავლობაში, 5 ქვიარ არტისტი უკრაინიდან ამ თემებს დაამუშავებს, შემდეგ კი ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართება და 10-დღიანი პერიოდი გამოფენით დასრულდება. ამის შემდეგ Untitled Gallery-ში, თბილისში მოეწყობა საჯარო დისკუსია“, – ვკითხულობთ Untitled Gallery Tbilisi-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

სარეზიდენციო პერიოდში საცხოვრებელ სივრცეს, კვებას და თბილისიდან კაჭრეთამდე და უკან ტრანსპორტირებას პროექტის ორგანიზატორები უზრუნველყოფენ.

რუსეთის ომი უკრაინაში აივ-კლინიკების მუშაობასა და მედიკამენტების მიწოდებას აფერხებს

მიწისქვეშა თავშესაფრებში და სახელდახელოდ მოწყობილ კლინიკებში მომუშავე უკრაინელი ექიმები აივ-დადებითი ადამიანებისთვის აუცილებელი მედიკამენტების ამოწურვის საშიშროებაზე საუბრობენ, რამაც შესაძლოა ვირუსთან ბრძოლაში მოპოვებული პროგრესი შეაჩეროს. 

რუსეთის მიერ ქალაქების დაბომბვამ და ბრძოლებმა უკრაინის ქალაქებში არსებული აივ-კლინიკების დახურვა გამოიწვია, ზოგიერთი კლინიკა კი იძულებული გახდა, შეეზღუდა საკუთარი სერვისები, გართულებულია მედიკამენტების მიღებისა და მიწოდების პროცესიც.

„ომმა აივ-დადებითი ადამიანები განსაკუთრებით მოწყვლადი გახადა“, – ამბობს ვალერია რაჩინსკა, აივ-დადებითი ადამიანების უკრაინული ქსელის ადამიანის უფლებათა ხელმძღვანელი.

ინფექციური დაავადებების ექსპერტები ფიქრობენ, რომ ომმა შესაძლოა ჯანმრთელობის დაცვის კრიზისი შექმნას, როგორც უკრაინაში, ისე მეზობელ ქვეყნებში და გააძნელოს აივ-ვირუსის, ტუბერკულიოზის, C ჰეპატიტისა და ნარკოდამოკიდებულების მართვა.

აივ-ვირუსის სამკურნალო მედიკამენტის დროებითმა შეწყვეტამ შესაძლოა ორგანიზმის რეზისტენტობა გაზარდოს, რაც მკურნალობის განახლების შემდეგ მედიკამენტის ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებს.

დაახლოებით 260 000 უკრაინის მოქალაქეს აივ-ვირუსი აქვს, რომელთა დიდი ნაწილი, 152 000 ადამიანი, მედიკამენტურ მკურნალობას იღებს.

„სამხედრო და პოლიტიკური კუთხით, როგორც არ უნდა განვითარდეს მდგომარეობა, რეგიონში ჯანმრთელობის დაცვის კრიზისი გარდაუვალია“, – აღნიშნავს მიშელ კაზაჩკინი, შიდსთან, ტუბერკულიოზთან და მალარიასთან ბრძოლის საერთაშორისო ფონდის ყოფილი დირექტორი.

არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაახლოებით ყოველი მესამე აივ-დადებით ადამიანისთვის ომის დროს მედიკამენტურ მკურნალობას უზრუნველყოფს, ამბობს, რომ რუსეთის თავდასხმამ კლინიკების მუშაობა შეაფერხა არაერთ ქალაქში, მათ შორის, ხერსონში, მიკოლაივში, სევეროდონეცკში, სლავიანსკში და ოდესაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მედიკამენტების უკრაინაში გაგზავნის მიზნით გაერთიანდნენ, თუმცა კაზაჩკინის თქმით, „არამხოლოდ მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანა, მათი ქვეყნის სხვადასხვა წერტილში მიწოდებაც პრობლემა იქნება“.

საერთაშორისო ფონდმა დამატებით $15 მილიონი გამოყო, რათა უკრაინაში ინფექციური დაავადებების კრიზისი თავიდან იქნას არიდებული, ასევე, ნარკოდამოკიდებულების მართვა.

აშშ-ის საერთაშორისო აივ-შიდსის პროგრამამ კი დამატებით $6 მილიონი გამოყო, რომლითაც აივ-ვირუსის სამკურნალო მედიკამენტების უკრაინაში გაგზავნა და ლტოლვილებისთვის მიწოდება უნდა მოხდეს.

90 დღის სამყოფი მედიკამენტები პოლონეთში ამ კვირაში ჩააღწევს, რომელსაც შემდგომ უკრაინაში გაგზავნიან, თუმცა საკითხავია, რამდენად მარტივი იქნება მარაგის უკრაინის სხვადასხვა წერტილში გადაგზავნა.

წყარო: Gay Times

ომში გაღვიძებული უკრაინელი ლგბტქი ლტოლვილების სამი ამბავი

24 თებერვლის, რუსეთის პირველი სამხედრო შეტევის განხორციელების შემდეგ, უკრაინიდან 2.5 მილიონზე მეტი ადამიანი გაიქცა. დღევანდელი მოცემულობით, ომს უკვე მოჰყვა შემაშფოთებელი რაოდენობის Keep Reading

უკრაინული საბავშვო წიგნი საქველმოქმედო მიზნებისთვის ინგლისურად გამოიცემა

„როცა გწერთ, ფანჯრებს მიღმა ბომბები დაფრინავენ და ჩემი სახლიდან, დაახლოებით 20 კილომეტრში, რუსი აგრესორები კიევის შემოგარენს ანადგურებენ“, – აღნიშნავს უკრაინელი ავტორი, ლარისა დენისენკო The Guardian-ისთვის გაგზავნილ ელექტრონულ შეტყობინებაში და ამატებს – „მარიუპოლი, 400 ათასზე მეტი ადამიანის სახლი წყლის, გათბობისა და საკვების გარეშეა დარჩენილი, რაც საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევით არის გამოწვეული. ერთი ბავშვი დეჰიდრატაციამ იმსხვერპლა“.  

Dialogue between writer Larysa Denysenko and artist Vlada Ralko “Diary genre: word and colour” / PinchukArtCentre

დენისენკო უკრაინელი მწერალი, ადვოკატი და სამოქალაქო აქტივისტია და ელექტრონული შეტყობინება თავისი საბავშვო წიგნის,  ,,მაია და მისი მეგობრების” შესახებ გაგზავნა, რომლის ილუსტრაციების ავტორიც არტისტი მაშა ფოიაა. აპრილში წიგნს დიდ ბრიტანეთში გამოსცემენ და გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება Unicef-ში, რათა უკრაინაში მიმდინარე  ომის დროს დაზარალებულ ბავშვებზე ზრუნვას მოხმარდეს.

,,მაია და მისი მეგობრები” 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის, უკრაინის კუთვნილი ტერიტორიების – დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპაციის დროს დაიწერა. ბავშვებისა და მათი მშობლების ოჯახური ცხოვრების განსხვავებულ ასპექტებზე დაწერილმა წიგნმა ისევ მიიქცია ყურადღება, რადგან ომის დროს ოჯახები ქვეყანას ტოვებენ და ერთმანეთს შორდებიან.

წიგნის ახალი გამოცემისთვის დენისენკომ განახლებული შესავალი სარაკეტო თავდასხმის განგაშისას, ერთ-ერთ დერეფანში, დედასთან და ძაღლთან ერთად გამოკეტილმა დაწერა. წიგნის გამოცემა ფინეთში, პოლონეთსა და გერმანიაშიც იგეგმება.

ადამიანთა უფლებადაცვითი ორგანიზაციის – PEN Ukraine-ის წევრ ავტორს უნდოდა, რომ ახალ გამოცემაში ასახულიყო, „როგორ შეიცვალა ბავშვების ბედი ომის გამო, რომელიც უკრაინელი ხალხის სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის“.

„ვფიქრობ, ტექსტი გენიალურია, გარდა ამისა, ლარისას მკითხველთან ურთიერთობის ნიჭი აქვს და მოთხრობილმა ისტორიამაც დიდი გამოხმაურება მოიპოვა“, – ამბობს ჰელენ ვიკსი, დენისენკოს წიგნის გამომცემელი დიდი ბრიტანეთიდან.

2017 წელს უკრაინაში გამოცემული წიგნის სახელწოდება – ,,მაია და მისი დედები იყო”. საბავშვო ნაწარმოები სკოლის მოსწავლეთა ისტორიას ჰყვება, რომელთაც სხვადასხვა ოჯახური გამოცდილება აქვთ. წიგნი ყველაზე გაყიდვად ნაწარმოებად იქცა და და კრიტიკაც დაიმსახურა, რადგან ჰყვებოდა ახალგაზრდა გოგოზე, რომელსაც ორი დედა ჰყავს. დენისენკოს, ფოიას და წიგნის გამომცემლების მისამართით შეურაცხყოფა და მუქარებიც გავრცელდა.

ტექსტი: ლარისა დენისენკო / ილუსტრაცია: მაშა ფოია

ახლა, როცა ბავშვები მშობლების გარეშე, ოჯახის წევრებისგან მოშორებით რჩებიან, ამბავმა კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა. დენისენკოს თქმით, ამ ნაწარმოებით ყველა უკრაინაში მცხოვრები ბავშვის დახმარება უნდოდა, რათა თავი დაცულად ეგრძნოთ – „არ აქვს მნიშვნელობა, დედა და მამა ჰყავთ, მხოლოდ დედა, ორი დედა, ორი მამა თუ დედინაცვალი და მამინაცვალი“.

დენისენკო დღემდე კიევში რჩება და სურს, უკრაინიდან შეძლოს საკუთარი წიგნის საზღვრებს გარეთ გავრცელება. 

„მე მჯერა კულტურული დიპლომატიის, წიგნის ენას შეუძლია, ადამიანებს თანაგრძნობა, ემპათია, სხვა ადამიანთა სიცოცხლის დაცვის სურვილი გაუჩინოს. მინდა, ამ წიგნით დემოკრატიული მსოფლიოს მცხოვრებლებს მივმართო: ჩვენ აქ ვართ, თქვენგან არც ისე შორს, ჩვენი თავისუფლებისა და მშვიდობისმოყვარე ხალხი ვართ. სხვა ქვეყანაზე იერიში არასოდეს მიგვიტანია. ჩვენი ბავშვები ნიჭიერი, მამაცი, ლამაზი და ძლიერები არიან. ვიმსახურებთ, რომ მთელმა მსოფლიომ ჩვენთან ერთად იბრძოლოს ომის, ბავშვების მკვლელობის წინააღმდეგ. იარაღით ბრძოლა არ შემიძლია, მაგრამ ამ სიტუაციაში სიტყვასაც დიდი მნიშვნელობა აქვს“, – ამბობს ავტორი.

წყარო: The Guardian

დაკეტეთ ცა და მიწაზე ომს ჩვენით გავუმკლავდებით – უკრაინის პირველი ლედის წერილი

/

ბოლო დროს, უამრავი მედიაგამოცემა დამიკავშირდა ინტერვიუს ჩასაწერად. ეს წერილი ყველა ამ მოთხოვნის პასუხია და ჩემი, როგორც მოწმის სიტყვა უკრაინიდან. 

შეუძლებელი იყო იმის დაჯერება, რაც ერთი კვირაზე ცოტა მეტის წინ მოხდა. ჩვენი ქვეყანა მშვიდი იყო; ჩვენი ქალაქები და სოფლები სიცოცხლით სავსე. 24 თებერვალს ყველამ რუსეთის თავდასხმის სიახლით გავიღვიძეთ. ტანკებმა უკრაინის საზღვარი გადმოკვეთეს, თვითმფრინავებმა ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვიეს, სარაკეტო დანადგარები ჩვენს ქალაქებს შემოეჯარნენ.

კრემლის პროპაგანდის დასაყრდენი გამოცემების მტკიცების მიუხედავად, რომლებიც ამ მოვლენებს „სპეციალურ ოპერაციას“ უწოდებენ, ფაქტია, რომ ეს უკრაინის მოქალაქეების მასობრივი მკვლელობაა. ალბათ, ამ თავდასხმის ყველაზე შემზარავი და სამწუხარო ნაწილი ბავშვების სიკვდილია –  ოხტირკას ქუჩებში გარდაცვლილი 8 წლის ელისი, რომლის დაცვასაც ბაბუა ცდილობდა. ან პოლინა კიევიდან, რომელიც მშობლებთან ერთად დაბომბვისას გარდაიცვალა. 14 წლის არსენი, რომელსაც თავში ნამსხვრევი მოხვდა და ვერ გადაარჩინეს, რადგან ხანძრის გამო სასწრაფო დახმარება დროულად ვერ მივიდა.

რუსეთი ამბობს, რომ ეს „არ არის ომი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ“, ამიტომ, პირველ რიგში, მოკლული ბავშვების სახელებს ვახსენებ.

ფოტო აღებულია უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული წერილიდან

ჩვენი ქალები და ბავშვები ახლა ნაღმსაწინააღმდეგო თავშესაფრებსა და სარდაფებში ცხოვრობენ. ალბათ, ყველამ იხილეთ კიევის და ხარკოვის მეტროსადგურების ფოტოები, რომლებშიც ხალხი ბავშვებთან და შინაურ ცხოველებთან ერთად იატაკზე წევს – გამოკეტილები არიან. ზოგისთვის ეს უბრალოდ ომის შედეგია, უკრაინელებისთვის კი – შემზარავი რეალობა. ზოგიერთ ქალაქში ოჯახები თავშესაფრებს დღეების განმავლობაში ვერ ტოვებენ, რადგან განურჩეველი და შეუწყალებელი დაბომბვაა, რომელიც სამოქალაქო ნაგებობებს ანგრევს.

ომის პირველმა ახალშობილმა სარდაფის ჭერი ნახა, პირველად მიწისქვეშეთის ჩახუთული ჰაერი ჩაისუნთქა და პირველი წამების მოწმეები გამოკეტილი, შეშინებული ხალხი იყო. ამჟამად, ათეულობით ბავშვს არასდროს უნახავს მშვიდობა. ეს ომი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ მიმდინარეობს და არა მხოლოდ დაბომბვის გამო. ზოგიერთ ადამიანს ინტენსიური ზრუნვა და მუდმივი მკურნალობა სჭირდება, რომელსაც ვერ იღებენ. რამდენად ადვილია ინსულინის გაკეთება სარდაფში? ან ასთმის სამკურნალო საშუალებების მიღება ხანძარში? რომ არაფერი ვთქვათ ათასობით ონკოლოგიურ პაციენტზე, რომელთათვის აუცილებელი ქიმიოთერაპია და რადიაციული მკურნალობა შეწყვეტილია. 

ადგილობრივები სოციალურ ქსელებში უიმედონი არიან. ბევრი ადამიანი, მათ შორის, მოხუცები, მძიმე ავადობის მქონენი და შშმ პირები ოჯახებს დაშორდნენ, არავითარი მხარდაჭერა აღარ აქვთ. ამ უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ გამოცხადებული ომი ორმაგი კრიმინალია. ჩვენი გზები ლტოლვილებით არის გადატვირთული. ჩახედეთ ამ გადაღლილ ქალებს თვალებში და ბავშვებს, რომლებიც საყვარელი ადამიანების და იმ ცხოვრების უკან მოტოვების გულისტკივილს დაატარებენ, რომელიც ჰქონდათ. კაცები, რომლებსაც ისინი საზღვრამდე მიჰყავთ, ცრემლებს ვერ იკავებენ, რადგან ოჯახები ერთმანეთს შორდებიან, მაგრამ მაინც გმირულად ბრუნდებიან საომარ ველზე, რათა ჩვენი თავისუფლება დაიცვან. ყველაფრის მიუხედავად, ყველა შემზარავი მოვლენის მიუხედავად, უკრაინელები არ ნებდებიან.

აგრესორ პუტინს ეგონა, რომ უკრაინას ბლიცკრიგით აიღებდა, მაგრამ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და მათი პატრიოტიზმი სათანადოდ ვერ შეაფასა. უკრაინელებმა, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა, მშობლიური ენისა, რწმენისა და ეროვნებისა, შეუდარებელი ერთობა აჩვენეს.

კრემლის პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ უკრაინელები, როგორც გადამრჩენებს, ყვავილებით დახვდებოდნენ, მაგრამ მოლოტოვის კოქტეილებით შეეგებნენ. მადლობელი ვარ იმ ქალაქების მცხოვრებლების, რომლებსაც თავს დაესხნენ, რადგან კოორდინირებული დახმარება გაუწიეს ყველას, ვისაც ამის საჭიროება ჰქონდა. მადლობელი ვარ მათიც, ვინც აფთიაქებში, მაღაზიებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით, სოციალურ სერვისებზე მუშაობენ, რადგან აჩვენეს, რომ უკრაინაში სიცოცხლე იმარჯვებს.

უნდა აღვნიშნო ყველა, ვინც ჩვენს მოქალაქეებს ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა და მადლობა გადავუხადო უწყვეტი მხარდაჭერისთვის. მადლობა მეზობლებს, რომელთაც საზღვრები გახსნეს და ქალები და ბავშვები შეიფარეს, მადლობა, რომ უსაფრთხოდ ამყოფებთ მაშინ, როცა აგრესორმა ამის გაკეთების შესაძლებლობა შეგვიზღუდა.

მადლობა ხალხს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც უკრაინის მხარდამჭერი მსვლელობები მოაწყვეს. გხედავთ! თვალს გადევნებთ და ვაფასებთ მხარდაჭერას.

უკრაინას მშვიდობა სურს, მაგრამ საკუთარ საზღვრებს დაიცავს, საკუთარ იდენტობას და არასდროს დაეცემა. ქალაქებში, რომლებშიც დაბომბვა გრძელდება, რომლებშიც ხალხი ნანგრევების ქვეშ მოჰყვა, სარდაფებიდან ვერ ახერხებენ გამოსვლას, უსაფრთხო დერეფნები გვჭირდება, რათა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და ევაკუაცია უზრუნველვყოთ. გვჭირდება, რომ მათ, ვისაც ეს ხელეწიფებათ – ცა დაკეტონ!

დაკეტეთ ცა და მიწაზე მიმდინარე ომს ჩვენით გავუმკლავდებით.

მოგმართავთ მედიასაშუალებებს: განაგრძეთ სიმართლის თქმა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გაშუქება. რუსეთის ფედერაციის მიერ წამოწყებული ომის პირობებში ყველა მტკიცებულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ამ წერილით ვადასტურებ და ვეუბნები მსოფლიოს: უკრაინაში მიმდინარე ომი „სადღაც მიმდინარე ომი“ არაა.  ესაა ომი ევროპაში, ევროკავშირის საზღვართან ახლოს. უკრაინა ცდილობს იმ ძალის შეჩერებას, რომელიც ხვალ შეიძლება აგრესიით შემოიჭრას თქვენს ქალაქებში და ამის გამართლებად მოქალაქეთა დაცვა დაასახელოს. 

გასულ კვირას ჩემთვის და ჩემი ხალხისთვის ეს ყოველივე გადაჭარბებულ შეფასებად ჩანდა, მაგრამ დღეს ესაა რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ. არ ვიცით, რამდენ ხანს გასტანს ყოველივე. თუ პუტინს არ შევაჩერებთ, რომელიც ბირთვული ომის დაწყებით იმუქრება, არსად მსოფლიოში, არავისთვის იარსებებს უსაფრთხო ადგილი.

ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენი ერთიანობის, უკრაინის ერთობლივი სიყვარულის გამო. დიდება უკრაინას!

ლგბტქი უკრაინელები ბრძოლაში არიან ჩართული და რუსეთს არ გაურბიან – KyivPride-ის დირექტორი

„სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ“, – ამბობს KyivPride-ის აღმასრულებელი დირექტორი, ბიგენდერი აქტივისტი ლენი ემსონი Pride Source-თან ინტერვიუში. 

ახლა უკრაინაში ტრანსგენდერი ადამიანები იძულებულნი არიან, ჰორმონალური მედიკამენტების გარეშე იყვნენ, რადგან ლენი ემსონის თქმით, „აფთიაქებში თითქმის ყველანაირი მედიკამენტის მარაგი გამოილია“.

აღნიშნული ინტერვიუ ელენ შანა კნოპოვმა ემსონთან 6 მარტს ჩაწერა.

უკრაინაში მცხოვრებ ლგბტქი ადამიანებს რუსეთის თავდასხმასთან დაკავშირებით რა შიშები აქვთ?

პირველ რიგში, უკრაინელების მიმართ სოლიდარულები ვართ. ვთვლით, რომ თავდასხმა არ უნდა მომხდარიყო და მზად ვართ, სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლოთ. რუსული კანონმდებლობის პირობებში არასდროს ვიცხოვრებთ. რუსეთს არასდროს დავემორჩილებით. არ დავუშვებთ ოკუპაციას და არ ვიცხოვრებთ ისე, როგორც რუსეთში: ადამიანური უფლებების, ნებისმიერი უფლების გარეშე, ფაქტობრივად, მუხლებზე მდგარნი.

ლგბტქი ადამიანების მდგომარეობა რუსეთში ბევრად სავალალოა ვიდრე უკრაინაში, როგორ ფიქრობთ, ეს უკრაინელებისთვის საფრთხისშემცველია?

ერთადერთი რისკი, რომელზეც ვფიქრობთ, ლგბტქი ადამიანებისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ მიმართული წნეხი და რეპრესიებია.

ახლა ლგბტქი აქტივისტები არ ვფიქრობთ: „რა უნდა ვქნათ, როცა რუსეთი უკრაინის ოკუპაციას მოახდენს?“, სულ სხვა ფიქრები გვაწუხებს, მაგალითად: რა უნდა ვქნათ, რომ ეს ასე არ მოხდეს, ასე რომ, ჩვენ ორი მიმართულებით ვმუშაობთ:

  1. მოწყვლადი ჯგუფების ევაკუაცია – ქვეყნის დატოვებაში ვეხმარებით ტრანსგენდერ ადამიანებს და ლგბტქი თემის წევრებს, რომელთაც ბავშვები ჰყავთ.
  2. ვისაც ბრძოლა, ტერიტორიების დაცვაში დახმარება, არმიაში გაწევრიანება შეუძლია – იბრძვის. 

პირადად ვიცნობ ტრანსგენდერ ადამიანებს, რომლებიც არმიას შეუერთდნენ, რათა რუსეთის წინააღმდეგ იბრძოლონ, ქვიარ ადამიანებს, ვინც სასაზღვრო დაცვის დანაყოფებს შეუერთდნენ. მინდა, მსოფლიომ გაიგოს, რომ ლგბტქი უკრაინელები ბრძოლაში არიან ჩართული და რუსეთს არ გაურბიან.

რის გაკეთება შეგვიძლია დასახმარებლად?

მადლობელი ვიქნები, თუ დახმარების გზების შესახებ ინფორმაციას გაავრცელებთ. KyivPride ნებისმიერი ადამიანის დახმარებას ცდილობს, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

როგორია ლგბტქი ადამიანების მდგომარეობა უკრაინაში?

აფთიაქებში თითქმის ყველაფრის მარაგი ამოწურულია. საზღვრებს მიღმა პარტნიორებთან ვმუშაობთ, რათა სამედიცინო მედიკამენტების მობილიზება შევძლოთ კიევსა და სხვა ქალაქებში, სადაც ხალხს სჭირდება. ეს პრობლემა ახლახან წარმოიშვა, დაახლოებით ერთი კვირაა.

რა გსურთ, სხვა ქვეყნებში მცხოვრებმა ლგბტქი ადამიანებმა უკრაინის ლგბტქი თემზე იცოდეს?

გვინდა იცოდეთ, რომ ლგბტქი უფლებებისთვის ბრძოლის 30-წლიანი ისტორია გვაქვს. ამ უფლებებისა და თავისუფლებებისთვის ახლაც ვიბრძვით და არასდროს შევწყვეტთ. გასულ წელს, KyivPride-მა კიევის ქუჩებში 7 ათასი ადამიანის მობილიზება შეძლო. ლგბტქი უფლებებისთვის ერთობლივად გამოვედით. ასე რომ, რუსეთზე ძლიერები ვართ და თავისუფლებას ვაფასებთ. რუსეთისგან განვსხვავდებით და რუსულ კანონებს არასდროს დავემორჩილებით, ადამიანის უფლებების შელახვის იმ გამოცდილებას არ მივიღებთ, რაც რუსეთში მრავალი წელია არსებობს.

რა შეუძლიათ ინდივიდებს ან ხელისუფლებებს, რომ მოიმოქმედონ?

ინდივიდების და ხელისუფლების დახმარების გზები ერთმანეთთან არის კავშირში. მოსთხოვეთ ხელისუფლებას, რომ ძალაუფლება კარგი საქმის საკეთებლად გამოიყენონ. უკრაინის თავზე ცის ჩაკეტვა აუცილებელია, ამ ნარატივს, ფაქტობრივად, ომის დაწყების დღიდან ვაჟღერებთ, რადგან რუსული ბომბდამშენების შეჩერებისთვის რეალური გზაა. ეს ჩვენთვის აუცილებელია, რადგან გვინდა – ვიცოცხლოთ. ადამიანთა უფლებებისთვის ბრძოლისთვის ცოცხლები უნდა ვიყოთ. სწორედ ამიტომ, ლგბტქი ადამიანების მთავარი მოთხოვნა ამერიკის ხელისუფლების მიმართ – ცის დაკეტვაა.

ინდივიდებს მხოლოდ დონაციებით დახმარებას კი არა, სიტყვიერ მხარდაჭერასაც ვთხოვთ, მაგალითად, თუ სოციალურ ქსელებში რუსეთის მხარდამჭერ პოსტებს გადააწყდებით ან პროპაგანდას, თითქოს უკრაინაში ომი არაა – დაარეპორტეთ, გააკრიტიკეთ. რუსული პროპაგანდის ადგილი სოციალურ ქსელებში არ უნდა დარჩეს, რუსულ ტყუილებს ინტერნეტში არაფერი ესაქმება. გთხოვთ, ამის გაკეთება შეგიძლიათ და ეს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი დახმარება იქნება.

რამეს ხომ არ დაამატებდით?

რთულია რაიმეს თქმა, რადგან ამას არავინ ელოდა. აშშ-ის ხელისუფლების განცხადებების შესახებაც ვიცი, დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებაც, მაგრამ ვინ იფიქრებდა, რომ 21-ე საუკუნეში ეს მართლაც მოხდებოდა? ვინ იფიქრებდა, რომ პუტინი ადგებოდა და უკრაინის ქალაქების დაბომბვას დაიწყებდა, ახლაც რთულია დაჯერება, რომ ეს მართლაც ხდება, ყველას გონება ცდილობს, რომ ეს ფაქტი უარყოს. დიდი სტრესია იმის გაცნობიერება, რომ ეს ჩვენ თავს ხდება… სიტყვები ზედმეტია. რა შეიძლება ვთქვათ?

წყარო: Pride Source

უკრაინის მხარდაჭერა ლგბტქი ადამიანების დასაცავად უმნიშვნელოვანესია – GLAAD

რუსეთის უკრაინაში შეჭრას ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ მიმართული სიძულვილი და დეზინფორმაცია უმაგრებს ზურგს და განსაკუთრებით მძიმე გავლენა აქვს უკრაინელ ლგბტქი ადამიანებზე, რომელთაც ცოტა ხანია, რაც ხილვადობა მოიპოვეს და თანასწორობისკენ გადადგეს  ნაბიჯები.

როცა რუსეთის ჯარმა უკრაინას შეუტია, უკრაინელთა დიდი ნაწილი ქვეყნის დასაცავად გაერთიანდა.

„ვხედავთ, რომ ლგბტქი უკრაინელები გმირულ ბრძოლაში ერთვებიან და ქვეყნის თავისუფლების დაცვას ცდილობენ. უკრაინის მხარდაჭერა ლგბტქი ადამიანების დასაცავად უმნიშვნელოვანესია. ეს დეზინფორმაციაზე დამყარებული ომია, რომლის სამიზნეც უკრაინა, დემოკრატია და ლგბტქი თემია. ვაგრძელებთ ლგბტქი თემთან დაკავშირებულ ტყუილებთან და მცდარ ინფორმაციასთან ბრძოლას, როგორც სახლში, ისე საზღვარგარეთ“, – აღნიშნა როს მიურეიმ, GLAAD-ის მედია ინსტიტუტის ვიცე პრეზიდენტმა.

GLAAD თვალყურს ადევნებს ადგილობრივ აქტივისტებს და ლგბტქი უკრაინელების დასახმარებლად მიმდინარე კამპანიებს მხარს უჭერს. ომის დროსაც კი რუსეთი ლგბტქი ადამიანების წინააღმდეგ საზიანო ინფორმაციის გავრცელებისთვის იცლის. კრემლმა ისტერია უწოდა აშშ-ის განცხადებებს რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის მოლოდინებთან დაკავშირებით და უარყო იმ უკრაინელი ინდივიდებისა თუ ჯგუფების სიის ქონა, რომელთა მოკვლას ან ბანაკებში გაგზავნასაც აპირებდნენ უკრაინის ოკუპაციის შემდეგ. სია მოიცავს ლგბტქი ადამიანებსა და ჯგუფებს, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, ასევე პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს. რუსეთში დააკავეს ქვიარ კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი, რომელიც რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის მსხვერპლი გახდა. რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა კირილემ კი ომის დაწყება გეი ღირსების მარშის წინააღმდეგ დონბასელთა განწყობებს დაუკავშირა.

სანამ ლგბტქი უკრაინელები იბრძვიან ან ქვეყანას ტოვებენ, ტრანსგენდერი ქალები და არაბინარული უკრაინელები იძულებულნი არიან, ომში ჩაებან, რადგან მათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში გენდერის მარკერის გასწვრივ ,,მამრობითი” წერია. მრავლად არის ქალი და ლგბტქი ადამიანი, რომელიც არმიას უერთდება, მაგრამ უმეტესობას არჩევანის გაკეთების საშუალება არ აქვს. ლგბტქი ლტოლვილები კი მეზობელ კონსერვატიულ ქვეყნებში დისკრიმინაციის სამიზნე ხდებიან. დამატებით, არაერთ შავკანიან სტუდენტს ექმნება პრობლემა ქვეყნის დატოვებისას, რადგან რასიზმი და ქსენოფობიური განწყობები გაძლიერებულია.

უკრაინელების, მათ შორის, ლგბტქი ადამიანების დახმარება იმ ჰუმანიტარული ორგანიზაციების გავლით შეგიძლიათ, რომლებიც უკრაინის მხარდასაჭერად ერთიანდებიან, მაგალითად:

უკრაინაში ლგბტქი ადვოკატირებამ შედეგი გამოიღო და განწყობები ნელ-ნელა იცვლებოდა. თავდაპირველად ღირსების მარშები ძალადობრივი ჯგუფების პროტესტის ფონზე ტარდებოდა, თუმცა მას შემდეგ ქვეყანაში პროგრესი შეინიშნებოდა, რასაც საომარი სიტუაცია ართულებს.

წყარო: GLAAD

უკრაინელი ქალების გზა სამხედრო სამსახურში მოსახვედრად

რუსების შემოჭრის დაწყებიდანვე უკრაინის წინააღმდეგობამ საერთაშორისო აუდიტორია დაიპყრო. სამოქალაქო პირების ფოტოები და ვიდეოები, რომლებშიც ისინი აკერებენ უნიფორმებს, ამზადებენ იარაღსა და თხრილებს, უკრაინელი ხალხის მებრძოლი სულის დემონსტრირებაა. Keep Reading