1-4 დეკემბერს მოლდოვაში, ქალაქ კიშინიოვში საერთაშორისო ქვიარ კინოფესტივალი ჩატარდა. ყოველწლიური ფესტივალზე, რომელიც წელს მეხუთედ ჩატარდა, დოკუმენტური და მხატვრული ფილმების ჩვენებები მოეწყო. ფესტივალის პროგრამაში შეხვდებოდით, როგორც მოლდოვურ ფილმებს, ასევე ფილმებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან:
1-4 დეკემბერს, მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ყოველწლიური ქვიარ კინოფესტივალი, Queer Voices (ქვიარ ხმები) მეხუთედ გაიმართა, რომელსაც ქვიარის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. კინოფესტივალი (თუ, რა თქმა უნდა, უბრალოდ ასე შეიძლება ეწოდოს მრავალმხრივი აქტივობებით დახუნძლულ ფესტივალს) ძირითადად დოკუმენტურ ფილმებზეა ორიენტირებული და მოლდოველი თუ მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანაში მცხოვრები ლგბტქია+ ადამიანების ხმებს აჟღერებს. რაც მთავარია, ფესტივალი ადგილობრივ თემის წევრებს შთაგონებასა და გამოცდილებას აძლევს, რომ საკუთარი ამბის მთხრობელებად თვითონ იქცნენ.
„კინოს ადამიანების შთაგონება შეუძლია. ეკრანს აქვს ეს გამორჩეული ძალა, ადამიანს იმ მოგზაურობისკენ მიუძღვის, რომელიც მრავალ ჭეშმარიტებას გვასწავლის. საშუალებას გვაძლევს, სხვის გამოცდილებაში არეკლილ ჩვენს ფიქრებს დავაკვირდეთ. ამიტომ, მჯერა, რომ კინოს აქვს ძალა, მათ შორის, ქვიარ უფლებების გაუმჯობესების თვალსაზრისით“, — ამბობს მაქსიმ კარლანი, მოლდოველ-ბერძენი რეჟისორი, სცენარისტი და აქტივისტი, რომელმაც შვედური ინსტიტუტის მხარდაჭერით პირველი და ერთადერთი მოლდოვური ქვიარ ფესტივალი, ქვიარ ხმები 5 წლის წინ წამოიწყო.
ამ სტატიაში თქვენც გაგიზიარებთ იდეას, რომელიც დეკემბრის თოვლიან კიშინიოვში შესანიშნავ ქვიარ ფესტივალზე (შემთხვევით) მოხვედრილს ამეკვიატა და დღემდე თავს არ მანებებს — ყველას გვაქვს ამბავი, რომელიც მოყოლად ღირს და მას ჩვენზე უკეთ ვერავინ მოჰყვება. ამასთან, ვეცდები დაწვრილებით გიამბოთ ფესტივალის დაფუძნების იდეასა და პროგრამაზე, რომელიც კიდევ დიდხანს მემახსოვრება.
„კიშინიოვს სჭირდება ქვიარ კინოფესტივალი, რატომაც არა?!“
„ქვიარ კინოფესტივალის იდეა დოკუმენტური ფილმების ფესტივალის, Moldox-ის ორგანიზებით დაიწყო, რომელიც სოციალურ ცვლილებებს ისახავს მიზნად. ფესტივალის ფარგლებში, სამხრეთ მოლდოვაში მდებარე ჩემს მშობლიურ პატარა ქალაქში ლგბტქი ფილმის ჩვენება გადავწყვიტეთ, რაც მარტივი არ ყოფილა. არ ვიცოდით, როგორი რეაქცია ექნებოდა ხალხს, თუმცა ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან მეც გეი ვარ და ხალხის ყურადღების ლგბტქი საკითხებისკენ მიმართვა მინდოდა. მიუხედავად ამისა, გარკვეული შიში მქონდა. მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება გავმართეთ და კონსერვატიულმა საზოგადოებამ ეს ფაქტი კარგად მიიღო, მეტიც, გამოხმაურება შესანიშნავი იყო — არავის დაუტოვებია დარბაზი, არავის გაუპროტესტებია. ამიტომ, ვიფიქრეთ, რატომ არ გვაქვს სრულფასოვანი ქვიარ კინოფესტივალი კიშინიოვში? რატომაც არა?!“, — აღნიშნავს მაქსიმი.
მისი თქმით, ფესტივალის პირველ წელს ახალი, მისთვის უცნობი სახეების ხილვას, ფართო აუდიტორიის დაინტერესებას არ ელოდა, თუმცა პირველ ფესტივალს უამრავი ადამიანი დაესწრო, რომელიც იქამდე ლგბტქი უფლებადაცვით ღონისძიებებში აქტიურად არ მონაწილეობდა.
“მათ ფილმების ნახვა უნდოდათ, თემის მხარდაჭერის სურვილი და ჩართულობისთვის მზაობა ჰქონდათ. მას შემდეგ ფესტივალი უფრო და უფრო იზრდება და ძლიერდება”.
ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად ზამთრის პერიოდშია, გაყინულ, გაურემონტებელ ისტორიულ ნაგებობაში, Muzeul Zemstvei-ში იმართება, რაც თავდაპირველად დისკომფორტსაც კი გაგრძნობინებს, მაგრამ მალევე ხვდები, რომ თემის წევრები, ორგანიზატორები, ყველა ადამიანი, რომელიც ამ სივრცის ერთგულია, ფესტივალს ერთად ქმნის. როგორც მაქსიმმა მოგვიანებით სიტყვებითაც დამიდასტურა, „გამოწვევების მიუხედავად და იქნებ სწორედ ამის გამოც, ღონისძიება ყველა სხვა გამოცდილებისგან გამორჩეულია და მეტიც, ერთგვარად ხელშემწყობიც კი“.
თითოეული ადამიანის ერთობლივი ძალისხმევით იქმნება გამოცდილება, რომელსაც ვერაფერს შეადარებ. ცხადად ჩანს, ხედავ კავშირებს, მეგობრობას, რომელიც თემის წევრებს შორის არსებობს და ისიც ზუსტად იცი, რომ ამ ერთიანობის გამო, გამორიცხულია, ფესტივალმა წარმატებით არ ჩაიაროს.
მცირე ხანია, რაც ქვიარ ხმებს კიდევ ერთი სიახლე, ქვიარ კაფე შეემატა, რომელიც იმავე შენობაში მდებარეობს და კვირაში სამი დღე მუშაობს. ადგილობრივი თემის წევრების თქმით, ეს ერთადერთი ლგბტქი გასართობი სივრცეა კიშინიოვში.
„ქვიარ კაფეს გახსნა ქვიარ ხმების დამსახურებაა. წინა წელს კაფეს სივრცე უბრალოდ მოსასვენებელი ადგილი იყო, სადაც ფილმის ჩვენებებს შორის შუალედებში დალევა და განტვირთვა შეგვეძლო. ფესტივალი ზამთარშია, შენობაში ცივა და ფილმიდან ფილმამდე ხალხის შენარჩუნება პრობლემა იყო. ვიფიქრეთ, რომ მსგავსი სივრცე დაგვემატებინა, რამაც თემის გაძლიერებას, სოციალიზაციას ხელი შეუწყო, ამიტომ ფესტივალის ფარგლებში მოწყობილმა სივრცემ არსებობა განაგრძო და ხალხის დაახლოებას ხელი შეუწყო“, — აღნიშნავს მაქსიმი.
ყველას შეუძლია გადაიღოს კინო, მთავარი სურვილია
ქვიარ ხმების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი საერთაშორისო და ადგილობრივი ფილმების ჩვენებებია. თუმცა, ფესტივალის მთავარი მიმართულება მაინც სამუშაო შეხვედრებია, რომლის მონაწილეები ფილმების იდეებს და მოკლე ვიდეო მონახაზს წარადგენენ და იმედისმომცემი პროექტების ავტორებს მომდევნო ფესტივალისთვის სრულმეტრაჟიანი ნამუშევრების მომზადება შეუძლიათ. ამ პროცესში კი აქტიურად არიან ჩართული ქვიარ ხმების გუნდის პროფესიონალი წევრები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას დამწყებ რეჟისორებს უზიარებენ.
„ხმა უნდა ამოვიღოთ და მოვყვეთ ჩვენი ამბები. სხვა ვის ადარდებს ჩემი ამბავი, თუ არა — მე“
აღარც კი მახსოვს, ფესტივალის პროგრამაში ჩართულ რომელ ფილმში მოვისმინე ეს ფრაზა, რომელიც ტელეფონის ნოუთებში ჩავინიშნე, მაგრამ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. მთავარი ისაა, რომ ქვიარ ხმები სწორედ ამ იდეის ირგვლივ ვითარდება და მიზნად ისახავს თემის წევრების გაძლიერებას, მათი გამოცდილებების, სათქმელის მოყოლას, საავტორო დოკუმენტური კინოს კეთების სურვილის მხარდაჭერასა და გამოცდილების გაზიარებას, რათა საბოლოო შედეგი კონცეპტუალურად გამართული და აუდიტორიისთვის საინტერესო გამოვიდეს, დამწყებ შემოქმედებს კი შესაძლებლობა მისცეს, რომ პროფესიულად კიდევ უფრო განვითარდნენ და კინოინდუსტრიაში თუ აქტივიზმში თავის დამკვიდრება შეძლონ.
ყოველი ფესტივალის მიმდინარეობისას, დაინტერესებულ ადამიანებს საკუთარი ფილმის იდეის წარდგენა, სამუშაო შეხვედრების შედეგად თემების დამუშავება და 5-დღიან პერიოდში მცირე ვიდეო სინოფსისის მომზადება შეუძლიათ, რომლებსაც ფესტივალის დასკვნით დღეს აუდიტორიას წარუდგენენ. იმედისმომცემ პროექტს სპეციალური ჟიური ასახელებს და ინდუსტრიის გამოცდილ ადამიანებთან ერთად სრულმეტრაჟიან პროექტზე მუშაობის პროცესი იწყება. ყველა ადამიანს თანაბრად აქვს შანსი, რომ საკუთარი ხმა გააჟღეროს და ფილმის სცენარისა და გადაღების პროცესში ჩაერთოს, რომლის პრეზენტაცია ისევ ფესტივალის მიმდინარეობისას, მომდევნო წელს შედგება.
როცა ქვიარ ფესტივალი თუ ლგბტქი ორგანიზაცია თვითონ არის თანასწორობის იდეის მხარდამჭერი და მიზნად ისახავს უფლებრივი მდგომარეობისა და ხილვადობის გაუმჯობესებას ამასთან, ცდილობს, რომ ლგბტქი ადამიანები პასიური როლიდან გამოიყვანოს, მათ გაძლიერებაზე იზრუნოს, პროფესიული განვითარების შესაძლებლობება მისცეს და მაქსიმალური გააკეთოს, რომ ადამიანებმა მათივე გამოცდილება აქციონ პროგრესისკენ გადადგმულ ნაბიჯად. ასე ვთქვათ, ცდილობს, შექმნას გარემო, რომელიც ადამიანების ყურადღებას მოქმედებისკენ, გამოწვევებზე დაფიქრებისკენ მიმართავს, პროგრესის მიღწევა ბევრად მარტივდება. ქვიარ ხმებს სწორედ აღნიშნული ღირებულებები გამოარჩევს.
2022 წლის ფესტივალზე შედგა 2020 წლის სამუშაო შეხვედრების გამარჯვებული იდეის მიხედვით გადაღებული ფილმის, Happy Land-ის პრემიერა, რომელიც სამი ქალი რეჟისორის: ვასილუტა ვასილაჩეს, ელენა კულიკისა და ტომა პანის დოკუმენტური ნამუშევარია. Happy Land ერთ მთავარ კითხვაზე პასუხს იკვლევს — რა არის ბედნიერება და იმსახურებს თუ არა ყველა? ფილმის მსვლელობისას კიშინიოვის ლგბტქი თემს ვეცნობით, ქვიარ მეგობრულ ადგილებს ვსტუმრობთ და ამ სივრცეებში დანახული ურთიერთსიყვარულის, პატივისცემის, ოჯახური, მეგობრული თუ ადამიანური ბედნიერების ამბებს ვიგებთ, რომლის საპირწონედ ქუჩის გამოკითხვის სცენებს ვხედავთ, რომელთა ნაწილში სამწუხარო შერჩევითი დამოკიდებულება მჟღავნდება — “ბედნიერებას იმსახურებს ყველა, თუმცა ქვიარ ადამიანები ნაკლებად“.
წლევანდელი ფესტივალის კიდევ ერთი ფილმი, რომელიც ასევე 2020 წლის სამუშაო შეხვედრების შედეგად დამუშავდა, არის Between Two Worlds, რომელიც ახალგაზრდა ქვიარ ადამიანის, დოის ისტორიას გვიყვება. დოი ცდილობს, საკუთარი თავი ბინარულობის ჩარჩოს მიღმა დაინახოს და სოციალური წნეხისა და მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევების მიუხედავად, თვითგამორკვევის, საკუთარი თავის შეყვარებისა და ტრანზიციის ემოციურად დამღლელ გზაზე შემართება არ დაკარგოს. ფილმის რეჟისორები თვითონ დოი-რომანტა დოჩიტანი და ანა გურდიში არიან, რომლებმაც მნახველების ყურადღება სექსუალობისა და გენდერული იდენტობის მიღების ინდივიდუალური გამოცდილების გააზრებისკენ მიმართეს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, თემის არაერთი წევრის ამბავთან იქნება თანაზიარი.
2021 წლის ფესტივალის სამუშაო შეხვედრების ფარგლებში დამუშავებული კიდევ ერთი ფილმის, Queerky Town-ის სამუშაო ვერსიის პრემიერაც წლევანდელ ფესტივალზე შედგა. რეჟისორი კრისტიან დოროფტეი კიშინიოვის მცხოვრებლების გამოკითხვის, იუმორის განვითარების გზის გააზრებისა და აბსურდული, სახუმარო ჩანართების საშუალებით ყოველდღიური ცხოვრების ხუმრობანარევ სარჩულს იკვლევს. დოროფტეი ცდილობს, იუმორი ჰეტერონორმატიული აღქმის მიღმა დაინახოს და მკითხველი ქვიარ ქალაქის ქუჩებში ამოგზაუროს.
2022 წლის ფესტივალის სამუშაო შეხვედრების გამარჯვებული სტელა როქსანას, დამწყები ტრანსგენდერი რეჟისორის იდეა გახდა, რომელმაც საკუთარი იდენტობის მიღების, ოჯახის წევრებთან ურთიერთობისა და ტრანზიციის თანმდევი გამოწვევების მოყოლა განიზრახა. როქსანას მიერ შექმნილი სრულმეტრაჟიანი ფილმის პრემიერა, სავარაუდოდ, მომდევნო წლის ფესტივალზე შედგება.
ქვიარ ხელოვნების წარდგენა
ქვიარ ხმების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ადგილობრივი ლგბტქი სცენის განვითარების ხელშეწყობაა, ამიტომ ღონისძიების ორგანიზატორები ყოველი ფესტივალის განმავლობაში გეგმავენ სხვადასხვა კულტურულ და სასწავლო აქტივობას, რომელიც თემის წევრების დაინტერესებას შეუწყობს ხელს. ასეთი იყო, მაგალითად, ვოგის გაკვეთილები, რომელიც 2021 წლის ფესტივალზე ჩატარდა.
მაქსიმის თქმით, უნდათ, რომ „ადგილობრივებში დაინტერესების მარცვალი გააღვივონ”, რათა ფესტივალის დასრულების შემდეგ ადამიანებს სურვილი და მონდომება გაუჩნდეთ, რომ ქვიარ ხელოვნებაში უკეთ გაერკვნენ და თვითონაც იქცნენ პერფორმერებად.
2022 წლის ქვიარ ხმების ფარგლებში სამი სხვადასხვა აქტივობა დაიგეგმა — დრეგ შოუ, ბალრუმი და პერფრომატიული პოეზიის საღამო.
მოლდოვას ადგილობრივი დრეგ სცენა განვითარების ადრეულ ეტაპზეა და მხოლოდ ერთეულ დრეგ არტისტს თუ ნახავთ. ამიტომ, დრეგ შემსრულებლები საბერძნეთიდან ჩამოიყვანეს. მათ ფესტივალის სტუმრებს შოუ წარუდგინეს, დრეგ ხელოვნებას აზიარეს, საკუთარი დრეგ სახლები გააცნეს და ამ გზით ადგილობრივებს დრეგ სცენის მუშაობის სპეციფიკა წარუდგინეს.
ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება ბალრუმი იყო, რომლის ჟიურის წევრები და წამყვანი ასევე არ იყვნენ ადგილობრივები. სამი სხვადასხვა ქვიარ სახლის წარმომადგენლებმა დამსწრეებს ბალრუმის ისტორია და სპეციფიკა გააცნეს. ბალრუმებისთვის დამახასიათებელ სხვადასხვა კატეგორიებში ადგილობრივებმა მიიღეს მონაწილეობა.
ყველაზე დიდი სიახლე, რომელიც ფესტივალის განმავლობაში ვნახეთ, ბერლინური ქვიარ სახელოვნებო ჯგუფების, “Queerdos” პერფორმანსი იყო — ერთგვარი მცდელობა, ეკვლიათ, რა ადგილი აქვს ქვიარ სხეულსა და იდენტობას საჯარო სივრცეში, როგორია ჩაგვრის ისტორია და როგორია ბრძოლა ხილვადობისთვის რელიგიური, სოციალური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ჩაგვრის პირობებში.
ბერლინიდან ჩამოსულმა შემსრულებლებმა პერფორმანსისას აითვისეს კიშინიოვის ქუჩები, კაფეები, სასწავლო სივრცეები და პოეტური მანიფესტები გააჟღერეს. პერფორმერებთან ერთად მოვიარეთ ქუჩები, სხვადასხვა ლოკაციაზე მათ სათქმელს მოვუსმინეთ, ჩვენც ვიქეცით პერფორმანსის ნაწილად და ბოლოს აუდიო-ვიზუალური პერფორმანსის გზით მიმღებლობისა და, ზოგ შემთხვევაში, უხილავი ჩაგვრების შესახებ მოყოლილი ამბების შემსწრე გავხდით.
როგორია ქვიარ ხმების მომავალი
ქვიარ კინოფესტივალის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ფილმების ჩვენებაც იყო. ფესტივალის პროგრამა სამხრეთ ამერიკულ, აზიურ თუ ევროპულ ფილმებს აერთიანებდა, რომლების შესახებ ქვიარის ამ სტატიაში შეგიძლიათ წაიკითხოთ. გარდა ამისა, ყველა საფესტივალო დღე ითვალისწინებდა მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჩვენებებს, რომლებიც საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად. ფესტივალის ამ ნაწილზე ცალკე სტატიაში შეძლებთ წაკითხვას.
მიუხედავად იმისა, რომ როგორც მაქსიმმაც აღნიშნა, მოლდოვამ ლგბტქი უფლებების გაუმჯობესების გზაზე გარკვეული პროგრესის გზა უკვე გაიარა, ჯერ კიდევ პრობლემაა „საზოგადოების მხრიდან მიმღებლობის თვალსაზრისით. დაბალია ხელოვნებაში ქვიარ რეპრეზენტაცია. ჩვენ, ფაქტობრივად, არ ვარსებობთ ზოგადი სოციუმისთვის და აგრესიული თავდასხმების სიმცირის მიუხედავად, ოჯახების, სასწავლო სივრცეების, გარემოს იმგვარად ადაპტაცია, რომ ქვიარ ადამიანები გარიყულად არ გრძნობდნენ თავს, ჯერ კიდევ პრობლემაა“. ამიტომ, ფესტივალი ახლა არანაკლებ საჭიროა, თუ უფრო მეტადაც არა.
„ჩვენ ძლიერი თემი ვართ და არ ვგულისხმობ მხოლოდ ლგბტქი თემს. გვინდა, უფრო მეტი ადამიანი გავაერთიანოთ. დიდი იმედი გვაქვს, თუნდაც ეს სივრცე, სადაც ახლა შევიკრიბეთ, ასე ვთქვათ, მეინსტრიმული თავშეყრის ადგილი გახდება და სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს შორის დიალოგს შევუწყობთ ხელს, შევქმნით მოცემულობას, რომელშიც ყველა ადამიანი მიღებულად იგრძნობს თავს. ამასთან, გვინდა, მოლდოვური ქვიარ კულტურა ქვეყნის საზღვრებს მიღმაც გავრცელდეს“, — აღნიშნავს მაქსიმი ფესტივალის შორსმიმავალ მიზნებთან დაკავშირებით.
მაქსიმმა ისიც გამიზიარა, რომ ისურვებდა რეგიონის, მოლდოვის მსგავსი გამოცდილების მქონე ქვეყნების პროცესში მეტად ჩართვას, საერთო გამოცდილებების გაზიარების გზით მხარდამჭერი სისტემის შექმნას და სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, ქართული კულტურის უკეთ გაცნობას, რათა დავინახოთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ რეგიონში გარემოს უკეთესობისკენ გარდაქმნა შევძლოთ.
ფესტივალის დასრულების შემდეგ კიშინიოვში კიდევ ერთი დღით დავრჩით, კიდევ ერთხელ დავათვალიერეთ იმ ქალაქის ქუჩები, რომელიც თითქოს დროში გაიყინა — ქალაქის ცენტრშიც კი შეხვდებით შენობების ნანგრევებს, რომელთა გვერდით შუშის ახალ, მახინჯ შენობებს თუ ევროპული ქვეყნებისთვის სახასიათო არქიტექტურის ძეგლებს ნახავთ. აქ სხვადასხვა დრო, განსხვავებული ისტორიისა და ღირებულების მქონე ძეგლები თანაარსებობენ, თუმცა ზედაპირზე ბოლომდე არ ჩანს ის, რაც უმთავრესია — საზოგადოება ნელი ნაბიჯებით, მაგრამ მაინც ვითარდება, მიმღებლობისკენ სვლა გრძელდება და ეს პირველ რიგში იმის დამსახურებაა, რომ თემის აქტიური წევრები, თითოეული ლგბტქი ადამიანი მთელი მონდომებით ცდილობს, მაქსიმალურად ჩართული, ქმედითი, საკუთარი თავისა და საზოგადოებისთვის უკეთესობის მომტანი იყოს. იქნებ, ეს სულაც გარე დამკვირვებლის თვალით დანახული რეალობის ფრაგმენტებია, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი და სხვა ქვეყნების გამოცდილებაც გვაჩვენებს, რომ ძალის დაკარგვა და დანებება ამ პროცესში ხელს თუ არ შეგვიშლის, ჩვენც შეგვიძლია პროგრესისკენ მყარად სვლა განვაგრძოთ.
Don't Miss
თბილისის კულტურის კვირეული ევროპის დღეებს ეძღვნება და 9-დან 12 მაისის ჩათვლით Factory Tbilisi-ში, კოკა-კოლას ყოფილ ქარხანაში იმართება. კვირეულზე წარმოდგენილია 30-ზე
კომედიური ჟანრის ფილმი “Problemista” 1 მარტს გამოვიდა ეკრანზე. მთავარ როლებს ტილდა სვინტონი და ხულიო ტორესი ასრულებენ. ფილმი მოგვითხრობს სალვადორელი სათამაშოების
ქვიარ არტისტი საჰარა აზეგი ამჟამად ჟენევაში ცხოვრობს და სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს ხელოვნების მიმართულებით. ატრისტმა ბოლო წლებში ყურადღება მიიპყრო სპექტაკლებით, სადაც
ტაიკა ვაიტიტის ახალი ფილმი “Next Goal Wins” ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული და მოგვითხრობს სამოას ეროვნულ საფეხბურთო გუნდზე, რომელიც 2014 წლის მსოფლიო
1-4 დეკემბერს მოლდოვაში, ქალაქ კიშინიოვში საერთაშორისო ქვიარ კინოფესტივალი ჩატარდა.
ყოველწლიური ფესტივალზე, რომელიც წელს მეხუთედ ჩატარდა, დოკუმენტური და მხატვრული ფილმების ჩვენებები მოეწყო. ფესტივალის პროგრამაში შეხვდებოდით, როგორც მოლდოვურ ფილმებს, ასევე ფილმებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: ჩილე, არგენტინა, კოლუმბია, ინდოეთი, საფრანგეთი, ლიბანი, ესპანეთი, ნორვეგია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო, საბერძნეთი, გერმანია, ბრაზილია.
მოლდოვაში ლგბტქი+ ადამიანები სახელმწიფოს, ტრადიციული პატრიარქალური ღირებულებებისა და რელიგიური ჯგუფების მხრიდან დიდ ზეწოლას განიცდიან. ფესტივალის მიზანია, შეიქმნას ერთგვარი პლატფორმა, სადაც ქვიარ ადამიანები შეძლებენ თავიანთი პრობლემების და დღის წესრიგის წინ წამოწევას.
ფესტივალის ნაწილია ვორქშოპები, სადაც დაინტერესებული პირები ყოველწლიურად ეცნობიან დოკუმენტური კინოს გადაღების ძირითად პრინციპებს, ავითარებენ იდეებს და იღებენ ფილმებს. ვორქშოპში მონაწილეებს სპეციალური ჟიური აფასებს, გამარჯვებულს კი საშუალება ეძლევა უფრო მეტად განავითაროს თავისი იდეა და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღოს.
გთავაზობთ 5 საუკეთესო ფილმს მოლდოვის საერთაშორისო კინოფესტივალიდან Queer Voices:
TRAVESTI ODYSSEY | 2021 | ჩილე, არგენტინა
TRAVESTI ODYSSEY ნიკოლას ვიდელას დოკუმენტური ფილმია, რომელიც ტრანსგენდერი და დრეგ არტისტების კაბარეს თეატრალურ დადგმებზე გვიამბობს. ხელის კამერით გადაღებული კადრებით აწყობილი ფილმი კაბარეს მსახიობების რთულ და კომპლექსურ ურთიერთობებზე გვიამბობს, რომელსაც ფონად გასდევს პოლიტიკურად ბობოქარი ჩილეს უახლესი ისტორია. მდიდარი კინემატოგრაფიული ხერხებით და მომნუსხველი კადრებით გაჯერებული ფილმი ფესტივალის ნამდვილი აღმოჩენა იყო და კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს ლგბტქი+ ადამიანების ბრძოლას თავისუფლებისთვის.
SWEETHEART | 2021 | გაერთიანებული სამეფო
SWEETHEART მხატვრული ფილმია, რომელიც მოზარდი გოგოს, AJ-ის ისტორიას გვიამბობს. AJ ტიპური მოზარდია, რომლის ცხოვრებაც სავსეა თინეიჯერული ამბოხით, გაუგებრობით, ცხოვრების მიმართ უნდობლობით, ოჯახთან დაპირისპირებით. ყველაფერს კი უფრო ართულებს ოჯახური ვიზიტი გასართობ პარკში, რომელიც ფილმის პროტაგონისტისთვის ძალიან მოსაწყენი და ერთფეროვანია, თუმცა სიტუაცია მას შემდეგ იცვლება, როცა გოგო შეხვდება ადგილობრივ მაშველს, ისლას და მის მიმართ რომანტიკული გრძნობები გაუჩნდება.
EX | 2022 | გერმანია, საბერძნეთი
EX ჯორჯ მარკაკის, წარმოშობით ბერძენი რეჟისორის ნახევრად დოკუმენტური, ნახევრად მხატვრული ფილმია, რომელიც ბერლინის ერთ-ერთი ღამის კლუბის ყველაზე მითოლოგიზებულ და იდუმალ ადგილებში, ტუალეტებში გვამოგზაურებს. როგორია ცხოვრება ადამიანებისა, რომლებიც კვირიდან კვირამდე, წვეულებიდან წვეულებამდე ცხოვრობენ, რა თემებზე საუბრობენ კლუბის ტუალეტში, რამდენიმე კვადრატულ მეტრში — ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ფილმის პროტაგონისტი, დიანა ცდილობს, რომელიც ერთგვარი გზამკვლევის როლს ასრულებს მიწისქვეშა სამყაროში.
I AM MICHELE | 2021 | უკრაინა
I AM MICHELE 2021 წლის დოკუმენტური ფილმია, რომელიც უკრაინელი ტრანსგენდერი ქალის და მოდელის ცხოვრებას მიჰყვება. 20 წლის მიშელი, რომელიც კიევში ცხოვრობს და ოცნებობს მოდელობაზე, სოციალურ ქსელში წარმატების მიღწევის შემდეგ ხვდება, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ არის, როგორც წარმოედგინა. სწორედ ამიტომ გადაწყვეტს, თავისი ცხოვრება შეცვალოს და დაბრუნდეს მშობლიურ სოფელში დასავლეთ უკრაინაში, საიდანაც იწყება მისი ტრანზიციის ისტორია და სადაც მიიღო პირველი მხარდაჭერა მშობლებისგან და ახლო ადამიანებისგან.
HAPPYLAND | 2022 | მოლდოვა
რა არის ბედნიერება და როგორ ხედავ ბედნიერებას? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობს დოკუმენტური ფილმი, რომელზეც სამი რეჟისორი ქალი: ვასილიუტა ვასილაჩე, ელენა კულიჩი და ტომა პანი ორი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. ფილმი მოლდოვური საზოგადოების სხვადასხვა შრეს გვაჩვენებს და გვიყვება ისტორიას მიმღებლობაზე, სიყვარულზე, ურთიერთობებზე და ადამიანურ ბედნიერებაზე. ამასთან ერთად, ფილმში კარგად ჩანს მოლდოვური საზოგადოების დამოკიდებულება ლგბტქი+ ადამიანების მიმართ.
Don't Miss
თბილისის კულტურის კვირეული ევროპის დღეებს ეძღვნება და 9-დან 12 მაისის ჩათვლით Factory Tbilisi-ში, კოკა-კოლას ყოფილ ქარხანაში იმართება. კვირეულზე წარმოდგენილია 30-ზე
კომედიური ჟანრის ფილმი “Problemista” 1 მარტს გამოვიდა ეკრანზე. მთავარ როლებს ტილდა სვინტონი და ხულიო ტორესი ასრულებენ. ფილმი მოგვითხრობს სალვადორელი სათამაშოების
ქვიარ არტისტი საჰარა აზეგი ამჟამად ჟენევაში ცხოვრობს და სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს ხელოვნების მიმართულებით. ატრისტმა ბოლო წლებში ყურადღება მიიპყრო სპექტაკლებით, სადაც
ტაიკა ვაიტიტის ახალი ფილმი “Next Goal Wins” ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული და მოგვითხრობს სამოას ეროვნულ საფეხბურთო გუნდზე, რომელიც 2014 წლის მსოფლიო